როგორ ავიცილოთ თავიდან ჯადოს ზემოქმედება და რა გამოვლინებები ახასიათებს მოჯადოებულ ადამიანს
ბევრი თავის უიღბლობას, წარუმატებლობას თუ უფულობას წინაპართა ცოდვებს აბრალებს, ზოგიც – უბედობას და ზოგი კი რას აღარ. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ლამარა ამბობს, ყოველივე ეს შესაძლოა ხელოვნური ჩარევის ანუ როგორც მას ხალხი უწოდებს ჯადოს ბრალი იყოს. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენს საუკუნეშიც ხდება მსგავსი რამეები, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ადრე მოჯადოებულ ადამიანებს ცეცხლზე წვავდნენ, თემიდან კვეთდნენ, ცალკე ცხოვრებას აიძულებდნენ და ეს იგივე, განუკურნებელ სენთან ასოცირდებოდა. რასაკვირველია, ასეთი შეხედულება სინამდვილეს არ შეეფერება და ეს სრული სისულელეა. მაგრამ, ბევრს აინტერესებს, შეუძლია თუ არა ჯადოს მათი ცხოვრების გაუარესება; შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაღწევა. ასევე, არანაკლებ საინტერესოა, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩაერივნენ თუ არა ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნურად ბოროტი ადამიანები.
ლამარა: დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჯადოზე, ამბობენ, ის შავი მაგების მიერ გაკეთებული ბოროტებაა ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის მიმართ. ეს, რასაკვირველია, სიმართლეა, მაგრამ თუ არ იცით როგორია მისი სიმპტომები და შედეგები უბრალო წარუმატებლობის დროს, არ უნდა იწუწუნოთ ჯადო მაქვს გაკეთებული ან მოჯადოვებული ვარ ამა და ამ ადამიანისგანო. ეს დიდი ცოდვაა, რადგან ხომ გაგიგონიათ, მომპარავმა ერთი ცოდვა ქნა და დამბრალებელმა ათასიო. ჰოდა, სანამ ვინმეს, რაიმეს დააბრალებთ, ჯერ კარგად დააკვირდით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იქნებ, ეს ბოროტი ადამიანების მხრიდან გაკეთებული ჯადოს ბრალი სულაც არ არის და ის თქვენი არასწორი ცხოვრების წესის შედეგია. დამერწმუნეთ, ჯადო მართლაც საშიშია და მას შეუძლია, ისეთი ზიანი მიაყენოს ადამიანს, ცხოვრების აზრიც კი დააკარგვინოს და თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს. სხვათა შორის, თავად არასდროს მეგონა, თუ მსგავსი რამეებით, ანუ ჯადოთი, დავინტერესდებოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის მზარავდა მსგავს ისტორიებს რომ ყვებოდნენ და მეგონა, ეს, მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა, გამოგიტყდებით და ქვეცნობიერად, ყოველთვის მეშინოდა მისი. ჯადოს ისეთი ზიანის მიყენება შეუძლია, რაც ვერც კი წარმოგიდგენიათ. დღეს მის შედეგებზეც ბევრს საუბრობენ და მისგან დაცვის მექანიზმებზეც, განსაკუთრებით პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები, ანუ ის ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება რეალურად შეუძლია. მე კი მინდა, ჩემი მხრიდან, სკეპტიკურად განწყობილებს ვუთხრა, რომ თუ არსებობს დაცვა, ესე იგი, ჯადოც საშიშია.
– როგორც ვიცი, ის გარკვეულ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში და არაერთი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების საწყისიც ხდება. ადვილია თუ არა გამოიცნო აქვს თუ არა ჯადო გაკეთებული ადამიანს და რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?
– რასაკვირველია, ჯადო სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების წარმოქმნასაც უწყობს ხელს და საერთოდ, მოჯადოებული ადამიანის ამოცნობა, თუ კარგად დააკვირდებით, ადვილად შეიძლება. კერძოდ, მოჯადოებული ადამიანის ორგანიზმი უზარმაზარ ცვლილებას განიცდის. ხელოვნური ზემოქმედებით, ირღვევა ადამიანის ბიოველის სტრუქტურა, ასევე ენერგეტიკა და ხდება ენერგეტიკული არხების ბლოკირება. მოჯადოების შემთხვევაში, ჩნდება ენერგეტიკული ხვრელი და ადამიანის დაცვის ფუნქციის თავის თავზე აღების ნაცვლად, მას ღუპავს. ხალხში გავრცელებულია აზრი, თითქოს მოჯადოებულ უცხო ნივთებს, რომელსაც სახლში აღმოაჩენთ შარდით შეგიძლიათ, მოაშოროთ ჯადო. ანუ, შარდით გაწმინდოთ ის ნივთი და შემდეგ გადააგდოთ გამდინარე წყალში, მდინარეში. ასე ბევრი ადამიანი იქცევა და ამას არც მალავენ ჩემთან საუბარში. გეტყვით, რომ შარდით გაწმენდა არაფერს ნიშნავს, რადგან ჯადო მხოლოდ ცეცხლით ნადგურდება. მხოლოდ ცეცხლს შეუძლია, მისი ბოლომდე განეიტრალება და აღმოფხვრა.
– თუ ჯადო რკინის ნივთზეა გაკეთებული? ის ხომ არ იწვის?
– მართლია, რკინა არ იწვის, მაგრამ მას უნდა მიასხათ ბენზინი და მოუკიდოთ ცეცხლი. ასე ნეგატიურ ჩარევას დაწვავთ მასზე და თქვენც გათავისუფლდებით უარყოფითი ენერგიების შესაძლო შედეგებისგან. საერთოდ, სხვის ბედში ჩარევა ძალიან დიდი ცოდვაა და ამას არავის ვურჩევ. ყველა ადამიანს თავისი ბედი დაჰყვება დაბადების მომენტში და ჩვენ მასში ჩარევა, სასტიკად გვეკრძალება.
– ესე იგი, სხვის ბედში ჩარევა რეალურად შესაძლებელია?
– რასაკვირველია. აბა, ხელოვნური ჩარევა სხვა რა არის? კიდევ ვამბობ, არა მარტო სხვის, საკუთარ ბედში ხელოვნური ჩარევაც დაუშვებელია და ამისთვის დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაისჯება ადამიანი.
– საკუთარ ბედში ჩარევაში რას გულისხმობთ?
– რას და, უამრავი მჩხიბავი და მკითხავი მომრავლდა ჩვენს გარშემო. მათთან, არ დაიჯერებთ და ძალიან ბევრი ადამიანი დადის. თან, საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც იხდიან. აი, ეს არის ზუსტად, საკუთარ ბედში ხელოვნური ჩარევა და გაფრთხილებთ, ეს დაუშვებელია. მე მჯერა და ეს ასეცაა, რომ საკუთარი საქციელი ადამიანს დროთა განმავლობაში ბუმერანგივით, უკან უბრუნდება. გაფრთხილებთ, ნუ გაუკეთებთ სხვებს სიბოროტეს, მით უმეტეს, ნუ ეცდებით, საკუთარი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააგოთ. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ძირითადად, ბედში ჩარევა ხდება ქალების მხრიდან მამაკაცის „დათრევაზე”. ამისთვის კი უკან არაფერზე იხევენ და ათასგვარ სისაძაგლეს ჩადიან. თუ ხვდებით, რომ სისუსტე გაქვთ, გუნება-განწყობა სახლში შესვლისთანავე გეცვლებათ, გაღიზიანებული ხართ და ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ აგრესიას გამოხატავთ, კარგად დაათვალიერეთ თქვენი საცხოვრებელი და თუ რაიმე უცხო ნივთს აღმოაჩენთ, აუცილებლად გაანეიტრალეთ მისი მოქმედება – სასწრაფოდ, იმ წესით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
– დაწვას გულისხმობთ?
– დიახ, სწორედ დაწვას ვგულისხმობ და შემდეგ გამდინარე წყალში გადაგდებას. ასევე, თუ უსიამოვნო პიროვნება გეწვიათ სტუმრად, მისი წასვლის შემდეგ აუცილებლად გააღეთ ფანჯრები, დაწვით ცაცხვის გამხმარი ყვავილები ან დაფნის ფოთოლი. მის კვამლს გაჰყვება ის ცუდი აურა, რაც არასასურველმა სტუმარმა დატოვა თქვენს ბინაში. ეს უძველესი მეთოდია და ჩემმა ერთმა სომეხმა მეზობელმა მასწავლა. ძალიან განათლებული ქალბატონი იყო. სულ მეუბნებოდა, შვილო, ფხიზლად იყავი, კარგად დააკვირდი გარშემო მყოფებს და თავად მიხვდები, საფრთხე საიდან მოდისო. ეს მეთოდი კი მაშინ გამანდო, როცა გაიგო ჩემს სახლში დედაჩემის დაქალი მოდიოდა, რომელიც თურმე მამაჩემს ეპრანჭებოდა. დეიდა ვიოლეტა აკვირდებოდა დედის დაქალს, როგორი თვალებით უყურებდა ის მამას და თან, როგორც კი დედა სადმე წავიდოდა და მამაჩემს მარტო დაიგულებდა, მაშინ მორბოდა ჩვენს სახლში სტუმრად. ჰოდა, ამ ჩემმა მეზობელმა დამიძახა ერთხელ და მითხრა, უკვე დიდი გოგო ხარ და ამდენი უნდა გესმოდესო. ჩვენს ეზოში დიდი ცაცხვის ხე იდგა, დავკრიფე მისი ყვავილები, მზეზე გავახმე და იმ ქალის სტუმრობის შემდეგ, ყოველთვის ვწვავდი. დღეს ჩემი მშობლები მოხუცები არიან და ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც ახალგაზრდობაში უყვარდათ. ისე, ახლა რომ ვუფიქრდები, მეც ჩავრეულვარ ჩემი დედ-მამის ბედში ხელოვნურად და ვერც კი გამიგია (იცინის). ეს რასაკვირველია, ხუმრობით. მაგრამ ფაქტია, დეიდა ვიოლეტას კეთილმა დარიგებამ ჩემი ოჯახი განსაცდელისგან დაიცვა. ეს ახლა თქვენ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. ფაქტი კი, რომელზეც მე გესაუბრეთ, რეალურია.