ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-9(531)
„სად ვიყავი, რატომ არ ვიცოდი ყველაფერი ყველაფრის შესახებ?.. მოცლილი უნდა იყო და ყოველდღიური საზრუნავისგან თავისუფალიც, ის წაიკითხო, რაც გსიამოვნებს და მართლა გაინტერესებს. დრო ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. არა, რა თქმა უნდა, მოცლილიც უნდა იყო, მაგრამ მოცლილიც მაშინ ხარ, როცა ყოველდღიურობაზე ისე არ ფიქრობ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.
მე ცოტათი არაჩვეულებრივი გავხდი – უბრალოდ, გამიმართლა, მეტი არაფერი“...
ლიკამ გამეტებით მოიჯახუნა მანქანის კარი.
– კარი არაფერ შუაშია, – მშვიდად შენიშნა სოფომ, ხელჩანთა სავარძელზე დადო და საჭეს მიუჯდა.
– მართალია, შენ ხარ შუაში. აქ სად მომიყვანე, ეს ვინ იყო? ნამდვილი იდიოტი და უვიცი!
– ტყუილად ნერვიულობ. აბა, რას ელოდი? თუმცა, მე ძალიან საყურადღებო დასკვნები გავაკეთე. შენ ისე არ უსმენდი, როგორც მე.
– რას ნიშნავს, ისე არ ვუსმენდი?! – ისევ გაცხარდა ლიკა.
– ჰო, ემოციურად იყავი განწყობილი და, მგონი, ვერც მიხვდი, რა გითხრა.
– რა მითხრა? არაფერიც არ უთქვამს, სისულელეებს ბოდავდა.
– არა, არა, მთლად ასეც არ არის. ქვეცნობიერზე რომ თქვა, ეგ არ გენიშნა?
– რა ქვეცნობიერზე? მე ასეთი რაღაცეების საერთოდ არ მჯერა.
– სულ ტყუილად. ლაშას რომ დავლაპარაკებოდით, უფრო გავარკვევდით სიმართლეს.
– რა სიმართლეს, სოფო, ან ლაშას სად ვიპოვი? ეს, რაღაც, მოჯადოებულ წრეს ჰგავს. არადა, ჯადოქრობა რომ დავიჯერო, გიჟი უნდა ვიყო. არა, მეყოფა, ეს უკვე მეტისმეტია, სახლში მიმიყვანე!
– მანქანა რომ ჩემთან გყავს დატოვებული?
– ჰო, ეგ სულ დამავიწყდა. შენთან მივიდეთ, – ამოიოხრა ლიკამ, – რა ცუდად ვარ. ვერ ვიტან გაურკვევლობას. არაფრით არ შემიძლია, ვინერვიულო იმაზე, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები და არ მესმის, მაგრამ ახლა სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ. შიგნით რაღაც მტკივა. მართლა მტკივა, თან – ძალიან. როგორ მინდა, დავიძინო და, როცა გავიღვიძებ, აღარაფერი მახსოვდეს!..
– მე ვფიქრობ, უნდა დამშვიდდე – ჯერჯერობით ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგიძლია.
– არ შემიძლია, ვერ დავმშვიდდები. რა კარმულ ვალებზე ლაპარაკობდა ის იდიოტი?
– იცი, ბოლომდე ვერ ვხვდები, ეგ რას ნიშნავს. მაგრამ, მგონი, იმას გულისხმობს, რომ ლაშას, რომელიღაც ნათესავს წარსულში რაღაც მსგავსი აქვს ჩადენილი.
– ანუ, იგროკი მშობლები ჰყავდა? – რა სისულელეა.
სოფომ თავი გადააქნია:
– იქნებ, არ არის სისულელე? რა იცი, მათ შესახებ, მითხარი, რა იცი?
– პრინციპში, არაფერი. ლაშა ხომ ბებიამ გაზარდა, დედის დედამ. მე რომ გავყევი ცოლად, ის ქალიც უკვე მკვდარი იყო. მშობლებიც, მგონი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ, მაგრამ, ზუსტად არც ეს ვიცი, რადგან ჩემს ქმარს ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარდა.
– აი, ხედავ? თითქმის არაფერი არ იცი. შეიძლება, რაღაც „კარმული ვალი” მართლა არსებობს.
– შენ იცი, ეგ რას ნიშნავს?
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, შენი წინაპრის ჩადენილ ცოდვებს უნდა გულისხმობდეს. არა, ლაშას გარეშე არაფერი გამოვა.
– მაშინ, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა საქმე – ლაშას მე დიდხანს ვერ ვნახავ, თუკი საერთოდ როდისმე დაბრუნდა.
სოფომ თანაგრძნობით შეხედა მეგობარს:
– ასე ძალიან ნუ განიცდი, რა...
– ადვილი სათქმელია – „ნუ განიცდი”! რომ არ გამომდის?! გაურკვევლობა მომკლავს. ოღონდ მართლა. მირჩევნია, ერთხელ ძალიან მაგრად მეტკინოს და ამით ყველაფერი მორჩეს, თორემ, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, საერთოდ არაფერი მინდა. წამალს დავლევდი, დავიძინებდი და თვალს საერთოდ აღარ გავახელდი.
– ეე, ახლა ნუ გააფრენ. რა გითხარი, მარტო საკუთარ თავს არ ეკუთვნი-მეთქი? შენს შვილს სჭირდები!
– ვჭირდები? ასეთი? კომპლექსებითა და ნერვიული აშლილობით? სიგიჟის ზღვარზე?
– ჰო, სწორედ ისეთი, როგორიც ხარ. მე შვილი არ მყავს, მაგრამ, რომ მყოლოდა, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავზე ნაკლებად ვიფიქრებდი, ან, საერთოდ არ ვიფიქრებდი.
– შეიძლება, მართალი ხარ, მაგრამ, რა ვქნა? თავს ვერ ვერევი, – ამოიოხრა ლიკამ, – ძალიან მიჭირს. შეხედე, ხელების კანკალი ვერაფრით გავაჩერე. სოფო დაქალს ჩააშტერდა, – შენი საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება, – თქვა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, – იყოს ის მანქანა ჩემს ეზოში, არაფერი მოუვა. სახლში მიგიყვან, რამე დამამშვიდებელი დალიე და დაიძინე.
– დედაჩემის გადამკიდე ძალიან დავიძინებ. წარმომიდგენია, როგორ მელოდება, რომ შეკითხვებითა და საყვედურებით სული ამომხადოს.
– იცი, რას ვიზამ? მეც ამოგყვები, ლიანა ორივეს ერთად ვერ გაგვიმკლავდება.
– დედაჩემთან აპირებ შებმას? – გაეღიმა ლიკას, – ესე იგი, მართლა გყვარებივარ.
– ეს თუ აქამდე ვერ გაიგე, ყოჩაღ, – გაიცინა სოფომ და თვალი ჩაუკრა. საუბარში გართულს არც ამჯერად შეუნიშნავს ადევნებული მანქანა, რომლის საჭესთანაც ანდრო იჯდა. საპატიო ესკორტივით მანამ სდია, სანამ არ დარწმუნდა, რომ სოფო საკუთარი სახლის მიმართულებით მიდიოდა. მერე შებრუნდა და გეზი იქით აიღო, საითაც გოგონები ერთი საათის წინ იყვნენ. სახლი კარგად დაიმახსოვრა – მხედველობით მეხსიერებას არასდროს უჩიოდა. სადარბაზოსაც ადვილად იპოვიდა. აი, ბინის მოძებნაზე კი მოუწევდა გარჯა, მაგრამ, ისიც იცოდა, რომ, სანამ არ გაიგებდა, რას აკეთებდნენ იქ სოფო და ლიკა, ვერაფრით მოისვენებდა. ეჭვი ტვინს უღრღნიდა და ცნობისმოყვარეობას უღიზიანებდა. ლიკას არ ენდობოდა. უკვე აღარც სოფოს. „შეკრულები არიან და ფიქრობენ, რომ ჩემს გასულელებას შეძლებენ. არც ერთი ქალი არ არის სანდო, მით უფრო – შეყვარებული ქალი, რომელიც თავისი სატრფოსთვის ყველაფერზეა წამსვლელი. რას ვერჩი, თავისას ცდილობს, ვერაფერში შეედავები. აი, სოფოს კი, აუცილებლად ვეტყვი, რომ ძალიან მაწყენინა. რაღაც მომენტში, ქალური სოლიდარობა გამოიჩინა და თავისი დაქალის მხარდამჭერად, მის დამცველად იქცა. რა უნდა ვუთხრა?! ის, რომ იმედი მაგრად გამიცრუა. დარწმუნებული ვარ, იქ ლაშაა. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთის ფერი და ერთი ეშმაკიაო. ფუ, რა სისულელეები მახსენდება!.. აი, ის სახლი და სადარბაზო. ახლა ბინაც ვიპოვოთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ, ვცდით, შეიძლება, გაგვიმართლოს“.
ლიანამ ჯერ სოფო დაინახა, მერე – მის უკან მდგარი საკუთარი შვილი. დამამშვიდებელი წვეთების გავლენა იყო თუ ქმართან საუბრის, ზღურბლიდანვე ლანძღვა და ყვირილი არ დაუწყია, გოგოებს ოთახში შესვლა აცადა და, რამდენადაც შეეძლო, „თბილად“ შესთავაზა ყავა. ლიკამ ჯერ მას შეხედა გაოცებით, მერე – სოფოს, თითქოს ეუბნებოდა, მგონი, ტყუილად წამოგიყვანე, აქ ქარიშხალს უკვე გადაუვლიაო.
– მარტო ყავას დალევთ თუ ისადილებთ კიდეც? თუმცა, რას გეკითხებით, რა თქმა უნდა, გეშიებათ. კარტოფილს შეგიწვავთ. ვერაფერი მოვამზადე. წუხანდელი ნერვიულობის შემდეგ კიდევ ვერ მოვედი გონზე.
ლიკამ ამოიოხრა და თავისთვის გაიფიქრა – „დაიწყოო“...
– ვატუნა სად არის? – შვილი მოიკითხა და მისი ოთახისკენ გაემართა.
– ბაბუამისმა წაიყვანა ცურვაზე. დღეს რომ ცურვა აქვს, არ გახსოვს? თუმცა, რა უნდა გახსოვდეს, რაზეც საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა!
ლიკამ ამოიოხრა:
– დედა, ზუსტად ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის გამლანძღავ და, მიდი, დაიწყე. რაც მალე დაიწყებ, მით მალე დაამთავრებ, თორემ, ვერც მე ვმშვიდდები.
– კარგია, თუ ვერ მშვიდდები. ესე იგი, სინდისი გაწუხებს. ესეც რაღაცას ნიშნავს.
– რა თქმა უნდა, მაწუხებს. აბა, შენ რა გგონია, მართლა ეგოისტი და უსინდისო კი არ ვარ.
ლიანამ ირონიულად გაიცინა.
– რა გაცინებს? – გაბრაზდა ლიკა: – თუმცა, ვხვდები: ეს შენი პოზიციაა – წამებულის როლში კარგად გრძნობ თავს. არასოდეს კითხულობ, სხვა ეწამება თუ არა.
– რომ ვიკითხო, რა, მეტყვი სიმართლეს? ამიტომ, აღარც ვკითხულობ და ჩემთვის ჩუმად ვნერვიულობ.
– შენთვის ჩუმად ნერვიულობ, არა?! – წარმომიდგენია, საწყალ მამაჩემს რა დღეში ჩააგდებდი.
– ეგეც გაწუხებს? – გაიკვირვა ლიანამ, – ამ ერთ ღამეში, მართლა რაღაც მომხდარა – ისეთი, რამაც შენში თანაგრძნობის უნარი გააჩინა. მამაშენი კი მართლა ცოდვაა, იმიტომ, რომ არანორმალურად ნერვიულობს შენზე. თან ცდილობს, გაგამართლოს. ძალიან ცოდვაა, ძალიან.
– ვიცი და ვეცდები, აღარ ვანერვიულო.
– შენგან ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. მით უფრო, როცა შენი ერთგული მეგობარი გიმშვენებს გვერდს.
– აჰა, სოფოსაც გადასწვდი? ვიცოდი, რომ ამას იზამდი.
– რატომ იცოდი? ორივემ დააშავეთ და იმიტომ – აი, რაშია მთავარი პრობლემა. თუმცა, მე ლამის იმუნიტეტი გამომიმუშავდეს თქვენს სისულელეებზე. წავალ, კარტოფილს გავთლი, – ლიანამ დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.
ლიკამ საცოდავად გადახედა დაქალს.
– ხედავ, რა დღეში ვარ? რა ვუყო ამ ქალს, აღარ ვიცი.
სოფომ ხელი ჩაიქნია:
– მოიცა ერთი! მაგაზე არც იფიქრო, დედაჩემიც ზუსტად ასეთია, არაფრით განსხვავდება. ამიტომაც არ ვნახულობ. თუ ისეთი არ ვუნდივარ, როგორიც ვარ, ეს უკვე მისი პრობლემაა და მე ვერაფერს ვუშველი.
– ჰო, ვიცი, ვიცი. მაგრამ, მშობლებს ხომ არ ირჩევენ.
– მეც სწორედ მაგას ვამბობ. არც მშობლებს ირჩევენ და არც შვილებს. ჩვენს მშობლებს კი მაინცდამაინც ის უნდათ, საკუთარ ჩარჩოს მოგვარგონ და იმ იდეალს დაგვამსგავსონ, რომელზეც თავად უოცნებიათ. იმას ვერ ეგუებიან, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ადამიანები ვართ, ჩვენი შეცდომებითა და სისუსტეებით.
– ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ... კიდევ კარგი, რომ წამომყევი. იცი, რას მიზამდა? ახლა შენი ერიდება ცოტათი.
– არა მგონია. რისი თქმაც უნდა, მაინც ამბობს. ვფიქრობ, მამაშენის გავლენა უფროა.
– ჰოო?! – ლიკამ კომოდიდან შვილის სურათი აიღო, – ბავშვი მომენატრა ძალიან. მინდა, ხელი მოვკიდო და საერთოდ მოვშორდე აქაურობას.
– არაჩვეულებრივი იდეაა, – თვალები აუციმციმდა სოფოს, – დაისვენებ. ამ ყველაფრისგან შორს იქნები. ვატოსაც, ალბათ, როგორ უნდა შენ გვერდით ყოფნა! ფული ხომ გაქვს? ადექი და წადი სადმე შორს, რომელიმე საინტერესო ქვეყანაში. თუმცა, აქედან რომ წახვალ, ყველა ქვეყანა საინტერესო და მაგარია.
– ვერა, სოფი, ხომ იცი, რომ ეგ შეუძლებელია, – სევდიანად ჩაილაპარაკა ლიკამ – სურვილი სურვილად დარჩება.
– არა, არ დარჩება. მთავარია, მოინდომო. ყველაფერში მოგეხმარები.
– საყვარელო, – გაუღიმა ლიკამ, – როგორი მადლობელი ვარ შენი. მართლა არ მეგონა, ასეთი ერთგული თუ იქნებოდი. მაპატიე, თუ როდისმე შენზე ცუდი მიფიქრია. ხომ მაპატიებ?
– ეეე, არ გინდა, ახლა... არც მე ვარ ანგელოზი. მეც საკმარისად ვჭედავ და ზოგჯერ ძალიან აუტანელი ვარ, მაგრამ, მთავარი ხომ ის არის, რომ ერთმანეთი გვიყვარს.
– ჰო, აბა რა, გვიყვარს, – მექანიკურად გაიმეორა ლიკამ.
– მომისმინე, საყვარელო. რაზეც ახლა შენ ფიქრობ, რეალურია და, გირჩევ, უარი არ თქვა. სამსახური პრობლემა არ არის, ამას მე მივხედავ. ბოლოს და ბოლოს, აიღებ შვებულებას და წახვალ ერთი თვით ან ორი კვირით მაინც. მანამდე აქაც რაღაც დალაგდება.
– ჰმ, შენც არ გჯერა იმის, რასაც ამბობ. არაფერიც არ დალაგდება, ლაშაც აღარ დაბრუნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მას ვეღარ ვნახავ – გული მიგრძნობს. შენც ხომ ასე ფიქრობ?
– არა, მაგრამ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ორი კვირა დასვენება ხომ მაინც შეგრჩება, ვატოსთვისაც დიდი სიხარული იქნება. წარმოიდგინე, როგორ გახალისდება ბავშვი.
– კარგი და, სად უნდა წავიდე?
სოფო დაფიქრდა:
– პარიზში. შენთვისაც კარგი იქნება და ვატოც მსოფლიოში ყველაზე მაგარ პარკს ნახავს.
– პარიზი ჩემი ოცნების ქალაქია, მაგრამ ახლა ვატოსთან ერთად ვერაფრით ვერ წავალ. არ შემიძლია, დარდით მოვკვდები.
– არ გინდა სიტუაციის დრამატიზება. გეუბნები, კარგად იქნები, ძალიან, ძალიან კარგად.
– არა, პარიზი გამოვრიცხოთ.
– მაშინ – მზე, ზღვა და აქლემები. აღმოსავლეთზე როგორ ხარ? ზღვა ხომ გიყვარს?
ლიკა შეიჭმუხნა:
– აღმოსავლეთი ცუდი იდეა არ არის, მაგრამ, ვატომ რომ ვერ აიტანოს? მაინც პატარაა ჯერ.
– ვინ არის პატარა, ვატუნა? მაგაზე პატარები დაჰყავთ აღმა-დაღმა და არაფერი ემართებათ. ტურისტულ სააგენტოში მეგობარი მყავს და იმას ვთხოვ. მიდი, მოიფიქრე მალე!
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო. ამათ რა ვუთხრა?
– ვის? დედაშენს და მამაშენს? პირიქით, გაუხარდებათ, თუ ბავშვს წაიყვან და წახვალ.
ოთახში შემოსულმა ლიანამ, სოფოს ბოლო სიტყვებს მოჰკრა ყური და გაწითლდა:
– სად აპირებ წასვლას, თან, ბავშვიც რომ მიგყავს? რას აკეთებ, ჭკუიდან უნდა შემშალო და გადამრიო? იპარები?
– დედა, დამშვიდდი, რატომ ყვირი? არსადაც არ ვაპირებ გაპარვას, რა სისულელეა. დამშვიდდი და გეტყვი. უბრალოდ, სოფომ რაღაც შემომთავაზა და იმაზე ვლაპარაკობდით.
ლიანამ თავად გადახედა სოფოს, რომელმაც იმ პირველკლასელივით უწყინარად გაუღიმა, მასწავლებელს ბოლომდე რომ ენდობა და მასზე ჭკვიანი, ძლიერი, გულისხმიერი და სიკეთით სავსე არავინ ჰგონია.
– წარმომიდგენია, რასაც გირჩევდა, წუხელაც ხომ მისი რჩევით არ მობრძანდი სახლში!
– ქალბატონო ლიანა, საქმე ისაა, რომ მე თქვენს მხარეს ვარ. ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები ლიკას და გუშინდელი მისი საქციელისთვის დავტუქსე კიდეც.
– რას მელაპარაკები?! აი, ამას კი ვერაფრით წარმოვიდგენდი! მომწონს შენი გულახდილობაც და პოზიციაც, მაგრამ, საყვარელო, მე ვიცი, როგორ ექცევი საკუთარ დედას და ამიტომ ვერ გენდობი. შენს ვერც ერთ სიტყვას ვერ ვენდობი.
სოფოს წარბი არ შეუხრია, ისე „გადაყლაპა” სპეციალურად მისთვის შეთავაზებული მწარე აბები და ალერსიანად შეხედა მეგობრის დედას:
– ქალბატონო ლიანა, დედაჩემისთვის, შეიძლება, ძალიან ცუდი შვილი ვარ, მაგრამ ლიკასთვის მხოლოდ კარგი მინდა. ამიტომ, ვუთხარი, ბავშვთან ერთად გაემგზავროს სადმე, ორი კვირით.
– მაინც სად? ბორჯომში თუ ბაკურიანში?
– არა, ცოტა უფრო შორს, უცხოეთში.
ლიანა რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა, მერე ხმამაღლა გაეცინა:
– ხომ შეიძლებოდა, რაღაცაში შევმცდარიყავი? არა! ზუსტად ვიცოდი, რომ კიდევ რაღაცას გეგმავდით. მშვენიერია, მშვენიერი: ქმარს პრობლემები აქვს, ცოლი უცხოეთში გარბის!.. იქნებ, დარჩე კიდეც და უკან აღარ ჩამოხვიდე?
– სად უნდა დავრჩე, დედა, რას ამბობ? მარტო ხომ არ მივდივარ, ვატოც თან მიმყავს.
– მეც სწორედ ეგ მიხეთქავს გულს, რომ ვატოც მიგყავს. ეგოისტი და უსინდისო გოგო ხარ, მეც ფეხებზე გკიდივარ და მამაშენიც. ვერსადაც ვერ წახვალ!
სოფომ ამოიოხრა:
– მგონი, დედაშენი მართალია. ერთი დეტალი ვერ გავითვალისწინე ვატოსთან დაკავშირებით.
– რა დეტალი? მე უკვე გადავწყვიტე, მინდა წასვლა.
– არ გამოვა, ბავშვით არ გამოვა. ვატოს არ გაგატანენ საზღვარზე. მამის ნებართვა უნდა. მგონი, მართლა ბორჯომში მოგიწევს წასვლა.
– ხედავ? ყველა მხარეს გზა მაქვს შეკრული. ისღა დამრჩენია, სახლში ვიჯდე და ვინერვიულო.
– არა, არა, რაღაც მოგვარდება. არ უნდა ინერვიულო. ყველანი შენთან ვართ, – სოფო მოეხვია მეგობარს და მისი თავი მკერდზე მიიხუტა. ლიანამ ცოტა ხანს უყურა ორივეს. მერე ტუჩი მოიკვნიტა, შებრუნდა და ოთახიდან გავიდა.
***
ლოდინი ძნელი ყოფილა. ლოდინი მომკლავს, იცოდე. ნეტავი ლოდინმა, მართლა შეიძლება, ადამიანი მოკლას? აი, ამაზეც ახალა დავფიქრდი. რატომ ვფიქრობ ამ ბოლო დროს ასეთ რამეებზე და რატომ? ნუთუ, ნოსტალგიამ შემაწუხა? ყოველთვის მეცინებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ნოსტალგია არსებობს და, შეიძლება, დეპრესიაშიც ჩაგაგდოს. არადა, არსებობს, გეფიცებით, მართლა არსებობს. როგორი ბედნიერიც უნდა იყო უცხო ქვეყანაში, როგორ ფუფუნებაშიც უნდა ცხოვრობდე და როგორი უზრუნველი ყოველდღიურობაც უნდა გქონდეს, ნოსტალგია მაინც შემოგეპარება, შემოგიჩნდება და ერთ დღეს თვალებსაც აგიწვავს, ცრემლები რომ დაგადინოს. მაგრამ, უნდა გაუძლო. რას იზამ, სრულფასოვანი ბედნიერება ისევე არ არსებობს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი. ნუ შემედავებით, ხომ ხვდებით, რა ვიგულისხმე...
ლევანი სამზარეულოში გავიდა. კარადაში ჭიქა იპოვა და ონკანი მოუშვა. ზურგს უკან მდგარი რეზო არ დაუნახავს. არც ელოდა მას და ძალიან შეეშინდა, როცა მოულოდნელად რეზომ დაილაპარაკა:
– აქ რას აკეთებ?
– როგორ შემაშინე! წყლის დასალევად შემოვედი, რა არ შეიძლება?
– საერთოდ, არ შეიძლება, მარტო არ უნდა დაგეტოვებინა.
– ვინ? – წყალი მოსვა ლევანმა და მხრები აიჩეჩა.
– ვინც გყავს ჩაბარებული.
– ჰო, ისა? ოთახშია და კარიც მოვუხურე. ნუ გეშინია, არსად წავა, სულ რამდენიმე წამით დავტოვე. აბა, ხომ არ დავიხრჩობოდი.
– დაიხრჩე-მეთქი არ მითქვამს, მაგრამ, უნდა გაგეფრთხილებინე. ერთმანეთთან კონტაქტში არ უნდა შევიდნენ, ხომ გითხარი.
– მითხარი, მაგრამ, მე ვიცოდი, რომ ის მეორე შენთან იყო. ახლა კი ოთახში ისიც მარტოა. შენ რატომ დატოვე?
რეზო მოიღუშა:
– რა ხდება, რანაირად მელაპარაკები?
– ვიცი, ვიცი, ოპერაციას შენ ხელმძღვანელობ და მე უფლება არ მაქვს, არ დაგეთანხმო. ბოდიში, ცუდად მოვიქეცი, ლამის ყველაფერი ჩავშალე. აღარ მოვიქცევი ასე და შარდის ბუშტიც რომ გამისკდეს, ოთახიდან ფეხს აღარ გამოვდგამ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ რას ვაკეთებთ აქ.
– ხომ გითხარი, საგამომძიებლო ექსპერიმენტს ვატარებ-მეთქი.
– მართლა? ძალიან საინტერესოა. დანაშაულის ადგილზე დამნაშავის მიყვანა გამიგია, მაგრამ, ეს ხომ მისი სახლია. აქ რა ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ? შეიძლება, მე შენსავით ჭკვიანი არ ვარ, მაგრამ სისულელესაც ვერ დავიბრალებ.
– სულელი ნამდვილად არ ხარ, მაგრამ, ამბიციები ლოგიკურ აზროვნებაში ძალიან გიშლის ხელს.
– ლოგიკაა ის, რომ აქ უსაქმოდ ვსხედვართ და არაფერს ვაკეთებთ?
– მოვრჩეთ ამ ლაპარაკს და შენს პოსტს დაუბრუნდი. ვიცი, რასაც ვაკეთებ!
ლევანმა მშვიდად, ხელოვნური გულგრილობით აიჩეჩა მხრები, ჭიქა დადგა და კარისკენ გადადგა ნაბიჯი.
– მივდივარ. რა ვქნა, ძალიან მეეჭვება შენი ექსპერიმენტის, მაგრამ, რადგან იცი, რასაც აკეთებ... ისე, რაღაც-რაღაცეები მეც ვიცი.
– მოიცა, რას გულისხმობ, რა იცი? იმ ტიპმა გითხრა რამე?
– იქნებ, მითხრა კიდეც... იქნებ, არც მითხრა... ოპერაციას მე არ ვხელმძღვანელობ და ამიტომ ბევრი ვერაფერი დავიხსომე.
ლევანმა გაიღიმა და კარი გაიჯახუნა. რეზომ ბრაზით კბილები გააღრჭიალა.
– იდიოტი! უყურე, რა დღეშია? მეც ვიციო. საინტერესოა, რა იცის. თუმცა, რა უნდა იცოდეს! დებილი, ვითომ ცდილობს, რაღაც დაამტკიცოს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რისთვის შემომტენეს, რაში მჭირდებოდა? ყველაფერი რომ ჩამიშალოს, შემომაკვდება. გამიჭირდება მისგან თავის დახსნა, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებ. მთავარია, ახლა გამიმართლოს...
რეზო პატარა ლანგრით დაბრუნდა ოთახში:
– აი, ასე... ბევრი ვერაფერი ვიპოვე, მაცივარში მხოლოდ დაობებული ყველი აღმოვაჩინე და გვერდები ჩამოვაფხიკე. არა უშავს, ჭამა შეიძლება. აი, ყავა კი კარგი გქონია. ეტყობა, გიყვარს ყავა.
– ჩემს ცოლს უყვარს და ფული არასდროს ენანებოდა, ცდილობდა, ყოველთვის საუკეთესო ეყიდა. რამდენჯერ მიჩხუბია კიდეც ამაზე, – ლაშამ ამოიოხრა.
– შენ ისევ ცოლზე ფიქრობ. ხომ გითხარი, როგორმე თავს მოერიე-მეთქი! თან, – ეს თხოვნაა, მაგრამ, შემიძლია, გიბრძანო კიდეც.
– ძალიან ძნელია ემოციებთან გამკლავება.
– გავიგე. არ ვიცი, შენს სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი, შევძლებდი თუ არა, საკუთარი ემოციებისთვის მეჯობნა. მაგრამ, ხომ დაგპირდი, რომ ყველაფრის გარკვევაში დაგეხმარებოდი. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ტყუილად ნერვიულობ.
– ალბათ, მართალი ხარ. კარგი, ყველანაირად ვეცდები, მარტო საქმეზე ვიფიქრო.
– მაშინ, დროს ნუღარ დავკარგავთ – ხელები მოიფშვნიტა რეზომ, – დავიწყოთ.
– რა დავიწყოთ? – ვერ მიხვდა ლაშა.
– ექსპერიმენტი დავიწყოთ.
– ჯერ არ გამოვა, უნდა დაღამდეს.
რეზო გაშრა. ლაშა აშკარად არ ხუმრობდა – სერიოზული და ოდნავ სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა.
– მოიცა, ისევ დაიწყე შენებური?
– არა, რა დავიწყე! მაგრამ, ხომ უნდა დავიძინო.
– ახლა ვერ დაიძინებ? – დასცინა რეზომ.
– ვერა, ვერ დავიძინებ. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს.
რეზომ ძლივს დამალა ის უარყოფითი ემოცია და ბრაზი, რომელიც ლაშას ნათქვამმა გაუჩინა. თუ ეს ყველაფერი თამაში იყო, მაშინ ლაშა ძალიან ცუდად დაამთავრებდა და ამაში თავად დაეხმარებოდა. საათზე დაიხედა. ხუთი სრულდებოდა.
– არანაირად არ მხიბლავს შენთან ერთად ღამის გათენება, – თქვა და ლაშას შეხედა.
– ჰო, მესმის, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამომივა.
– ჯანდაბა! კიდევ გენდობი, დავიცადოთ დაღამებამდე.
– ტელეფონით სარგებლობის უფლება არ მაქვს? – საწყლად იკითხა ლაშამ.
– არა.
– იქნებ, თქვენ დაგერეკათ? – ხანმოკლე ფიქრის შემდეგ სთხოვა ლაშამ.
– არა, არ შეიძლება, მოცდა მოგიწევს, – რეზო უფრო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში და ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა.
– შეგიძლია, ტელევიზორს უყურო. დამშვიდდი. იმედია, უკვე მიხვდი, რომ მეგობარი უფრო ვარ შენი, ვიდრე მტერი.
ლაშამ არ უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. რეზომ გაუღიმა:
– თუ არ მატყუებ, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება, ვაღიარებ, რომ ყოველი ჩემი მოსაზრება მცდარი ყოფილა. ვაღიარებ, რომ ზოგჯერ აბსურდიც შეიძლება რეალობა იყოს და...
– და?! – მოუთმენლად ჰკითხა ლაშამ, რომელიც მიხვდა, რომ ამ „დას” მიღმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, თუმცა, რეზომ ამით დაამთავრა:
– არაფერი, ეს ისე ვთქვი. მოკლედ, ველოდებით დაღამებას. ჰო, მართლა, კიდევ ერთი საკითხი უნდა გავარკვიოთ: როგორც მივხვდი, ხვალ ღამემდე არ მეცოდინება, მატყუებ თუ სიმართლეს მეუბნები.
– ასეა. დილით გეცოდინება, ღამე რაზე უნდა გავაკეთო ფსონი და რამდენს მოვიგებ.
– ანუ, თითქმის ორი დღე შენთან ერთად შინაპატიმრობაში უნდა ვიყო?
– ასე გამოდის, – დაუდასტურა ლაშამ, – ვერაფერი სახარბიელო პერსპექტივაა, ხომ მართალია?
– უფრო მარტივი იქნებოდა, განყოფილებაში მიმეყვანე. რატომ გაძლევ შანსს?
– ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, ვფიქრობ, ადვილი არ იქნებოდა ჩემთვის ბრალეულობის დამტკიცება, – ისეთი ტონით განმარტა ლაშამ, რომ მიახვედრა, მთლად ბრმა და ყრუ არც მე ვარ. რაღაც მეც გამეგება თქვენს საქმეშიო.
რეზომ ირონიულად ჩაიცინა:
– როცა დაგიჭერენ, მერე ძნელია დაამტკიცო, რომ ბაჭია ხარ და არა მგელი. ეს ისე, გასართობად გითხარი.
ლაშამ მხრები აიწურა:
– ისე, მეც მოგცემდით პატარა შანსს.
– რა შანსს?
– ჩანთაში ნახევარი მილიონია. ჩვენ თითქმის გავუგეთ ერთმანეთს.
რეზოს გაეღიმა და თავი გადააქნია.
– ქრთამის შეთავაზება დასჯადი ქმედებაა და, თუ თაღლითობას ესეც დაემატება, უარესი იქნება შენთვის.
– არაფერი შემომითავაზებია, ეს ისე ვთქვი.
– კარგია, რომ ისე თქვი... მაგრამ მე კინაღამ რაღაც ცუდი ვიფიქრე. შენ არ ინერვიულო, თანაც, თუ მართლა ასეთი შესაძლებლობები გაქვს, ნახევარი მილიონი კაპიკებად უნდა მიგაჩნდეს. მით უმეტეს, როცა ამ ნახევარ მილიონს ოთხზე გაყოფ. თუ იმას ფიქრობ, რომ დამაბოლებ და იმ იმედით მომიტყდები, რომ ხვალ ათჯერ ამაზე მეტს იშოვი, ბავშვი არ ვარ, არაფერი გამოგივა.
– ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფულის მოგება ჩემთვის პრობლემა არ არის.
– მაგასაც ვნახავთ.
– მინდოდა, თქვენთვის რაღაც მეთხოვა.
რეზო შეიჭმუხნა:
– რა ამბავია ამდენი თხოვნები! მე ქველმოქმედებას არ ვეწევი.
– იმ კაზინოში არ მივალ.
რეზომ თავი დააქნია:
– ნუ ნერვიულობ, კაზინოში შენ საერთოდ არ მიხვალ, იქ მე წავალ.
– როგორ?
– როგორ და ჩვეულებრივად. შენ ხვალ მეტყვი, რაზე უნდა დავდო, რომ მოვიგო, ექსპერიმენტს კი თავად ჩავატარებ. აბა, რა გეგონა? შენ კაზინოს სიახლოვესაც ვერ გაეკარები. ამის იმედი თუ გაქვს, შეგიძლია, დაივიწყო.
– მე რა უნდა ვქნა?
– არაფერი, აქ იქნები. მაგრამ, ისე დაგტოვებ, რომ ვერაფერს დააშავებ. აქ ერთი ოთახის კარს საკეტი ჰქონია. ჩაგკეტავ და, როცა ყველაფერი დამთავრდება, მერე დავილაპარაკებთ დანარჩენზე.
– ჩემი მეგობრის საქმე როგორ იქნება?
– მაგაზე ვფიქრობ. თუმცა, ეგეც შენზეა დამოკიდებული.
– ისე თუ მოხდა, რომ დილისთვის ვერაფრით გაგახარე?
– არ გირჩევ ასეთ ხუმრობას, ცეცხლთან ნუ ითამაშებ, – რეზო ოთახიდან გავიდა. ლაშა არც განძრეულა, ბედს შეგუებული იჯდა სავარძელში და, სანახევროდ თვალებდახუჭული, თავის უცნაურ ბედზე ფიქრობდა.
... ლევანმა თაროდან პატარა ამწე ჩამოიღო და იატაკზე გააგორა.
– ბავშვობაში მანქანებით არასდროს მითამაშია. შენ? – ჰკითხა ბავშვის საწოლზე ზღარბივით მოკუნტულ ვახოს. იმან არ უპასუხა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს საერთოდ არ გაუგია.
– მანქანებით რომ მეთამაშა, შეიძლებოდა, სხვა პროფესია ამერჩია. მგონი, აქვს ამას მნიშვნელობა. აი, შენ, მაგალითად, ბავშვობაში რით თამაშობდი? არ გესმის? ნუ გეშინია, ხომ ხედავ, განყოფილებაში არ წაგიყვანეთ, შენი ძმაკაცის სახლში ხარ თბილად და მშვიდად.
– ჰო, ძალიან მშვიდად ვარ, წყრომით ჩაილაპარაკა ვახომ.
– ოო, ეგ უკვე შენი პრობლემაა. დანაშაული ან არ უნდა ჩაიდინო, ან უნდა იცოდე, რომ ადრე თუ გვიან, გამოგიჭერენ. ფუფუნებაში ცხოვრება ძალიან კარგია, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა.
– დანაშაული არ ჩამიდენია. კარგად ცხოვრების სურვილი რომ კრიმინალი იყოს, მაშინ, ყველა, მათ შორის შენც, ციხეში იქნებოდა.
– მე ხელფასი მაქვს და ფულს შენნაირების დაჭერაში მიხდიან, – ნიშნის მოგებით გაუცინა ლევანმა ცხვირჩამოშვებულ ვახოს და თაროდან ახლა „ჯიპის” მოდელი ჩამოიღო, – რა მაგარია?!
– ლაშას შვილის არის. პატარა ბიჭი ჰყავს, ვატო, – უთხრა ვახომ.
– შენ არ გყავს შვილები?
– შვილები რომ გყავდეს, ცოლი თუ არა, მინიმუმ, საყვარელი მაინც უნდა გაიჩინო. მე კი ჯერ ვერ მივაღწიე მაგ მდგომარეობას.
– რატომ? ქალებს უყვართ ფულიანი კაცები.
– შეიძლება, მაგრამ, რომ არ დამაცადეთ? ერთი მესიჯი რომ გავგზავნო, შენი მობილურიდან, შეიძლება? – მოულოდნელად თვალები აუციმციმდა ვახოს.
– არ შეიძლება, – ცივი წყალი გადაასხა ლევანმა, – ესე იგი, ვიღაც მაინც არსებობს. გამოვიცანი?
– გამოცნობა არ სჭირდება მაგას. ჰო, არსებობს. ყოველ შემთხვევაში, არსებობდა, მაგრამ, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ილუზიებს აღარ უნდა აჰყვეს.
– ლამაზია?
ვახომ ამოიოხრა:
– ჩემთვის მასზე ლამაზი არავინ არსებობს. ამის მოსმენა გინდოდა?
– რატომ მეჩხუბები? მე, პირიქით, მინდა, რომ დამშვიდდე და არ ინერვიულო.
– შენ არ ინერვიულებდი, ჩემს მდგომარეობაში რომ იყო? გაურკვევლობამ ლამის გამაგიჟოს, მეშინია ჭკუიდან არ შევიშალო.
– რისი გარკვევა გინდა? მკითხე და, რასაც შევძლებ, გიპასუხებ.
– მართლა? მაშინ, მითხარი, აქ რატომ ვართ და რას ველოდებით?
– ცოტა ხანი მოიცადე და გეტყვი, – დაჰპირდა ლევანი.
ვახომ ორჭოფულად გადააქნია თავი:
– მეეჭვება რატომღაც მეგონა, რომ შენც ისეთივე მეორეხარისხოვანი პირი ხარ ამ თამაშში, როგორიც მე. შეიძლება, მართლა გინდა, დამეხმარო, მაგრამ ვერ შეძლებ ამას.
– ლევანი გველნაკბენივით შეხტა. ამ „მეორეხარისხოვანმა” ძალიან მოსჭრა ყური.
– არც ასეა საქმე, როგორც გგონია. მე ჩემი საქმე მაქვს, იმას – თავისი, თქვა დაფარული ბოღმით.
– ვიცი, შენი საქმეა, მე მიდარაჯო, – მორჩილად დაუქნია თავი ვახომ.
ლევანი ჭარხალივით გაწითლდა:
– ყველაფერი არ უნდა იცოდე, ნაადრევად დაბერდები...
***
ადამიანები მაშინ უშვებენ საბედისწერო შეცდომებს, როცა საკუთარ თავს არწმუნებენ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთო. მართალია, „საბედისწერო შეცდომა” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, როცა შენი ცხოვრება ლაბირინთს ემსგავსება, როცა დილა უკვე თავის ტკივილით იწყება, როცა გათენება არ გიხარია და დაღამების გეშინია, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბედისწერის დაიჯერო. ჩვენ ხომ მაინც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ადამიანური შეცდომებითა და სისუსტეებით.
***
სოფოს წარბი არ გაუხსნია, ისე გამოაღო მანქანის კარი და კაცს შეუბღვირა:
– რა გინდა, რისთვის ამიკელი, ორი საათი ვერ მოიცადე?
– ნუ მეჩხუბები, არ შემეძლო მოცდა!
– იმაზე რატომ არ იფიქრე, მე რა შემეძლო?
ანდრომ სიგარეტს მოუკიდა და კოლოფი სოფოსაც გაუწოდა.
– მოწიე და დამშვიდდი. სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან.
სოფომ კოლოფზე ხელი აუკრა.
– ასეთი აგრესიული ნუ ხარ. შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ სრული საფუძველი მაქვს, შენზე ძალიან გავბრაზდე.
– რა გინდა, ანდრო? ჯერ ამ კითხვას გაეცი პასუხი და ჩემთან მერე მოდი, – სოფო კარის სახელურს დაეჯაჯგურა, – კარი გამიღე, რას დაგიკეტავს?
– მანქანიდან რომ არ გადამიხტე. სანამ იმას არ გავარკვევ, რატომ მიღალატე, ვერსადაც ვერ წახვალ.
– ახლა ეჭვიანობის სცენების მოწყობის დრო არ არის. არც ადგილია კარგად შერჩეული. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ერთგულების ფიცი შენთვის არ მომიცია...
– სოფო, ცოტა ხანი გაჩუმდი! შენ ვერ გაიგე. მე ფიზიკურ ღალატზე არ გელაპარაკები.
სოფომ ირონიულად ჩაიცინა.
– აბა, რაზე მელაპარაკები?
– იმაზე, რაც შენ ლიკასთან ერთად ჩაიდინე. მაინც როგორ იფიქრე, რომ მომატყუებდით?! როგორც ჩანს, კიდევ ვერ გამიცანი.
– არ მესმის, რას გულისხმობ! – მხრები აიჩეჩა სოფომ და ერთბაშაც გაცხარდა – ახლავე გამიღე კარი და გამიშვი, ლიკა მელოდება.
– ჰო, ვიცი, ალბათ, ისევ იმასთან მიგეჩქარებათ, შეეკარით არა? აი, ახლა, ჩემთან ერთად წამოხვალ და მაჩვენებ სად იმალება. ასე გაშტერებული ნუ იყურები, შენი საყვარელი დაქალის ქმარზე გელაპარაკები...
გაგრძელება შემდეგ ნომერში