მამათა შეგონებანი
ბერი პაისი: ძნელია, შენში მოაკვდინო სოფელი, სანამ შენს თავს არ მოაკვდინებენ სოფლისთვის – ცოდვათა მიზეზებისთვის.
გაბრიელ ეპისკოპოსი: როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუ გინდ ღარიბიც იყო და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმიდა სინდისის მქონე, რომელიც, ამასთანავე, ბევრს კი არ ეძებს, არამედ მცირედითაც კმაყოფილია – უთუოდ ბედნიერი იქნება.
პროტოპრესვიტერი პომაზანსკი: ბოროტება ეწოდება ნებას არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეული ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.
ანტონ დიდი: ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტკინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა. შემოქმედ მამა-ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, – ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას.
იოვანე სამებელი: სათნოებითა და ქრისტიანული სიყვარულით შესრულებული ყველა საქმე – წმიდა წიგნების კითხვა, კეთილი აზრები და განზრახვანი, სასარგებლო საუბრები, წმიდა მორჩილება, ცდუნებისა და მწუხარების ჟამს მადლიერება, მაწყინართა შენდობა – ყოველივე ეს ლოცვის ბეჭედს ატარებს და ამაოდ სურნელებს უფლის წინაშე. თუ თქვენს თავს ყოველივე ამაში წურთნით და აღმოიკვეთავთ ნიშანსაც კი სიძაბუნისა, მაშინ ღვაწლი და სათნოება ჩვევად გადაგექცევათ.
თეოფილე დაყუდებული: ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.
ალექსი ბერი: განკითხვასა ძმისასა დაადუმებს და განაქარვებს გლოვა თვისი უბადრუკობისა, რამეთუ რომელმან ზედმიწევნით იცოდეს თავისი უბედურება, მან დაადუმოს ენა თვისი სხვების განკითხვად, ვინაიდან საშიშარსა გზასა წინამდებარესა სჭვრეტს, რომელიც აღსავსეა სიბრძნითა.
წმიდა ეგნატე: განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია, სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნებათაგან სრული გათავისუფლება არ მიიღოს.
იოანე სინელი: შეუძლებელია, ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა და საოცარია, რომ წარმართთა შორისაც ითქვა, რაღაც ამგვარი, იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარეობა სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
იოანე ოქროპირი: შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე, შეუძლებელია, სინანული – მარხვის გარეშე.