ხელმოცარული დივერსანტები
და მჭიდრო კავშირები
მიუხედავად იმისა, რომ რფ ტერორისტებთან ახლო კავშირში გვდებს ბრალს, არც ჩვენ ვსხედვართ გულხელდაკრეფილი და არც ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი დივერსანტები. ხოლო, რაკი უქმად არავინაა, გასულ კვირას შიდა ქართლის მიდამოებში გადამცემი ხაზები გადაიხარა (იმის გამო, რომ დანაღმული იყო). საბედნიეროდ, ამ დივერსიას (სწორედ ასე შეაფასეს ჩვენებურმა სამართალდამცველებმა მომხდარი) ქართული ენერგოსისტემა არც ნულზე დაუსვამს და, მით უმეტეს, არც დეფიციტი შეუქმნია. ჩვენებურ სპეციალისტთა განმარტებით, დივერსანტთა მიზანი (რომლებიც, ბუნებრივია, რუსების მიერ გამაგრებული ცხინვალიდან იყვნენ გადმოსული) 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის დაზიანება ყოფილა, რათა, თუ სრულიად არა, ნაწილობრივ საქართველო მაინც უშუქოდ დარჩენილიყო, ოღონდ, დივერსიის აქტი ვერ შედგა (განა იმიტომ, რომ ჩვენმა ძალოვანებმა ივაჟკაცეს, იმიტომ რომ დივერსანტებმა იმუშავეს უხეიროდ). ჩვენ, ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ამ ჩვენს მიწაზე მხოლოდ და ყოველთვის ხელმოცარული დივერსანტები შემოსულიყვნენ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ქვეყანაში უმისამართოდ ნასროლი ქვაც კი პოლიციელს მოხვდება, მაშინ რატომ არ დგას დაცვა გადამცემ ხაზებთან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიის ყურის ძირშია?!