სპეცრაზმ „მოლნიას“ ოპერაციას 900 ავღანელის სიცოცხლე და 3 მილიარდი დოლარის სამხედრო იარაღი შეეწირა
1980 წელს საბჭოთა დაზვერვამ ოპერაცია „მარყუჟი” ჩაატარა, რომელიც „ცივი ომის” პერიოდში საბჭოთა უშიშროების მნიშვნელოვან წარმატებად მოინათლა. მის განხორციელებაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პოლკოვნიკს, მერაბ კოკაიას.
ოპერაცია „მარყუჟი”
პოლკოვნიკი მერაბ კოკაია უშიშროების ელიტური რაზმის – „მოლნიას” ხელმძღვანელი იყო და მასა და მის მებრძოლებს ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებებს აძლევდნენ. „მოლნია” იყო ახალი ტიპის სპეცრაზმი, ახალი კონცეფციით, ახალი შეიარაღებით და, რაც მთავარია, მომზადების ახალი სისტემით, რომლის პრიორიტეტი ინტელექტსა და ფსიქოლოგიურ მომზადებაზე იყო დამყარებული. „მოლნიაში” სულ 30 მებრძოლი იყო გაერთიანებული, რომლებიც ისეთ დონეზე იყვნენ გაწვრთნილნი, რომ თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის ათჯერ მეტი ძალის განადგურება, თანაც ისე, რომ თავად არ დაზარალებულიყვნენ.
1980 წლის იანვარში „მოლნიას” ორი წელი შეუსრულდა და, მის ანგარიშზე 15 წარმატებული ოპერაცია ირიცხებოდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მისი ოცდაათივე წევრი თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობდა და მწყობრში იდგა. 21 იანვარს კოკაია პირადად იური ანდროპოვმა გამოიძახა, თანამგზავრიდან გადაღებული სურათები უჩვენა და უთხრა:
– თუ იცი, რა არის ამ სურათებზე აღბეჭდილი?
მერაბმა ყურადღებით დაათვალიერა სურათები და, ანდროპოვის გასაკვირად, თქვა:
– ჩაცმულობით ავღანელი მოჯაჰედები არიან და, როგორც ჩანს, დიდი რაოდენობის სერიოზულ შეიარაღებას იმარაგებენ, რომელიღაც ნაგებობაში, მაგრამ, სადაა ეს ნაგებობა და რა ეწოდება, სამწუხაროდ, არ ვიცი.
– საოცარი თვალი და გონება გაქვს, პოლკოვნიკო, – გაეცინა ანდროპოვს, – ეს ნაგებობა ეგრეთ წოდებულ თორა-ბორას გამოქვაბულთა სისტემაა, რომელიც პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. იქ სურსათ-სანოვაგისა და სერიოზული საბრძოლო მასალების 2 წლის მარაგს მოუყარეს თავი. აბსოლუტურად ზუსტად ვიცით, რომ ამერიკელებმა ამ მარაგის შექმნაში 3 მილიარდი დოლარი დახარჯეს. თუ ამ კერას არ გავანადგურებთ, უმძიმეს წინააღმდეგობას გაგვიწევენ, რაც, ჩვენი ანალიტიკოსების გამოთვლით, ჩვენი 50 ათასი ჯარისკაცის სიკვდილით დასრულდება. მოკლედ, თქვენი ამოცანაა, თორა-ბორას კრაზანის ბუდე მიწასთან გაასწოროთ, მოკლედ, ამ ამოცანის გადაწყვეტა ნებისმიერი ხერხით უნდა შეძლოთ.
მერაბ კოკაია „მოლნიას” ბაზაზე დაბრუნდა, რომელიც მოსკოვის გარეუბანში – კუნცევოში, მიწის ქვეშ მდებარეობდა და თავის მებრძოლებთან ერთად განიხილა მომავალი ოპერაციის გეგმა, ხოლო 23 იანვარს კი „მოლნიის” მებრძოლები საქართველოს მთიანეთში ჩამოფრინდნენ და უაღრესად გასაიდუმლოებული ორდღიანი საწვრთნელი სწავლება ჩაატარეს.
1980 წლის 13 თებერვალს, „მოლნიას” საუცხოოდ მომზადებული და აღჭურვილი ოცდაათკაციანი რაზმი ჯერ ქაბულში ჩაფრინდა, შემდეგ კი ორი ვერტმფრენით პიჩორის ხეობაში გადაფრინდნენ, სადაც თორა-ბორას გამოქვაბულები მდებარეობს და იქვე დაბანაკდნენ.
15 თებერვალს, საღამოს 21 საათზე, „მოლნიამ” ოპერაცია „მარყუჟი” დაიწყო. თორა-ბორას უზარმაზარი კლდეები თოვლითა და ყინულით იყო დაფარული, გამოქვაბულების ჩრდილოეთი მხარე კი ციცაბო კლდეებით გარშემორტყმული, სამხრეთის მხრიდან, კბილებამდე შეიარაღებული ასი მოჯაჰედი იმყოფებოდა და იქ თაგვიც კი ვერ შევიდოდა შეუმჩნევლად. კოკაია და მისი მებრძლები თორა-ბორაზე სწორედ ჩრდილოეთი კედლიდან ავიდნენ და ალპინისტური მოწყობილობები გამოიყენეს. შემდეგ განაწილდნენ და ოცმა მებრძოლმა ორი პერიმეტრი ჩაკეტა, მესამე ათეული კი გამოქვაბულში შეიპარა, იქაურობა დანაღმა და შეუმჩნევლად დაბრუნდნენ უკან. როდესაც გამოქვაბულებს 500 მეტრით დაშორდნენ, თორა-ბორაში საშინელი აფეთქება მოხდა, „მარყუჟში“ მოქცეული 900 მოჯაჰედი ადგილზევე დაიღუპა და იქვე განადგურდა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო იარაღი.
მერაბ კოკაიას საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს, ავღანელებმა კი მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, რამაც საბჭოთა კავშირს სტრატეგიული უპირატესობა მიანიჭა და წითელი არმია მთელ ავღანეთში გაბატონდა.