„ბენკ ოფ ამერიკას” 20 მილიარდი ჩამოაწერეს
ამერიკის უმსხვილეს ბანკს, „ბენკ ოფ ამერიკას”, უდიდესი აქტივები აქვს. ბანკმა თავისი მუშაობა შეაჯამა ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში და 20,3 მილიარდი დოლარი ჩამოაწერა აქტივებიდან თავის შვილობილ კომპანიას, რომელიც საკრედიტო ბარათების სფეროში საქმიანობდა. ბანკის დანაკარგები დაკავშირებულია კრედიტების მომსახურების ხარისხის გაუარესებასთან 2009 წელს და „კრედიტ ქარდ აქტივის” ამოქმედებასთან, რომელიც 2009 წელს მიღებული კანონის საფუძველზე საქმიანობს. ეს მომსახურება კლიენტებისგან საბანკო ოპერაციებში დამატებით საკომისიო მოსაკრებლის აღებას გულისხმობდა. ბანკში ამბობენ, რომ თანხების ჩამოწერა გავლენას არ მოახდენს ბანკის მდგომარეობაზე და მის შემოსავლებზე. გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის” მონაცემებით, ეს ციფრი აჩვენებს, რამდენად ზარალიანი გამოდგა „ბენკ ოფ ამერიკას” საკრედიტო სისტემა. „ბენკ ოფ ამერიკაში” აცხადებენ, რომ „ფია კრედიტ სერვისიდან” ჩამოსაწერი თანხის მოცულობა 10 მილიარდ დოლარამდე იქნებოდა, თუმცა, ეს შეფასება ღიად ადრე არ გაცხადებულა. 2010 წელს ბანკის ზარალმა 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.