ბადრიჯანი „პიკანტური“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ბადრიჯანი, 3 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი სტაფილო, საშუალო ზომის კიტრი, 100 გრამი ღორის რბილი ხორცი, 1 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი სახამებელი, სოიის სოუსი (თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ წყალში გახსნილი მდოგვი, მაინც გემრიელი გამოვა), 1 ჩაის კოვზი შაქარი, ცივი წყალი 0,5 ჭიქა, 50 გრამი ზეთი, ოხრახუში, მარილი, უცხო სუნელი.
მომზადების წესი: ღორის ხორცი დაჭერით გრძლად. დაუმატეთ სუნელი და მოაყარეთ ცოტა სახამებელი. გააცხელეთ ზეთი და ძალიან ცხელ ტაფაზე შეწვით ყველა მხრიდან, უყავით ძალიან ცოტა მარილი. გადმოიღეთ ლანგარზე. ბულგარული წიწაკა, სტაფილო, კიტრი დაჭერით თხელ ფირფიტებად და ხორცის შენაწვავ ზეთში მოთუშეთ. მოაყარეთ დანაყილი ნიორი, ცოტა მარილი და მზა ბოსტნეული შემწვარ ხორცს ზემოდან მოაყარეთ.
ბადრიჯანი გათალეთ. დაჭერით ჩხირებად და ცხელ ზეთში, მაღალ ცეცხლზე, შებრაწეთ.
სახამებელს დაასხით წყალი, გახსენით, დაუმატეთ შაქარი და სოიის სოუსი. აურიეთ კარგად და მოასხით შემწვარ ბადრიჯანს. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ერთი წუთის შემდეგ სოუსი შესქელდება და გამჭვირვალე გახდება. მიირთვით ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად.