ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 33 წლის. 8 წლის წინ გადავიტანე პოლინეიროპათია. სიცივეში ხელებში ძალა მეკარგება, სუსტად ვარ. ეს პოლინევრიტის ნარჩენების მოვლენებია თუ სხვა დაავადება? როგორ უნდა ვიმკურნალო?
პასუხი: პოლინევრიტის ნარჩენი მოვლენებიდან აღსანიშნავია კიდურების პერიდერიული ნაწილების კონტრაქტურები – სახსრის მოძრაობის შეზღუდვა ნაწიბურების განვითარების გამო. ნარჩენი მოვლენების დროს სასარგებლოა მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, აგრეთვე, გოგირდოვანი აბაზანები. მოგიხდებათ წყალტუბოს მინერალური აბაზანები.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, რა არის მენინგიომა? აუცილებელია მის სამკურნალოდ ოპერაციული მეთოდის გამოყენება?
პასუხი: მენინგიომა ტვინის გარსების სიმსივნეა. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, წამლებით მისგან განკურნება შეუძლებელია, ამიტომ მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.
კითხვა: ჩემს თანამშრომელს, რომელიც იმავე ოთახში მუშაობდა, რომელშიც მე, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. ყველანი შეშინებულები ვართ. ხომ არ დავიწყოთ პროფილაქტიკისთვის რომელიმე ანტიტუბერკულოზური პრეპარატის მიღება საკუთარი ინიციატივით?
პასუხი: თუ თქვენს თანამშრომელს დაავადების ღია ფორმა აქვს, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ საშიშროებას უქმნის თქვენსა და თქვენი კოლეგების ჯანმრთელობას. თუ მას დაავადების ფარული ფორმა ჰქონდა, მაშინ ეს არც ისე საშიშია გარშემო მყოფთათვის. ყველასთვის, ვისაც ავადმყოფთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მანტუს დიაგნოსტიკური სინჯისა და ფილტვების რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება. თუ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ არც ერთს არ გაქვთ ნახსენები დაავადება, ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით პროფილაქტიკური კურსის ჩატარება აუცილებელი არ არის.
კითხვა: დროდადრო მაქვს ქოშინის მოულოდნელი შეტევა და ამ დროს არაფრის გაკეთება არ შემიძლია – თითქოს ჰაერი არ მყოფნის. ვიყავი ექიმთან, გამსინჯა და მითხრა, რომ გული ნორმალურად მუშაობს, ასთმაც არ მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის ბრალი?
პასუხი: ქოშინის შეტევის დროს, ყურადღება პირველ ყოვლისა, იმას უნდა მიაქციოთ, რამ გამოიწვია ის, ხომ არ უძღოდა წინ ფსიქოემოციური გადაძაბვა ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. თუ ქოშინისას განსაკუთრებით ამოსუნთქვა გიჭირთ უნდა ჩატარდეს ეგრეთ წოდებული გარეგანი სუნთქვის ფუნქციური გამოკვლევა.
კითხვა: ვარ 26 წლის. რამდენიმე წელია, სუფრის მარილს ძირითადად პურის მეშვეობით ვიღებ. დიდი სიცხეების დროს, მიქვეითდება პულსი და წნევა. მაქვს საერთო სისუსტე, განსაკუთრებით – კიდურებში. ეს მარილის ნაკლებობის ბრალი ხომ არ არის? გთხოვთ, ამიხსნათ, რა როლს ასრულებს ის ორგანიზმში და დღეში რამდენია საჭირო?
პასუხი: თუ ჯანმრთელი ადამიანი მკვეთრად შეზღუდავს დღის რაციონში სუფრის მარილის რაოდენობას, შესაძლებელია, ზაფხულის პერიოდში ნატრიუმის დეფიციტი განუვითარდეს, რაც წნევის დაქვეითებით, ნერვული იმპულსების მოდუნებით, საერთო სისუსტით გამოვლინდება. ეს რომ არ მოხდეს, კარგი იქნება, სიცხიან ამინდში წყურვილი მინერალური წყლით მოიკლათ. ეცადეთ, ცხელ დღეებში რაციონში მარილის რაოდენობა არ შეამციროთ. თუ ზამთარში ორგანიზმი სხვადასხვა პროდუქტიდან მაინც იღებს მინერალების აუცილებელ რაოდენობას, ზაფხულში მათი დანაკარგი შედარებით მეტია და მას შევსება სჭირდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი