ვინ ეძებს მეგობრებს საქართველოში ავსტრიიდან და რამ დააშორა ერთმანეთს ისინი
40 წლის ალეკო გოგის ძე აბრამოვი ეძებს 38 წლის იულია ვასილის ასულ თარხნიშვილს, 40 (42) წლის იური ვაჟას ძე არეშიძეს და 39 წლის თამარ დათოს ასულ კაკულიას.
ისტორია: ვეძებ ბავშვობის მეგობრებს: 38 წლის იულია ვასილის ასულ თარხნიშვილს, 40 (42) წლის იური ვაჟას ძე არეშიძეს და 39 წლის თამარ დათოს ასულ კაკულიას. მეგობრებთან კონტაქტი 12 წლის წინ დავკარგე, როდესაც სამუშაოდ ავსტრიაში გავემგზავრე, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ჩემი სამივე მეგობარი თბილისში ცხოვრობდა. ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება ისინი იყვნენ დღესდღეობით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული, ვიმედოვნებ, მათ მაინც ვიპოვი და აღვადგენ დაკარგულ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრები მიცნობენ მე ფოტოთი – სწორედ ასე გამოვიყურებოდი მე მაშინ, როდესაც საქართველოდან წამოვედი.
– ალეკო, თქვენი ისტორიის მოკლე ვარიანტი „იმეილით“ მივიღე. გვიამბეთ თქვენი ისტორია დაწვრილებით, როგორ დაკარგეთ მეგობრები, რა მოხდა?
– მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მთელი ჩემი ბავშვობა საქართველოსა და თბილისთან არის დაკავშირებული. წლებია უკვე, რაც ავსტრიაში ვცხოვრობ და ძალიან მენატრება ჩვენი ქალაქი, მაგრამ ჩამოსვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ოჯახური პირობებისა და სამსახურის გამო. თბილისში დავტოვე ჩემი სამი უძვირფასესი მეგობარი. ისინი ჩემს ბავშვობას მაგონებენ. მათი საცხოვრებელი მისამართი, როგორც ჩანს, შეცვლილია და ტელეფონის საშუალებითაც ვერ ვუკავშირდები უკვე რამდენი წელია. ამიტომ, გთხოვთ, დამეხმაროთ მათ მოძებნაში.
სამწუხაროდ, მათი ფოტოები არ მაქვს. ბოლოს ისინი ვორონცოვზე ცხოვრობდნენ. ინტერნეტის საშუალებითაც მათ ვერ ვპოულობ. სამი წლის წინ გარდაიცვალნენ ჩემი მშობლები. თუ მე საქართველოში ჩამოვალ, ეს მხოლოდ ჩემი მეგობრების ნახვის სურვილითა და მონატრებით იქნება განპირობებული.
– როგორ ფიქრობ, ისინი თუ გეძებენ?
– შეიძლება, ისინიც მეძებდნენ, მაგრამ მათ არ იციან ჩემი მისამართი. მახსოვს, სანამ ავსტრიაში წავიდოდი, ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ ჩემთან სახლში – გაცილება მომიწყვეს და იმ დღეს იურიმ მითხრა, რომ წახვალ, დაგვივიწყებ, არც კი გაგახსენდებითო. თამრომ და იულიამაც მხარი აუბეს. მე არასდროს დამვიწყებია ჩემი მეგობრები. მინდა, ისინი ვიპოვო და ამაში დავარწმუნო.
– როგორ ფიქრობთ, თუკი თქვენ მეგობრებს იპოვით, სად და როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა?
– თუკი ეს მართლა მოხდება, ვფიქრობ, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში და ერთად შევიკრიბებით. ამჟამად მე მაქვს ოჯახი. შეიძლება, ისინიც დაოჯახებულები არიან. იმედი მაქვს, ჩვენი ოჯახებიც იმეგობრებენ ერთმანეთთან. ამჟამად მე მეორე შვილს ველოდები. ვიცი, რომ ბიჭია და მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, ჩემი მეგობრის პატივსაცემად იური დავარქვათ.