რა აკავშირებს „არსენალის” ლეგენდარულ მცველს ტონი ადამსს ქართველ გოგა ბერაიასთან და სად შედგა ადამსისა და კახი ცხადაძის პაექრობა
„თქვენ გაინტერესებთ, როგორი უნდა იყოს იდეალური ფეხბურთელი? ის უნდა აზროვნებდეს დენის ბერხკამპივით, ჰქონდეს სესკ ფაბრეგასის მოედნის ხედვა, რეი პარლორის ფილტვები და ტონი ადამსის სული და გული”, – ასე დაახასიათა საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის” ექსფეხბურთელმა უილიამ გალასმა ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, „მისტერ არსენალად” წოდებული, ლეგენდარული ტონი ადამსი – ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა ლონდონური კლუბის ისტორიაში.
ტონი ადამსი – „მეთოფეების” კაპიტანი, სული და გული. 1988 წლის 1 იანვარს მან კენი სენსომისგან კაპიტნის სამკლავური მიიღო და 14 სეზონის განმავლობაში გაჰყავდა გუნდი სათამაშოდ „ჰაიბერის” ლეგენდარულ სარბიელზე, რომელიც ადამსთან ერთად „არსენალის” ისტორიის საკუთრებაა დღესდღეობით. 2002 წლის 4 მაისს კარდიფში, ინგლისის თასის ფინალში, „არსენალმა” „ჩელსი” დაამარცხა და ჯილდოს დაეუფლა, ხოლო ერთი კვირის თავზე 2001-2002 წლების სეზონის პრემიერ-ლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლა. უკანასკნელი მატჩი „არსენალის” შემადგენლობაში 35 წლის ცენტრალურმა მცველმა „ევერტონთან” ჩაატარა და თავის ბოლო სეზონში მან მესამედ აღმართა თავზე მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ნადავლი და მეოთხედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ადამსი არის ერთადერთი ფეხბურთელი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ჩემპიონი სამ სხვადასხვა ათწლეულში გახდა – 1980-იან, 1990-იან და 2000-იან წლებში.
კლუბის ქომაგების ფავორიტი და „მისტერ არსენალად” წოდებული ტონი ადამსი მხოლოდ ერთი კლუბის შემადგენლობაში თამაშობდა კარიერის განმავლობაში. „არსენალის” სენტ-ალბანსის სამწვრთნელო ბაზაზე და „ჰაიბერის” სტადიონზე მან სრული 22 წელიწადი გაატარა. კლუბში იგი 13 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლის რანგში მოხვდა 1980 წელს. 17 წლისას დებიუტი ჰქონდა ძირითად შემადგენლობაში, 21 წლისამ კაპიტნის სამკლავური გაიკეთა და იმავე ასაკში ინგლისის ნაკრების ფორმაც მოირგო, რომლის კაპიტანიც გახლდათ 1994-1996 და 2000 წლებში.
მაღალი – 191 სანტიმეტრი, ფიზიკურად ძლიერი და თავით ბრწყინვალედ მოთამაშე ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების დაცვის ხაზის უპირობო ლიდერად იქცა. გარდა ამისა, ძალისმიერი ბრძოლითა და ჰაერში ბატონობით იგი პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო მოწინააღმდეგის საჯარიმოში სტანდარტების ან კუთხურების დროს. იშვიათად ახერხებდნენ ფორვარდები ადამსის მოტყუებას და აღსანიშნავია, რომ ბინძურ თამაშს იგი ყოველთვის ერიდებოდა. ადამსი იყო ნამდვილი ჯენტლმენი საფეხბურთო მოედანზე, რომლის ხისტი ხასიათი და უდიდესი ავტორიტეტი მისგან „არსენალის” რკინის მებრძოლს ქმნიდა.
სწორედ ხასიათი დაეხმარა ადამსს, დაეძლია თავისი ცხოვრების მთავარი პრობლემა – ალკოჰოლიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ათ წელიწადზე მეტი ხანია, რაც ტონი პრაქტიკულად აღარ სვამს, ცნობილია, რომ „ყოფილი ალკოჰოლიკები” არ არსებობენ. არიან ადამიანები, ვინც სვამს და „ვინც უძლებს ცდუნებას”, ტონი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც უძლებს. 1998 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ზემოქმედება”, რომელშიც ფეხბურთელი დაწვრილებით ყვება, თუ როგორ გახდა ალკოჰოლიკი. 20 წლის ასაკში იგი უკვე დამოკიდებული იყო სპირტიან სასმელზე და არაერთხელ იმყოფებოდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ერთხელ ის უგონოდ მთვრალი დაეცა ტროტუარზე და, ტვინის შერყევასთან ერთად, თავზე ოცდაათნაკერიანი იარა მიიღო. 1991 წელს ტონი მთვრალი ავტომობილს მართავდა და კედელს დაეჯახა. როდესაც პოლიციამ უგონოდ მყოფი ფეხბურთელი დამტვრეული ავტომობილიდან გამოიყვანა, ალკოჰოლის რაოდენობა მის სისხლში, დაშვებულ ნორმას 27-ჯერ აჭარბებდა. ამ ფაქტის გამო ტონის ჩამოერთვა მართვის მოწმობა და მან 4 თვე საპატიმროშიც კი გაატარა. თუმცა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თავი არ მიუნებებია სმისთვის და მთვრალი დებოშების გამო პოლიციამ ათასჯერ მაინც დააკავა, რათა მიეხვედრებინა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. აღსანიშნავია, რომ ადამსი არ იყო ერთადერთი ფეხბურთელი „არსენალის” შემადგენლობაში, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. ერთ-ერთ მატჩზე გულშემატკივრებმა სტადიონზე პლაკატი გამოფინეს, რომელზეც ეწერა: „მთვრალი დაცვა”, ხოლო პლაკატზე გამოსახულნი იყვნენ იმ პერიოდის „არსენალის” მცველები: ტონი ადამსი, ლი დიქსონი, სტივ ბოულდი და მარტინ კიოუნი – თავისი დროის საუკეთესო ინგლისელი მცველები, რომლებიც ალკოჰოლიზმს ებრძოდნენ. 1996 წელს ადამსმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა, რომ ალკოჰოლიკია და მზად არის, ებრძოლოს ამ სენს. მან თვითნებურად გაიარა სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალო კურსი ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე, რამდენიმე წლის განმავლობაში დადიოდა ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბში, სადაც ფსიქოლოგებთან მართავდა საუბრებს სხვადასხვა თემაზე. ამბობენ, რომ კლინიკიდან გამოსული ადამსი გაორმაგებული ენერგიით შეუდგა ვარჯიშებს და სწორედ ის გახდა არსენ ვენგერის, რომელიც 90-იანი წლების შუა პერიოდში ახალი „არსენალის” მშენებლობას იწყებდა, დასაყრდენი დაცვის ხაზში. „ლეგენდარული ლიდერი, საუცხოო მოთამაშე და ჭეშმარიტად ნამდვილი ადამიანი”, – ასე თქვა ერთხელ ადამსზე „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც არცთუ ხშირად აქებს მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეებს.
2002 წლის 13 მაისს „ჰაიბერის” მოძველებულ სტადიონზე ტონი ადამსის გამოსამშვიდობებელი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც „მეთოფეების” წინააღმდეგ შოტლანდიურმა „სელტიკმა” ითამაშა. იმ მატჩში საფეხბურთო მოედანზე უკანასკნელად გამოვიდა „არსენალის” დაცვის ლეგენდარული ოთხეული, „ჯორჯ გრემის ოფსაიდის მახედ” წოდებული კვარტეტი: ტონი ადამსის, ლი დიქსონის, სტივ ბოულდისა და ნაიჯელ უინთერბერნის შემადგენლობით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ინგლისის „პრემიერლიგის” კლუბებს. მატჩის ბოლო წუთზე, აპლოდისმენტების თანხლებით, ტონი ადამსმა კაპიტნის სამკლავური ფრანგ პატრიკ ვიეირას გადასცა და მოედნიდან გავიდა. ინგლისურ ფეხბურთში დასრულდა ერთი ეპოქა.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ტონი ადამსმა მწვრთნელობა დაიწყო. ერთი სეზონის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „პორტსმუთს” წვრთნიდა, ხოლო 2010 წელს, ბევრისთვის მოულოდნელად, ტონი ადამსმა აზერბაიჯანის ჩემპიონატს მიაშურა და იქაური საშუალო დონის კლუბი „გაბალა” ჩაიბარა, სადაც ქართველი გოგა ბერაია თამაშობს და რომელთანაც ადამსმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზერბაიჯანელები დიდ იმედებს ამყარებენ ინგლისელზე და ფიქრობენ, რომ ადამსი მათ გუნდს წარმატებას მოუტანს. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანში გაგრძელდა ტონი ადამსისა და კახი ცხადაძის პაექრობა. 1996-1997 წლებში ისინი ფეხბურთელების რანგში შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ადამსის ინგლისის ნაკრები გახდა გამარჯვებული, ამჯერად კი ქართველმა, ბაქოს „ინტერის” მწვრთნელის რანგში, რევანში აუღო ადამსს და მისი კლუბი არაერთხელ დატოვა დამარცხებული აზერბაიჯანის სტადიონებზე.