მე და ჯარი ვმუშაობთ
„არის, ასრულდა ოცნება, მას ლექსიკონი ჰქვია“
ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უკვე თამამად შეუძლია, შემოსძახოს: „არის, ასრულდა ოცნებაო“, არა იმიტომ, რომ ოკუპანტები განდევნა თავისი ქვეყნიდან ან აწი დედაავღანეთში დაიცავს დემოკრატიის მაღალ იდეალებს, არამედ იმიტომ, რომ მათი რიგებიდან ამიერიდან და სამარადჟამოდ საბჭოთა სამხედრო ტერმინოლოგია განიდევნა (ანუ „მას ლექსიკონი ჰქვია“)! განიდევნა, ვინაიდან ქართულ-ინგლისურმა სამხედრო ლექსიკონმა მზის სინათლე იხილა. ლექსიკონში კი, არც მეტი, არც ნაკლები, 9 500 სამხედრო ტერმინია მოტანილი (თანაც ისეთები, რომლებსაც თვით ნატოელი სამხედროები იყენებენ!). ჩვენებური სამხედროფორმიანები აღტაცებას ვერ მალავენ: ეს ლექსიკონი ნატოსთან ინტეგრაციისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯიაო (მეორე მხრივ, თუ სამხედრო ამოცანების შესრულების თვალსაზრისით ვერ მივდევთ მხარდამხარ ნატოელებს, ტერმინების ცოდნა-თარგმნაში მაინც გავუტოლდეთ, ის მაინც რომ არ გვითხრან, „ტოლი ნახეთ, კოჭი გააგორეთო“). ერთ-ერთმა სამხედრომ ისიც კი თქვა, უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის ჯარისკაცი გვყავს და რა შეუძლია ქართველ ჯარისკაცსო (თუ ჯერაც ვერ მიხვდა, სიამოვნებით მოვახსენებ, ოღონდ, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ, მტერმა რომ ვერ გაიგოს). თუმცა, როგორც უნდა იყოს, მთარგმნელებიც და ადრესატებიც დარწმუნებული ბრძანდებიან, რომ ეს ლექსიკონი ქართველი სამხედროების სამაგიდო წიგნი გახდება, რაც სავსებით ლოგიკურია: სანამ ბრძოლას ისწავლიან, მაგიდასთან იმუშაონ.
ნინო ხაჩიძე