„ინსპექტორები“ და საწვიმარი – გაზაფხულის ჩაცმულობის მთავარი მოტივები ტყუპი დიზაინერებისგან
ძმების დინ და დეინ კატენებისგან ყოველთვის შოკის მომგვრელ ჩვენებას ველოდებით, რომლის პირველივე კოსტიუმი ნამდვილ ცეცხლს ანთებს პოდიუმზე. 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენების გახსნა ჩვენი მოლოდინისგან განსხვავებული იყო. პირველი მოდელი რომანტიკულ, ყვავილებიან შორტებსა და თხელ პიჯაკში გამოწყობილი გამოვიდა „კეტვოქზე“. მის ჩაცმულობას ოდნავ ოფიციალურობას სძენდა თხელი თეთრი პერანგი და დიდი, გამჭვირვალე, ვითომ ნომრიანი სათვალე. მოდის კრიტიკოსებისთვის ნამდვილი შოკი იყო „ინსპექტორები“ –მამაკაცის დაბალძირიანი ფეხსაცმელი, რომელიც ერთნაირად კარგად იყო შეხამებული როგორც მოკლე „საფარის“ სტილის კაბასთან, ისე ჯინსის შარვალსა და შორტებთან. ყველაზე საინტერესოდ კი ამ სტილის ფეხსაცმელზე თეთრი წინდა გამოიყურებოდა. ეს კომბინაცია მაიკლ ჯეკსონის სტილს მოგაგონებდათ იმ განსხვავებით, რომ პოპის მეფეს „ინსპექტორების“ ნაცვლად მომავალში უკვე „ჯეკსონებად” წოდებული ფეხსაცმელი ეცვა.
ჩვენებას ბევრი ჯინსის გარეშე მაინც არ ჩაუვლია, რაც „დისქვარდის” ნამდვილი სავიზიტო ბარათია. სწორედ ტყუპი ძმების ჯინსებია დღესდღეობით ყველაზე პოპულარული და ძვირად ღირებული მთელ მსოფლიოში. მათი ჯინსები ქმნის ამ ყველაზე კომფორტული, ყოველდღიური სამოსის ტენდენციებს მთელ მოდის სამყაროში. ამ სეზონსაც არ ჩაუვლია ახალი ტენდენციების გარეშე. მართალია, თბილისში ჯერჯერობით უარს ვერ ვიტყვით ეგრეთ წოდებულ „ბოიფრენდებზე”, მაგრამ „დისქვარდმა“ უკვე სხვა ტიპის შარვალზე გააკეთა აქცენტი. მათი ჯინსი კოჭს ზემოთ აკეცილი და ტანზე კარგად შემოტკეცილია. რაც შეეხება შორტებს, დიზაინერებმა აქცენტი ოდნავ განიერ მინაკეცებზე გააკეთეს, რასაც ამშვენებდა თეთრი პერანგი და ნაზი, სადა, ღია ნაცრისფერი ჟაკეტი.
კოლექციას აშკარად ეტყობოდა ბიჭური სტილის გავლენა: „ინსპექტორები“, თეთრი წინდები, მუხლზემოთ გადაჭრილი უჯრედებიანი შორტები, თეთრი პერანგი და მხრებზე მოგდებული თხელი სვიტერი გოლფის მოთამაშე მილიონერ ბიჭუნას მოგაგონებდათ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ზედმეტი იყო ჩალის საზაფხულო შლაპა და დიდი, გამჭვირვალე სათვალე, რომელიც სულ ტყუილად ცდილობდა, ამ კოსტიუმისთვის საპლაჟო იერი მიეცა. მაგრამ, კარგად იყო კომბინირებული სხვა კოსტიუმი – აკეცილი ჯინსი, თხელი, კაკაოსფერი საწვიმარი, ზოლებიანი პერანგი და დიდი მწვანე ჩანთა – ქუჩის სტილის იდეალურ ანსამბლად შეგვიძლია, მივიჩნიოთ.
მცირე რაოდენობით, მაგრამ კოლექციაში მაინც იყო გამოყენებული ტყავი. ვერ ვიტყვი, რომ ის გაზაფხული-ზაფხულის ამ ჰაეროვნებას და ფერადოვნებას ძალიან უხდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგი „ჩაწოდება“ იყო იმ კოსტიუმებისთვის, რომლებიც ერთიანობაში ცდილობდნენ, მოდელები კოლეჯის გოგონებისთვის დაემსგავსებინათ.
არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ დახვეწილი, კლასიკური მამაკაცური სტილი. „დისქვარდი” გვირჩევს, გაზაფხულს ძველი ტყავის დიპლომატით, ბეჟი შარვლითა და მკაცრი თეთრი პიჯაკით შევხვდეთ. პიჯაკები და შარვლები მრავლად იყო. ტყუპები დიდად არც ფერებში შეიზღუდნენ, თუმცა, ერთი ტრენდის გათვალისწინებას აუცილებლად გვირჩევენ: თუ ჩვეულებრივი ქსოვილის და არა ჯინსის შარვლის ჩაცმას გადაწყვეტთ, აქცენტი აუცილებლად მაღალწელიან, განიერ, ფართხუნა შარვალზე გააკეთეთ.