როდის არ მოაქვს მარხვას ადამიანისთვის არაფერი და რა მნიშვნელობა აქვს შაბათ-კვირას ადამიანის ცხოვრებაში
დიდი მარხვა სხვა მარხვებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ამ დროს ეკლესიაში განსხვავებული მსახურებები აღესრულება. ამ მარხვაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონი, ეფრემ ასურის ლოცვები და, ასევე, აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგიები. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– როგორც იცით, შაბათი უფლის დღეა და, სამყაროს შექმნიდან დღემდე, ის არ კარგავს თავის მნიშვნელობას. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, კვირა არის კვირის მერვე დღე, ხოლო შაბათი – მეშვიდე და მას თავისი ფუნქცია არასდროს დაუკარგავს. ამიტომ, მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ, რომ ახალ აღთქმისეულ ეკლესიაში კვირა დღე თავის მნიშვნელობით არის აღმატებული, აღდგომის ტოლფასი, ამაღლებული სულიერი განწყობის გამომხატველი და, ბუნებრივია, შაბათიც არის უფლის დღე და მასაც სათანადო პატივის მიგება სჭირდება. შესაბამისად, შაბათ-კვირის მსახურებას ყოველთვის თან ახლავს სადღესასწაულო ელფერი, განწყობა. მსახურების წლიური ციკლი, ასევე, მოიცავს და აწესრიგებს მარხვის დღეებს, დიდმარხვის მსახურების აღსრულების წესს და ჩვენ იქ გარკვევით ვკითხულობთ, რომ მარხვის დაწყების პერიოდში, ვიდრე ბრწყინვალე აღდგომამდე, სადაგ დღეებში არ აღესრულება მსახურება, ლიტურგია. სამაგიეროდ, ამ დღეებში, ანუ მარხვის პირველ კვირაში, ორშაბათსა და ხუთშაბათს, დიდ სერობასა და მწუხრზე იკითხება ანდრია კრიტელის კანონები – სინანულის კანონი. ეს კანონი ადამიანს მოუწოდებს და შეამზადებს არა მხოლოდ ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად, არამედ უნერგავს გაგებას იმისა, რომ არის ცოდვილი ადამიანი. 9 კანონში, რომელიც 4 ნაწილად იყოფა, არის ისეთი მომენტები, რომლებიც ადამიანს ახსენებს დაცემას, ადამისა და ევას გამოდევნას სამოთხიდან; მეორე ნაწილის საკითხავები – გალობები, მიანიშნებს წარღვნის, ნოეს პერიოდს; მესამე ნაწილში არის დავითის პერიოდი – რჩეული ერის შესვლა აღთქმულ მიწაზე; მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ადამიანს ახსენებს, რომ ჩვენ უკვე მივუახლოვდით ყველაზე აღმატებულს, ძვირფასს – მაცხოვრის მოსვლას, მის მოღვაწეობას, ჯვარცმასა და აღდგომას. ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის სულიერი მზადება და ადამიანში სინანულის გაღვიძება. თუ ადამიანს მარხვაში არ ექნება სინანულის განცდა, ბუნებრივია, მარხვა ადამიანისთვის ნაყოფის მომტანი არ იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, სადაგ დღეებში არ აღესრულება ლიტურგია, სამაგიეროდ, აღესრულება მწუხრთან შეერთებული მსახურება, რომელსაც პირველშეწირულის ლიტურგია ჰქვია. ის განსხვავდება შაბათ-კვირის, სადღესასწაულო მსახურებისგან. პირველშეწირულის ლიტურგიაზე არ ხდება ძღვენის შეწირვა, პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნა, არამედ კვირას ნაკურთხი ტარიგით აღესრულება ლიტურგია და მისით ხდება ადამიანების ზიარება. პირველშეწირულის ლიტურგია არა მარტო შესრულების წესით, არამედ, თავისი მნიშვნელობით, სულიერი დატვირთვითაც განსხვავებულია. თუ ადამიანი მარხვის განმავლობაში არ ესწრება ამ მსახურებას, ის ბოლომდე ვერ ითავისებს მარხვისეულ სულს. ის განცდა, სულიერი მდგომარეობა, რომელსაც სინანული ჰქვია, არ დაეუფლება ადამიანს, თუ ის არ დაესწრება ამ ლიტურგიას, არ მოისმენს ანდრია კრიტელის კანონს. თუ ადამიანი მარტო შაბათ-კვირის მსახურებას დაესწრება, მისი მდგომარეობა, განწყობა მხოლოდ სადღესასწაულო იქნება, ამიტომ მისთვის მარხვისეული მდგომარეობა შეუცნობელი დარჩება. პირველშეწირული ლიტურგია, როგორც უკვე აღვნიშნე, განსხვავებულია, ის ღრმად განმსჭვალავს ადამიანის სულს, აღუძრავს მას სინანულის განცდას და ის, ასევე, ტიპიკონითაც ძალიან განსხვავებულია. ლიტურგიკულ ძეგლებში სადღესასწაულო ლიტურგიას ღმერთი-უფლის მსახურება, სიხარულის მსახურება ეწოდება. ხოლო პირველშეწირული ლიტურგია, საერთოდ, მარხვისეული მსახურება, არის ალილუიას მსახურება, როცა ადამიანი განიცდის იმ მდგომარეობას, იმ სულიერ შემუსვრილობას, რასაც სინანული, საკუთარი ცოდვების განცდა ჰქვია. პირველშეწირულის მსახურების ბოლოს ორჯერ ზედიზედ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც არის სახე, გარანტი იმისა, რომ ადამიანი უკვე მონაწილეობს მარხვის მსახურებაში.
– რატომ არ ხდება ტარიგის შეწირვა პირველშეწირულ მსახურებაზე?
– ტიპიკონი გვასწავლის, რომ სადაგ დღეებში, გარდა შაბათ-კვირისა არ შეიძლება, კერძო ხასიათის ლიტურგიების აღსრულება. ჩვეულებრივ, არამარხვის დღეებში, შეიძლება ცოცხლებისთვის და მიცვალებულებისთვის აღსრულდეს სხვადასხვა მსახურება, რომლებიც თავის თავში მოიცავს სადღესასწაულო მდგომარეობას, ზეიმს, ერთობას ანუ სიხარულის მდგომარეობა არ უნდა ავურიოთ მარხვისეულ სინანულის მდგომარეობაში. შესაბამისად, ამას ტიპიკონი აწესრიგებს, რომ არ მოხდეს ერთმანეთში არევა და ადამიანმა ვეღარ გაიგოს, უნდა უხაროდეს თუ სინანულში უნდა იყოს. ანუ, სინანული მსახურება ცალკე განყენებული მცნებაა მსახურებისა და ამიტომ არ შეიძლება, მარხვის დღეებში, გარდა პირველშეწირული ლიტურგიისა, სხვა მსახურების ჩატარება როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვალებულთათვის. ჩვენ, ადამიანები იმიტომ განვიცდით სინანულს, ვგოდებთ ჩვენს ცოდვებზე, რომ ბოლოს ყველანი შევუერთდეთ იმ სიხარულს, რასაც უფლის ბრწყინვალე აღდგომა ჰქვია. მარხვა ადამიანს შეახსენებს, რომ ის სამოთხიდან არის დევნილი და იქ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ის ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, ბოლომდე ვერ გააცნობიერებენ თავიანთ ცოდვებს, დაცემულ მდგომარეობას. არადა, თუ ადამიანი არ ითავისებს იმას, რატომ დაკარგა აღმატებული მდგომარეობა, თუ ჰგონია, რომ ის ამქვეყნად ყოველთვის იქნება, არ შეუერთდება ოდესმე უფალს, არ შეუერთდება თავის საწყის სამშობლოს, ასეთ შემთხვევაში, ძნელია, სწორ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ამქვეყნად დროებით ვართ და ოდესმე უნდა დავბრუნდეთ საკუთარ სახლში. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავაგროვოთ სულიერი ნიჭები, რასაც უფალი უხვად გვაბერტყავს და ამის მერე დავბრუნდეთ მამისეულ წიაღში. აღდგომის მარხვა თავისი მნიშვნელობით სწორედ მამის წიაღში დაბრუნებაა და სხვა არაფერი. თუ ადამიანი არ გაივლის ამ მარხვის განმავლობაში გზას მაცხოვრის განკაცებიდან, ჯვარცმიდან, მის აღდგომამდე, მაშინ მისთვის მარხვა გაუგებარი, არაფრის მომტანი იქნება.
– ზოგი ვერ ახერხებს ანდრია კრიტელის კანონის ეკლესიაში წაკითხვაზე დასწრებას. შეიძლება თუ არა მისი სახლში წაკითხვა?
– ძალიან კარგია, თუ ადამიანი ამ მსახურებას ეკლესიაში დაესწრება, რადგან ეკლესიას სხვა საკრალური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, თუ ვერ ახერხებს დასწრებას, ის არ უნდა მოსწყდეს იმ სულიერ მდგომარეობას, რაც ამ მსახურებას ახლავს თან და შეუძლია, სახლში წაიკითხოს. მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს ყოველდღიური ხასიათი. იმით არ უნდა ინუგეშოს თავი, ვერ ვახერხებ ეკლესიაში წასვლას და ამიტომ ანდრია კრიტელის კანონს, ეფრემ ასურის ლოცვას, პირველშეწირულებას სახლში აღვასრულებო. თანაც, ადამიანმა სახლში მხოლოდ კი არ უნდა წაიკითხოს, არამედ, უკეთ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა.
– შვიდგზის ზეთისცხებამდე, შაბათის მსახურებაზე არც ზეთისცხების საიდუმლო არ აღესრულება?
– ზეთისცხებაც დაკავშირებულია სიხარულთან, ეს ცალკე განყენებული მსახურებაა და არ აღესრულება მწუხრის ლოცვის დროს, აღდგომის მარხვის განმავლობაში. თუმცა, ნათლობის დროს ჩვეულებრივ აღესრულება, ისევე, როგორც სნეულთან მისვლისა და მისთვის ზეთის ცხების დროს. აღდგომის მარხვაში ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით აღდგომას, რომელსაც წინ უძღვის სხვადასხვა მსახურება. მარხვის ბოლო კვირას, როდესაც აღესრულება შვიდგზის ზეთისცხება, ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით, ველოდებით, რომ მივიღოთ უფლის მადლი, გავიაროთ სულიერი წვრთნა. წმიდა მამები მარხვის ამ 40 დღეს ადარებენ იმ პერიოდს, როდესაც ებრაელები 40 წლის განმავლობაში დადიოდნენ უდაბნოში და ვერ პოულობდნენ აღთქმულ მიწას. ჩვენც, 40 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, დავდივართ უდაბნოში და ბეჭედს, ნიშნად სულიწმიდის მადლისა, რაც ზეთისცხების საიდუმლოში იგულისხმება, ბოლო კვირას ვიღებთ შვიდგზის ზეთის ცხების სახით, რათა მივიღოთ როგორც ხორციელი, ასევე სულიერი განკურნება.