რატომ ვერ ეტევა დეა არაყიშვილი ნაჩუქარ ავტომობილში და როდის ხდება ის თავზე ხელაღებული
დეა არაყიშვილისთვის 2010 წელი განსაკუთრებულად კარგი და წარმატებული იყო, რადგან ის სწორედ ამ წელს გახდა „მის საქართველო”, რამაც მისი ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალა.
დეა არაყიშვილი: ჩემი მშობლები სულ მეუბნებიან, ძალიან იღბლიანი ხარო. არ ვარ აქტიური, ჩემით არაფრის გაკეთებას არ ვცდილობ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნავენ. პირიქით, სულ სხვებზე ვარ დამოკიდებული, ყველაფერს სხვისი ინიციატივით ვაკეთებ. იღბლიანი რომ არ ვიყო, ბევრ რამეში არ გამიმართლებდა. ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდები, სადაც აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას. სილამაზის კონკურსზე გამარჯვებაც გამართლება იყო, რადგან საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.
– ადვილად შეგიძლია უხერხული, რთული სიტუაციებიდან გამოსვლა?
– ყოველთვის მჩვევია სიტუაციიდან მშრალად გამოსვლა, არასდროს ვიბნევი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშობლები არიან, ჩემზე უფროსები, ბევრჯერ ისინი მე გამომიყვანია რთული სიტუაციიდან, რადგან ასეთ დროს პანიკაში ჩავარდნა არ მჩვევია. ავტომობილის ტარებასაც რომ ვსწავლობდი, ბევრჯერ ისეთი ავარიული სიტუაცია შევქმენი, მამაჩემი გაგიჟდა, პანიკაში ჩავარდა, მე კი მშვიდად, წყნარად ვიყავი, ისე „გამოვძვერი“ არავინ გამიბრაზებია.
– მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი გაქვს?
– საკმაოდ. უნივერსიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კურსი გავიარე. დიპლომატი არაემოციური უნდა იყოს, გაწონასწორებული. სარკის წინაც ვვარჯიშობდი, განსაკუთრებით მაშინ ვმეცადინეობდი, როდესაც უნივერსიტეტში პრეზენტაცია მქონდა და დიდი აუდიტორიის წინაშე უნდა გამოვსულიყავი. ყველა მიმიკაზე ვმუშაობდი, სად უნდა გავჩერებულიყავი, როგორი ტონი უნდა მქონოდა.
– მიმიკებით შეგიძლია, ადამიანის ხასიათი გაიგო?
– ფსიქოლოგიაში პატარა კურსი გავიარე და ეს ძალიან მეხმარება. არის ისეთი რაღაცეები, რაც სხვამ არ იცის, შენ კი იცი და მიმიკებით, საუბრის მანერით ბევრ რამეს ხვდები. შემიძლია, გავიგო მოსაუბრის ემოციური მდგომარეობა, როდის ნერვიულობს, მშვიდად როდის არის, ან გატყუებს – ეს ყველაფერი ადამიანებს სახეზე ეტყობათ.
– რაც, განსაკუთრებით, ალბათ, მამაკაცებთან ურთიერთობის დროს გეხმარება.
– დიახ და, კიდევ, მეხმარება იმაში, რომ მათზე ზეგავლენა მოვახდინო. საერთოდ მომწონს ადამიანებზე ზემოქმედება და, როცა თავად აცნობიერებ, რომ ეს გამოგივიდა, მაგარი შეგრძნება გეუფლება, სურვილი გიჩნდება, კიდევ უფრო მეტი გააკეთო. კაცების შემთხვევაში მით უმეტეს – რაც უფრო მეტს ვაღწევ, უფრო მეტი მინდა.
– მამაკაცის მიმიკებიდან ხვდები, როდის გატყუებს?
– ხშირ შემთხვევაში ვხვდები, თუმცა, ზოგი ამ საქმეში ჩემზე ძლიერია და ვერ მივხვდები. როცა იტყუებიან, ასეთ დროს ძირითადად ნერვიულობენ, მამაკაცს კი ქალზე მეტად ეტყობა ნერვიულობა. ქალი მაინც ეშმაკია, მსახიობი, შეიძლება უფრო ადვილად მოგატყუოს.
– შენც ხარ ეშმაკი და მსახიობი?
– განსაკუთრებით ბოლო დროს გავხდი, მიწევს. ისე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დიპლომატი თუ ხარ, აუცილებლად უნდა იყო მსახიობი. შეიძლება, ერთი ემოცია გქონდეს და მეორის გამოხატვა იყოს საჭირო. ხშირ შემთხვევაში გიწევს თამაში იმის გამო, რომ სიტუაცია არ მოგწონს, ან, უბრალოდ, ზრდილობის გამო არ შეგიძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობ და გიწევს მსახიობობა, პატარა-პატარა ტყუილების თქმა.
– „მის საქართველოდ” ყოფნას ბევრი პლუსი აქვს?
– რა თქმა უნდა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობის მხრივ რამე შეიცვალა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა იცის ჩემ შესახებ, მცნობენ და ჩემი სტატუსი ბევრ რამეში დამხმარებია. თუნდაც, მაღაზიაში რომ შევდივარ, გამყიდვლები მცნობენ და ფასებს მიკლებენ.
– მინუსებიც ექნება.
– სამწუხაროდ, ასეთი კონკურსების გამარჯვებულებს აღიქვამენ, როგორც ლამაზ ქალებს და მეტი არაფერი. რომ უყურებენ, გარეგნობით, ლამაზია, ჰგონიათ, რომ გონებრივად არ უნდა იყოს განვითარებული, ინტელექტის დონე დაბალი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყოველთვის მიწევს რაღაცეების დამტკიცება. ამის გამო ისე დავკომპლექსდი, როდესაც გარეგნობაზე კომპლიმენტებს მეუბნებიან, არ მსიამოვნებს. მირჩევნია, გონებრივ შესაძლებლობებზე მითხრან რამე.
– ალბათ, რაღაცეებზეც გიწევს უარის თქმა?
– მანამდე საკუთარი თავი მე მებარა, დეა არაყიშვილი სად წავიდოდა, არავის აინტერესებდა. ახლა კი, კლუბში რომ შევალ და ფოტოებს გადამიღებენ, ყველამ იცის დეა არაყიშვილი გუშინ კლუბში იყოო – ასეთი მომენტებია. ამიტომ, გიწევს კონტროლი, სად მიდიხარ, ვისთან ერთად, რადგან შენ გვერდით მყოფ ხალხსაც აკვირდებიან. ისეთი თავისუფალი აღარ ვარ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც ხშირად აღარ დავდივარ.
– როგორც ვიცი, მილანის სამოდელო სააგენტოდან გაქვს შემოთავაზებები.
– ქალბატონმა იამ გაგზავნა ჩემი ფოტოები, მოვიდა დადებითი პასუხები და ახლა მოითხოვენ დამატებით ფოტოებს, ინფორმაციას. როდესაც ამ ყველაფერს გავგზავნით, მერე მოგვივა საბოლოო პასუხი.
– შენი ავტომობილი როგორ გრძნობს თავს?
– კარგად არის, მე მიჭირს ცოტა მორგება – პატარაა და ფეხებს ვერ ვტევ. თავიდან, რომ მაჩუქეს, მითხრეს, ჩაეტევიო. სავარძელი მაქსიმალურად უკან მაქვს გაწეული, ვცდილობ, მოვერგო. ძირითადად, ქალაქგარეთ ვატარებ, ქალაქში გადატვირთული მოძრაობაა და ვერიდები.
– თავზე ხელაღებული მძღოლი ხარ?
– ცოტათი ვარ თავზე ხელაღებული, ძალიან მიყვარს სიჩქარე, თუმცა, როცა მე ვზივარ საჭესთან, ვცდილობ, ნელა ვატარო, ბოლომდე არ ვენდობი საკუთარ თავს. მაგრამ, თუ გამოცდილი მძღოლის გვერდით ვზივარ, მაშინ მაქსიმალური სიჩქარის მიცემას მოვითხოვ.
– თაყვანისმცემლებმა შენთან ურთიერთობის მეთოდები ხომ არ შეიცვალეს?
– ჩემი სტატუსის გამო უფრო დაკომპლექსდნენ. ჰგონიათ, რომ მათ ყურადღებას აღარ მივაქცევ, ყველას ზემოდან დავუწყებ ყურებას, შეუძლებელს მოვთხოვ. არადა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სტატუსს ამ მხრივ არ შევუცვლივარ. ასეთი დამოკიდებულება ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ, დიდად არ განვიცდი. ვისაც ჩემთან მართლა უნდა ურთიერთობა, ჩემი სტატუსი არ შეუშლის ხელს, ყველაფერს შეეცდება.
– ალბათ, გვერდით წარმატებული მამაკაცი გჭირდება.
– როდესაც წყვილს შორის ერთი უფრო მეტად წარმატებულია მეორე ამას განიცდის, კომპლექსდება, რაც პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ, ეს რომ ავიცილოთ თავიდან, ჯობია, ქალიც და კაციც წარმატებულები იყვნენ. მე არ მინდა ვინმეს ჩრდილქვეშ ცხოვრება და არც სხვას მოეწონება ჩემი ჩრდილის ქვეშ ყოფნა. არ მინდა ისეთ ადამიანთან, ისეთ ოჯახში ცხოვრება, სადაც მე ვიქნები წამყვანი, რადგან, არ ვარ ისეთი აქტიური ქალი, რომელსაც შეუძლია, ოჯახი მართოს. მირჩევნია, მამაკაცის ფრთის ქვეშ ვიყო, მას ჰქონდეს წარმმართველი როლი და მე უფრო პასიურად ვიყო. მამაკაცური ქალი არ ვარ.
– შენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ფიქრობ?
– სერიოზული არაფერია, უფრო ფლირტის დონეზეა. შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, უფრო მოწონების დონეზე ყოფილა ურთიერთობა. ერთი-ორჯერ მეგონა, რომ სერიოზული გრძნობა იყო, მაგრამ, მერე მივხვდი, ეს ყველაფერი მხოლოდ წარმოდგენა და ილუზიაა.
– თუმცა, როცა ვიღაც მოგწონს, ეს, ალბათ, სტიმულს გაძლევს.
– გინდა, რომ უფრო კარგი იყო, მოტივაცია გაქვს. მე თუ ვინმე მომწონს, ამას არასდროს ვმალავ, მარტო იმას ვუმალავ, ვინც მომწონს. ამ დროს მისი გამოცდის სურვილი მიჩნდება და საშინლად ვაწვალებ. ჩემი მოწონება ამით გამოიხატება – საშინლად ვტანჯავ. როცა ურთიერთობა ფლირტის, მოწონების დონეზეა, ყველას ვერ ვეტყვი, მომწონხარ-მეთქი, მაგრამ, როცა სერიოზულად მეყვარება, ამას არ დავმალავ.