რა დაავადებაა გლომერულონეფრიტი და რატომ უნდა შეამოწმოთ თირკმელები მომატებული წნევის დროს
თირკმელებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი უსარგებლო, შხამიანი ნარჩენების მოშორების ფუნქცია აკისრია. თირკმელებში არტერიების საშუალებით სისხლის დიდი რაოდენობა შედის, რომელიც იქ იფილტრება და უსარგებლო ნარჩენებისგან თავისუფლდება.
თირკმელი ადამიანის ორგანიზმის მჟავეტუტოვანი წონასწორობის მძლავრი რეგულატორიც გახლავთ. ეს ორგანო გამოიმუშავებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის წნევაზე, სისხლის წარმოშობის პროცესსა და ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე ახდენს გავლენას.
გლომერულონეფრიტი თირკმელების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევიც ინფექციაა და ინფექციის ფონზე განვითარებული იმუნური სისტემის დაზიანება. დაავადების გამომწვევი მიზეზი, ხშირად სტრეპტოკოკი ხდება, რომელიც ნუშისებრ ჯირკვლებშია მოთავსებული. ამიტომ, გლომერულონეფრიტის უმეტესობა სწორედ მის ფონზე ვითარდება. ეს დაავადება შეიძლება, გამოიწვიოს ვირუსმა ან ალერგიამ, ზოგჯერ კი მისი გამომწვევი უცნობი რჩება. ასევე, არსებობს მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი. მწვავე ფორმა ტრანზილიტის, ანუ ანგინის გადატანიდან ერთი კვირის შემდგომ ვითარდება. ათი დღის განმავლობაში ინფექციის ფონზე იმუნური სისტემა ზიანდება, რაც დაავადების განვითარების საფუძველი ხდება.
მწვავე ნეფრიტი ინფექციის გადატანიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და სამი ძირითადი კლინიკური ნიშანი ახასიათებს, კერძოდ, არტერიული წნევის მომატება, შეშუპება და შარდში ცილის გაჩენა. შეშუპება თავიდან სახესა და ქუთუთოებზე ჩნდება, შემდეგ ქვემო კიდურებზე და მთელ სხეულზეც შეიძლება გავრცელდეს. შარდში შეინიშნება ცილები და ერითროციტები.
ხშირ შემთხვევაში ქრონიკული გლომერულონეფრიტი შეუმჩნევლად იწყება და გამოვლინების მომენტში მას უკვე ქრონიკული სახე აქვს. ახასიათებს არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება და შარდის სიმპტომი. შესაძლოა, სითხე დაგროვდეს პლევრის, მუცლის ღრუში და ასე შემდეგ.
დიეტის დაცვა, მკურნალობის დროს, უბრალოდ აუცილებელია. ქრონიკული ნეფრიტის დროს დიეტა უნდა იყოს შეფარდებული ავადმყოფის ორგანიზმის მდგომარეობასა და ანალიზების მონაცემებს.
თუ ავადმყოფს შეშუპება არ აღენიშნება, ხოლო სისხლში აზოტოვან ნივთიერებათა რაოდენობა არ არის მომატებული, კვება არ იზღუდება. დასაშვებია ხორცისა და ზღვის პროდუქტების მიღება, მარილი კი უნდა შეზღუდოთ. კვება მხოლოდ მაშინ უნდა შეიცვალოს, თუ გამოხატულია თირკმლის უკმარისობის მოვლენები.
იმ დროს, როცა შარდის რაოდენობა მცირდება, ხოლო სისხლში მომატებულია ნარჩენი აზოტი, შარდოვანა და კრეატინინი, საჭიროა, მკვეთრად შეიზღუდოს აზოტის შემცველი ანუ ცილოვანი პროდუქტები, როგორებიცაა კვერცხი და ხორცი. იზღუდება სითხის მიღებაც.
დაავადების თავიდან აცილება შეიძლება ინფექციის კარგად მკურნალობით. ამიტომ, თუ ანგინა შეგხვდათ, ანტიბაქტერიული მკურნალობა აუცილებელია.