სიბრძნე მინიატურებში
ყველაფერი შენს ხელშია
დიდი ხნის წინ ერთ უძველეს ქალაქში ცხოვრობდა ოსტატი, რომელსაც ბევრი მოწაფე ჰყავდა. ერთხელ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი ჩაფიქრდა: „არსებობს კითხვა, რომელზეც ჩვენი ოსტატი ვერ მიპასუხებს?“ აყვავებულ მინდორში ულამაზესი პეპელა დაიჭირა და ხელისგულებში მოიმწყვდია. პეპელა ხელისგულებზე ფეხებით ებღაუჭებოდა და უღუტუნებდა. გაღიმებული მოწაფე ოსტატთან მივიდა და ჰკითხა:
– აბა, მითხარით: ხელში ცოცხალი პეპელა მყავს თუ მკვდარი?
მას პეპელა ხელისგულებში ისე ჰყავდა მომწყვდეული, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო, ოსტატის პასუხის შესაბამისად, ცოცხალი დაეტოვებინა ან მოეკლა. ოსტატს მოწაფის ხელებისთვის თვალიც არ შეუვლია, ისე უთხრა:
– ყველაფერი შენს ხელშია.
ნური ბეის ძველთაძველი სკივრი
ნური ბეი იყო დაკვირვებული და ყველასათვის პატივსაცემი ავღანელი. მას ბევრად უმცროსი ცოლი ჰყავდა. ერთ საღამოს, როდესაც ნური ბეი სახლში ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა. მასთან ერთგული მსახური მივიდა და უთხრა:
– თქვენი მეუღლე, ჩემი ქალბატონი საეჭვოდ იქცევა. ახლა ის თავის ოთახშია. მას იქ ბებიათქვენის ძველისძველი სკივრი უდგას, რომელიც იმხელაა, რომ შიგ ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა. ჩვეულებრივ, ადრე ამ ზანდუკში ძველ მაქმანებს ინახავდნენ. ვფიქრობ, ახლა შიგ სხვა რამეს აღმოაჩენს კაცი. ქალბატონმა მე, თქვენს ერთგულ მსახურს არ მომცა სკივრში ჩახედვის უფლება.
ნური ბეი ოთახში შევიდა მეუღლესთან, რომელიც შეწუხებული იჯდა ხის ვეებერთელა სკივრის წინ.
– არ მაჩვენებ, რა არის ამ სკივრში? – ჰკითხა ბეიმ ცოლს.
– ამას მსახურის ეჭვების გამო მეკითხებით, ჩემო ბატონო? არ მენდობით?
– უფრო იოლი არ იქნება, რომ სკივრი გახსნათ, ვიდრე იმაზე ვიფიქროთ, რა არის ამ კითხვის მიზეზი?
– ვშიშობ, ეს შეუძლებელია.
– სკივრი ჩაკეტილია?
– დიახ.
– გასაღები სად არის?
ცოლმა ბეის გასაღები დაანახვა და უთხრა:
– გააგდეთ მსახური და მიიღებთ გასაღებს!
ნური ბეიმ უბრძანა მსახურს, აეკრა გუდა-ნაბადი, ქალმა გაუწოდა გასაღები და აშკარად შემცბარი გაეცალა ქმარს.
ნური ბეი დიდხანს ფიქრობდა...
ბოლოს თავისი მსახურებიდან ოთხ მებაღეს დაუძახა. ღამით მათ სკივრი ბაღის მივარდნილ კუთხეში წაიღეს და იქ ჩაფლეს ისე, რომ არ გაუხსნიათ.
მას შემდეგ ამ ამბის შესახებ სიტყვა არავის დასცდენია.