საყვარელზე გაბრაზებულმა ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა
ქორწინებიდან მეოცე წლისთავზე 48 წლის თემურ ზ-მ ცოლი, მასზე ხუთი წლით უფროსი ნონა მ. მოკლა. ამის გამო სასამართლომ მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მკვლელობის მიზეზი გახდა საყვარლის სახლიდან დაბრუნებული ნასვამი ქმრის ახირება, რომ ცოლსაც მასთან ერთად დაელია, რის პასუხადაც ნონა მ-მ ქმარს დოქში საპნიანი წყალი ჩაუსხა და შემდეგ დოქი მთლიანად გადაუქცია. გაცოფებულმა კაცმა ცოლი ნაჯახით მოკლა. დაუჯერებელია, მაგრამ მკვლელობის შემდეგ ქმარმა, დასახიჩრებული მიცვალებული ტომარაში ჩატენა, თოკები შემოახვია და სარდაფში მიუჩინა ადგილი, შემდეგ კი, უკვე გახრწნილი გვამი სანაგვეზე გადააგდო. დასახიჩრებული მიცვალებული ნაგავსაყრელზე ცხოველების საჯიჯგნი გახდა – მას ფეხები ჰქონდა მოჭმული. საქმე იქამდეც მივიდა, რომ, ინფექციის გავრცელების შიშით, ექსპერტებმა ქალის ოჯახს სიმწრით ნაპოვნი გვამის ნარჩენების შინ მიტანა აუკრძალეს. მეტიც, აუცილებლობის მიუხედავად, მას თავად ექსპერტებმაც ვერ მოჰკიდეს ხელი.
თემურ ზ. და მისი მეუღლე, ნონა მ, რომლებიც 20 წლის წინ დაქორწინდნენ, იმერეთში, ნონას ბინაში ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარს ერთადერთი ნაშვილები გოგონა ჰყავდათ, რომელიც დედის მკვლელობის გამო დეიდასთან – გარდაცვლილის უშვილო დეიდაშვილთან იზრდება.
როგორც საქმიდან ირკვევა, ლოთობისა და ქალების დევნის გამო ცოლ-ქმარი თავიდანვე ვერ შეეწყო ერთმანეთს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ნონა მ-ს უშვილობაც იყო. ამ მიზეზით ისინი რამდენჯერმე გასცილდნენ კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ოჯახის დანგრევა არც ერთს არ უნდოდა და სამჯერ გაშორებულები სამჯერვე შერიგდნენ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყოველი გაყრის დროს ცოლ-ქმარი სასამართლოს გზით ოფიციალურად შორდებოდა და ასევე, ოფიციალურად ქორწინდებოდა. ეს კი იმის გამო ხდებოდა, რომ ვინაიდან ნონას მშობლებმა ბინა შვილს გათხოვების შემდეგ უყიდეს, ქალს ეშინოდა, ქმარს შემდეგში ბინის წილი არ მოეთხოვა.
ასაკის მატებასთან ერთად, ამასთან, ბავშვის აყვანის შემდეგ, ცოლ-ქმარი დამშვიდდა, რაც ყველას უკვირდა, რადგან გამშველებლის სტატუსით მათ ჩხუბში მეზობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ხოლმე. მეტიც, ვინაიდან ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა, ცოლ-ქმარმა სოფელში საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა დაიწყო. მაგრამ, სიტუაცია ისევ შეიცვლა, რადგან სწორედ ამ პერიოდში თემურ ზ-მ კვლავ ლოთობა დაიწყო და, შესაბამისად, ცოლთან ურთიერთობა კვლავ დაეძაბა. ნონა მ. შვილისთვის ფულის შეგროვებას ცდილობდა, ქმარი კი ამ თანხას ღვინო-არაყში ხარჯავდა, ანუ, ალკოჰოლიკ ქმარს ცოლი ფულს სულ ამაოდ უმალავდა.
15 აგვისტოს, მკვლელობის დღეს, ცოლ-ქმარი ბაზრობიდან საღამოს, დაახლოებით 7 საათზე დაბრუნდა. იმ პერიოდში ისინი სახლში მარტო იყვნენ და როგორც ყოველთვის ერთად უნდა ესადილათ, მაგრამ თემურ ზ-მ ცოლი მოატყუა, რომ აუცილებელი საქმე გამოუჩნდა, დაუბარა, მალე დავბრუნდებიო და სახლიდან გავიდა.
სინამდვილეში კი, თემურ ზ-მ ძველი სიყვარული გაიხსენა და მათსავე სოფელში მცხოვრებ ბელა გ-ს სახლში წავიდა, რომელიც იმ დღეს ბაზარში შემთხვევით შეხვდა. თემურ ზ-მ, რომელიც ნასვამი იყო, შანსი არ გაუშვა, დახლთან მდგარ ცოლს უთხრა, ხაჭაპურს მოვიტანო, სინამდვილეში კი ბელა გ-ს დაეწია და საუბარი გაუბა. კაცს აინტერესებდა, რატომ არიდებდა ქალი მასთან ურთიეთობას თავს და რატომ აღარ უნდოდა შეხვედრა. გაუთხოვარმა ქალმა, რომელმაც იცოდა, რომ თემურ ზ-სა და მისი ცოლის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი თავადაც იყო, მოატყუა თითქოს რომანი სხვასთან ჰქონდა და სთხოვა, თავი დაენებებინა, რაზეც, თემურ ზ-მ უპასუხა, რომ ჯობდა, ამ თემაზე საღამოს ელაპარაკათ და დაუთქვა, საღამოს შენთან მოვალო (თემურ ზ. საყვარელს მისსავე სახლში ხვდებოდა).
საღამოს დაახლოებით 19:20 საათზე თემურ ზ. სწორედ საყვარლის სახლში წავიდა, სადაც ცოტა ხანში ქალის ბიძაშვილიც მივიდა. კაცმა ქალს კიდევ ჰკითხა, ვისთან მღალატობდიო. ქალმა უპასუხა, რომ მის გარდა ცხოვრებაში არასდროს არავინ ჰყოლია, მაგრამ, უკმეხად აუხსნა, შენ მაინც აღარ შეგხვდები, რადგან ერთხელ უკვე მომატყუე, ნონას გავშორდები და შენთან გადმოვალო, შენ კი ისევ ნონას შეურიგდიო. ბელა გ-მ სწორედ ამ მოტივით სთხოვა თემურ ზ-ს თავი დაენებებინა, მაგრამ კაცი არ მოეშვა და 10 წლით უმცროსი საყვარელის ინტიმურ კავშირზე დაყოლიება სცადა. სწორედ ამ მომენტში მივიდა ბელა გ-სთან სახლში მისი ბიძაშვილი, რის გამოც თემურ ზ-ს „გეგმები” ჩაეშალა. მეტიც, მას საყვარლის ბიძაშვილმაც უსაყვედურა, რომ ბელა მოტყუებული დატოვა და დაემუქრა, რომ, თუ მასთან კიდევ მოვიდოდა, პოლიციაში უჩივლებდა, რადგან მის გამო ბელამ საშინელი დეპრესია გადაიტანა. მოკლედ, ბელა გ-სა და მისი ბიძაშვილის პოზიცია იყო, რომ ვიდრე თემურ ზ-ს ცოლი ჰყავდა, ბელას არ გაჰკარებოდა...
გაღიზიანებული თემურ ზ. სახლში დაბრუნდა. ეჭვის გასაფანტავად კი სურსათი შეიძინა, თითქოს ოჯახზე ზრუნავდა, მაგრამ შინ დაბრუნებულს ცოლი სახლში არ დაუხვდა. ამიტომ, დრო იხელთა და დალევა მარტომ დაიწყო. მოულოდნელად სახლში ცოლი დაბრუნდა და, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩხუბი დალევის გამო მოუხდათ. როგორც თემურ ზ. ირწმუნებოდა, გულმოსულმა ცოლმა მას ჯერ სახეში დაარტყა, შემდეგ საჭმელი გადაუყარა, ბოლოს კი ღვინოში სარეცხის ფხვნილიანი წყალი ჩაუსხა. ცოლის ასეთი საქციელით გაგიჟებულმა თემურ ზ-მ იქვე, მაცივართან დაგდებული პატარა ნაჯახი აიღო და ცოლს სამჯერ ჩაარტყა... მკვლელობის შემდეგ თემურ ზ-მ ცოლის გვამი ტომარაში ჩადო, ორი დღე ჯერ სარდაფში მიუჩინა ადგილი, მესამე დღეს კი ნაგავსაყრელზე გადაუძახა...
თემურ ზ-ს ჩვენებიდან: „ცოლის ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ ისეთი ავი იყო, ზოგჯერ სადმე რომ არ წავსულიყავი, ბოლოს მომიღებდა. სახლში ცოლ-შვილი არაფრად მაგდებდა, ცოლი „დებილსა” და „ჯართს” მეძახდა. პური არ ემეტებოდა და იმდენს მაჭმევდა, რამდენსაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ. სწორედ ამიტომ მივდიოდი სახლიდან და ამიტომ ვსვამდი, მაგრამ, რეალურად, სახლიდან თვითონ მაგდებდა. ღამეებს თითქმის ქუჩაში ვათევდი. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ბელა. ნონასგან განსხვავებით, ის ძალიან თბილი ადამიანი იყო. ნონასთან გაყრა და ბელას ცოლად მოყვანა მქონდა გადაწყვეტილი, რადგან ბელა ასაკით უმცროსი იყო და ბავშვის გაჩენა შეეძლო. თუმცა, საბოლოოდ, ნონა შემეცოდა და, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ასაკი დამიმალა, მაინც შევურიგდი და ბავშვის აყვანაზეც დავთანხმდი.
მე და ნონა ბოლო ხუთი წელი ვვაჭრობდით, ბაზრობაზე საქონელი ყოველდღე ურიკით დამქონდა, მაგრამ ნონა ნავაჭრი თანხის აღებას მიკრძალავდა. სასმლის კი არა, სიგარეტის ფულსაც არ მაძლევდა. მაყვედრიდა რომ მის ნაშრომს ვჭამდი, მლანძღავდა, მაგრამ ვითმენდი, რადგან წასასვლელი არსად მქონდა.
იმ საღამოს ნონა სახლამდე მივიყვანე და ბელას სანახავად წავედი, რომელიც იმ დღეს შემთხვევით შემხვდა. მასთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა გამერკვია. მასთან მართლა ცუდად მოვიქეცი. როდესაც ნონამ სახლიდან გამაგდო, დარწმუნებული ვიყავი, აღარ შემირიგდებოდა. ბელას კი ნამდვილად ვუყვარდი და თითქმის გადაწყვეტილი მქონდა მისი ცოლად მოყვანა, მაგრამ, როდესაც ნონამ ეს ამბავი გაიგო, ერთი ამბავი ატეხა, ბელას სახლში მოვარდა და ლამის თავი გაუტეხა. როგორც ახლა ვფიქრობ, სწორედ მის ჯინაზე შემირიგდა, რადგან გაიგო, რომ მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი.
ბელას სახლიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი. იმ ქალს მართლა გული ვატკინე. მართალია, ბოლო ორი თვე არ ვსვამდი, მაგრამ ბელას გამო გაღიზიანებული ვიყავი და დალევა გადავწყვიტე. ნონა რომ მეზობლიდან დაბრუნდა, კივილი დამიწყო – ბავშვს ლუკმას აცლი, ღვინოს ყიდულობო და სახეში შემომარტყა. მისი ნერვები არ მქონდა და არაფერი მითქვამს, ის კი ჩხუბს განაგრძობდა და საჭმელი გადამიყარა, ბოლოს კი იქვე ტაშტით მდგარი სარეცხიდან წყალი ამოიღო და ღვინოში ჩამისხა. ავღელდი, ვერ მოვითმინე და მოვკალი. გვამს თოკი კისერში ჩავაბი, მოვკეცე, ზეწარში გავახვიე და ტომარაში ჩავდე. გარედანაც თოკით შევკარი და სარდაფში დავდე, რომ მერე გადამეგდო. ამის შემდეგ ორი დღე ვსვამდი...
ორი დღის შემდეგ ნონა ბაზრის გამყიდველებმა მოიკითხეს – რატომ აღარ მოდისო. შემდეგ კი მეზობლები რიგ-რიგობით მოდიოდნენ, აინტერესებდათ, რატომ გამოდიოდა ჩვენგან ცუდი სუნი. მოვატყუე თითქოს მაცივარი გაგვიფუჭდა – ნონამ აივანზე ხორცი შეინახა, შეიძლება, გაფუჭდა და ამიტომაა ცუდი სუნი-მეთქი. მესამე დღეს, გამთენიისას კი გვამი ნაგავსაყრელზე გავათრიე და სახლში დავბრუნდი...”
როგორც ერთმა მეზობელმა სასამართლოზე განაცხადა, როდესაც თემურ ზ-ს ჰკითხა, სუნი რატომ გამოდიოდა მათი სახლიდან, უთქვამს, ტუალეტი გაგვიფუჭდა და, ალბათ, იმიტომო. სუნით შეწუხებული მეორე მეზობლისთვის კი უპასუხია, ხორცი ვიყიდეთ და გაგვიფუჭდაო.
რომ არა ერთი გარემოება, ეს საქმე, შესაძლოა, პოლიციას ვერც კი გაეხსნა. საქმე ისაა, რომ, როდესაც მეზობლებმა და ნათესავებმა ნონას ძებნა დაიწყეს, ნასვამი თემურ ზ. საეჭვოდ ირწმუნებოდა, რომ ნონა თბილისში ნათესავთან წავიდა, მაგრამ, ვინაიდან იქ არ აღმოჩნდა, მეზობლემა პოლიციას საეჭვო სუნის შესახებ ჩვენებები მისცეს. რეალურად, ეს პოლიციისთვის არაფრის მთქმელი იყო, რომ არა ერთ-ერთი მეზობლის მიერ ნათქვამი პატარა დეტალი: მეზობელმა ნონას გაუჩინარებიდან მესამე დღეს, თემურ ზ-ს სახლიდან ნათრევი ნაგვის კვალი შენიშნა და სწორედ ამის შესახებ უამბო მან პოლიციას...
სხვათა შორის, გარდაცვლილის დეიდაშვილი, რომელიც თემურ ზ-ს ქალიშვილს ზრდის, ბრალდებულს ადანაშაულებდა, თითქოს ნონას 1 500 ლარი ჰქონდა შეგროვილი და ქმარმა ის ფულის გამო მოკლა.
გარდაცვლილის დეიდაშვილის ჩვენებიდან: „როდესაც თემურ ზ. ნონას ხელის სათხოვნელად მოვიდა, ოჯახმა სუფრა გავუშალეთ. ისე დათვრა, წვეთი ღვინო არ დაუტოვებია. ნონას ვურჩევდით, ასეთ კაცზე უარი ეთქვა, მაგრამ, მისი ბედი აღმოჩნდა. თემურ ზ. უსინდისო კაცი იყო. ცოლის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ სხვა ქალებისკენ ეჭირა თვალი. ამის გამო ნონას სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული. მასზე არანაირი გაჭირვება არ მოქმედებდა, მისი მიზანი მხოლოდ დალევა და ქალები იყო, ერთ თეთრსაც კი ვერ ანდობდი, ვერსად გაგზავნიდა კაცი. მომაკვდავი რომ ყოფილიყო ნონა, წამლის ფულით სასმელს იყიდდა. არყის გამო სახლიდან ყველაფერი გაიტანა. რაც შეეხება ჭამას, მას მართლა ნონა აჭმევდა. ბინძური იყო, ხელებსაც კი არ იბანდა. მან ნონა თავიდან მოიშორა, რომ მისი დანატოვარი ფულით სასმელი ეყიდა და ქალებში ევლო. საწყალი ნონა ისე დავკრძალეთ, ტანსაცმელიც კი ვერ ჩავაცვით...” – აცხადებდა გარდაცვლილის დეიდაშვილი, რომელიც სასამართლოს სთხოვდა, მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, ცოლის განზრახ მკვლელობის გამო სასამართლომ თემურ ზ-ს 14 წელი მიუსაჯა...