როგორ გაასინჯა გიორგი ჩირგაძემ ტიერი ანრისა და რაფაელ მარკესს იმერული ხაჭაპური და რას ასწავლიან ისინი ქართველ ფეხბურთელს
20 წლის გიორგი ჩირგაძე, 2009 წლის სექტემბრიდან უმაღლეს ლიგაში მოთამაშე პირველ გუნდში, „ნიუ-იორკ რედ ბულსში” თამაშობს ტიერი ანრისა და რაფაელ მარკესის გვერდით. გიორგი 6 წლის ასაკიდან დადის ფეხბურთზე, 13 წლიდან კი ამერიკაში ცხოვრობს. მისი საყვარელი ფეხბურთელია, – რონალდინიო, გუნდი კი – „ბარსელონა“.
გიორგი ჩირგაძე: თბილისში ვარ დაბადებული, პლეხანოვზე ვცხოვრობდი 13 წლამდე, შემდეგ კი ოჯახთან ერთად ამერიკაში წამოვედი. 6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე დავიწყე სიარული, „დინამოს“ სკოლაში დავდიოდი, პაატა მეტრეველთან. ფეხბურთზე მამამ მიმიყვანა და მისი დამსახურებაა, ახლა აქ რომ ვარ და ვთამაშობ. პირველი ვარჯიში და ემოციები დღემდე მახსოვს, თან, ორი გოლი გავიტანე და ძალიან გახარებული ვიყავი.
– მაშინ თუ ამბობდნენ შენზე, კარგი ფეხბურთელი იქნებაო?
– სიმართლე რომ გითხრათ, ასე არ ყოფილა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში შემიყვარდა ფეხბურთი, ვარჯიში. საქართველოში ჩემი გუნდელებისგან გამორჩეული არასდროს ვყოფილვარ, ჩვეულებრივ ვთამაშობდი. ოჯახის წევრებსაც, ჯანმრთელობის გამო უფრო დავყავდი ფეხბურთზე. ჩემი ოცნება იყო დიდი ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა, ჯერჯერობით პატარაზე ამიხდა ოცნება. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ამერიკაში რომ ჩამოვედი, სხვანაირად შევხედე ამ საქმეს და გავაგრძელე კარიერა. ღმერთის წყალობით ახლა აქ ვარ და ვთამაშობ.
– სწავლისთვის გრჩებოდა დრო?
– თბილისში 9 კლასი დავამთავრე, ამერიკაში – 2 კლასი. ბრუკლინში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, ადვილად ვახერხებდი სკოლაში სიარულს, სახლთან ახლოს ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე „რედ ბულსის“ აკადემიაში გადამიყვანეს, ყოველდღე ნიუ-ჯერსიში მიწევდა ავტობუსით სიარული. ძირითადად საღამოს მქონდა ვარჯიშები, სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებოდი. დაახლოებით ორი-სამი საათი მჭირდებოდა გზაში და სკოლაში სიარულს ვეღარ ვახერხებდი. ახლა ცოტას ვახერხებ სწავლას – კოლეჯში ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე.
– რატომ გადაწყვიტეთ ოჯახმა ამერიკაში წასვლა?
– 7 წლის რომ ვიყავი, მამაჩემი ამერიკაში წავიდა, იქ ცხოვრობდა. დედამ გადაწყვიტა, რომ ჩვენც, მე და ჩემი დებიც, უნდა წავსულიყავით, რადგან უნდოდა, მამასთან ერთად გავზრდილიყავით. ამიტომ, ყველანი წავედით. უფროს დებს უფრო გაუჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება, ვიდრე მე. დიდი ხნის უნახავ მამასთან ერთად ყოფნა ძალიან მიხაროდა.
– როგორ დაიწყე ამერიკაში კარიერა?
– აქ თავიდან რუსულ აკადემიაში დავიწყე ვარჯიში, ორი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი, უკრაინელი ტრენერები მყავდა. პარალელურად, ნიუ-ჯერსიში დავდიოდი „რედ ბულსის“ აკადემიაში. იმ გუნდში, რომელშიც ახლა ვარ, 15 წლის ვიყავი, გასინჯვაზე რომ წამიყვანეს, მოვეწონე, ამიყვანეს. სულ ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი ამ გუნდში იყო და იმედი მქონდა, რომ მათთან ერთად ვითამაშებდი. მე პირველი ვიყავი, ვინც აკადემიიდან პირველ გუნდში, „ნიუ-იორკ რედ ბულსში” გადაიყვანეს.
– ამ გუნდში ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. თავიდან მათ გვერდით თამაში არ გაგიჭირდა?
– თავიდან ცოტა გამიჭირდა, ძნელი იყო, თან, დაბნეული ვიყავი. ამათთან შედარებით ასაკიც და გამოცდილებაც პატარა მქონდა. ესენი არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელები, არამედ ძალიან კარგი ადამიანებიც არიან. ისინი დამეხმარნენ, რომ გავხსნილიყავი და ახლა უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს როგორც სტადიონზე, ასევე, მათთან ურთიერთობაშიც. შარშან ესპანეთში ვიყავი შეკრებაზე. „რუბინის” წინააღმდეგ მეორე ტაიმში ცვლილებაზე შემიყვანეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ზოგადად, საკუთარი თავით არ ვარ ხოლმე კმაყოფილი, მაგრამ თამაში კარგად ჩავატარე – ერთით ნულს ვაგებდით და ჩემი მოპოვებული ჯარიმის შემდეგ, თამაში ფრედ დამთავრდა. ამჟამად ორ პოზიციაზე ვთამაშობ: ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. აკადემიაში ყოფნის დროს „ინტერთან” გვქონდა ამხანაგური შეხვედრა 18 წლამდე მოთამაშეებს შორის. ჩემი კარიერის ისტორიაში ყველაზე კმაყოფილი ამ თამაშით ვარ. იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ თავის ასაკში, ერთით ნულს ვიგებდით, ორი გოლი გავიტანე და სამით ერთი მოვიგეთ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ამ თამაშის მერე პირველი გუნდის ხელმძღვანელობამ შემამჩნია და ამ გუნდთან ერთად დავიწყე თამაში.
– ანუ, დიდი ხანია პირველ გუნდთან ერთად თამაშობ?
– დიახ, 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი გუნდის ვარჯიშზე წამიყვანეს, მერე ხან მეძახდნენ, ხან – არა. ბოლოს 2009 წლის სექტემბერში გავაფორმე კონტრაქტი და ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ. კონტრაქტს 2012 წლამდე აქვს ვადა.
– შენ გვერდით ტიერი ანრი თამაშობს, როგორი ადამიანია?
– ანრი, როგორც სტადიონზე, ისე ცხოვრებაში, ბევრ რამეში დამეხმარა, ბევრი რამ მასწავლა. პიროვნებაც ძალიან კარგია, გახსნილი. თითქმის ერთ პოზიციაზე გვიწევს თამაში, ამიტომ, ბევრ რამეში მეხმარება. ჯერ მარტო მისი ცქერით ვისწავლე ბევრი რამ: როგორ იქცევა სტადიონზე, სტადიონის გარეთ, როგორი ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან, ხალხთან. იმხელა გამოცდილება არ მაქვს, რამდენიც ანრის, ის ყველაფერს უკეთესად ხედავს, ამჩნევს, ამიტომ, მეუბნება, ასე გააკეთე, ასე ჯობიაო. სტადიონის გარეთაც ხშირად მოუცია რჩევა, სულ მეუბნება, ბევრი მუშაობა აუცილებლად დაგიფასდება, არ დაგეკარგებაო. ძალიან ხუმარა და გახსნილია, არ იმჩნევს, რომ ჩვენგან ბევრად განსხვავდება, თავს არასდროს გვარიდებს, ისე იქცევა, თითქოს ჩვენნაირი იყოს.
– რას მეტყვი რაფაელ მარკესზე?
– მარკესი უფრო ჩუმი, ჩაკეტილი ადამიანია, ანრისავით გახსნილი არ არის. თუმცა, ისიც ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ყოველთვის გეხმარება, თუ რამეს ჰკითხავ, აუცილებლად გიპასუხებს, რჩევას მოგცემს.
– უეინ რუნის ძმაც თამაშობს თქვენთან.
– კი, ახლახან გადმოვიდა. ძალიან ჰგავს ძმას ფიზიკურადაც და, ხასიათითაც, მაგრამ მთლად რუნივით არ არის.
– თანაგუნდელები ერთად ახერხებთ სადმე წასვლას, გართობას?
– ყოველთვის არა, მაგრამ, ხანდახან მივდივართ ბარში, რესტორანში. როდესაც სერიოზულ თამაშს ვიგებთ, მაშინ მთელი გუნდი, მწვრთნელებთან ერთად, მივდივართ რესტორანში და მხიარულად აღვნიშნავთ. ასეთ სიტუაციებში ანრიც ისეთივე გახსნილია, როგორც სტადიონზე – სულ იცინის, რაფაელი კი დინჯად იღიმება და ბევრს არ ლაპარაკობს.
– როგორ ატარებ დასვენების პერიოდებს?
– ახლა ნოემბრიდან იანვრამდე მქონდა დასვენება, მაგრამ შარშანდელი სეზონი ოპერაციის გამო წესიერად ვერ ვითამაშე, ვერც ვივარჯიშე. დასვენების პერიოდში კი ექიმებთან რეაბილიტაციას გავდიოდი, ვვარჯიშობდი, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ახლა ასი პროცენტით არ ვარ ფორმაში, მაგრამ, ვვარჯიშობ. ასევე, ჩემს ძველ, უკრაინელ მწვრთნელს ვეხმარები ბავშვების ვარჯიშში. კიდევ, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი მიტაცებს და მეგობრებთან ერთად ვერთობი ხოლმე.
– რისი ტრავმა გქონდა?
– მარცხენა თეძოზე გავიკეთე ძვლის ოპერაცია. ეს ტრავმა მანამდე მივიღე, სანამ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, მაგრამ კონტრაქტი მაინც გამიფორმეს. იმ პერიოდში ძალიან არ მაწუხებდა, დროთა განმავლობაში კი უფრო ამტკივდა და ექიმებმა გადაწყვიტეს, ოპერაცია გაეკეთებინათ. ორი წლის წინ მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გავიკეთე და ამ ყველაფერმა ძალიან შემიშალა ხელი.
– კლუბური ცხოვრებისთვის, ალბათ, არ გცალია.
– როცა პატარა ასაკის ვიყავი, აქ კლუბებში დავდიოდი, მაგრამ, მივხვდი, რომ ფეხბურთი და ასეთი ცხოვრება ერთად არ გამოვა, ფეხბურთს ბევრი დრო უნდა. ალბათ, როდესაც დიდ რაღაცას მივაღწევ, მერე უკვე ყველაფრის დროც იქნება. მინდა, ღმერთის წყალობითა და ჩემი მონდომებით, ფეხბურთში მაღალ დონეს მივაღწიო. მე ჩემი გზა ავირჩიე, რა თქმა უნდა, რაღაცეებზე უარის თქმა მიწევს, მაგრამ, თუნდაც იმაზე არასდროს დამწყვეტია გული, ჩემი მეგობრები სადმე რომ მიდიან, მე რატომ არ მივდივარ-მეთქი.
– შენს თანაგუნდელებს ქართული კერძები არ გაასინჯე?
– დედაჩემის გამომცხვარი იმერული ხაჭაპური გავასინჯე თანაგუნდელებს და მწვრთნელებს – ვარჯიშზე მივიტანე. ძალიან მოეწონათ, სულ მეუბნებიან, კიდევ როდის მოიტანო. ანრისაც მოეწონა.
– სიტყვა ხაჭაპურს ამბობენ?
– ვერ ამბობენ, პურსა და ყველს ეძახიან.
– დარწმუნებული ვარ, ოჯახის მხრიდანაც დიდი ხელშეწყობა გაქვს.
– რომ არა ჩემი ოჯახი, ამდენს ვერ მივაღწევდი. თუმცა, ჯერჯერობით დიდი წარმატებისთვის არ მიმიღწევია. ოპერაციის გამო, დასამახსოვრებელი თამაში, ისეთი, რომ სხვებსაც დაენახა და მეც გამოვჩენილიყავი, არ მითამაშია, იმედია, ყველაფერი წინ არის.