როგორ გააოცა ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ კრიტიკოსები, ბაიერები და სტუმრები ლაკო ბუკიას „ჩოხამ” და რატომ ნატრობდა ის ქართველ მოდელებს
ძალიან ნიჭიერი დიზაინერი ლაკო ბუკია, უკვე მეორე წელია, ლონდონის „ფეშენ-ვიქში” იღებს მონაწილეობას. ისევე, როგორც შარშან, წელსაც ქართველი დიზაინერის კოლექციამ „ჩოხა”, რომელიც ქართული ელემენტებით არის გაწყობილი და 22 კოსტიუმისგან შედგება, მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოების, მათ შორის კრიტიკოსების, ბაიერების გაოცება, დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ლაკო ჩვენი საუბრიდან ძალიან მალე (ინტერვიუ ჩაწერილია 2 მარტს) პარიზში გაემგზავრა, სადაც თავის ახალ კოლექციას პარიზის „შოუ-რუმზე“ წარადგენს.
ლაკო ბუკია: პარიზში მივდივარ. ახლა პარიზის „ფეშენ-ვიქი” იწყება, „შოუ-რუმზე” მიმაქვს ჩემი ახალი კოლექცია.
– მახსოვს, როდესაც ამ კოლექციაზე იწყებდი მუშაობას, ნერვიულობდი. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოვიდა – განსხვავებული, საინტერესო და ლამაზი.
– ვნერვიულობდი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ, ქართულ თემას ვეხებოდი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი – არ შეიძლებოდა, ცუდი გამეკეთებინა. მეორე კი ის იყო, რომ წინა სეზონზე ყველა კმაყოფილი დარჩა და არ მინდოდა, პრესისთვის, ბაიერებისთვის იმედი გამეცრუებინა, მინდოდა, მათთვის კარგი კოლექცია შემეთავაზებინა და მართლაც, ასე მოხდა – ყველა ძალიან კმაყოფილი იყო.
– ლონდონის „ფეშენ-ვიქს” ექნება გარკვეული მოთხოვნები...
– ალბათ, ყველაზე დიდი მოთხოვნაა, კოლექცია იყოს კარგი, დამაკმაყოფილებელი, რომ კიდევ მოუნდეთ, გახვიდე „ფეშენ-ვიქზე” და მათი ნაწილი გახდე. თუ კოლექცია არ იქნება საინტერესო და მასზე არავინ არაფერს დაწერს, არ ექნება გამოხმაურება, მაშინ, მომდევნო ჩვენებას იქ ვეღარ გააკეთებ. ერთადერთი მოთხოვნაა, მათი მხრიდან, რომ არ შეიძლება ბეწვის გამოყენება, რადგან აკრძალულია.
– როდის გაემგზავრე ლონდონში?
– ლონდონში 20 იანვარს გავემგზავრე და 19 თებერვალს ჩემი ჩვენება იყო. შეიძლება, კოლექცია მზად გქონდეს, მაგრამ სხვადასხვა პროცესებია და ამას დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ შენი კოლექცია, თავიდან ბოლომდე, იდეალურად გამოიყურებოდეს. მხოლოდ კოსტიუმი ვერ შექმნის შოუს, აუცილებელია თმა, ვიზაჟი, სამოსი ერთმანეთს შეესაბამებოდეს. ამისთვის უნდა გყავდეს ძალიან გამოცდილი ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის. რადგან ამდენი ჩვენებაა, ხშირად კარგი და საუკეთესო სპეციალისტები დაკავებულები არიან. ამიტომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ამაზე ზრუნვას, შედეგი უკეთესი იქნება. ბოლო წამებამდე მოდელების დაჯავშნაზე პანიკაა. შენი სტატუსის მიხედვით, გაძლევენ სააგენტოები მოდელებს. წელს უფრო გამიადვილდა, რადგან უკვე მიცნობდნენ და ადვილად მომცეს მოდელები.
– „ფეისბუქსზე” ქართველ მოდელებს ნატრობდი.
– იმიტომ ვნატრობდი, რომ ქართული სახეები უფრო შეეფერებოდა ჩემს კოლექციას. თან, ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა – არ ვიცი, ფიგურის გამო, თუ რატომ, ყველა მოდელს დიდი ჰქონდა ტანსაცმელი და ბოლო წამს მიწევდა ტანზე მიკერება. ძვრებოდათ და რა მექნა?! ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ ქართველი გოგონები მსუქნები არიან, უბრალოდ, მათ სხვანაირი ფორმები აქვთ, რაც ჩემთვის უფრო ლამაზია.
– კოლექცია დეტალებით არის გაფორმებული. რთული იქნებოდა მასზე მუშაობა.
– რთული იყო იმ მხრივ, რომ ყველაფერი ზომებში უნდა ჩამჯდარიყო და არ უნდა ყოფილიყო გადატვირთული. მინდოდა, გამეცნო მათთვის, ვისაც არასდროს უნახავს ქართული კულტურა, არასდროს ჰქონია საქართველოსთან შეხება. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ამან გაამართლა, რადგან ამ დეტალებით აღფრთოვანებულები დარჩნენ. ქილებს, რომლითაც კაბები და ჩექმები იყო გაფორმებული, უცხოელებმა ტყვიები დაარქვეს. ქილები ძირითადად, ხისგანაა დამზადებული, თავები აქვს, ზოგს ლითონის ზოგს კი პლასტმასის. ანუ, გამოყენებული გვქონდა ის, რაც საქართველოში მზადდება, უბრალოდ, კოსტიუმის ზომასთან და ფერებთან იყო შეხამებული.
– გამოხმაურება ძალიან კარგი იყო.
– ვფიქრობ, ჩვენებამ წარმატებულად ჩაიარა. უპირველეს ყოვლისა, მინდოდა, იმ ხალხისთვის, ვინც წინა ჩვენებაზე იყო, იმედი არ გამეცრუებინა. რაც წლები გადის, მეტს ვშრომობ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთ ადგილზე არ ვიყო გაყინული. საიტებზე, ბლოგებზე, ყველგან აღნიშნავდნენ, რომ გავიზარდე და უფრო საინტერესო კოლექცია შევთავაზე მაყურებელს.
– კოლექციას „ჩოხა” ჰქვია?
– „ჩოხა” დავარქვი, იმიტომ რომ ჩოხის დეტალები გამოვიყენე. „ფეშენ-ტივი” იყო მოსული, მკითხეს, იდეა საიდან მოგივიდაო და მოვუყევი. კიდევ რას გვეტყვიო, გადმოცემით მახსოვდა, რომ ძველად ქილების ადგილას ტყვიები ედოთ, საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა. ეს რომ ავუხსენი, ძალიან მოეწონათ – მებრძოლი ქალი წარმოუდგათ. განხილვაც იყო ასეთი, რომ მე გავაკეთე მებრძოლი, ძლიერი ქალის ტანსაცმელი, რომელიც იმავდროულად, შეიძლება, იყოს ნაზი და დახვეწილიც. ძლიერი, ქალი კი გავაკეთე, მაგრამ მაინც დავტოვე შიფონები, რომ ქალი ნაზი ყოფილიყო. ლითონის ფირფიტები დავურთე, რომელიც თბილისში გავაკეთებინე. ქვედაბოლოს 800 ფირფიტა ჰქონდა.
– ბევრ სტატიაში ვარცხნილობას და მაკიაჟს გაუსვეს განსაკუთრებულად ხაზი.
– მინდოდა, მოდელებს გრძელი, ქართული ნაწნავები ჰქონოდათ, ოღონდ ცოტა უცხოდ. ამიტომ, ზოგს წინ ჰქონდა ჩამოშვებული, ზოგს ზემოთ აწეული. მაკიაჟის სტილისტს რომ ვესაუბრე და ვუთხარი, ქართული თემა მაქვს გასაკეთებელი-მეთქი, ორი დღე არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და მითხრა, ქართულ ცეკვასაც ვუყურე, ფოტოებიც მოვძებნეო და კოლაჟი გამიკეთა. ეს იმდენად სასიამოვნო იყო, თუნდაც ერთ ადამიანს ხომ გავაცანი ჩემი კოლექციით ქართული კულტურა. თან, ისეთი ფოტოები მოძებნა, მეც არ მქონდა ნანახი.
– ვინ ესწრებოდა შენს ჩვენებას?
– რამდენიმე ცნობილი მომღერალი, ასევე ცნობილი ჟურნალის წარმომადგენლები, ბლოგერები, სტილისტები, კრიტიკოსები, „ფეშენ-ტივი”. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ლონდონში მცხოვრები ყველა ქართველი, ვისთანაც შევძელი მოსაწვევის გაგზავნა, ჩვენებას ესწრებოდა. ხშირად ფიარ-კომპანია წყვეტს, ვინ უნდა მოვიდეს ჩვენებაზე და მე მკაცრად მაქვს დაყენებული საკითხი – ქართველი აუცილებლად უნდა მოხვდეს ჩემს ჩვენებაზე.
– იყო კრიტიკა?
– ჯერჯერობით არ მინახავს კრიტიკა. ბევრმა ჟურნალმა დაწერა ჩემი კოლექციის შესახებ და საერთოდ, ჩვენების შემდეგ ბევრი რამ ხდება. სტილისტებს მიაქვთ კოლექცია გადასაღებად, ინტერვიუებია. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდება ეიფორია და ემოცია.
– ბაიერებიც ნახავდნენ კოლექციას.
– მათ ჩვენებამდე ნახეს კოლექცია და მოწონებაც დაიმსახურა. ყველას თავისი აზრი აქვს. რამდენიმე ბაიერს ძალიან მოეწონა და სურვილი აქვთ, კოლექცია მათ ბუტიკში გაიყიდოს. ახლა, როგორც გითხარი, პარიზში მივემგზავრები, რომ ბაიერებმა ნახონ ჩემი კოლექცია. პარიზის „ფეშენ-ვიქი” მაინც პირველია და მას ყველა ესწრება. ამიტომ, უფრო დიდი შანსია, რომ იქ მოეწონოთ. სხვათა შორის, ჩვენების შემდეგ, კულისებში ბაიერები შემოვიდნენ. ბულგარეთიდან იყვნენ, ბუტიკების ქსელს აკეთებენ – უკრაინაში, ბულგარეთში, პატარა ქვეყნებში ექნებათ ბუტიკების ქსელი. ისინი ჩემი კოლექციით დაინტერესდნენ. ძველი კოლექცია ახლა ზაფხულში გამოვა. ის ჯერჯერობით კიდევ არის ფიარ-კომპანიაში, მაგრამ ახლა ახალმა კოლექციამ შეცვალა. ამიტომ ნიმუშებს საქართველოში ჩამოვიტან და გავყიდი. ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომ სხვაგან გამეყიდა, მაგრამ მირჩევნია, ქართველს ეცვას. დიდი შანსია, გავიარო და ვინმე ვნახო ჩემს კაბაში გამოწყობილი. გერმანიაში რომ გავყიდე, ვიღაცას აცვია, მაგრამ ღმერთმა იცის, როდის ვნახავ. არადა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კოლექციიდან აცვია ვიღაცას შენი კოსტიუმი.
– პარიზიდან საქართველოში ბრუნდები?
– პარიზში 8 მარტამდე ვიქნები, შემდეგ მივდივარ ლონდონში და იქიდან ნიუ-იორკში. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფიარ-კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმე. იქ მიმაქვს კოლექცია, დავტოვებ. ამერიკული მარკეტი არ მიცნობს და მინდა, გამიცნოს.