როგორ მოხვდა „ოფისიელის“ ფურცლებზე ქრისტინე ძიძიგურის ფოტოები და ვინ აარჩია ის ოტ-კუტიურისთვის
საახალწლო არდადეგების შემდეგ, ქრისტინე ძიძიგური ისევ პარიზში გაემგზავრა და მოდის სფეროში აქტიურად განაგრძო საქმიანობა. მას ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთი საინტერესო გადაღება და ჩვენება ჰქონდა. იანვრის ბოლოს კი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მისი, როგორც მოდელის, დებიუტი შედგა. ახლო მომავალში ქრისტინეს კიდევ ბევრი საინტერესო სამუშაო აქვს.
ქრისტინე ძიძიგური: 5 იანვრიდან პარიზში ვარ და საკმაოდ აქტიური დღის რეჟიმი მაქვს. ეს პერიოდი პარიზში განსაკუთრებულად აქტიურია, ბევრი სამუშაოა.
– როგორია ამ დროს პარიზი?
– ძალიან ლამაზი. რამდენიმე დღის წინ გაწვიმდა და ვფიქრობდი, პარიზი ყველა ამინდში ლამაზია-მეთქი. თან, თითქოს ყველაფერი ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ერთ-ერთ ქასთინგზე ვიყავი, თუ არ ვცდები, აზარო იყო. ისეთი კარგი გარემო შეექმნათ – ჩვენება კლასიკური მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ძალიან მომეწონა. კოლექციაც ძალიან ლამაზი იყო – საღამოს კაბები, ულამაზესი ინტერიერი. ნამდვილი ფრანგული გარემო იყო შექმნილი. ძალიან ნასიამოვნები წამოვედი.
– როგორც კი პარიზში ჩახვედი, მაშინვე დაიწყე მუშაობა?
– „მეილზე“ მომწერეს, რომ ცოტა ავჩქარებულიყავი და მალე ჩავსულიყავი. მეც მაშინვე წამოვედი პარიზში. დამახვედრეს ქასთინგები. სხვათა შორის, თმა ყავისფრად შემიღებეს. ახლა საფრანგეთში წამოვიდა ტენდენცია – ყავისფერი თმა და განსაკუთრებით მწვანე თვალები, სავიზიტო ბარათია მოდელისთვის.
– თმის შეღებვას ადვილად დათანხმდი?
– კი, ჩემი ბუნებრივი თმის ფერიც ასეთია. ამიტომ, ექსპერიმენტის არ შემშინებია და არც ბევრი არ მიფიქრია. თან, როდესაც სააგენტო რაღაცას გირჩევს, ჯობია, მას დაუჯერო. პრინციპში, მეც მინდოდა შეცვლა, მაგრამ მარტო სურვილი არ არის საკმარისი. მთავარია, მუშაობაში როგორ გამოგადგება. ამ ეტაპზე თმის ეს ფერი მუშაობაში მეხმარება. ქასთინგებმაც იმატა. ხშირად ქასთინგებზე პირდაპირ ითხოვენ, რომ უნდათ ასეთი სიმაღლის გოგონა, ასეთი პარამეტრებით და, თუ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებ სამუშაოზეც აგიყვანენ. გოგონას ყავისფერი თმა, როგორც ამბობენ, უფრო ეშხიანს ხდის და შარმს მატებს.
– რა სამუშაოები გქონდა ამ ხნის განმავლობაში?
– „ლუქ-ბუქებისთვის“ მქონდა გადაღება. ფოტოგრაფებმაც გადამიღეს პროექტებისთვის. ასევე, ვიმუშავე „ბაზარჩიკთან“ კატალოგისთვის. ახლა მაქვს ქასთინგები ჩვენებებისთვის. ერთ ფოტოსესიაზე „პარიჟანკასავით“ გადამიღეს. ზუსტად ისეთი სამოსი მეცვა, რომ პარიზელს ვგავდი, პარიზის ქუჩებში, პარიზის ტექსტილის სახლში გადამიღეს. ძალიან საინტერესო გადაღება იყო. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი ფოტოგრაფის პროექტში ვმონაწილეობდი. ძალიან კარგი გადაღება მქონდა. სპეციალურად ამარჩიეს. გიჟურ სტილში უნდა გადავეღე, ოღონდ „ბიუთი“ უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი „კალგოტკა” ჩამაცვეს, ალბათ, ასე, 40 ცალი, თან სხვადასხვა ფერის. ყველგან „კალგოტკა” მეცვა – ხელებზე, ფეხებზე, მთელს ტანზე, თმაზე, სახეზე. სხვათა შორის, ამ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, კიდევ, სხვა პროექტშიც გადამიღოს. როგორც მითხრეს, ძალიან ფოტოგენური ხარ და შენთან მუშაობა ძალიან მოგვეწონა. ყველაფერი ისე გამოვიდა, არც კი მოველოდით. ბევრად უფრო მაგარი, ძლიერი პროექტი გამოგვივიდოდაო.
– ფრანგებს უყვართ გოგონების „პარიჟანკად” გადაქცევა.
– კი, ძალიან კონსერვატორები არიან. ერთხელ ინგლისური „ვოგი” უნდა მეყიდა, ფრანგული ჯერ ისე კარგად არ ვიცი, რომ ჟურნალი წამეკითხა. გამყიდველმა მითხრა, ფრანგული რომ შემოგთავაზოო. არა, ინგლისური მინდა-მეთქი. მეუბნება, შენ რა, ფრანგული არ იცი? პარიზში ხარ და უნდა ისწავლოო.
– ჩვენებაშიც მიიღე მონაწილეობა?
– საერთოდ, მოდელს აქვს თავისი ხაზი, რომელზეც მუშაობს. ოტ-კუტიური ჩემი ხაზი არ არის, მაგრამ დიზაინერებს მოვეწონე და „ონ აურა ტუტ ვუ-ს” ჩვენებაზე, მაღალი მოდის კვირეულზე გამომიყვანეს. ამ სამოსს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იცვამს, მაგალითად, ლედი გაგა. სიმართლე რომ გითხრა, ვერ წამოვიდგენდი, თუ ოტ-კუტიურიზე მოვხვდებოდი, რადგან ჩემი ხაზი არ არის. როდესაც ახალი და, პარიზისთვის უცხო ხარ, სააგენტო ცდილობს, ჯერ გაგიცნოს ხალხმა, კლიენტებმა, ამიტომ ძალიან სერიოზულ ქასთინგზე ვერ გაგიშვებენ. ანუ, გიშვებენ ისეთ ქასთინგზე, რომელიც იმ მომენტში გჭირდება და იმისთვის მზად ხარ. ნელ-ნელა ცდილობენ გაიზარდო, განვითარდე, კლიენტებმა გაგიცნონ და მერე უკვე გაგიშვებენ სერიოზულ სამუშაოზე. რა თქმა უნდა, თუ თვითონ სამოდელო სახლმა არ გააკეთა შენზე არჩევანი.
– ისევე როგორც ახლა, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამოხვედი.
– კი. დიზაინერებმა ნახეს საიტზე ჩემი ფოტოები, მოვეწონე, შემდეგ პირადად შემხვდნენ, მოკლედ, მთლიანად შემამოწმეს, გამზომეს, ნახეს როგორ დავდიოდი პოდიუმზე, ჩამაცვეს თავისი სამოსი, ფოტოებიც გადამიღეს. მერე უკვე თავისი ფეხსაცმლით გამატარეს. მოკლედ, ამდენი რაღაცის მერე ამირჩიეს.
– რა ხდებოდა ჩვენებაზე?
– პრინციპში, ოტ-კუტიურზე ჩემი დებიუტი შედგა. ამიტომ, ეს ჩვენება ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ექვსის ნახევარზე მივედით ადგილზე, დავიწყეთ მაკიაჟის გაკეთება. სახის მასაჟიდან დაწყებული, ყველაფერს გიკეთებენ. ეს ერთგვარი განტვირთვაც არის. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა, ყველა მობილიზებული იყო, იცოდა თავისი დრო და ადგილი.
– კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
– ჩემთვის მთავარი იყო, რას მეტყოდნენ დიზაინერები. თავიდან იმის შემეშინდა, რომ პოდიუმზე ფეხსაცმელი ძალიან ცურავდა, ვფიქრობდი, ღმერთო, ოღონდ ახლა, ჩემს დებიუტზე რამე არ მომივიდეს-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენების შემდეგ, „ვიაიპ“ კლუბში „ავთერ ფართი“ გაიმართა. მთელი კლუბი ბუმბულებით იყო მორთული, რადგან მათი კოლექციაც ბუმბულებითა და სვაროვსკის თვლებით იყო გაწყობილი. პარალელურად, ჩვენების ჩანაწერი გადიოდა. მეც მივედი დიზაინერებთან, ვკითხე მათ კმაყოფილი თუ ხართ ჩემით-მეთქი? კი, ძალიან მოგვეწონა შენი გამოსვლა, პოზირება და ამის შემდეგ, სულ იქნები ჩვენს ჩვენებებზეო... ისეთი ბედნიერი ვიყავი, ყველაფერმა ძალიან ფრანგულად, „სვეცკურად“ ჩაიარა.
– სააგენტოში არ შეგაქეს?
– სააგენტოში აუცილებლად გეტყვიან კარგსაც და ცუდსაც, თან ყველაფერს ისე ზუსტად, რომ, არც მოგიმატებენ რამეს და არც დაგაკლებენ. ოტ-კუტიურიზე რომ მოვხვდი, ეს სააგენტოში დიდ პლუსად გეთვლება. შენი პირველი კლიენტი მაინც სააგენტოა, იქ უნდა მოსწონდე, რომ მერე მათ სადმე გაგგზავნონ.
– შენი ფოტო ჟურნალ „ოფისიელში” დაიბეჭდა.
– „ოფისიელმა” ოტ-კუტიურიზე გააკეთა კატალოგი, რამდენიმე ჩვენება და გოგონას ფოტო იყო არჩეული. მათ შორის მეც მოვხვდი, ძალიან გამიხარდა, თან შემთხვევით ვნახე. ჟურნალები უნდა მეყიდა და დათვალიერებისას, სრულიად შემთხვევით წავაწყდი. ვერც ვიოცნებებდი, თუ ასე უცებ „ოფისიელში” მოვხვდებოდი, მის ფურცლებზე ვიხილავდი საკუთარ ფოტოს.
– ალბათ, ბევრი საინტერესო რამ ხდება პარიზში.
– ოტ-კუტიურის შემდეგ პარიზში მოეწყო მსოფლიო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა. იქ ის ქსოვილები გამოიფინება ხოლმე, რომელიც ოტ-კუტიურის შემდეგაც შემოვიდა მოდაში. გამოფენა პარიზთან ახლოს ჩატარდა. გამოფენების პარკში კილომეტრებზე იყო გადაჭიმული. ყველაფრის სათითაოდ ნახვას ვერც მოასწრებდი. წელს შემოგვთავაზეს გახუნებული ფერები და, ასევე, ფერადი ქსოვილები. ძალიან საინტერესოა. ჩავლით, შორიდან თითქმის ყველაფერი ვნახე, მაგრამ ისე, რომ თითოეულ ქსოვილს შეეხო, აღიქვა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია.