კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–9(531)

– ეს შეუძლებელია, – თქვა ფედიამ.

– უნდა მოახერხო, თორემ, წამებით მოგკლავ! – მიუგო ტარიელმა.

– როგორ, როგორ უნდა ჩამოვიტყუო ლენცი თბილისში, როდესაც ის ერევანში შემხვდა? ახლა რომ აქ ჩამოსვლა ვთხოვო, დაეჭვდება, ყველაფერს მიხვდება და ფეხს არ ჩამოადგამს! – ისტერიკულად იმეორებდა ფედია.

– იფიქრე, თორემ, წამებით მოგკლავ! – გაიმეორა ტარიელმა.

– მომკლავ და მომკალი, თავსზემოთ ძალა არ არის. რომ შეგპირდე, ლენცს მაინც ვერ ჩამოვიტყუებ თბილისში.

– განა უბრალოდ მოგკლავ, წამებით ამოგხდი სულს, მით უმეტეს, ჩვენი ლიკვიდაციის ვალდებულება გაქვს აღებული და არ შემეცოდები, – უთხრა ფედიას ტარიელმა, შემდეგ თვალებზე მიაჭირა თითები და საშინლად ააკივლა.

– გეყოფა, გამიშვი, რამეს მოვიფიქრებ, – კიოდა ფედია, რომელსაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თვალები ტვინში აუვიდა.

– აბა, რას მთავაზობ? – უთხრა ფედიას ტარიელმა და თვალებიდან თითები მოაშორა.

– ლენცის თბილისში ჩამოტყუების ერთადერთი ვარიანტი არსებობს, მაგრამ, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ გამოგვივა, – უთხრა ფედიამ ტარიელს.

– რა ვარიანტი?

– ლენცს უნდა შევატყობინო, რომ ჯაბა ლიკვიდირებულია, მის კისერზე ჩამოკიდებული გასაღები კი მე მაქვს, ჩამოვიდეს და წაიღოს.

– გასაღების გადაცემის შესახებ როგორ იყავით შეთანხმებულები?

– გასაღები მე უნდა ჩამეტანა, მაგრამ, ვეტყვი, ვითომ ფეხები მაქვს დამტვრეული და მგზავრობა არ შემიძლია.

– თვითონ რომ არ ჩამოვიდეს და ვინმე გამოგზავნოს გასაღების წასაღებად?

– ესე იგი, ვერ ჩამოგვიტყუებია და ეგაა! მაგრამ, არ მგონია, ვინმე გამოგზავნოს. აშკარაა, ამ გასაღებს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, ეჭვი მეპარება, ვინმეს ანდოს.

– როგორ დააჯერებ, რომ ფეხები დამტვრეული გაქვს?

– სკაიპით.

– ესე იგი, მას სკაიპით ელაპარაკები ხოლმე?

– არა, შევთანხმდით, რომ სკაიპს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებდით. ამაზე უკიდურესი შემთხვევა კი რა უნდა იყოს. ამიტომ, მესიჯს გავუგზავნი, სკაიპზე გამოვიძახებ და ფეხებმოტეხილი წარმოვუდგები ლენცს. მანამდე კი, სათანადოდ უნდა მომამზადოთ, რომ არ გამშიფროს.

– გამოდის, რომ მოკლულად უნდა გამომაცხადონ? – თქვა ჯაბამ, რომელიც მანამდე უხმოდ უსმენდა ტარიელისა და ფედიას დიალოგს.

– ჰო, ასეა, – თქვა ტარიელმა.

– შენ? – ჰკითხა ჯაბამ ტარიელს.

– მეც, – მიუგო ტარიელმა.

– კი მაგრამ, შენს კოლეგებს როგორ აუხსნი ამას? რას ეტყვი, რის ან ვის გამო აცხადებ თავს მკვდრად? – უთხრა ჯაბამ ტარიელს, რომელიც სარდაფის კუთხეში გაიხმო და, ისე, რომ არავის გაეგო, დაამატა: – ჩვენი ამბის გამხელა მათთვის არ შეიძლება, სხვაგვარად კი, ეჭვს გამოვიწვევთ და დავიწვებით. რა ვქნათ?

– რა და, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩემს კოლეგებსაც მკვდარი ვეგონო, ხოლო, თუკი ლენცს თბილისში ჩამოვიტყუებთ და გავარკვევთ, ვინ შეუკვეთა სინამდვილეში ჩვენი მკვლელობა, ვიტყვით, რომ ეს მასკარადი იმისთვის დაგვჭირდა, რათა ჩვენ შორის მოკალათებული ჯაშუში გაგვეშიფრა. პრინციპში, ეს არც ისე შორსაა სინამდვილისგან, რადგან, არცთუ ბევრმა ვინმემ იცის, რა გასაღები გაქვს კისერზე ჩამოკიდებული და, აშკარაა, ჩვენ მოკვლა იმ ხალხის შეკვეთილია, ვინც ქართულ საგანძურს, განსაკუთრებით კი – წმიდა გიორგის ცხენის ნალს ეძებს.

– ამას მე თავიდანვე მივხვდი, მაგრამ, ვინ უნდა დაეძებდეს წმიდა გიორგის ცხენის ნალს?

– ის, ვინც ამას ადრეც დაეძებდა, – გაეცინა ტარიელს, – რუსები.

– რუსები? – გაიმეორა ჯაბამ.

– რა თქმა უნდა, რუსები. ჩვენი არ იყოს, მათაც სჯერათ, რომ, თუკი ქართულ საგანძურს აღმოაჩენენ და წმიდა გიორგის ცხენის ნალს ჩაიგდებენ ხელში, უძლეველნი გახდებიან და მთელ მსოფლიოზე იბატონებენ. აი, ამიტომ მინდა ლენცის თბილისში ჩამოტყუება, რომ შემკვეთზე გავიდეთ და, სანამ გაგვანადგურებენ, იქით დავასწროთ და მოვსპოთ. ამის მისაღწევად კი არაფერზე აღარ დავიხევ უკან, თვით წამებაზეც კი. მანიაკი არ ვარ, მაგრამ, ისეთი მიზანი გვაქვს, რომ მის მისაღწევად ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

– ამათ რას უპირებ ბოლოს? – ძელებზე მიბმულებზე მიანიშნა ტარიელს.

– რას უნდა ვუპირებდე? უხმაუროდ მოვიშორებთ, – მიუგო ჯაბას ტარიელმა.

– მოვიშორებთ?

– სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ამათი ცოცხლად დატოვება არ შეიძლება. მანამდე კი, ბოლომდე უნდა გამოვწუროთ ყველაფერი.

– მერაბი და მისი ხალხი სანდოები არიან?

– კი, მათ საკუთარი თავივით ვენდობი.

– აბა, ვინ უნდა იყოს მოღალატე?

– აუცილებლად შევიტყობთ და დავსჯით, მაგრამ მანამდე ლენცის ჩამოტყუება უნდა მოვახერხოთ და საამისოდ საგულდაგულოდ მოვემზადოთ. ახლა კი, ამათი დამუშავება გავაგრძელოთ – უთხრა ტარიელმა ჯაბას და ფედიას მიუბრუნდა:

– გინდა, რომ იცოცხლო?

– რა თქმა უნდა!

– მაშინ, უსიტყვოდ უნდა დამემორჩილო და აბსოლუტურად ზუსტად შეასრულო, რასაც გეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი საქმე წასულია.

– ჩვენი? ჩვენ რას გვიპირებთ? – ერთდროულად ჰკითხეს ტარიელს კუკავამ და ყურშამ.

– თქვენ იზოლირებულები იქნებით, სანამ ოპერაციას დავასრულებთ, შემდეგ კი თქვენს საქმეს გამოვიძიებთ და სასამართლო გადაწყვეტს თქვენს ბედს.

– ნუთუ გაგვწირავთ, ბატონო ტარიელ? – წაიტირა კუკავამ.

– გაწირვა ის იქნებოდა, რომ გკლავდე, გასამართლება კი თქვენთვის ბაირამობაა და ღმერთს მადლობა შესწირეთ ამისთვის, – მიუგო კუკავას ტარიელმა.

– გინდა დაგიხოცივართ და გინდა სასამართლოსთვის გადაგიციათ ჩვენი თავი, – ლაპარაკში ჩაერთო ყურშა, – სულერთია, ორივეს უვადო პატიმრობას მოგვისჯიან: ამას – ღალატისთვის, მე კი – მკვლელობებისთვის. მთელი ცხოვრება ციხეში ჯდომას, შეიძლება, სიკვდილიც კი სჯობდეს.

– მაგას მომავალი გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება, – უთხრა ტარიელმა კუკავასა და ყურშას, შემდეგ კი მერაბს უბრძანა:

– ესენი საიმედოდ გამოამწყვდიე და თვალი არ მოაშოროთ, რომ არსად გაგექცეთ. ჩვენ ახლა წავალთ, ხვალ დავბრუნდებით და დანარჩენი შემდეგ ვნახოთ.

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო ტარიელ, – მიუგო მერაბმა ტარიელს, შემდეგ ჯაბა და მინისტრის მოადგილე გამოაცილა და უკან შებრუნდა...

***

ტარიელი და ჯაბა ერთად წამოვიდნენ უშიშროების კონსპირაციული სახლიდან. მინისტრის მოადგილემ ყმაწვილს უთხრა:

– არც ისე სახარბიელოდაა ჩვენი საქმე.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა ჯაბამ.

– იმას, რომ მკვლელები გვასხედან კუდზე.

– ხომ ჩავავლეთ და რატომ ღელავ?

– კი, მაგრამ, არა მგონია, რომ შემკვეთები მხოლოდ ფედიასა და ყურშას იმედზე იყვნენ.

– ფიქრობ, რომ ჩვენი მოკვლის შეკვეთა სხვებსაც მისცეს?

– დარწმუნებული ვარ.

– დარწმუნებული?

– რა თქმა უნდა. ისეთი სერიოზული და საშიში ხალხი, როგორებიც ჩვენი მტრები არიან, ყოველთვის ორმაგი, სამმაგი და ზოგჯერ ოთხმაგი დაზღვევით მუშაობენ.

– ერთი წყება ხომ შენ დახოცე, მეორე წყება დათრეული გვყავს. შენი აზრით, კიდევ რამდენი მონადირე ეყოლებათ დაქირავებული? – ჰკითხა ჯაბამ ტარიელს.

– განუსაზღვრელი.

– განუსაზღვრელი?

– ჰო, – ჩაეცინა ტარიელს, – სანამ თავისას არ მიაღწევენ, ანუ, სანამ არ დაგვხოცავენ.

– გამოდის, რომ მუდმივი სამიზნე ვყოფილვარ.

– აბა, რა გეგონა? განძეულის მცველობა ძალიან საშიში საქმეა და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

– მზად ვარ, – ამაყად თქვა ჯაბამ.

– მარტო ეს არ კმარა.

– კიდევ რა არის საჭირო?

– რა და, ისე უნდა შეინიღბო, რომ ვერავინ მოგაგნოს.

– დავიმალო?

– მარტო ეგ არ კმარა.

– აბა, კიდევ რა უნდა ვქნა?

– გარეგნობა შეიცვალო, – მშვიდად მიუგო ჯაბას ტარიელმა.

– რაო?

– რა და, პლასტიკური ოპერაცია უნდა გავიკეთოთ.

– ორივემ?

– ორივემ.

– მე – კიდევ ჰო, მაგრამ, შენ რატომ?

– ვერ ხვდები?

– ვერა.

– მე რომ გარეგნობა არ შევიცვალო, სამიზნედ დავრჩები და, რომ მომკლან, დამხმარე და გვერდში მდგომი არ გეყოლება.

– კი მაგრამ, გარეგნობაშეცვლილები ჩვენს საძმოს ხომ ვეღარ დავეკონტაქტებით და რეალურ ძალას დავკარგავთ.

– სწორედ საძმოს გამო მივდივარ ასეთ ნაბიჯზე.

– საძმოს გამო?

– ჰო. ჩვენში ვიღაც მოღალატეა, რომელიც მტერს ინფორმაციებს აწვდის და მე და შენ მათთვისაც უნდა გავქრეთ.

– ორნი რას ვიზამთ?

– რას და, განძეულს დავიცავთ – მთავარი ესაა და, თუკი ღირსეული მმართველი გამოჩნდება, ნალს მას გადავცემთ.

– ესე იგი, მხოლოდ ჩვენ ვრჩებით განძის მცველები?

– არა! განძის ერთადერთი მცველი და მმართველი შენ ხარ და ამას წყალი არ გაუვა. მე უფლება არ მაქვს, ვიცოდე მისი ადგილსამყოფელი და არც მეცოდინება. მე, უბრალოდ, შენს მითითებებს შევასრულებ, ხოლო ამისთვის განმარტოება და მშვიდ ვითარებაში დაფიქრებაა საჭირო. ამ ყველაფერს კი ჩვენი შეცვლილი გარეგნობები უზრუნველყოფს.

– ესე იგი, სხვა გამოსავალი არ არის?

– ეს საუკეთესო ვარიანტია.

– გამოდის, რომ ოჯახზე, შორენასა და ნაცნობ-მეგობრებზე უარი უნდა ვთქვა?

– ჰო. ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც. ხოლო შემდეგ რა იქნება, ღმერთმა უწყის.

– მერე, გარეგნობებს ვინ შეგვიცვლის?

– არის ერთი კაცი. თავისი კერძო კლინიკა აქვს და არალეგალურადაც მუშაობს.

– რომ გაგვყიდოს?

– გამორიცხულია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მოვკლავ და ვერავის ეტყვის.

– მოკლავ?

– სხვა გზა არ გვაქვს, ჯაბა.

– ნამეტანი ბევრი სისხლი ხომ არ იღვრება?

– თუ ასე არ მოვიქცევით, უფრო მეტი დაიღვრება. უფრო სწორად კი, შეიძლება, მთელი ერი დაიღუპოს და ასეთ საშინელებას, ჯობია რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, თუნდაც უდანაშაულოსი. თუმცა, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არ არსებობენ.

– მაინც, როდის უნდა შევიცვალოთ გარეგნობა?

– ყველაფერი მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მოგვარდეს.

– ასე სწრაფად?

– ორი კვირა ძალიან დიდი დროა, მაგრამ, იმედი მაქვს, მანამდე ყველა მოსამზადებელ სამუშაოს ჩავატარებთ და ორ კვირას უსაფრთხოდ გავძლებთ.

– რა მოსამზადებელ სამუშაოებს?

– რა და, ბინა, საბუთები, მოქმედების უშეცდომო გეგმა, კავშირის საშუალებები – ამ ყველაფერს დრო და დალაგება სჭირდება. უფრო სწორად კი, ამ ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება და, იმედია, რომ ორ კვირაში ჩავეტევით.

– ვერასდროს ვიფიქრებდი, ასეთ მდგომარეობაში თუ მომიწევდა ჩავარდნა. სიმართლე გითხრა, წინასწარ რომ მცოდნოდა, სასტიკ უარს ვიტყოდი.

ტარიელს გაეცინა და ჯაბას უთხრა:

– შენ განგებამ აგირჩია და უარს ვერ იტყოდი. ხელდასხმული ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. ძალიანაც რომ მოინდომო, უფლის ნებას წინ ვერ აღუდგები.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ასეთია უზენაესის ნება.

– უარი რომ ვთქვა ყველაფერზე?

– ვერ იტყვი, არ გამოვა.

– რატომ, მომკლავ?

– არა, – ჩაეცინა ტარიელს, – მე შენი მოკვლის ნება არ მაქვს.

– მით უმეტეს, სხვა ვინ დამიშლის?

– ღმერთი.

– ღმერთი?

– არ გჯერა, ხომ?

– როგორ არა, – მიუგო ჯაბამ, რომელსაც მართლა არ სჯეროდა, რომ ღმერთი დასჯიდა, თუმცა, ამას არ აღიარებდა.

– გიმეორებ, ჯაბა, შენ რჩეული ხარ, ხელდასხმული და განძეულის მცველად შენი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ უფლის ნება იყო და არა მეუფე გაბრიელის ან სხვა ვინმეს კაპრიზი. ამიტომ, დაიჯერე და უფლის ნებას დამორჩილდი.

– მჯერა და ვემორჩილები, – თქვა ჯაბამ, რომელსაც ტარიელის სიტყვების მაინც არ სჯეროდა.

უცებ, მშრალ და უკაცრიელ ღამის ტრასაზე ცარიელი „ბეემვე” დაბზრიალდა, მარცხენა გვერდზე გასრიალდა და სახურავით წვეტიან ფოლადს შეერჭო, რომელიც გზის პირას მდებარე ღობიდან იყო გამოშვერილი. წვეტიანმა ფოლადმა ჯაბასა და ტარიელის შორის გაიარა და მათ შორის გაჩერდა. ერთიც და მეორეც ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს.

– აი, ჩემი სიტყვების დასტური! ღმერთმა ნიშანი მოგვცა, რომ გვმფარველობს და მის ნებას არ უნდა გადავიდეთ.

– ღმერთის ნიშანი? – თქვა დაბნეულმა ჯაბამ.

– როგორ ფიქრობ, – ჩაეცინა ტარიელს, როდესაც მათ მანქანა ბორბლებზე დააყენეს და სასწაულებრივად გადარჩენილებმა გზა განაგრძეს – გადარჩენის ათასიდან ერთი შანსი გვქონდა და, რომ გადავრჩით, ვისი დამსახურებაა?

– ღმერთის? – გაუბედავად თქვა ჯაბამ.

– მხოლოდ და მხოლოდ მისი, – მიუგო ტარიელმა, – ამიტომ, მოდი, მის ნებას ნუ გადავალთ და უფლის მოთმინებასა და სიკეთეს ნუ გამოვცდით.

– მე ეს არც მიფიქრია, – იცრუა ჯაბამ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა მე შენ შორენასთან მიგიყვან, ხვალ კი გამოგივლი და გეტყვი, როგორ მოვიქცეთ.

– კარგი, – ჯაბამ ტარიელს გაუღიმა და დაამატა: – რას იზამ, ბედს უნდა დავემორჩილო, თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, თავისუფალი ცხოვრება მირჩევნია.

ტარიელმა მანქანა შორენას სახლთან გააჩერა, ჯაბა ბინამდე მიაცილა და, სანამ უკან გაბრუნდებოდა, დაემშვიდობა:

– ხვალამდე, ჯაბა!

– ხვალამდე, ნახვამდის, – მიუგო ჯაბამ ტარიელს, გუნებაში კი სხვა აზრები უტრიალებდა. ერთი სული ჰქონდა, განმარტოებულიყო და ყველაფერი კარგად მოეფიქრებინა.

შორენამ ჯაბა სასტუმრო ოთახში შეიყვანა, მსუბუქი ვახშამი გაუშალა და ჰკითხა:

– ხომ მშვიდობაა?

– კი.

– რატომ დაგაგვიანდა?

– საქმე გვქონდა.

– საქმე?

– ქალბატონი ელენე სად არის? – საუბრის თემა შეცვალა ჯაბამ.

– ლოცულობს და მოგვიანებით შემოგვიერთდება.

– დიტო წავიდა?

– ჰო, კარგა ხანს გელოდა და, რომ არ მოხვედი, წავიდა, – მიუგო შორენამ ჯაბას.

– დილის ხუთი საათია, არ გძინებიათ?

– მე – არა, შენ გელოდი. დედა კი ძალიან ადრე ადგა სალოცავად.

– შორენა, გიყვარვარ?

– ძალიან.

– შეგიძლია, რომ ჩემ გამო ერთი რაღაც გააკეთო?

– რა თქმა უნდა, რაშია საქმე?

– შეგიძლია, რომ ჩემ გამო დროებით მსხვერპლი გაიღო?

– რა მსხვერპლი, გარკვევით მითხარი, ჯაბა, არაფერი მესმის.

– შეგიძლია, რომ დროებით დედაშენს დაშორდე?

– დედაჩემს რატომ უნდა დავშორდე?

– მხოლოდ დროებით, მაქსიმუმ, ორი-სამი თვით.

– კი მაგრამ, რატომ, აღარ იტყვი, რა ხდება?

– ჯერ მითხარი, თუ შეგიძლია იმის გაკეთება, რასაც გთხოვ.

– თუ მხოლოდ ორი-სამი თვით დავშორდები დედას და, თანაც, ეს შენთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაშინ – კი.

– აუცილებელია.

– არ მეტყვი, რა ხდება?

– აქედან უნდა ავიბარგოთ.

– ავიბარგოთ?

– ჰო, საქართველოდან უნდა წავიდეთ.

– კი მაგრამ, რატომ, სად?

– სად და, ძალიან მაგარ ადგილას, იქ, სადაც ბედნიერები ვიქნებით.

– რატომ, აქედან რატომ უნდა წავიდეთ?

– იმიტომ, რომ მოსაკლავად დამდევენ.

– ჰო, მაგრამ, ტარიელი რისთვისაა? ხომ გითხრა, დაგიცავო?

– ტარიელი აქ არაფერ შუაშია, – თავი გააქნია ჯაბამ, – მხოლოდ მე და შენ უნდა გავიქცეთ და შემდეგ დედაშენსაც წავიყვანთ.

– მერე, ეს ასე ადვილია?

– ადვილი არაა, მაგრამ, აუცილებელია. თუ არ გავიქეცი, მომკლავენ.

– მერე, ფული? საბუთები?

– ფული მაქვს.

– გაქვს?

– კი, შავი დღისთვის მქონდა გადანახული და სწორედ ახლა მიდგას ის შავი დღე.

– ბევრი გაქვს?

– ასი ათასი ევრო.

– კი მაგრამ, საიდან?

– ერთი საქმე გავჩარხე ადრე.

– შენ არ ამბობდი, რომ მთელი ფული შენი ძმაკაცის ბინაში დაიწვა?

– იქ ორასი ათასი დაიწვა, ასი ათასი კი სხვაგან მაქვს დამალული.

– ჯაბა, მითხარი, რა ხდება, ამდენი ფული საიდან გაქვს?

– ერთი საქმიდან.

– ისევ ვიღაცა გადააგდე?

– არა, სხვა საქმიდან.

– რა საქმიდან, არ იტყვი?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– ძალიან დიდი. არ უნდა ვიცოდე, ვისთან მაქვს საქმე და რა მელოდება? მით უმეტეს, სადღაც შორს წასვლას მთხოვ, თანაც, მეუბნები, დედაშენი მიატოვეო.

– მიატოვე-მეთქი, არ მითქვამს.

– ჰო, ორი-სამი თვით დატოვეო, მაგრამ, რა გარანტია მაქვს, რომ მას ისევ ვნახავ?

– ვითომ, რატომ ვერ ნახავ?

– იმიტომ, რომ არ ვიცი, სად, რატომ და რა საშუალებებით მეპატიჟები. იქნებ, ჩვენი გაქცევა უარესი იყოს?

– უარესი რატომ უნდა იყოს?

– თუკი მოსაკლავად დაგდევენ, ხომ შეიძლება, ამ ყველაფერს დედაჩემი შეეწიროს?

– რა სისულელეა, დედაშენი რატომ უნდა შეეწიროს, ის რა შუაშია?

– არ ვიცი, მაგრამ, სანამ ყველაფერს დაწვრილებით არ მომიყვები, აქედან ფეხის მომცვლელი არ ვარ.

– მაინც, რა გაინტერესებს?

– ყველაფერი.

– რა ყველაფერი?

– ჯერ ის თქვი, მოსაკლავად ვინ და რატომ დაგდევს?

ჯაბას სიმართლის თქმა უნდოდა შორენასთვის, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან გოგონა არ დაიჯერებდა, რომ ის ქართული საგანძურის მცველი იყო, ყველაფერს მონაჩმახად ჩათვლიდა და შორენას ნდობას საბოლოოდ დაკარგავდა. ამიტომ, ჯაბამ ტყუილი ამჯობინა:

– ვინ და იმ ბიზნესმენის გამოგზავნილი ხალხი, იმიტომ, რომ მე მას 200 ათასი ავახიე და ჩაციკლულია.

– კარგი, გასაგებია. ახლა მითხარი, სად მეპატიჟები.

– სად და, წყნარი ოკეანის ეგზოტიკურ კუნძულზე. იქაურობა ძალიან ლამაზია, ყველაფერი იაფია და 100 ათასი ევრო საკმარისი იქნება მცირე ბიზნესის დასაწყებად, რომელსაც შემდეგ გავაფართოვებთ.

– 100 ათასი საიდან გაქვს?

– რა მნიშვნელობა აქვს?

– აქვს. მითხარი.

– ბანკის პლასტიკური ბარათები გავაყალბე და იქიდან.

– ესე იგი, მოიპარე.

– ჰო, ფორმალურად, მოვიპარე, მაგრამ ამით მხოლოდ ბანკი დავაზარალე და არა მოქალაქეები. ბანკი კი თავადაა წურბელა და ალალია.

– მაინც ცუდია.

– რა მექნა, სხვაგვარად ფულს ვერ ვიშოვიდი.

– რომ დაგიჭირონ?

– ჰოდა, რომ არ დამიჭირონ ან არ მომკლან, აქედან დროზე უნდა ავახვიოთ.

– საბუთებს სად იშოვი?

– ჩემი საბუთები და ვიზა უკვე გაკეთებული მაქვს, შენს საბუთებში კი მხოლოდ სურათია ჩასაკრავი, ვინაობაა ჩასაწერი და ყველაფერი რიგზე იქნება.

– ესე იგი, შენ ჯერ კიდევ ჩემს გაცნობამდე აპირებდი ქალთან ერთად აქედან გაქცევას?

– ვაპირებდი და არც ვმალავ ამას, მაგრამ, შენ შემიყვარდი და იმიტომ გთავაზობ ჩემთან ერთად წამოსვლას.

– ჯაბა, მართლა გიყვარვარ? – ჰკითხა შორენამ ყმაწვილს და თვალებში ჩახედა.

– როგორ ფიქრობ, რომ არ მიყვარდე, ამდენ რამეს გეტყოდი?

– არ ვიცი.

– რა არ იცი? – კოპები შეკრა ჯაბამ, – ნუთუ არ გიყვარვარ და მატყუებდი?

– რას გატყუებდი?

– იმას, რომ გიყვარვარ.

– არა, მართლა მიყვარხარ.

– აბა, რა პრობლემაა, ჩემი რატომ არ გჯერა?

– არ მჯერა-მეთქი, არ მითქვამს.

– შორენა, – ჯაბამ გოგონას მხრებზე დაადო ხელები, – სიმართლე მითხარი, მართლა გიყვარვარ, თუ არა?

– მართლა მიყვარხარ.

– მაშინ, ჩემთან ერთად წამოდი.

– წამოვალ, მაგრამ, როდის?

– ზეგ.

– ზეგ? მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია!

– რატომაა შეუძლებელი?

– იმიტომ, რომ დედა წინასწარ უნდა შევამზადო ჩემთან განშორებისთვის.

– მას ხომ დროებით, სულ რაღაც, ორი-სამი თვით შორდები!

– თუნდაც დროებით, მაგრამ, ხომ უნდა შევამზადო?

– არა შორენა, არაფრის თქმა არაა საჭირო. ჩვენ მას წერილს დავუტოვებთ, რომელშიც ყველაფერს დაწვრილებით ავუხსნით და რომელსაც ის დაწვავს, რომ არავის ჩაუვარდეს ხელში.

– არა! – კატეგორიულად იუარა შორენამ, – დედაჩემს მე მთელი ცხოვრება ვეძებდი, როგორც იქნა ვიპოვე და ამას ვერ ვაკადრებ.

– აბა, რა ვქნათ?

– უნდა დაველაპარაკოთ, ყველაფერი დაწვრილებით ავუხსნათ და, დარწმუნებული ვარ, გაგვიგებს, უარს არ გვეტყვის და ყველაფერი რიგზე იქნება.

– კარგი, თანახმა ვარ.

ოთახში ელენე შემოვიდა. მან ახალგაზრდებს გაუღიმა და ჯაბას მიმართა:

– როგორ ხარ, შვილო, ხომ მშვიდობაა?

– გმადლობთ, ქალბატონო ელენე, თქვენ როგორ ბრძანდებით?

– ღვთის მადლით, არა მიშავს.

– ქალბატონო ელენე, თქვენთან საქმე მაქვს, რაღაც უნდა გთხოვოთ და, იმედია, გამიგებთ.

– გისმენ, ჯაბა, მითხარი, რაშია საქმე.

– ქალბატონო ელენე, მე და შორენას ერთმანეთი გვიყვარს, დაქორწინებას ვაპირებთ და, პირველ ყოვლისა თქვენი ნებართვა გვჭირდება, – შორიდან მოუარა ჯაბამ.

– მე თანახმა ვარ, – სათნოდ გაიღიმა ელენემ, – ვხედავ, რომ ჩემს ქალიშვილს უყვარხარ. ცუდი ბიჭი არ ჩანხარ და წინააღმდეგი არ ვარ, რომ ჩემი შორენა ცოლად შეირთო.

– გმადლობთ, ქალბატონო ელენე, მაგრამ, საქმე ისაა, რომ მოსაკლავად დამდევენ და აქედან დროებით მაინც უნდა წავიდე. შორენას წაყვანაც მინდა, მაგრამ ის თქვენი თანხმობის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს. თქვენ კი ჯერ ვერ წაგიყვანთ, მაგრამ მაქსიმუმ ორ-სამ თვეში თქვენც ჩვენთან იქნებით, მანამდე კი, აქ უნდა დარჩეთ.

– შორს აპირებთ წასვლას?

– წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

– ძალიან შორსაა.

– დედიკო, – ლაპარაკში ჩაერთო შორენა – თუ შენ წინააღმდეგი ხარ, ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან.

– რას ამბობ, შვილო, შენს ბედნიერებას ხელს როგორ შევუშლი, წაჰყევი.

– შენ ვერ გამიგე, დედიკო. ჩემს გამგზავრებაზე კი არაა ლაპარაკი, არამედ, თუ შენ ჩვენთან ჩამოსვლაზე იტყვი უარს, მაშინ აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. იმიტომ არ გვიპოვია ერთმანეთი, რომ ისევ დავკარგოთ. მითხარი, თუ შენ თანახმა ხარ, რომ ორი-სამი თვე აქ დარჩე და შემდეგ ჩვენთან ჩამოხვიდე, მაშინ გავყვები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მარტოს მოუწევს გამგზავრება.

– ჩამოვალ! – მტკიცედ თქვა ელენემ.

– დედიკო! ძალიან მიყვარხარ! – შორენა ელენეს კისერზე ჩამოეკიდა, – სულ რაღაც ორი-სამი თვე და აღარასოდეს დავშორდებით ერთმანეთს!

– მეც ძალიან მიყვარხარ, – მიუგო ელენემ შორენას და ჯაბას ჰკითხა:

– ჯაბა, შვილო, რა სახსრებით მიემგზავრები?

– 100 ათასი ევრო მაქვს გადანახული, ქალბატონო ელენე, და პირველ ხანებში გვეყოფა. თან, მცირე ბიზნესს დავიწყებთ, შემდეგ გავაფართოვებთ და საქმეს ავაწყობთ. ერთი სიტყვით, არ გაგვიჭირდება.

– საბუთები და ვიზა გაქვს?

– დიახ.

– როდის გეგმავთ გამგზავრებას?

– ზეგ.

– ზეგ? – გაიმეორა ელენემ.

– დიახ, ქალბატონო ელენე, ზეგ! რაც უფრო მალე გავეცლებით აქაურობას, მით უკეთესი.

– მე აქ უნდა ვიცხოვრო?

– დიახ, აქ.

– მერე, ვინმე რომ მომადგეს და მოგიკითხოთ, რა ვუთხრა?

– ჩვენ თქვენ წერილსა და ბინის გადაფორმების მინდობილობას დაგიტოვებთ. წერილში ეწერება, რომ ჩემი ძებნილობის გამო გავიქეცით, მინდობილობით კი ამ ბინაში ცხოვრების უფლება გექნებათ და ვერავინ შეგეხებათ.

– კარგი, თანახმა ვარ, – უთხრა ელენემ ჯაბას და გაუღიმა, შემდეგ კედლის საათს შეხედა და თქვა: – რა დრო გასულა, 7 საათი სრულდება!

– შორენა, გეძინება? – ჰკითხა ჯაბამ საცოლეს.

– არა, რატომ მეკითხები?

– უნდა წახვიდე და ფული და საბუთები მოიტანო. შეძლებ?

– რა თქმა უნდა. მითხარი, სად უნდა წავიდე.

– მთაწმინდაზე.

– 100 ათასიც მთაწმინდაზე გაქვს შენახული?

– ჰო, მაგრამ, ეს ფული ნამდვილად არ დაიწვება და ვერც ვერავინ მოიპარავდა.

– რა, ცეცხლგამძლე სეიფში გაქვს ჩაკეტილი?

– უკეთეს ადგილზე.

– სად?

– ვირთხების ხომ არ გეშინია?

– ისე რა.

– მოკლედ, ასე: ნიაღვრის ქუჩას უნდა აუყვე და, სანამ ჭონქაძის ქუჩისკენ გაუხვევ, უზარმაზარ საკანალიზაციო გვირაბს მიადგები. იმ გვირაბში შეხვალ, ორიოდე მეტრს გაივლი და ხელმარცხნივ, კედელზე მიმაგრებულ ლოდს გამოაგდებ, რომელსაც წითელი საღებავით ¹1 აწერია. შიგნით რკინის ყუთია, ყუთში კი ფული და საბუთებია. გვირაბი ვირთხებითაა სავსე, თან ფანარი უნდა წაიღო და პატარა წერაქვი, რომელსაც ქვაში ჩარჭობილ რკინას გამოსდებ, მარცხნივ გადაატრიალებ და ქვა გამოვარდება. მაგრამ, ფრთხილად, ქვა საკმაოდ მძიმეა და ფეხზე არ დაგეცეს. იცოდე, ყუთი ხელიდან არ გაგივარდეს და კანალიზაციაში არ ჩავარდეს, თორემ, ყველაფერი ჩაგვეშლება. შეძლებ ამდენს?

– შევძლებ, მაგრამ გვირაბში რომ შევალ ვინმემ არ დამინახოს და ხელი არ შემიშალოს.

– ნუ გეშინია. იმ ადგილას ბევრი ხალხი არ დადის. მომენტი უნდა შეარჩიო, რომ ქუჩაზე არავინ იყოს და გვირაბში იმ დროს უნდა შეხვიდე.

– გასაგებია.

– ახლა დილის 7 საათია. მოდი, ახლავე გაემზადე და წადი. ოღონდ, რაც შეიძლება, უბრალოდ ჩაიცვი და უქუსლო, სპორტული ფეხსაცმლით წადი.

– კარგი. ახლავე მოვემზადები, – მიუგო შორენამ ჯაბას და საძინებელში გავიდა.

– შვილო, – უთხრა ელენემ ჯაბას, – საშიში ხომ არ არის შორენას იქ წასვლა?

– არა, ქალბატონო ელენე. მთავარია, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც მე ვეუბნები და ყველაფერი რიგზე იქნება.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – გაუღიმა ელენემ ჯაბას, – მთავარია, ბედნიერები იყოთ, მე მეტი არაფერი მინდა.

– ყველაფერი კარგად იქნება, ქალბატონო ელენე, თქვენ ნურაფერზე იღელვებთ და, თუ თქვენც ისე მოიქცევით, როგორც გეტყვით, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

ოთახში სპორტულად ჩაცმული შორენა შემოვიდა და თქვა:

– როგორია, კარგ ფორმაში ვარ?

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3