ჯადოსნური აქტები
„ლიოტჩიკის“-გულიანები
მართალია, ჯერ თითებზე ჩამოსათვლელი დღეებია გასული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ეკონომიკური თავისუფლების აქტზე ისაუბრა (რაც ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა დაწერილი), თუმცა გასულ კვირას გვახარეს, რომ ქართული ეკონომიკა აგვისტოს დროინდელ ნიშნულს, ანუ ძველ დიდებას დაუბრუნდა. ფინანსთა მინისტრმა ბ-ნმა ბაინდურაშვილმა ეს ფაქტი უცხოელი ინვესტორების საქართველოს ეკონომიკაში ფულის დაბანდების სურვილის ზრდით ახსნა და იმაშიც დარწმუნებულია, „ის ხალხი აპირებს, ფული აქ დააბანდოსო“. ფინანსთა მინისტრი დასძენს, რომ ეს არნახული შედეგი სწორედ ზემოხსენებულ „თავისუფლების აქტს“ უკავშირდება (რაც გვაფიქრებინებს, რომ აქტები, ზოგადად, გამრავლებას უწყობს ხელს). ფინანსთა მინისტრს ხმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც (ბ-ნმა მელაძემაც) აუბა: საქართველოსადმი ნდობა ამაღლდაო (ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დღე ერთია და ოკუპანტები პანტაპუნტით იტაცებენ და სცემენ ჩვენს მოქალაქეებს, აღარაფერს ვიტყვი ზღვით მომდგარ რფ-ის ფლოტსა და ხმელეთით მოყენებულ მძიმე ტექნიკაზე, როგორც ოკუპანტი იტყოდა, ინვესტორებს „ლიოტჩიკის“ გულები ჰქონიათ). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დანარჩენი მსოფლიოს ფინანსური საქმეები კვლავაც ჭაკადაა, აშკარაა, საქმის გამოსასწორებლად მათთვის რუსეთთან ომი ჰაერივით აუცილებელია (იმედია, რჩევას უფასოდ არ მივცემთ). ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის გაფურჩქვნის საწინააღმდეგო (აქტით თუ უაქტოდ), ოღონდ, თუ ქართულმა ეკონომიკამ ძველი დიდება დაიბრუნა, პენსიებმა რატომღა დაიგვიანა?!
ნინო ხაჩიძე