მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ცნობილია, რომ მომდურაობა ცოდვაა და მომდურავ ადამიანს მოძღვარი არ აზიარებს. რატომ არის ცოდვა, თუ იმ ადამიანთან არ მინდა საუბარი, რომელმაც ტკივილი მომაყენა?
პასუხი: „მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, – ეს ნიშნავს, რომ უფალს ვთხოვთ: როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვას ცოდვებს, ჩვენც ისე გვაპატიოს. ზიარება უდიდესი სიწმიდეა და, როცა ვეზიარებით, ჩვენში თვით უფალი შემოდის. მომდურავ და მძულვარე გულში კი უფალი ვერ შემოვა. ამიტომ, მომდურების დროს ზიარება კურნების ნაცვლად, შეიძლება, სასჯელად გვექცეს.
კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი შვილი არასათნოდ ცხოვრობს და მასთან ხშირად მიწევს ამაზე ჩხუბი. ვიცი, რომ ჩხუბი ცოდვაა, მაგრამ სხვა რა ღონე ვიხმარო?
პასუხი: უპირველესად, უნდა ილოცოთ იმ ადამიანისთვის, ვინც არასათნოდ ცხოვრობს. ამით მას უფლის მადლი მოეფინება. რაც შეეხება ჩხუბს, ადამიანის განკითხვა და მკაცრად მოქცევა ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, ოღონდ, უნდა იგრძნობოდეს, რომ თქვენ ის გიყვართ და გული შეგტკივათ. ფრთხილად მოეპყარით მას და დააკვირდით, რა უფრო მეტად მოქმედებს მასზე – მოფერება თუ გაჯავრება. შესაძლოა, თბილად მოპყრობით უფრო მიაღწიოთ საწადელს.
კითხვა: რატომ არ უნდა გვიყვარდეს შვილები ბრმად?
პასუხი: როდესაც მშობლებს შვილები ბრმად უყვართ, ხშირად ისინი ენანებათ დანაშაულის ჩადენისთვის დასასჯელად და ხელს აფარებენ, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვება, რადგან ბავშვს ჰგონია, რომ ყველაფერი შეიძლება ეპატიოს. გარდა ამისა, ბავშვებს გადაჭრით უნდა აუკრძალოთ ურთიერთობა ავი ზნის ადამიანებთან, რადგან, როგორც წმიდა ტიხონ ზადონელი ამბობს: „უკეთურება თვით კეთილგონიერებაზეც კი ახდენს გავლენას, მშობლებიც უნდა გაფრთხილდნენ, რათა მათგან ბავშვებს საცდური არ მიეწოდოთ რამით“.
კითხვა: ახლახან დავქორწინდი და ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, შენთვის მარხვა არ შეიძლებაო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მარხვა დაიცვათ თუ არა, ეს მოძღვართან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოთ და არა ოჯახის წევრების რჩევით. ადამიანური სისუსტეებიდან გამომდინარე, მოძღვარს შეუძლია მარხვის შერბილებაზე კურთხევა მოგცეთ.