კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტკივილმა ასწავლა ლიკა ევგენიძეს ბედნიერების განცდა და რა არ აკმაყოფილებს დათუნა სულიკაშვილს

ზედიზედ ორი ჩვენება-პერფორმანსი დათუნა სულიკაშვილმა ლიკა ევგენიძის გარშემო გააერთიანა. სწორედ ლიკა იყო ამ ჩვენებებზე წამყვანი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კოლექციის წარდგენისას მისი სახე მონაზვნის კოსტიუმში კარგად იყო დამალული, ჩვენ ის მაინც ძალიან ადვილად ვიცანით. მათი თანამშრომლობა ისევ გრძელდება, თუმცა, ვნახავთ თუ არა პოდიუმზე ლიკას საქართველოს მოდის კვირეულზე დათუნას ჩვენების დროს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ევგენიძე

– მაინტერესებს, როგორი იყო შენი გზა პატარა დათუნადან მოდამდე. როგორ მოხვედი აქამდე?

– პატარაობიდან მინდოდა, დიზაინერი ვყოფილიყავი, სულ პატარა ასაკიდან სახლში ვჭრიდი ფარდებს, ბებიაჩემის ტანსაცმელს ვჭრიდი, კაბებს საყელოებს, სახელოებს ვაჭრიდი. დაახლოებით 6 წლიდან მქონდა ეს მისწრაფებები და ამის გამო სახლში სულ ჩხუბი იყო. სკოლის დამთავრების დრო რომ მოვიდა, ჩემებს არ უნდოდათ, რომ აკადემიაში ჩამებარებინა. მახსოვს, ჩემი ინიციატივით დავიწყე ხატვაზე სიარული. მოგვიანებით, უკვე ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა, სახლში გამოვაცხადე, ხატვაზე დავდივარ და ფული მაქვს გადასახდელი-მეთქი. ამ დროს უკვე მიხვდნენ, რომ ჩემთან ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და შეეგუვნენ, რომ აკადემიაში ჩავაბარებდი.

– შესაბამისად, ყველაფერს დამოუკიდებლად, შენით მიაღწიე.

– დიახ. აკადემიაში სწავლისას მუშაობა დავიწყე ჩემი მეგობრის ატელიეში, სადაც ძალიან დიდი სტაჟი და გამოცდილება მივიღე. მოგვიანებით უკვე ჩვენება გავაკეთე „მარიოტში”, რომელსაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა და შემომთავაზეს „მატერიაში” მუშაობა. ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა, რადგან ნებისმიერი დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია, გამოცდილება ჰქონდეს ტანსაცმლის მასობრივი წარმოების სახლში. აქედან დაიწყო და დაიწყო.

– მომიყევი, როგორი ხარ მაშინ, როდესაც კოლექციაზე მუშაობა უნდა დაიწყო და მუზა მოგდის, თან, ამისთვის კონკრეტულად დადგენილი ვადები რომ გაქვს.

– საშინელებაა ეს ვადები! ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა კონკრეტულად კოლექციისთვის და მქონდა დიდი დრო. ეს იყო, როდესაც შენთან ერთად „რედისონის” ვერანდაზე ვისხედით და მოვიფიქრეთ ორი მოდის კვირეულისთვის სხვადასხვა თემა. ზოგჯერ ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი აზრიც კი არ მაქვს თავში, რა უნდა დავხატო, რა უნდა გავაკეთო და მუზა ზუსტად იმ მომენტში მოდის, როცა ძალიან ცოტა დრო რჩება ჩვენებამდე. ეტყობა, ასეთ დროს განვიცდი ინსპირაციას, უცებ მოდის, თავისთავად. არ არსებობს, დავჯდე, ავიღო ფურცელი და რაღაც დავხატო. თუ რაღაც თემას აიღებ და იმის მიხედვით გააკეთებ, ეს საქმეს ძალიან ამარტივებს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

– მოდის ტენდენციებს მიჰყვები?

– კი, მაგრამ, დიდად არ ვითვალისწინებ. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, ანუ, ისეთ სამოსს, როგორი ჩაცმულიც მინდა ქალი ვნახო.

– შენთვის რა არის საქმეში მწვერვალი – კმაყოფილდები მიღწეულით თუ არის ისეთი რაღაცეები, რაზეც ოცნებობ?

– ოცნებით თითქმის არ ვოცნებობ, ძალიან რეალისტი ვარ, მაგრამ, მაქვს კონკრეტული მიზნები და ამ მიზნებისკენ ეტაპობრივად მივდივარ. მიღწეული, ალბათ, არც ერთ ხელოვან ადამიანს არ აკმაყოფილებს არც ერთ სფეროში. მინდა, წინ და წინ წავიდე, საქართველოში კი ეს არ გამოვა. ჩვენს ქვეყანაში არის კულმინაცია, რის იქითაც ვეღარ მიდიხარ, ამიტომ უნდა წახვიდე აქედან. მაგრამ, ჯერ არ ვარ მზად წასასვლელად.

– რა ზეგავლენა აქვს სიყვარულს შენს შემოქმედებაზე?

– ზეგავლენა, რა თქმა უნდა, აქვს, თან, ყოველთვის დადებითი. სიყვარული არ მაზარმაცებს, პირიქით, ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მეხმარება მუშაობის პროცესში. მაგრამ, ისეც ყოფილა, რომ საქმეში ხელი შეუშლია, უფრო გავუფანტივარ. აი, შენთან საუბრის დროს აღმოვაჩინე, რომ ორ უკიდურესობაში ვვარდები. მაინც გამოდის, რომ ვერ ვაბალანსებ ამ ყველაფერს, თვითონ როგორც წამიყვანს, ისე მივყვები. გააჩნია ურთიერთობებს.

– კონკრეტულ ქალს თუ მოუხდენია შენს კოლექციაზე გავლენა? მაინცდამაინც ნაცნობს კი არა, თუნდაც, უცხოელ მსახიობს...

– კი, ყოფილა. შეიძლება, ცნობილი არ იყოს, შემთხვევით დავინახო ქუჩაში ქალი, რომლის აურა, ჩაცმულობა, გარეგნობა მომეწონოს და ის გახდეს ამა თუ იმ კოლექციის შთაგონება.

– როგორც, ვთქვათ, მონაზვნების შემთხვევაში იყო...

– დიახ, თუმცა, ეს იყო ამ სახის ძალიან კონკრეტული, პირდაპირი გადმოცემა. შარვლითა და პიჯაკით მონაზონი ხომ არ გინახავთ, მაგრამ, ჩვენება ასეთი იყო. სტერეოტიპების დანგრევაა უფრო საინტერესო. მონაზონიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ, მას ჩვენგან ის განასხვავებს, რომ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა.

– მარტის ბოლოს უკვე ახალი კვირეული იწყება, უკვე იცი, რას აპირებ?

– დიახ, უკვე ჩამოყალიბებული და გარკვეული მაქვს, რას ვაკეთებ. ამას წინათ ვნახე ფილმი „პიანო”, სადაც ძალიან მომეწონა კოსტიუმები, მუსიკა, აურა. ძალიან მაგარი ფილმია და საოცარი შთაგონება მივიღე. კონკრეტულად არ მინდა, მოვყვე, რა იქნება. რამდენიმე დღეში მივდივარ ქსოვილების შესაძენად პარიზში. ჩამოვალ და ვიწყებ კერვას.

– დარწმუნებული ვარ, მაგარი იქნება.

– როცა დავიწყე ამ კოლექციაზე ფიქრი, მივხვდი, რომ ძალიან ჰგავდა იმას, რაც წინაზე გავაკეთე. ამ ესთეტიკასთან იყო ახლოს, მაგრამ, გადავწყვიტე, რომ ისეთ კრეატიულ ფორმაში გადავწყვიტო, არავინ შეადაროს წინას. თუმცა, სიმძიმეს ვერ გავექცევი.

– წინა კოლექციაში ბოლომდე ვერ დაიხარჯე?

– ძალიან მწყდება გული მონაზვნის თემაზე მუშაობისას, სრულყოფილად ვერ გავაკეთე ის, რაც ჩანაფიქრში იყო. რელიგიურმა თემამ შეზღუდვები თავად დამიწესა. უამრავი თემა, ქსოვილი ვერ გამოვიყენე, რათა ამ ყველაფერს არ მოჰყოლოდა საშინელი რეზონანსი. საზოგადოებამ კარგად იმიტომ მიიღო, რომ ნაკლებად რევოლუციური იყო, თუმცა, ჩანაფიქრი სწორედ რევოლუციური მქონდა.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დათუნა სულიკაშვილი

– ძალიან დიდი ხანია, ურთიერთობა გვაქვს და, რომ გიყურებ, სულ მაქვს იმის განცდა, რომ სრულყოფილად ბედნიერი ხარ: გყავს საუკეთესო ქმარი, უსაყვარლესი შვილი, წარმატებული მამა, ულამაზესი დედა, შენ თვითონ ხარ ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი... გაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება ნებისმიერმა გოგომ ინატროს...

– ასეა. მთელი ბავშვობა ზუსტად ამაზე ვოცნებობდი. აი, ბავშვობაში ტორტს რომ აქრობ დაბადების დღეზე, ფიქრობ, რომელი სათამაშო ინატრო ან რაღაც ეგეთი, მე კი, სულ-სულ პატარა რომ ვიყავი, იმ პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა – ვყოფილიყავი ბედნიერი. ახალ წელს თუ ნებისმიერ დღეს, ჩასაფიქრებელი სიტუაცია თუკი იქმნებოდა, ვამბობდი: „მინდა ვიყო ბედნიერი“. ბედნიერება ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, ამაში შედის ყველაფერი – ჯანმრთელობა, ოჯახი, სიყვარული... რაც არ უნდა იოცნებო მარტო წარმატებულობაზე, მარტო ფულზე ან სიყვარულზე, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. შეიძლება, ოქროს გალიაში იჯდე და უბედური იყო. მართლა ბედნიერი ვარ, რომ არ მაკლია ის, რაც ყველაზე მთავარია.

– არ დაჰყვება ამ ბედნიერებას შიში?

– კი, მუდმივად. რაც ბავშვი გამიჩნდა, მას შემდეგ ეს შიში კიდევ უფრო გამიმძაფრდა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, უფრო შემეშინდება.

– ნუ გეშინია, რადგან ეს სულ გაგრძელდება, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაქრება დროთა განმავლობაში. მიხარია, რომ შენ ამ ბედნიერების დანახვა შეგიძლია. ზოგი ბედნიერია და მაინც კიდევ მეტი და მეტი უნდა.

– მე ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, პირველი დღიდან ვხედავ და არ მაქვს უმადურობის გრძნობა. არ მიმაჩნია, რომ მეკუთვნის და ეს ასე უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მგონია ასე. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ყველა ადამიანს ეკუთვნის, ყველა იმსახურებს ბედნიერებას, მაგრამ ასე არ ხდება. მე მართლა მერგო ეს წყალობა. სულ მადლობას ვუხდი ამის გამო ღმერთს. ეს ის არის, რაც უნდა დააფასო და თუ არ დააფასებ, ისე გაივლის, ვერც შეამჩნევ. უნდა ხედავდე, რომ ბოლომდე იგრძნო რამდენად კარგად ხარ.

– შენ თვითონ თუ ახდენ შენი ნიჭის რეალიზებას? იმდენად მრავალმხრივი ნიჭი გაქვს, ძნელია, ყველაფრის რეალიზება მოახდინო. წერ, ხატავ, თამაშობ, მღერი...

– არ მიმაჩნია, რომ დღეს რეალიზებული ვარ და ყველაფერი გამოვიარე. პირიქით, ახლა ვიწყებ. იმ ასაკში ვარ, როცა ჯერ კიდევ უნდა ჩამოყალიბდე და გაერკვე, ზუსტად რა გინდა. ვიღაცამ, შეიძლება, ეს ერთი კონკრეტული მისწრაფება ბავშვობაშივე იგრძნოს, როგორც, ვთქვათ, შენს შემთხვევაში მოხდა, ვიღაცას კი წლები დასჭირდეს. როცა შენ ემოციის მოზღვავება გაქვს, ზუსტად ვიცი, რასაც აკეთებ: იღებ ხელში ფანქარს და ხატავ. როცა მე მაქვს მოზღვავება, ეს ხან წერაში მიდის, ხან – ხატვაში.

– გაქვს რამე გამორჩეულად, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, რაც უფრო მნიშვნელოვანია შენთვის?

– წერა. ასეთ სიამოვნებას არაფრისგან არ ვიღებ. ლექსი რომ მომდის და ვიწყებ იმის წერას, რასაც იმ მომენტში განვიცდი, ასეთ ემოციას, არასდროს არ განვიცდი. რაღაც დიდხანს მაწუხებს, მაწუხებს და, რომ ამოვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ღრმად ამოვისუნთქე. ვერ ავხსნი, საიდან მოდის ეს ყველაფერი.

– მწერლებს, პოეტებს ცხოვრების ტრაგიკული ან დრამატული ეპიზოდები აძლევთ შემოქმედებით თემებს – ვთქვათ, არ უმართლებთ სიყვარულში და სხვა. შენთან რა ხდება ამ მხრივ? ჩემთვის ხარ თეთრი, ძალიან დადებითი, მხიარული, გარშემო ნათელი ხაზებით, შენს ლექსებში კი სევდა იგრძნობა.

– ცხოვრებაში რაღაც პერიოდები რომ არ გამოიარო და ტკივილი არ გქონდეს განცდილი ბედნიერებასაც ვერ დააფასებ. თანაც, შენი ნათქვამი არასდროს იქნება წრფელი. საკუთარ თავზე განცდილი სულ სხვაა, დამიჯერე. არის რაღაცეები, როცა ვერ ვხვდები, საიდან მოდის, რა მიზეზი და ემოციური ფონი აქვს. ზოგიერთი რამ ძალიან კონკრეტულია, ზუსტად რომ ვიცი რატომ, რა გარემოებამ დამაწერინა. ზოგი რაღაც კი ჩემთვის რთული გასაგებია. აუცილებელი არ არის, რომ შენმა პირადმა განაპირობოს ესა თუ ის ლექსი. ასე ერთი შეხედვით ვერ გაიგებ, რა და როგორ ხდება. ადამიანი ისეთივე რთული სისტემაა, როგორც სამყარო.

– ვიცი, რომ რაღაც პროექტზე იყო ლაპარაკი, რომელიც რიგი მიზეზების გამო შეჩერდა. ახლა რა ხდება?

– დიდი ხანია, ვაპირებ ერთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო ბევრჯერ გადაიდო. კიდევ ერთი პროექტი მაქვს ახლა გასაკეთებელი, რომელსაც დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის ვერ მოვიცლი. სანამ იმას არ გავაკეთებ, არ მომეშვება არაფერი, თითქოს თავში მაწევს რაღაც და არ მასვენებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, პარალელურად სულ ვფიქრობ იმ პერფორმანსზე, რომელიც ჩემი ლექსებით, მიშა მდინარაძის მუსიკით უნდა გაკეთდეს. რამდენი ლექსიც არ უნდა დავწერო, თავიდან ამას ვერ ამოვიშლი. სანამ ამას არ გავაკეთებ, ვერ მოვისვენებ. სხვათა შორის, რაღაცეების წლობით გაგრძელება მჩვევია. არის ისეთი რაღაც, რომლის წერაც ბავშვობაში დამიწყია, წლების შემდეგ იმას ვიღებ, როგორც უცხოს ნაწერს, ისე ვკითხულობ და მერე ვაგრძელებ. შემდეგ, ისევ მიდევს მიდევს, მიდევს და ისევ თავიდან ვუბრუნდები. ამასობაში, იმდენად ვატყობ საკუთარ თავს ზრდას, რომ გაოგნებული ვარ ხოლმე. რაღაცას რომ ვკითხულობ, ვხვდები, ზუსტად რამ დამაწერინა ის, რა განცდები მქონდა. ეს ძალიან საინტერესოა. ჩემი ცხოვრების კარდიოგრამას ვადევნებ თვალს, რომელიც მხოლოდ ჩემთვის არის, სხვა ამას ვერ გაიგებს. საკუთარი ცხოვრების პერიოდებს ზუსტად ვხვდები და ეს ძალიან საინტერესოა.

– მამის შემოქმედებითი გავლენა თუ გაქვს? ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შენში მისგან მოდის.

– რა თქმა უნდა, მაქვს. როცა ასეთი ძლიერი ხელოვანის ოჯახში იზრდები, ასეთი ძლიერი გენი გაქვს, პირველი რიგებიდან ადევნებ თვალყურს, როგორ იქმნება მუსიკა, რომელსაც დღეს როგორც შვილი, ისე კი არა, ძალიან ობიექტურად ვაფასებ, არ შეიძლება ამან არ იმოქმედოს. პატარა რომ ვიყავი, ის ჩემთვის, უბრალოდ, მამა იყო, რომლის სამსახურიც მუსიკის წერას ნიშნავდა, მარტივად ვხედავდი ამ ყველაფერს, მაგრამ, მერე, როცა უკვე იზრდები და აანალიზებ, სხვა თვალით უყურებ გარემოს.

– ბავშვები, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან, ხშირად პროტესტი უჩნდებათ ოჯახის მიმართ.

– დიახ, მეც მქონდა ეს მომენტები. ფორტეპიანოზე მატარეს ძალით, კონცერტებზე მაკვრევინებდნენ 6-7 წლიდან. მამაჩემი ამ მხრივ ლოიალური იყო, არ მაძალებდა, მაგრამ, ბებიადა დედაჩემი რომ ხედავდნენ, კარგად ვუკრავდი, უნდოდათ, ბოლომდე მიმეყვანა ეს საქმე. უკვე მერვე კლასში ვიყავი, რომ ვთქვი, აღარ მინდა-მეთქი და მთლიანად დავივიწყე მუსიკა. ახლა გული მწყდება, უკვე ვიცოდი და რაღას დავივიწყე, ცოტა დამეკრა ხოლმე. დღესდღეობით, პირიქით, ვაფასებ, ვგიჟდები და ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახში დავიბადე. როგორ შეიძლება, ეს გავლენა არ იყოს, რა ადამიანადაც ჩამოვყალიბდი, ეს ზუსტად ოჯახის დამსახურებაა. რაღაც გამოხდომები მეც მქონდა. კარგად ვწერდი და, მეუბნებოდნენ, ჟურნალისტიკურზე ჩააბარეო. არა, ფერწერაზე უნდა ჩავაბარო-მეთქი. გაგიჟდნენ, რანაირად, ხატვა არ იციო. მეც ავდექი და ვისწავლე ხატვა. ბოლოს მამაჩემის რჩევა იყო სამსახიობოზე ჩაბარება, მის რჩევას კი ყოველთვის ვუსმენ და ვენდობი.


скачать dle 11.3