კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა კლასიკური მედიცინის მკურნალობით ხელჩაქნეული მსახიობი გარდაცვლილმა ბებიამ

თეატრისა და კინოს მსახიობის, ნაირა გელაძის ცხოვრებაში უამრავი ამოუცნობი მოვლენა მომხდარა. თეატრში მისი კარიერა მარჯანიშვილის თეატრის „ჯაყოს ხიზნებით” დაიწყო, პირველი როლი კი ზაზა კოლელიშვილის „ოტელოსთან” აკავშირებს. იგი სიზმრისეულმა მინიშნებებმა გადაარჩინა სიკვდილს და მისი ამქვეყნად მოვლინებაც სიზმრისეული სასწაულია. ნაირა გელაძემ კლინიკური სიკვდილიც განიცადა და საკუთარი თვალით ნახა ზესთასოფლისკენ მიმავალი ლაბირინთები.

ნაირა გელაძე: პაპაჩემი მესხეთში ცხოვრობდა, სოფელ უდეში. ბებიაჩემის, მარიამის შერთვამდე, ულამაზესი ცოლი და ოთხი შვილი ჰყავდა. მეზობელ უცოლო კაცს უთქვამს პაპაჩემისთვის, შენს ცოლს მასავით ზრდილი და ყოჩაღი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი ეყოლება, ან ნათესავი, გამაცანით და დავნათესავდეთო. იმასაც, გაუცვნია თავისი ცოლისდა, რომელიც თურმე გარეგნობითაც და თვისებებითაც ძალიან ჰგვანებია პაპაჩემის პირველ ცოლს. ეს ქალი უცებ უკურნებელი სენით – ჭლექით დაავადებულა. ოთხშვილიანი და უვლიდა ავადმყოფს. ერთხელაც, პაპაჩემის ცოლს ხელები აღუპყრია ღვთისმშობლის ხატის წინაშე და გულმხურვალედ დაუწყია ლოცვა: მე წამიყვანე უფალთან, სანაცვლოდ ჩემი და გადაარჩინე ცოცხალი და ჩემს ობლებს შენი მოწყალე კალთა გადააფარეო. ლოცვა დაამთავრა თუ არა, ქმარს დაუძახია, ბავშვი ტირის და ძუძუ მოაწოვეო. წასულა, უჭმევია ძუძუ ბავშვისთვის, მშვიდად დაუძინია და მეორე დილა აღარ გასთენებია. მოვიდნენ, თურმე, ჭირისუფლები მღვდელთან – იოაკიმესთან. მისი შვილი, მარიამი, ჩემი მომავალი ბებია, ამ დროს 19 წლის გოგო ყოფილა. სტუმრების დანახვაზე უკითხავს: გელაზარიანებს ამ დილაადრიან რამ გაგახსენათ ჩვენი ოჯახიო? იმათ შეუჩივლიათ თავიანთი გასაჭირი – გელაზარს, ასე ეძახდნენ პაპაჩემს მეტსახელად, ცოლი მოუკვდა, საღ-სალამათი ქალი გამოგვეცალა ხელიდან და მამა იოაკიმე უნდა წავიყვანო ცხედრის გასაპატიოსნებლად და წესის ასაგებადო. მარიამს რისხვით ანთებია თვალები – მაგ ქალობადასაბნელებელმა წუხელ სიზმარში თავისი ლეჩაქი მე დამახურაო. გამოხდა ხანი. მამა იოაკიმეს დაუახლოვდა პაპაჩემი გელაზარი და ერთხელ შეჰკადრა თურმე: მორწმუნე გოგო მინდა ცოლად, ობლები რომ არ დამიჩაგროს, იქნებ, თქვენი მარიამი მომათხოვოთო. მოძღვარს უთქვამს: მერე რა, რომ ოთხი შვილის მამა ხარ და ქალწულზე შეგივარდა თვალი, ჩემს შვილს დაველაპარაკები, იქნებ, გადაწყვიტოს შენზე გათხოვება. განათლებული ბიჭი ხარ, შრომისმოყვარე, დასაწუნი არაფერი გაქვს და ღვთის თვალში ობლებისთვის დედობის გაწევაზე დიდ სათნო საქმეს რას გააკეთებს ჩემი მარიამიო. შვილმა ხათრი ვერ გაუტეხა მამას და ასრულდა ბებია მარიამის სიზმარი, გელაზარის ცოლმა რომ თავისი ხელით დაადგა თავზე ჩიხტიკოპი ლეჩაქიანად. ექვსი შვილი გააჩინა ბებია მარიამმა, იმ დროის ქალისთვის შესაფერისად კარგი განათლება მიიღო, განსაკუთრებით კარგად იცოდა სამონასტრო მედიცინა. მღვდლის ქალიშვილს ხილვებიც ჰქონდა. ზოგჯერ შელოცვითაც არჩენდა ავადმყოფებს. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ გარდაცვალების შემდეგაც განმკურნა პირადად მე იმ დაავადებისგან, რომელსაც ვერანაირმა ექიმ-წამალმა ვერ უშველა.

– იქნებ, გაიხსენოთ, როგორ დაგეხმარათ ბებია მარიამი გარდაცვალების შემდეგ?

– მეხუთე კლასში ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ზუსტად ექვს თვეში ჩემი ბიძა მიჰყვა თან. ახალციხეში ვცხოვრობდი ამ დროს, ბიძა კი მესხეთის სოფელ უდეში ცხოვრობდა, მამაპაპისეულ სახლში. დაიწყეს ჩვენებმა მოთქმა და ტირილი – რა მალე წაიყვანა მარიამმა რჩეული შვილიო. იმ ღამეს ბებია დამესიზმრა და მკაცრად მითხრა: ყველას უთხარი, რომ ბიძაშენი მე არ წამიყვანია, ყველა ადამიანს თავისი წერა-მწერალი ჰყავს და ღვთის უნებური არასოდეს მოხდებაო. შემეშინდა ბებიასი და სიზმარშივე ვუთხარი, შენ ხომ წმიდანის სახელი გქვია, ბებო, მე შენზე ცუდს როგორ ვიტყოდი-მეთქი? – ნუ გეშინია, შენზე არ ვარ გაჯავრებული, განსაცდელში არასოდეს მიგატოვებ, გვერდიდან არ მოგცილდებიო, – თქვა და დავინახე, როგორ გაიხსნა მიწა და ჩავიდა ბებია საფლავში. სიზმარში საკმევლის საოცარი სუნი იდგა, გაღვიძებულსაც კარგა ხანს არ გამნელებია საკმევლის სურნელი. გავიდა დრო. ჩემი და მისაღებ გამოცდებს აბარებდა უნივერსიტეტში და მე ვახლდი. სამწუხაროდ, ნახევარი ქულა დააკლდა. არ ვიცი, ეს ნერვიულობამ გამოიწვია თუ რამე სხვა მიზეზმა, სახე შემიშუპდა, თვალებიც, ხელებიც, ფეხებიც დამისივდა. ექიმებმა ალერგიის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ, ვერ იგებდნენ ალერგიის გამომწვევ მიზეზს. უცებ ბებიას ნათქვამი გამახსენდა – მხსნელად და მშველელად ყოველთვის მიგულეო და ხმამაღლა ვთქვი ხატის წინაშე: ახლა ბებო რომ ცოცხალი იყოს, რამე წამალს აუცილებლად გამომიძებნიდა-მეთქი, რადგან ის მედიკამენტები, რომლებსაც ექიმები მინიშნავდნენ, დიდი შედეგს არ მაძლევდა. სწორედ იმ ღამეს, როცა ბებიას წამალი ვინატრე, ბებიაჩემი დამესიზმრა. ბებო მოგიკვდეს, რა დღეში გაქვს მთელი სხეული, წამოდი ჩემთან, მე გიწამლებო, – მითხრა. გავყევი. ის კვლავ ჩავიდა ამოთხრილ საფლავში და რაღაც ბოშური თავშალი ამომიგდო. უნდა დამეჭირა, მაგრამ, ხელიდან დამისხლტა და ისევ შიგ ჩავარდა. მეორედაც იგივე მოხდა, მესამედ კი მკაცრად გამიმეორა, ამასაც თუ ვერ დაიჭერ, აღარ გამოვდგები შენს მშველელადო. ამომიგდო მესამედაც და შიგ ხელებში ჩამიფრინდა ფერად-ფერადი ყვავილებით მოქარგული თავსაფარი, გამომეღვიძა დაიმედებულს. იმ დღეს სახე და ფეხები ოდნავ დამიცხრა, მეორე დღეს გამონაყარი გამიქრა სახიდან, მესამე დღეს რომ გამომეღვიძა, უჩვეულო სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ექვსი თვის წვალება და სახისა თუ ტანის დამახინჯება უკვალოდ გაქრა. ჩემს დაზე კი მითხრა, რომელსაც ქულა დააკლდა და უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხა იმ წელიწადს, უთხარი, ბებია, რომ ქართულ სიტყვას ეგ შორს გაიტანს და ქვეყანას გააცნობს ქართული ენის ჯადოსნურ სიტკბოსო. მაშინ ვერ მივხვდით ბებიას წინასწარმეტყველებას. ჩემი და, ნუნუ გელაძე, რომელმაც ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, გათხოვდა იტალიელ ცნობილ პოეტზე და მისი დახმარებით გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია იტალიურად, დღეს თვითონაც ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას, თანამედროვე ქართველ პოეტებსა და მწერლებს თარგმნის იტალიურად. წელიწადში სამი-ოთხი ქართველი პოეტი მაინც ჩადის იტალიაში მათი შემოქმედების დაჯილდოების დღესასწაულზე დასასწრებად.

– თქვენზე მითხრეს, რომ კლინიკური სიკვდილიც გამოსცადეთ. როგორ იმოგზაურეთ იმქვეყნად?

– ვნახე, როგორ მიკეთდებოდა ფიბრომის ოპერაცია, სული ნელ-ნელა ამოცურდა და თავზე დავყურებდი საკუთარ სხეულს, როგორ იწვა სუნთქვაშეკრული და თავს ექიმები დასტრიალებდნენ. მალე მივატოვე იქაურობა და ენით აუწერელ წალკოტში გავედი, მსგავსი სილამაზე არ მინახავს ხილულ სამყაროში. ერთი სახლი იყო – რუხი ფერის შენობა, გავაღე კარი, შიგ შევედი და, იქ ჩემი გარდაცვლილი ახლობლებისა და ოჯახის წევრების საწოლები იყო ჩამწკრივებული, ოღონდ, კი არ იწვნენ, ისხდნენ საწოლებზე. ბიძაჩემმა ხელი მომკიდა კისერზე, არც მოვუკითხივარ, ხელი მკრა და ძალისძალად გამომისროლა ოთახიდან. დამიყვირა კიდეც – ვინ დაგპატიჟა რომ მოგვიბრძანდიო?! ჩემს შვილზე მედო ხელი – 2 წლის მყავდა მაშინ ჩემი ვაჟი, სულხან თურმანიძე. გამოვედი გარეთ, რა გინდაო? – მკითხა კარისკაცმა. ვერაფრის თქმა ვერ გავბედე, ბოლოს ვუთხარი: წამალი მინდა-მეთქი. უსიტყვოდ მომაწოდა წამალი და ამ დროს ჩამესმა ექიმის ხმა – დაგვიბრუნდა, დაგვიბრუნდა ნაირაო! თვალები გავახილე და ექიმმა თქვა, კიდევ ერთი სასწაულის მოწმე გავხდიო.

– ასტროლოგიის თუ გჯერათ?

– ეკლესია გვიკრძალავს ვარსკვლავთა პროგნოზების გათვალისწინებას. უკვე შვიდი წელია, რაც ლურჯი მონასტრის მრევლი ვარ და ნაკლებად ვუგდებდი ყურს ასტროლოგთა რჩევა-მითითებებს, მაგრამ, სად გავექცეთ რეალობას?!

– ისევ ბებიას წინასწარმეტყველებას დავუბრუნდეთ. მითხრეს, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების დროსაც „გიკარნახათ,” რომელი სასცენო ეტიუდები გაგეკეთებინათ.

– პირველ წელს რომ ვაბარებდი, არც მეტი და არც ნაკლები, სიდაბლის გამო დამიწუნეს. მითხრეს კიდეც – ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ, სხვაგან არც ერთ სასწავლებელში არ შეგაფასებენ გარეგნული მონაცემებითო. წამოვედი განერვიულებული, წაშლილი. იმ ღამეს დამესიზმრა მარიამ ბებია და მითხრა, ქალი არ ვიყო, თუ გაისად კომისიის თავმჯდომარემ თავისი პირით არ გითხრას, გაზრდილხარო. ამ სიზმარმა დამამშვიდა, რადგან მქონდა ბებიაჩემის დანაქადების გამოცდილება. დადგა მისაღები გამოცდის დრო. სასცენო ეტიუდს ვაბარებ. მითხრეს, შენი ყვავილების ბაღი მეზობლის ბავშვებმა გადათელეს და, აბა, შენ იცი, რასაც იზამო. ჩამოვუარე ჩემს დაწინწკლულ და გადაჯეგილ ყვავილებს, ზოგს მოფერება დავუწყე, უცებ ვითომ ნერვებმა მიმტყუნა, „ავიღე ქვა” გასრიალებული პარკეტიდან და გამოვეკიდე ბავშვებს. მერე ერთს თავში მოვარტყი, დავჯექი იატაკზე და ვაღვარღვარებ მოთქმითა და ვიშით ცრემლებს. რა გატირებსო? – მკითხა გიზო ჟორდანიამ. ბავშვს თავი გავუტეხე, ახლა რა გადაურჩება მაგის ქოფაკ დედას და სულძაღლ ბებიას-მეთქი და თავის მართლებაც დავიწყე, რომ შვილივით ველოლიავებოდი და დავხაროდი ყველა ყვავილსა თუ ბალახს. ტაში დამიკრეს კომისიის წევრებმა, მაგრამ, არ მიხარია ეს ოვაცია, რადგან ზუსტად იმ სიმაღლის ვარ, რაც შარშან ვიყავი. მოდი, გოგო, ჩემთანო, – დამიძახა გიზო ჟორდანიამ, კომისიის თავმჯდომარემ. წელს პირველად აბარებო? – მკითხა. არა, შარშან სიდაბლის გამო „დამბრაკეთ”-მეთქი, – ამომიჯდა გული და კინაღამ ხელახლა ავტირდი. გაიხადე ეგ ქუსლიანი ფეხსაცმელიო, გასცა ბრძანება ბატონმა გიზომ. გავიხადე. ერთი გადაიხარხარა და თქვა: ერთ წელიწადში რამხელა გაზრდილა ეს მამაძაღლიო და, მიუხედავად იმისა, რომ წინ სხვა გამოცდები მელოდა, წინასწარ მომილოცა სტუდენტობა. წამოვედი ინსტიტუტიდან ქაშუეთში, სანთლები ავუნთე მაცხოვარს, ღვთისმშობელს, შუბშემართულ წმიდა გიორგის, ჩემს მხსნელ ბებიას და... გიზო ჟორდანიასაც, იხტიბარი რომ არ გაიტეხა და ტანმორჩილი გოგო, რატომღაც, გამამაღლა.


скачать dle 11.3