რატომ დაუშვა საქართველოს სამივე პრეზიდენტმა ერთი და იგივე შეცდომა და რატომ იყო ყოველი მომდევნო მმართველი წინამორბედზე უარესი
ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას სამი ხელისუფლება ჰყავდა, რომლებმაც, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის გამთლიანების თვალსაზრისით, შედეგს ვერ მიაღწიეს. უფრო მეტიც, ყოველი მომდევნო მის მმართველობამდე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა. შედეგად კი, მივიღეთ ის, რომ საქართველოს ორი ამბოხებული რეგიონი სამმა ქვეყანამ უკვე აღიარა და, განსაკუთრებით, რუსეთმა თავის მიზანსაც მიაღწია. რატომ უშვებს საქართველოს ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავე შეცდომას და არათუ სხვის, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერა და ვერ სწავლობს ჭკუას (სამწუხაროდ, არა მხოლოდ ხელისუფლება) ამ თემაზე „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.
– რა შეიძლება, იყოს იმის მიზეზი, რომ ქვეყნის სამმა მმართველმა სამჯერვე ერთი და იგივე ფატალური შეცდომა დაუშვა?
– ეს არის შეკითხვა, რომელიც აწუხებს ქართველ საზოგადოებას და მასზე სწორი პასუხის გაცემა დაგვეხმარება იმის დიგნოზის დასმაში, თუ რა გვჭირს. ქვეყანას ჰყავდა სამი პრეზიდენტი, განსხვავებული ცხოვრებისეული კრედოთი, ადამიანური თვისებებით, პრინციპებით, განათლებით, ოჯახიშვილობითა თუ ინტელექტით. არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს არც ერთი პარამეტრით, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი, სამივენი, ერთნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჰქონდათ მართვის ერთნაირი სტილი და წასვლაც.
– ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის წასვლა.
– ფაქტობრივად, გარკვეულია, როგორც წავა. სამივე მათგანი ხელისუფლებაში მოსვლამდე ფლობდა ძალაუფლებას და შემდეგ არჩევნებით მოიპოვეს ლეგიტიმაცია. ზვიად გამსახურდია 28 ოქტომბრის არჩევნებამდე გახლდათ მმართველი ძალა, ისევე, როგორც შევარდნაძე, ფაქტობრივად, არჩევნების ჩატარებამდე ფლობდა ხელისუფლებას. სააკაშვილის შემთხვევაშიც 4 იანვრის არჩევნებამდე ყველამ იცოდა, რომ ის უკვე იყო ხელისუფლებაში. ესე იგი, სამივე შემთხვევაში, მათი ხელისუფლებაში მოყვანა უზრუნველყო წინა ხელისუფლებებმა. ჩვენ კი აღგზნებულები იმით, რომ დავამარცხეთ კომუნისტები; აღგზნებულები იმით, რომ გავაძევეთ გამსახურდია; აღგზნებულები იმით, რომ შევარდნაძე დავამხეთ და დღესაც სააკაშვილის დამხობით აღგზნებულები, არ ვუფიქრდებით, რატომ ხდება ასე; რატომ სდებდა სამივე მათგანს ოპოზიცია ბრალს დიქტატურაში? რატომ ითხოვდნენ მათგან სიტყვისა და სასამართლოს თავისუფლებას?! და ყოველთვის იდგა პრობლემა, რომ ხელისუფლება ამბობდა ერთს და აკეთებდა მეორეს. მაგალითისთვის ავიღოთ რუსეთის ჯარების თემა: გამსახურდიამ კანონით წესრიგის დამყარება დაავალა მისგანვე ოკუპანტად შერაცხულ რუსეთის ჯარებს.
– გამახსენეთ?
– 1990 წლის დეკემბერში, როდესაც გააუქმა ცხინვალის ავტონომიური ოლქი, იმ დღესვე სხვა კანონით წესრიგის დამყარება მისგანვე ოკუპანტად გამოცხადებულ რუსეთის ჯარებს დაავალა. იგივე გააკეთა შევარდნაძემ და იმავეს აკეთებს სააკაშვილიც: რუსეთი მტრადაა გამოცხადებული, მაგრამ სააკაშვილმა მათ მისცა ქართველი მოსახლეობისათვის და ჯარისკაცებისთვის სროლის უფლება. სამივე ლანძღავდა რუსეთს, მაგრამ ცნობილია, რომ გამსახურდია ელცინის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ბანკეტზე თამადა იყო და ორი რუსეთის თეორია წარმოადგინა.
– ორი რუსეთის თეორია გამსახურდიას ეკუთვნის თუ შევარდნაძეს?
– გამსახურდიას... სააკაშვილს ომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რომ ჩამოერთმია რუსული ჯარისთვის სამშვიდობოების მანდატი, სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ანალოგიურ განსვლას სიტყვასა და საქმეს შორის ვხვდებით ბევრ სხვა საკითხშიც. ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულები იყვნენ, მაინც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. იდენტური იყო მათი წასვლაც: ორი მათგანი დამხობით წავიდა და სააკაშვილიც დამხობის კანდიდატია.
– ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დროს შეგნებულად თუ შეუგნებლად ვიღებთ რაღაც ვალდებულებებს და უპირველეს ყოვლისა, ეს არის საბჭოურ-რუსულ სივრცეში დარჩენის გარანტია. ბუნებრივია, მე არ ვგულისხმობ, მაინცდამაინც, წერილობით გარანტიებს, უბრალოდ იმ თამაშში ვჯდებით. გამსახურდიას გულწრფელად ეგონა, რომ მოატყუებდა რუსეთს, შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, ისევე, როგორც სააკაშვილმა. ამას ხომ შემდეგ თვითონვე ყვებიან?! დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც გამსახურდიას ხელისუფლებიდან, რომელიც მისივე მომხრეებისგან აგენტის იარლიყით არ გაილანძღა?! დამისახელეთ შევარდნაძის ერთი მომხრე, რომელიც შევარდნაძის ერთგული დარჩა და არ გადაბარგდა მოწინააღმდეგის ბანაკში?! ხვალ იგივენაირად მოიქცევიან სააკაშვილის მომხრეებიც. მე სამივე, უფრო ზუსტად, კომუნისტების ჩათვლით, ოთხივე ხელისუფლების ოპონენტი ვიყავი, მაგრამ არც ერთი არ დამიმხია. ისინი დაამხეს მათივე წრიდან გამოსულმა ადამიანებმა. კიტოვანმა ისროლა ტყვია და არა – ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გამსახურდიას პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ვიყავით; სწორედ სააკაშვილმა მოაწყო შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით აქციები და არა – მე. დღესაც სააკაშვილის წინააღმდეგ მისივე ბუდიდან აფრენილი ბარტყები იბრძვიან.
– მართალია, კიტოვანმა ისროლა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ სწორედ თქვენ მიერ 2 სექტემბერს ორგანიზებული აქცია გახდა იმის საბაბი, რომ კიტოვანს დეკემბერში ესროლა?
– და ვისგან იყო ეს პროვოცირებული? ჩვენი ორგანიზაცია მარტის ბოლოდან დაწყებული ყოველ ორშაბათს საინფორმაციო მიტინგებს ატარებდა კინოს სახლთან. აი, ასეთი ერთ-ერთი ორშაბათი იყო 2 სექტემბერი და ტყვია გვესროლეს ჩვენ. როგორ შეიძლება, ამ მოცემულობაში ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე იყო პროვოცირებული? ჩვენ ვეწეოდით პოლიტიკურ ბრძოლას და, რადგანაც არც მაშინ გვქონდა ტელევიზიით გამოსვლის შესაძლებლობა, ისევე, როგორც არც დღეს გვაქვს, ქუჩაში გავედით. ეს იყო ჩვეულებრივი საინფორმაციო მიტინგი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული არეულობის გამო ჩვენ გვესროლეს. იმის ნაცვლად, რომ ზვიად გამსახურდიას მსროლელი დაესაჯა და გამოძიება ჩაეტარებინა, აჰყვა პროვოკაციებს და ჩვენ დაგვიპირისპირდა, რადგან კარგად არ იცოდა კონიუნქტურული მუშაობა და სასახლის კარის შიდა ინტრიგები. ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ, რადგან ეს ხელისუფლებები იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ ისინი არ იყვნენ დამყარებული კონკრეტულ იდეაზე, იმისდა მიუხედავად, რომ გამსახურდიას ჰქონდა ეს იდეა. ფაქტობრივად, მოწინააღმდეგემ, ამ შემთხვევაში რუსეთმა, დატოვა ვიწრო შესასვლელი, ეგრეთ წოდებული „ლაზეიკა“, რომელშიც შეიტყუა მოუმზადებელი პოლიტიკური ჯგუფები და არ აქვს მნიშვნელობა, რომ გამსახურდია გულწრფელი იყო და სააკაშვილი არაგულწრფელია. შეიტყუა ისინი და, როდესაც სრულიად მოუმზადებელმა და ეკლექტურმა, შიდა მტრობით გაჯერებულმა ჯგუფებმა მოიპოვეს ძალაუფლება, თავიანთი ენერგია მიმართეს არა პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე და რუსეთს უკვე ჰქონდა ყველანაირი მექანიზმი მანიპულირებისთვის: როდესაც დასჭირდა, მისცა ბრძანება თავის აგენტურას გამსახურდიას ხელისუფლებაში და ისინი, ყველანი ერთად, ერთ დღეს ჩვენ გვერდით აღმოჩნდნენ ქუჩაში. მოვიდა შეტყობინება: „ნასტალ ჩას“ და უცბად რუსთაველი მებრძოლი ინტელიგენციით გაივსო. ჩვენზე აღშფოთებულები და გამწარებულები კითხულობდნენ: რატომ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტს ორი „მერსედესიო“. რატომ არ უნდა ჰყავდეს?! „სამაკატკით“ ხომ არ ივლის?! არადა ჩვენ გამსახურდიას პოლიტიკურად ვედავებოდით, მიგვეღო თუ არა მონაწილეობა საბჭოთა არჩევნებში და ამ მებრძოლმა ინტელიგენციამ ეს ბრძოლა გადაიტანა უმდაბლეს სოციალურ თემებზე. ზუსტად იგივე მოხდა შევარდნაძესთან მიმართებაშიც: დავა ქვეყნის ორიენტაციაზე დაიყვანეს ელემენტარულ დონეზე: თურმე, ამომრჩეველთა სიაში, რომელიც თვითონ ჟვანიამ შეადგინა, არ იყო ჟვანია. იგივე ხდება სააკაშვილთან მიმართებაშიც, მისი ყოფილი მომხრეები გვეუბნებიან, თქვენ არ იცით, რა უბედურებას გადავარჩინეთ ქვეყანა მის გვერდით დგომითო. ესე იგი, ამ ბრძოლას არანაირი პრინციპები არ უდევს საფუძვლად, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს და ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომელსაც, ასევე, გაუჩნდა ინტერესი, საქართველოს მოეპყრან ისე, როგორც უნდათ.
– კერძოდ?
– ამის მარტივი მაგალითია დღევანდელი ვითარებაც. თუ ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული აქციები, რატომ არ ვდგავართ დღესაც რუსთაველზე? თუ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული, ესე იგი ვიღაცის შეკვეთით ვიდექით?! ასე მოხდა გამსახურდიას შემთხვევაშიც, შევარდნაძესთან მიმართებაშიც და ასევე ხდება სააკაშვილთან მიმართებაშიც. ლამაზად გვიწყობენ სპექტაკლებს, ჩვენ ვიღებთ როლებს და შემდეგ მათ უნიკალურად ვასრულებთ ქართული ნიჭიერებით. დამკვეთებს არც სჭირდებათ ზედმეტი ენერგიის დახარჯვა, ისე გამოვჭამთ ერთმანეთს ყელს. ამდენად, იქნებ პირველი, მეორე თუ მესამე შეცდომის შემდეგ მაინც დავფიქრდეთ, რომ ბრძოლა გამსახურდიას წინააღმდეგ არ არის ბრძოლა საქართველოსთვის; ისევე, როგორც ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ არ არის ბრძოლა საქართველოსთვის! ამას რომ არ ვუფიქრდებით, იმიტომაც გამოდის, რომ ვამხობთ ერთს და ვიღებთ იმაზე უარესს. ქუჩაში უნდა გამოვიდეთ არა მხოლოდ იმიტომ, მედია და სასამართლო არ არის თავისუფალი, ეს ყოველთვის ასე იყო, არამედ იმიტომ, რომ გვინდა, ავაშენოთ სახელმწიფო, ამისთვის კი უნდა განვსაზღვროთ სახელმწიფოს პარამეტრები, ამ იდეით უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავუსაბუთოთ საზოგადოებას, რომ ხელისუფლება ამას არ აკეთებს. ჩვენი ყველა ხელისუფლება იყო არათანმიმდევრული და არაპრინციპული თავის ქმედებებში, ამიტომაც უარესი გააკეთა იმ ხალხმა, რომლებიც გამსახურდიას ებრძოდნენ, უარესი გააკეთეს იმ ადამიანებმა, რომლებიც შევარდნაძეს ებრძოდნენ და ამაზე უარესს გააკეთებენ ისინი, რომლებიც სააკაშვილს ებრძვიან, თუ არ გამოვფხიზლდებით და არ დავფიქრდებით, რომ სხვის თამაშში მონაწილეობა და პრინციპების წინააღმდეგ წასვლა არ ამართლებს. ხალხი, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ არანაირ თანამშრომლობაზე არ უნდა წავიდეთ ტირან ხელისუფლებასთან, არჩევნებში აპირებენ მასთან ერთად მონაწილეობის მიღებას. აქედან გამომდინარე, კეთდება დასკვნა: მაშინ ის შეკვეთა ჰქონდათ მიცემული, ახლა ეს შეკვეთაა.
– ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთს და ამ ვითარებაში, ალბათ, ეს ცუდი გამოსავალია. თუ ოპოზიცია დაიჟინებს, რომ არ დაელაპარაკება ხელისუფლებას, ეს რატომ იქნება კარგი გამოსავალი?
– ბოლო 18 წელია, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ფრაზებით, რომლებსაც გვაწვდიან და არ ვუფიქრდებით მათ შინაარსს. თუ სააკაშვილი არ ელაპარაკება რუსეთს, აბა, ენგურჰესი ვინ მისცა?! იტყვის, რომ არ დაელაპარაკება, რადგან სააკაშვილი რუსეთს ემსახურება. ავიღოთ ბოლო მაგალითი: თურქული გემის გაჩერება ნეიტრალურ წყლებში. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ამას რა მოჰყვა? რუსეთს მიეცა საბაბი აფხაზეთის ნეიტრალურ წყლებში გემების შემოყვანისა. შარშან, აგვისტოში სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ისე, რომ არანაირი სერიოზული ქმედება არ ჰქონდა ჩადენილი, განაცხადა, რომ ცხინვალი აღგვილია პირისაგან მიწისა, არადა იქ სულ ერთი ჭურვი იყო დაცემული. ამით მან რუსეთს აგრესიის საბაბი მისცა, ისინიც შემოვიდნენ და ანექსია გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას. ასლან აბაშიძის გაშვების დროს რატომ ელაპარაკებოდა რუსეთს? რა ვალდებულება აიღო თავის დროზე სააკაშვილმა, როდესაც რუსეთს აბაშიძის წასვლაზე შეუთანხმდა?! ეს პირდაპირ უთხრა პუტინმა, ვალდებულებებს შესრულება უნდაო! ზუსტად ისეთივე მომენტი იყო, როდესაც გამსახურდია მოვიდა აჭარის ავტონომიის გაუქმების ლოზუნგით და შემდეგ აჭარას მისცა ისეთი უფლებები, როგორებიც შეიძლება, ჰქონოდა სუვერენულ ქვეყანას. ანუ ერთს ვამბობთ და მეორეს ვაკეთებთ, განა იმიტომ, რომ გამსახურდია არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ იმ თამაშში შევიდა, რომელშიც მას გამარჯვება არ ეწერა. რაც შეეხება შევარდნაძესა და სააკაშვილს: ისინი ნებაყოფლობით ჩაერთვნენ ამ თამაშში, მეტიც, სააკაშვილი „ჩალიჩობდა“, რომ ის ამოერჩიათ ამ გეგმისთვის. საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და ჩვენ აი, ამ გეგმებზე უნდა ვთქვათ უარი. აქედან გამომდინარე, თითქოს არ ელაპარაკება, მაგრამ რეალურად რუსეთის საქმეს აკეთებს.
– ამბობთ, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდესო, მაგრამ ჯერჯერობით გამოფხიზლება მხოლოდ სააკაშვილს ეტყობა: გასულ კვირას ისიც კი თქვა: პოლიტიკურ ოპონენტებს ცუდი სიტყვები არ უთხრათო.
– ის ოპონენტად აღიარებს მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც მის მაგიდასთან სხედან, თორემ იმათ, გარეთ რომ არიან, პანღურები ურტყითო. ეს არის მესიჯი: ვისაც გინდათ, თავზე ხელი გადაგისვათ, მოგიგვაროთ პერსონალური პრობლემები, ჩაგრთოთ პოლიტიკურ პროცესებში და მოგცეთ არსებობის საშუალება, იყავით ჩემთან და არ გავიგო, რომ ჩემს სატრაპებს ცუდად მოეპყრას ვინმეო. საქმეც ისაა, რომ მათი რაოდენობა იზრდება: საპარლამენტო ოპოზიციას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც დაემატა, რაც სააკაშვილის მამობრივი მზრუნველობის გადანაწილებას იწვევს. სააკაშვილი ცდილობს, ყველა ერთ დაბალ რანგზე დაიყვანოს, რომ ვერც ერთმა ვერ გაბედოს თავის წამოყოფა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შევარდნაძემ წვრილ მამრავლებად დაშალა პოლიტიკური სპექტრი, რომლებიც იმდენად წამოყოფდნენ თავს, რამდენადაც ამას სპექტაკლის მიზანსცენა მოითხოვდა. საბოლოოდ, ყველამ ვნახეთ, რომ ყველაფერი შევარდნაძის თანამონაწილეობით გადაწყდა, მან მიიღო გარანტიები და ხელი შეუწყო იმ ჯგუფს, რომელიც მასზე უარესი იქნებოდა და შევარდნაძეს დაგვავიწყებდა. სააკაშვილიც ამავე სქემით მოქმედებს: ცდილობს, წვრილ-წვრილი ძალები დატოვოს ავანსცენაზე, რათა ხვალ, როდესაც პატრონები გადაწყვეტენ მის მოცილებას, ვერ შეძლონ ეს სააკაშვილის ჩართვის გარეშე და ეს იქნება მისთვის ისეთივე გარანტია, როგორიც მან თავის დროზე შევარდნაძეს მისცა.
– არ ვიცი, მართულია თუ არა, მაგრამ, ცხადია, პროცესები, მართლაც, საკმაოდ უცნაურად ვითარდება. რა არის ამ სცენარის საბოლოო მიზანი?
– საბოლოო მიზანი არის ის, რომ არ შეიქმნას ქართული სახელმწიფო. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ქართველ ერში არის პოტენციალი, სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამ პოტენციალს რეალიზაციას ვერ უკეთებს და მოწინააღმდეგემ იცის, რომ ქართველ ერში არის გენეტიკური ენერგია, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკური საფუძველი არ ჰქონდა ბახტრიონის ციხის აღებას. ერთი საუკუნის განმავლობაში პოლიტიკურ მოედანზე აღარ დარჩა არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წინ აღუდგებოდა შაჰ-აბასს. მართალია, გვქონდა ლამაზი ბრძოლები, მაგრამ რეალური ძალა უკვე აღარ არსებობდა; 100 000 ჩამოსახლებული იყო კახეთში და მთავრდებოდა საქართველო, მაგრამ უცებ სამმა გმირმა თქვა, ვართ თუ არა, ბოლოს და ბოლოს, კაცებიო და ამით დამთავრდა ირანის ბატონობა საქართველოზე. გივი ამილახვრის ვაჟკაცობამ, მიუხედავად იმისა, რომ იმ ბრძოლაში დამარცხდა, განაპირობა ის, რომ გამაჰმადიანებას აღარ სთხოვდნენ ქართველ მეფეებს. მტერმა იცის, რომ სადღაც არიან ბიძინა, შალვა, ელიზბარი, გივი ამილახვარი, გაფრინდაული, ამიტომაც ჯერ ვერ ბედავენ თავიანთი გეგმის განხორციელებას. სააკაშვილმა ვერ გაბედა კონფედერაციული სახელმწიფოს წამოყენების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება აიღო. თუ ჩვენ არ გამოვფხიზლდებით, ეს გეგმა გაგრძელდება: სააკაშვილის შემდეგ ნიკიფორე იქნება, ნიკიფორეს შემდეგ – ელპიტე, ელპიტეს შემდეგ – ისიდორე... ერთსვლიან კომბინაციებს გვიკეთებენ, რათა ისე დააოსონ და გაანადგურონ ქართული ენერგია, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი დავკარგოთ. შეგნებულად არის შიმშილი, ომის წაგება, ღირსების აყრა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ ქართველ კაცს დააკარგვინონ ის ენერგია, რაც ჯერ კიდევ შემორჩა. როდესაც დარწმუნდებიან, რომ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვიძლია, მაშინ მოგვაყენებენ სასიკვდილო დარტყმას. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავართ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს ბრძოლის შესაძლებლობა, თვალი გადავავლოთ ოცწლიან წარსულს და გამოვიტანოთ დასკვნები: ქართველი ხალხი უნდა გავერთიანდეთ არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების, არამედ პრინციპების გარშემო და პრინციპებისთვის ბრძოლაში გამოჩნდება ის ლიდერი, რომელიც დაიმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ხელოვნური ლიდერების დრო უნდა დამთავრდეს, რადგან ჯარი ბრძოლაში იქმნება, ბრძოლაში იბადება სარდალი, ბრძოლაში იკვეთებიან მოკავშირეები. თუ ამ გზით წავალთ, უფალი ჩვენთან იქნება და გამარჯვება ჩვენია, თუ არ წავალთ ამ გზით, გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ, რადგან ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილის დამხობაა გამარჯვება.
ნინო ხაჩიძე