რა აფუჭებს სიჩქარეთა კოლოფს და როგორ მოვუფრთხილდეთ მას
არის თუ არა ეკონომიის თვალსაზრისით განსხვავება ავტომობილის მართვის კოლოფებს შორის. მევლუდ მელაძე საუბრობს იმაზე თუ, რამდენად არაეკონომიურია სიჩქარეთა ავტომატური გადაცემის კოლოფი და რომელია მათ შორის ყველაზე გამძლე.
მევლუდ მელაძე: სისტემურად და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სიჩქარეთა მექანიკური და ავტომატური მართვის კოლოფი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ თითოეული სულ სხვანაირ მოპყრობასაც საჭიროებს. იშვიათად არის ისეთი შემთხვევა, როცა მწარმოებელს ორივე ტიპის მანქანა ერთნაირად სუსტი ან მაგარი ჰქონდეს. თავიდანვე, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ „მერსედესის” ავტომატურ კოლოფს სიძლიერით ვერც ერთი ვერ შეედრება, როგორც არ უნდა იტრაბახოს, თუნდაც იაპონურმა ფირმებმა. ამას ვამბობ, არა მხოლოდ გამძლეობის, არამედ სისწრაფესთან დაკავშირებითაც. ვგულისხმობ, სტარტის დროს სწრაფ დაძვრას, რაც ცნობილია, რომ თითქმის ყველა, ავტომატური კოლოფით აღჭურვილ მანქანას უჭირს. მათ შორის ისეთი სიმძიმის მანქანასაც კი, როგორიც „ეს” კლასის „მერსედესია”. სტარტზე მისი გასწრება ბევრ სწრაფ მოდელს უჭირს. სანამ ძრავა ბრუნს და სიმძლავრეს განავითარებს, ავტომატს სისწრაფის აკრეფა უჭირს. მაგრამ, „მერსედესის” შემთხვევაში, ეს გამორიცხულია. ის უბადლოა. გადაცემათა რიცხვების ზუსტი გათვლა და ძრავის სიმძლავრის სწორად გამოყენება, არის ის მიზეზები, რის ხარჯზეც „მერსედესმა” ასეთი სრულყოფილი დეტალი შექმნა.
– რაც შეეხება სიძლიერეს და არა სისწრაფეს.
– ავტომატი, ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც დეტალების ჯამმა ტვინის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ანუ, მან უნდა გადაწყვიტოს, როდის რა სიჩქარეა საჭირო და შეცვალოს ის – მოუმატოს ან შეამციროს. ეს გადაწყვეტილება კი, დეტალების ერთმანეთთან თანხვედრამ უნდა მიაღებინოს. სწორედ ამიტომ, სიჩქარეთა კოლოფის შიგნით ბევრი წვრილი თუ მსხვილი ნახვრეტებია, სადაც ზეთის წნევა აწვება. მათი გამტარიანობის მიხედვით, ავტომატი „ხვდება“, რა უნდა მოიმოქმედოს. მოდების ფუნქციას კი ითავსებს სიჩქარეთა კოლოფის ზეთში მცურავი ბევრი რკინის ფირფიტა, იმისდა მიხედვით თუ რამხელა დატვირთვა მოდის მასზე, მოდების კოეფიციენტიც იმატებს, ან იკლებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, თავადაც მიხვდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ზეთს, იმისთვის რომ „ტვინმა“ კარგად იმუშაოს და დეტალები არ დაზიანდეს. რადგან ავტომატში ზეთის შეცვლის შემდეგ, პრობლემები ხშირად ჩნდებოდა, ანუ ის სათანადო ხარისხის არ იყო, ზოგიერთმა ქარხანა-მწარმოებელმა გააკეთა ისე, რომ მათ ავტომატში თუ რამე დაზიანება არ მოხდა, ზეთი საერთოდ არ შეიცვალოს. მაღალტექნოლოგიების გამოყენებით მათ მიიღეს ისეთი ტიპის ზეთი, რომელიც ამ სისტემაში მუშაობით თავის თვისებებს არ კარგავს და ერთ ავტომობილს „მთელი სიცოცხლე“ ჰყოფნის. ანუ, თუ სიჩქარეთა კოლოფს არ დააზიანებთ, ზეთი არ უნდა შეცვალოთ.
– რას ნიშნავს „ესემჯის” სისტემა?
– საკითხი დადგა, რომ შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ავტომატური იქნებოდა და თან, მექანიკას მიუახლოვდებოდა. მექანიკური მოწყობილობა მოდებას თიშავს და საშუალებას აძლევს ავტომატს, შეცვალოს სიჩქარე. ანუ, სიჩქარეთა კოლოფი ამ ავტომობილებში ავტომატურია და მხოლოდ ის რაღაც, დამატებითი მოწყობილობაა, რომელიც მექანიკური კოლოფის მიხედვით მუშაობს, – თითქოს მოდების პედალს ვაჭერთ ფეხს. ამით, მაქსიმალურად დახვეწეს და გაამარტივეს სიჩქარეების შეცვლა. ეს სისტემა „ფორმულა ერთზეც” კი გამოსცადეს. მისი შექმნის მიზეზი იყო შემდეგი – ძლიერი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების შემთხვევაში, ავტომატი აფუჭებდა იმ დეტალებს, რომელიც მოდების ფუნქციას ასრულებდა.
– რომელი მარკის მოდელებია ყველაზე სუსტი სიჩქარეთა მექანიკური გადართვის კოლოფით აღჭურვილი?
– ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც მექანიკურში, ფრანგი მწარმოებლები მოისუსტებენ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ დეტალებს იყენებენ, მაინც არ ვარგა კორეული მარკების ავტომატები. თუ „ჰიუნდაიზე”, „სუზუკიზე” ან სხვა კორეული მოდელის ყიდვაზე მიდგა საქმე, უმჯობესია, „მექანიკა” შეიძინოთ. ავტომატების პრაქტიკულ გამოყენებაში, დიდი გამოცდილება აქვთ ამერიკელებს. იქ თითქმის ყველა ამ ტიპის მანქანით დადის. ჯერ ერთი, სულ საცობებია, თუმცა ეს პრობლემა ჩვენთანაც დგას. თან, ზარმაცი ხალხია (იცინის).
– რატომ მოიხმარს ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი მეტ საწვავს?
– რადგან მას საკუთარ თავზე აქვს ფუნქციები აღებული. თუ მექანიკით ნელა მივდივართ, შეგვიძლია, მესამე სიჩქარეში ჩავაგდოთ და ნაკლები საწვავი დავწვათ, ავტომატის შემთხვევაში კი – სიჩქარე ვარდება. მას მიაჩნია, რომ ამ სიჩქარეზე მესამე არ გჭირდება, თავიდან ავითარებს ბრუნს და შესაბამისად, მეტ საწვავს წვავს.