კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ გააქცია ორთაჭალის ციხიდან რეციდივისტი

თავხედური ძარცვა

მაღაზიის დირექტორი კარს მიუახლოვდა, რომ ჩაეკეტა და შენობაში შემოსულ ულვაშიან ახალგაზრდას უთხრა:

– შესვენებაა, მეგობარო, მაღაზიას ვკეტავთ და ერთ საათში გამოიარეთ.

– კრინტი არ დაძრა, თორემ, აქვე დაგბრიდავ! – კბილებში გამოცრა ახალგაზრდამ და საიუველირო მაღაზიის დირექტორს ნაგანი მიუშვირა. შემდეგ თავადვე მიხურა კარი, ბოქლომი გაუყარა, ფარდა ჩამოუშვა და დირექტორს დაემუქრა: – ჩქარა, სამი ათასი მანეთი მომეცი, თორემ, არ დაგინდობ!

– ამდენი არ გვივაჭრია, სულ ათას რვაასი გვაქვს, – მიუგო მძარცველს დირექტორმა ხმის კანკალით, – რაც გვაქვს, სრულად მოგართმევთ.

– მე სამი ათასი მჭირდება! – გაიმეორა მძარცველმა.

– ათას ორასი მანეთის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედს მოგართმევთ და სამი ათასი შესრულდება, – თქვა დირექტორმა.

– კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ, ჩემი ჩაშვება არ სცადო და აქედან უპრობლემოდ გამიშვი, – უთხრა დირექტორს მძარცველმა, – შენი თანამშრომლები ხომ არ დაპანიკდებიან?

– არა, დარდი ნუ გაქვთ, ისინი ახლა სადილობენ და ვერაფერს გაიგებენ, – უთხრა მძარცველს დირექტორმა, რომელსაც ხმა უკვე აღარ უკანკალებდა, ულვაშიანს უღიმოდა და თან ძალიან ყურადღებით ათვალიერებდა.

საიუველირო მაღაზიის დირექტორმა მძარცველი თავის კაბინეტში შეიყვანა, სეიფი გააღო და ჯერ ათას რვაასი მანეთი გამოიღო, შემდეგ კი ბრილიანტის ბეჭედი. ეს ყველაფერი მძარცველს გადასცა და უთხრა:

– აი, ჩემო კარგო, წაიღე და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს.

მძარცველმა ფული და ბრილიანტის ბეჭედი შარვლის ჯიბეში ჩაიდო, კარისკენ გაემართა და, სანამ ქუჩაში გავიდოდა, დირექტორს უთხრა:

– „ძაღლებთან“ დარეკვას ნუ იჩქარებ, თორემ, თუ ვინმე გამომეკიდა, დაუნდობლად დავბრიდავ.

– არა, ძმაო, მშვიდობით იარე, – მიუგო საიუველირო მაღაზიის დირექტორმა მძარცველს. კარი თვითონ გაუღო, გაისტუმრა და ჩაილაპარაკა: „დეგენერატი, უზარმაზარი კუშის წაღება შეეძლო, ამან კი მხოლოდ სამი ათასი გაიტაცა“.

თავანი

საიუველირო მაღაზიის თავხედური ძარცვა თბილისის ცენტრში 1972 წლის 19 მაისს დღისით, მზისით, 13 საათსა და 15 წუთზე მოხდა. მაღაზიის დირექტორმა, ოთარ კობიაშვილმა, მაშინვე მილიციაში დარეკა და შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერჯგუფის მეთაურს, მილიციის მაიორ ვანო ჯანაშიას ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:

– უკიდურესი თავხედობის მიუხედავად, ის ბიჭი ჩვეულებრივი მძარცველი არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საქციელი უკიდურესი საჭიროების გამო ჩაიდინა.

– უკიდურეს საჭიროებაში რას გულისხმობთ? – ჰკითხა ჯანაშიამ.

– შეიძლება, მრავალი მიზეზი იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მას თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამი ათასი მანეთი წაიღო, როცა მაღაზიაში რამდენიმე მილიონი მანეთის ძვირფასეულობა იყო და იმ ბიჭს ყველაფრის თუ არა ნახევრის გაზიდვა სულ თავისუფლად შეეძლო. გარდა ამისა, მე სეიფში ოთხმოცდათხუთმეტი ათასი მანეთი მქონდა შენახული, მას კი ფულის ძებნა არც უფიქრია და სიტყვაზე მენდო. არადა, საკმარისი იყო, სეიფში შეეხედა, რომ დიდ კუშს წაიღებდა. ერთი სიტყვით, ის საიუველირო მაღაზიის გასაძარცვავად კი არა, სამი ათასი მანეთის საშოვნელად იყო მოსული და როდესაც ადამიანი ასეთი მცირე თანხის გამო ასეთ რისკზე მიდის, მას უეჭველად თავანი აქვს ჩასაბარებელი, – განუმარტა კობიაშვილმა ჯანაშიას, მაგრამ მაიორისთვის ის აღარ უთქვამს, რომ მძარცველი პარიკითა და იარაღით იყო მოსული, რომ ასო „რ“-ს ნაცვლად „ლ“-ს ამბობდა, მარცხენა ცხვირის ნესტოზე საკმაოდ მოზრდილი იარა ჰქონდა და, რაც მთავარია მისი სახელი იყო ნოდარ ბერაია...

ოთარ კობიაშვილის ქალიშვილი, 17 წლის ლიანა და ნოდარ ბერაია თანაკლასელები იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ოთარი პირადად არ იცნობდა ნოდარს, ბერაია მას სასკოლო სპექტაკლში რომეოს როლში ჰყავდა ნანახი, სადაც მისი ლიანა ჯულიეტას ასახიერებდა და ნოდარ ბერაია სწორედ ამიტომ იცნო. ოთარი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში და ლიანასგან ნოდარ ბერაიას მისამართი შეიტყო. მეორე დილით კი, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო, ადრე ადგა, სამსახურებრივი საქმეები მოიმიზეზა და სახლიდან წავიდა.

ზუსტად დილის 10 საათი სრულდებოდა, როდესაც ოთარ კობიაშვილი მშვიდი ნაბიჯებით მიმავალ ყმაწვილს ვიწრო მოსახვევში წამოეწია, შემოატრიალა, გაუღიმა და ჰკითხა:

– რა ქენი, ნოდარ, ჩააბარე თავანი?

ნოდარ ბერაია თავისი თანაკლასელის მამას არ იცნობდა, თუმცა საიუველირო მაღაზიის დირექტორი უმალვე იცნო, არ დაიბნა და მიუგო:

– ბოდიში, ბიძია, მაგრამ, მე თქვენ არ გიცნობთ, ვიღაცაში გეშლებით.

– სამაგიეროდ, მე გიცნობ და არავისში მეშლები. ნოდარ ბერაია ხარ, გუშინ შენ ჩემი მაღაზიიდან ათას რვაასი მანეთი და ათასორასმანეთიანი ბრილიანტის ბეჭედი გაიტაცე.

– რას ბრძანებთ? – ირონიულად ჩაეცინა ნოდარს.

– ნუ ცდილობ საკუთარი დანაშაულის ცინიზმით დაფარვას. გუშინ შენ გრიმითა და პარიკით გამძარცვე, მაგრამ, სასკოლო თეატრში მყავხარ ნანახი და იმიტომ გიცანი. შენ რომეოს თამაშობდი, ჩემი ლია კი – ჯულიეტას.

– თქვენ ლიას მამა ხართ? – წამოსცდა ნოდარს.

– შენ კი მიმტკიცებდი, ვიღაცაში გეშლებიო, – გაეცინა ოთარს და ნოდარს ჰკითხა, – მეშლება თუ თავანი გაქვს?

– არ გეშლებათ.

– უკვე ჩააბარე?

– გუშინვე.

– კარგი, – ჩაეცინა ოთარს, – ესე, იგი ფულსა და ბეჭედს ვერ დააბრუნებ და არც მოგთხოვ, არც მილიციაში განვაცხადებ, მაგრამ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დღეიდან პატიოსან ცხოვრებას დაიწყებ, არც იყომარებ, არც იქურდებ და იყაჩაღებ და წესიერი კაცი დადგები, გაწყობს?

– მაწყობს.

– ნაგანი ვისი იყო?

– ბაბუაჩემის. ძველი ბოლშევიკია, პირადად სტალინს უჩუქებია სამოქალაქო ომის დროს და მოვპარე.

– კარგი. ესე იგი, შევთანხმდით. იცოდე, გიჯერებ, მაგრამ, თუ შევიტყვე, რომ ძველ ცხოვრებას აგრძელებ, აღარ გაპატიებ და ყველაფრის პასუხს ერთად მოგთხოვ. ახლა კი ნახვამდის და აბა, შენ იცი, საატესტატო გამოცდებისთვის მოემზადე და წარმატებებს გისურვებ, – უთხრა ოთარმა ნოდარს, გამოემშვიდობა და წავიდა...

ხუთი წლის შემდეგ

ნოდარ ბერაია 1972 წლის 2 ივნისს, დილით, სკოლის შენობაში, ქართული ენისა და ლიტერატურის წერითი გამოცდის წინ დააპატიმრეს. 17 წლის ყმაწვილი ქალაქის მილიციის ოპერჯგუფმა მას შემდეგ აიყვანა, რაც ის 30 წლის მირიან კოპაძემ დააბეზღა. სწორედ კოპაძესთან ჰქონდა წაგებული ბერაიას 3 ათასი მანეთი. როცა ნოდარმა მას თავანი ჩააბარა, უთხრა:

– იცოდე, საიუველირო მაღაზიიდან მაქვს დათრეული ეს მაყუთი და ბეჭედი. ამიტომ, ბეჭდის გაყიდვისგან ან გამარიაჟებისგან თავი შეიკავე და არ დაიწვა.

– მაგას რატომ მეუბნები? – იუკადრისა კოპაძემ ნოდარის სიტყვები, – მე რომც დავიწვა, შენ რისი გეშინია, ხომ არ ფიქრობ, რომ ჩაგიშვებ?

– მე ეს არ მითქვამს. უბრალოდ, გაგაფრთხილე, – მიუგო ბერაიამ კოპაძეს და წავიდა.

მირიან კოპაძემ ყურად არ იღო ბერაიას გაფრთხილება და ბრილიანტის ბეჭედი ერთ ავლაბრელ იუველირს, ვინმე არტაშას მიუტანა გასაყიდად. არტაშამ ბეჭედი მილიციაში მიიტანა და კოპაძე დააჭერინა. კოპაძემ კი ნოდარ ბერაიაზე მიუთითა და 17 წლის არასრულწლოვანი ყმაწვილი დააპატიმრეს, 5 წლით ციხეში გაამწესეს და სასჯელი ჯერ ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში მოახდევინეს, შემდეგ კი ციმბირში, ¹10 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში უკრეს თავი.

ბერაიამ სრულად მოიხადა სასჯელი და, თბილისში რომ დაბრუნდა, 22 წლის ახალგაზრდა ჩამოყალიბებული არსება კრიმინალი იყო.

– კაცი ან ბოზია, ან – შავი, – იტყოდა ხოლმე ნოდარი და დასძენდა: – სიკვდილი ბოზებს, სიცოცხლე შავებსო.

ბერაია 10 ივნისს დაბრუნდა თბილისში. იმავე საღამოს მას მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა, უბნის ინსპექტორმა კახა ლაითაძემ მიაკითხა სახლში და აცნობა, რომ მეორე დღეს მილიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადებულიყო.

– რატომ, რაშია საქმე? – ჰკითხა ბერაიამ ლაითაძეს, – სასჯელი „ატ ზვანკა და ზვანკა“ მოვიხადე, ნადზორი არ დაუნიშნავთ ჩემთვის და მილიციაში რატომ მიბარებთ?

– არ ვიცი, ალბათ, ასეა საჭირო. უფროსმა დამავალა და მეც გადმოგეცით, – უთხრა ლაითაძემ ნოდარს და წასვლის წინ დაამატა: – თუ ძმა ხარ, საქმეს ნუ გაირთულებ და მილიციაში გამოცხადდი.

– ბოზები! ამათი დედაც!.. – შეიგინა ნოდარმა, როდესაც ლაითაძე წავიდა და ოთახში შებრუნდა, მაგრამ კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა. ნოდარმა კარი გააღო და სახე გაუნათდა, რადგან ზღურბლზე ოთარ კობიაშვილი იდგა, ორი უზარმაზარი პარკი ეკავა და მასპინძელს უცინოდა.

– შემოდი, ძია ოთარ, შემოდი, – შემოიპატიჟა ნოდარმა საიუველირო მაღაზიის დირექტორი, სტუმარს გადაეხვია და ჰკითხა: – რა იცოდი, რომ დღეს ჩამოვედი?

– ჩემი ახლობლების შესახებ, ვცდილობ, ყველაფერი ვიცოდე, – მიუგო ნოდარს ოთარმა, რომელიც ყმაწვილს ყოველთვიურად ფულს უგზავნიდა ციხეში და არც სურსათ-სანოვაგეს აკლებდა.

ნოდარმა და ოთარმა პარკებიდან ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელი ამოალაგეს, ვახშამი თავადვე მოამზადეს, რადგან ბერაია ობოლი იყო და მარტო ცხოვრობდა. მერე სუფრას მიუსხდნენ, დალიეს, თან ისაუბრეს, წასვლის წინ კი ოთარმა 500 მანეთი დაუტოვა ყმაწვილს და უთხრა:

– დასაწყისისთვის გეყოფა, შემდეგ კი დავილაპარაკოთ და ერთად მოვიფიქროთ რამე.

მილიციის უფროსმა ნოდარს მილიციის აგენტობა შესთავაზა, სანაცვლოდ კი ხელშეუხებლობას შეპირდა, მაგრამ ბერაიასგან კატეგორიული უარი რომ მიიღო, დაემუქრა:

– რადგან უარს მეუბნები, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, ბოზობა სანატრელი გაგიხდება!

– ბოზობას სიკვდილი მირჩევნია, – თქვა ნოდარმა.

– სიკვდილზე უარესს მიიღებ.

– ნუ მემუქრებით! ამ ხუთ წელიწადში იმდენი რამ გავიარე, ვერაფრით შემაშინებთ.

– ვნახოთ, – დაიქადნა მილიციის უფროსმა, კაბინეტიდან გასულ ნოდარს თვალი გააყოლა და ჩაილაპარაკა: – შენისთანები გამიმწარებია? ისეთ დღეში ჩაგაგდებ, რომ ხორცებს შეიჭამ.

ნოდარი მაქსიმალურად ერიდებოდა სახლიდან გასვლას და ადამიანებთან კონტაქტს. ერთადერთი ადამიანი, ვინც მასთან მიდიოდა, ოთარ კობიაშვილი იყო. ოთარი მას ყოველკვირა აკითხავდა და ფულს უტოვებდა. აგვისტოში კი სოხუმში წაიყვანა ლიასთან ერთად დასასვენებლად და იქვე მოილაპარაკეს, რომ ნოდარი ოთარის ერთ-ერთ ცეხს ჩაიბარებდა, სადაც კობიაშვილი ბიჟუტერიას აკეთებდა და რუსეთში სარფიანად ყიდდა. თუმცა, სექტემბრის დასაწყისში, თბილისში დაბრუნებული ნოდარ ბერაია მილიციის ოპერებმა დააპატიმრეს და ძარცვა-ყაჩაღობაში, გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებაში დასდეს ბრალი. დაზარალებული კი 26 წლის ჟანა ნადიდელი იყო, რომელიც პირდაპირ ნოდარს ადებდა ხელს და ამტკიცებდა, რომ ის ბერაიამ ჯერ გააუპატიურა, შემდეგ ოქროს ნივთები წაართვა, ბოლოს კი სხეული დანით დაუსერა და მიიმალა. ჟანა ნადიდელი ეგრეთ წოდებული „ნასედკა“ და მეძავი იყო, და მილიციის უფროსის დავალებით მოქმედებდა. როდესაც ბერაია მილიციის უროსის კაბინეტში აიყვანეს, უფროსმა მას ცინიკურად უთხრა:

– ხეხე ახლა 15 წელი! ხომ გითხარი, სიკვდილს მოგანატრებ-მეთქი. არ ჯობდა, ჩემი აგენტი გამხდარიყავი?

შურისძიება

მილიციის უფროსი, რომელიც ნოდარს გადაეკიდა და ციხიდან ახალგამოსული ყმაწვილი ტყუილუბრალოდ დაიჭირა, პოდპოლკოვნიკი კარლო სივსივაძე იყო. სივსივაძე მირიან კოპაძის დედის ძმა იყო და ბერაიას იმიტომ გადაეკიდა, რომ მისი დისშვილი ჩაშვებისთვის პატიმრებმა „საქათმეში“ (ჰომოსექსუალების საკანი) შეაგდეს და გააუპატიურეს.

სივსივაძემ თავის გამომძიებლებს ნოდარისთვის თხუთმეტწლიანი საქმე „შეაკერინა“. პოდპოლკოვნიკმა ოთარ კობიაშვილის მიერ შეთავაზებულ 100 ათას მანეთზეც უარი თქვა და მაღაზიის დირექტორს მიახალა, – მეორედ ქრთამი აღარ შემომთავაზო, თორემ, შენც ბერაიას გვერდით დაგსვამო.

უდანაშაულოდ დაპატიმრებული ნოდარ ბერაია ორთაჭალის ციხეში იყო გამომწყვდეული და სასამართლოს ელოდა, სადაც მას თხუთმეტწლიანი განაჩენი გამოუტანეს.

1977 წლის 29 სექტემბერს ოთარ კობიაშვილმა ნოდარი არალეგალურ პაემანზე ინახულა და უთხრა:

– სწორი ყოფილხარ, შვილო, ეს ქვეყანა მართლაც ბოზებისგან და შავებისგან შედგება. მაყუთი უკვე გადავიხადე და აქედან ერთ კვირაში გახვალ, მერე კი ქვეყნიდანაც ავახვიოთ.

1977 წლის 7 ოქტომბერს ნოდარ ბერაია ციხიდან გაიქცა, რაც ოთარ კობიაშვილს 15 ათასი მანეთი დაუჯდა.

– ერთი თვეც გაიჭირვე, შვილო, და ახალი წლისთვის ზღაპრულ ცხოვრებაში მოხვდები, – უთხრა ოთარმა ნოდარს, – არ ღირს აქ გაჩერება.

– საით, ძია ოთარ? – ჰკითხა ნოდარმა მასპინძელს.

– შტატებში, შვილო, ჩერეზ ისრაელი, ამერიკაში მივემგზავრებით. მე და ჩემი ლია ხომ ებრაელები ვართ და ჩვენს ისტორიულ სამშობლოში გამგზავრების უფლება გვაქვს.

– მე როგორ წამიყვანთ?

– ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. შენთვის უკვე პასპორტი მაქვს შეკვეთილი და ისრაელში სასულიერო პირის სტატუსით გაემგზავრები.

– სანამ ეს მოხდება, სივსივაძე უნდა გავამწარო, – აიჩემა ნოდარმა და, მიუხედავად იმისა, რომ ძებნაში იმყოფებოდა, შურისძიების გეგმის შედგენას შეუდგა.

1977 წლის 26 ოქტომბერს მილიციის პოდპოლკოვნიკის, კარლო სივსივაძის სამსართულიანი სახლი ცეცხლის ალში გაეხვია და მთელი მისი ქონება თხუთმეტ წუთში ჩაიფერფლა. სივსივაძემ და მისმა ცოლ-შვილმა ხანძარს გამოასწრეს, მაგრამ ერთი ნივთის გადარჩენაც ვერ მოახერხეს.

P. S. ნოდარმა ლია კობიაშვილი მოიყვანა ცოლად, ამერიკაში დასახლდა, სადაც საიუველირო ბიზნესში ჩაება და დღესაც იქ ცხოვრობს და შვილიშვილებს ზრდის.


скачать dle 11.3