როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბეგიაშვილი – ბეგაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგია.
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგიდან ქვემო ქართლში გადასულია ორი ძმა – თევდორე და ზურაბა. თევდორე შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ზურაბა კი – სიზარმაცით. თევდორეს ალგეთის პირას გაუკაფავს ტყის დიდი მასივი და ვენახი გაუშენებია, ზურაბა კი მცირე მიწის ნაკვეთს დასჯერებია. შესაბამისად, თევდორეს შთამომავლები უფრო შეძლებულები იყვნენ, ვიდრე ზურაბასი.
როგორც ჩანს, გვარის ორი შტო ყოფილა, რომელთაგან ერთის წარმომადგენლები აზნაურები იყვნენ, მეორისა – გლეხები.
ბეგიაშვილები, ისტორიული წყაროებით, თავდაპირველად სოფელ ტბისში ცხოვრობდნენ. ისინი იქ აზნაურები იყვნენ. 1843 წელს ერთი ოჯახი სოფელ დიდ ენაგეთში გადასულა, ხოლო მოგვიანებით სოფელ ბოგვსა და ფარცხვისში დასახლებულან.
იასე და გიორგი ბეგიაშვილები მოიხსენიებიან გიორგი მეთორმეტის მიერ იაკობ გერმანოზიშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნში.
1721 წლის აღწერით, ტბისელი ბეგიაშვილები აზნაურები არიან.
სოფელ ბოგვში ბეგიაშვილები 1523 წელს, ბარათაანთ გაყრის წიგნში არიან მოხსენიებულნი.
პატარა ენაგეთელმა გრიგოლ ბეგიაშვილმა 1882 წელს მონათლა ქალიშვილი მაკრინე. მიმრქმელი იყო თანასოფლელი მიხეილ სელეპანაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი: ბეგაშვილი.
საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 765, სიღნაღში – 609, გორში – 187. არიან სხვაგანაც.
დავითულიანი
მკვლევარი ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები” წერს, რომ ერთი ფუძის გვარებია: დავითაძე, დავითაია, დავითაშვილი, დავითულიანი, დავითიანი, დავითური და სხვა.
ყველა ზემოხსენებული გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დავითი, რომელიც ძველი ებრაული სიტყვაა და ქართულად „საყვარელს“ ნიშნავს.
დავითულიანებში არსებობს გადმოცემა, თითქოს მათი გვარი დავით ულუს სახელს უკავშირდება, თუმცა ეს მოსაზრება არ მტკიცდება. გვარი წარმომდგარია დავითის კნინობითი ფორმიდან დავითულა, დავითულა+იანი.
1527-1558 წლების საბუთებში მოიხსენიება ობისში მცხოვრები ვინმე დავითულიანი.
ზემო ქართლის სადროშოს მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრის აღწერის დავთარში მოიხსენიება ტკოცაში მცხოვრები სახასო მსახური დავითულიანი ბართლომე. მას ერთი კომლი მსახური და ხუთი მოლაშქრე ვაჟი ჰყავდა.
საქართველოში 1 201 დავითულიანი ცხოვრობს: თბილისში – 297, ქუთაისში – 222, ცაგერში – 198. არიან სხვაგანაც.
დაბრუნდაშვილი
ერთი ადგილიდან აყრილი კაცი ცოტა ხანში უკან დაბრუნებულა და მისი შთამომავლები დაბრუნდაშვილები გამხდარან.
დაბრუნდაშვილი ივანა, რომელიც აგარაში ცხოვრობდა, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს მამულით ერგო ედიშერს.
საქართველოში 612 დაბრუნდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 305, ხაშურში – 103, ქარელში – 68. არიან სხვაგანაც.
მთიულიშვილი
გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა – მთიული.
ამ ფუძით, ასევე, ნაწარმოებია გვარი მთივლიშვილი.
ერტოსს მცხოვრებ თევდორე მთიულიშვილს 1828 წელს შეეძინა ქალი, სახელად ეწოდა მართა.
საქართველოში 743 მთიულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 170, გორში – 117, დუშეთში – 108. არიან სხვაგანაც.
383 მთივლიშვილი: გურჯაანში – 302, თბილისში – 60, რუსთავში – 7. არიან სხვაგანაც.
ეგრისელაშვილი
გვარის ფუძეა გეოგრაფიული სახელი ეგრისი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდებაა და ეგრისის ტომის სახელიდან მომდინარეობს.
ეგრისი იყო სოფელი ბედრუჯის, დღევანდელი ბოლნის-დმანისის მხარეში.
„1721 წელს, საგაჩვეთს მოიხსენიება გიორგი ეგრისელაშვილი”.
საქართველოში 185 ეგრისელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, დმანისში – 43, ბოლნისში – 5. არიან სხვაგანაც.
დათონაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათონა, რაც დავითის კნინობითი ფორმაა.
1721 წლის აღწერით, ბურვილში მოიხსენიება ყაფლანაშვილების ყმა – ბერა დათონაშვილი.
1523 წელს ბარათაანთ გაყრის სიგელში მოიხსენიება აზნაური დათონაშვილი.
საქართველოში 1 254 დათონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 441, გურჯაანში – 283, ქუთაისში – 90. არიან სხვაგანაც.
გოგოლაშვილი – გოგოლაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგოლა.
ამავე ძირისაა გვარი გოგოლაური.
1728 წელს აგაზანში მოიხსენიება აზნაური მიხდაჯი გოგოლაშვილი.
გოგოლაურთა სოფელია დუშეთის რაიონში.
საქართველოში 1 675 გოგოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 521, ქუთაისში – 229, სიღნაღში – 173. არიან სხვაგანაც.
9 791 გოგოლაძე: თბილისში – 2 135, ბორჯომში – 1 554, ლაგოდეხში – 1 007. არიან სხვაგანაც.
იორდანაშვილი – იორდანიშვილი
გვარის ფუძეა მდინარის სახელწოდება იორდანე.
მეცამეტე საუკუნეში, ტბეთის მატიანეში მოიხსენიებიან იორდანიშვილები.
1679 წელს მიქელაშვილების ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იორდანე იორდანაშვილი.
საქართველოში 241 იორდანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 59, კასპში – 55, გარდაბანში – 46. არიან სხვაგანაც.
434 – იორდანიშვილი.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით