არის თუ არა ფლირტი ღალატისკენ გადადგმული ნაბიჯი და რატომ უწოდებენ მას ნარკოტიკს
ორი ადამიანის ურთიერთობა ყოველთვის გულისხმობს სირთულეებს, კომპრომისს და ზოგჯერ, სრულიად გაუთვალისწინებლად მთავრდება. საქმე ისაა, რომ ყველაფერს ვერც გათვლი და ვერც დაგეგმავ. არ შეიძლება, ადამიანის ბოლომდე შეცნობა და მისი საქციელის სრულად პროგნოზირება, მით უფრო, როცა ეს ურთიერთობა გრძნობებს ემყარება. თქმა იმისა, რომ სასიყვარულო თამაშები არ მოითხოვს განსაკუთრებულ დაფიქრებას, ან ფლირტი მთლიანად მოკლებულია სერიოზულობას, მცდარია. ფლირტი ძალიან სერიოზულია. ის უკვე არის ურთიერთობა და როგორი დაოსტატებულიც არ უნდა იყო ამ ხელოვნებაში, შეიძლება, მისი შედეგი სრულად წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს. ეს არ არის უწყინარი გასართობი. მას შეუძლია, დამოკიდებულიც გახადოს ადამიანი. ასე მიაჩნია ზოგიერთ ფსიქოლოგს. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სამსახურებრივი ფლირტი აკრძალულია და ასეთი გართობის მოყვარული დაუყოვნებლად ტოვებს სამსახურს. „ფსიქოლოგიური ნარკოტიკი” არანაკლებ საშიშია – ჩვეულებრივზე.
დეიკო (39 წლის): ძალიან სერიოზული პრობლემა მაქვს. ჩემი ოჯახი და ქმართან ურთიერთობა, როგორც იტყვიან, ბეწვზე კიდია. თავის მართლებას არ შევეცდები, მაგრამ რატომღაც მგონია, ამ ყველაფერში მარტო მე არ ვარ დამნაშავე. ფაქტია, რომ ქმარი მიყვარს და მისი ღალატი ფიქრადაც არ გამივლია, მაგრამ ის მახე, რომელშიც გავები, ჩემი დაგებულია. მართალია, შეუგნებლად და არა წინასწარი განზრახვით, მაგრამ საქმის არსს ეს საერთოდ არ ცვლის.
– დიდი ხანია, გათხოვილი ხართ?
– თორმეტი წელი სრულდება. ვერ ვიტყვი, რომ ამ ხნის განმავლობაში, პრობლემები არ მქონია, ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობას ვგულისხმობ. ორი შვილი გვყავს და სულ მიმაჩნდა, რომ ჩვენი ოჯახი შედგა. ზომიერად ეჭვიანი ადამიანი ვარ, საკმაოდ რეალისტიც, მაგრამ ჩემს ქმარს აშკარად არასოდეს მოუცია იმისი საბაბი, მეეჭვიანა და ამის გამო, სკანდალი ამეტეხა. ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი ზომიერად არის. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ პერიოდამდე ასე იყო, სანამ მე არ გამიჩნდა იმის კომპლექსი, რომ ჩემს ქმარს შეიძლება, მოვბეზრდი.
– თქვენ თქვით, რომ ქმარს ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მოუცია, ეს კომპლექსი რატომ გაგიჩნდათ?
– რა ვიცი. ვფიქრობ, უფრო გარეშე ფაქტორებმა განაპირობა. იზოლაციაში არ ვცხოვრობ, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. ვკითხულობ, მესმის, ვხედავ... რამდენიმე ცუდი მაგალითიც მქონდა. ერთი რომ შემოგტირებს, მეორე და მესამე... მერე შენც გაგიჩნდება ეჭვი და შიში, ვაითუ, ხვალ მეც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეო, ვაითუ, მეც მიღალატოსო.
– სხვისი ცხოვრება მაგალითად არ გამოგადგებათ.
– როგორ არ გამოდგება. ოღონდ, საკმარისი ჭკუა და გამოცდილება უნდა გქონდეს. ამ შემთხვევაში, მე საკუთარ თავს ვგულისხმობ. ის გზა, რაც მე ავირჩიე, ქმართან ურთიერთობის გადასახალისებლად, შეიძლება, სწორი იყო, მაგრამ ჩემთვის უცხო. რაც კარგად არ იცი, ის საქმე არ უნდა აკეთო. მე არასდროს მქონია ფლირტი მამაკაცებთან. მით უფრო, მას შემდეგ, რაც გავთხოვდი, საერთოდ აღარ გამიხედავს არც ერთი მამაკაცისკენ.
– თქვენ ამას შეცდომად მიიჩნევთ?
– რა თქმა უნდა, თანაც სერიოზულ შეცდომად. გათხოვება არ ნიშნავს საკუთარი ქალურობის დასამარებას. ქალურობის დასამარებაა ის, როცა აღარ გინდა, რომ სხვა მამაკაცები კომპლიმენტებს გეუბნებოდნენ. უფრო სწორად, ძალიანაც გინდა, მაგრამ ეს ღალატის ტოლფასი გგონია და სურვილს იკლავ. მამაკაცები ასე არ იზღუდებიან და არც კომპლექსდებიან. არ შეიძლება, იძულებით თქვა უარი ბუნებრივ მოთხოვნილებაზე. კეკლუცობა ქალისთვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
– საკუთარ ქმარს რომ ეკეკლუცო, არ შეიძლება, თუ ამას „მუღამი” არ აქვს?
– რა არის იცით? – მარტივად გეტყვით. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, – ხომ გაგიგიათ. ადამიანს რომ ეჩვევი და მას ყველანაირ მდგომარეობაში ჰყავხარ ნანახი – თმაგაწეწილიც, დაუბანელიც, ჩაუცმელიც, შეუღებავიც, ავადმყოფიც და კარგადმყოფიც, ეკეკლუცე რამდენიც გინდა, რითღა გინდა გააკვირვო. ძალიან ძნელია. არ მეთანხმებით?
– გეთანხმებით, რთულია. ამიტომაც აქვთ ცოლებს ფსიქოლოგიური პრობლემები, ნევროზები და დეპრესიები.
– სწორედ ამისი თქმა მინდოდა. ქალები ძალიან შესაბრალის და რთულ მდგომარეობაში ვართ. ქალები რა, კონკრეტულად, ცოლები. მამაკაცს არა აქვს შიში, რომ ცოლს ის მობეზრდება – ვეღარ დააინტერესებს და ავტომატურ რეჟიმში მიჰყვება ცხოვრებას. ცოლის მხრიდან ერთგულება ხელმოწერილი საგარანტიო წერილივით, ჯიბეში უდევს.
– მთლად ასეც არ არის. უკვე ბევრი ქმარიც ხდება ღალატის მსხვერპლი.
– არა, არა. ეგ მაინც გამონაკლისი შემთხვევებია. საქართველოში ქმრები ჯერ ისევ „ბლატაობენ“ ცოლების ერთგულებით და ამას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ. ღმერთმა ყველას თავისი გზით გაუმარჯოს, მაგრამ მე რომ პირველივე შემხვედრს ლოგინში არ ვუწვები, ეს მთლიანად ჩემი დამსახურებაა და არა ჩემი ქმრის. ის საერთოდ არაფერ შუაშია.
– რატომ, მისდამი პატივისცემა არაფერს ნიშნავს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ოღონდ, სწორად გამიგეთ. ძალიან ბევრი პატივსაცემი ქმარი ვიცი ცოლს თავზე ლაფი რომ დაუსხამს. მამაკაცი, რომ ცოლის ერთგულია, ეს მისი ხასიათიდან, მისი ბუნებიდან გამომდინარეა და არა იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი ქალი ერგო ცოლად.
– ალბათ, მართალი ბრძანდებით.
– რა თქმა უნდა. მე არასდროს ვუღალატებ ქმარს, რადგან ეს ჩემს ხასიათში, ჩემს ბუნებაში არ „ზის”. ხომ გესმით ჩემი?! რაღაც დოზით, მაინც უნდა გქონდეს იმის ალბათობა, რომ ღალატი შეგიძლია. სხვანაირად, ვერ უღალატებ და არ უღალატებ. ვერ გადალახავ შინაგან ბარიერს, რომელიც ამის გაკეთებაში გიშლის ხელს. მთავარი სწორედ ეს ბარიერია და შეიძლება, ამიტომაც არ მქონია შიში, რომ როდისმე დავდგებოდი ამ ცდუნების წინაშე. როცა გადავწყვიტე, რომ ფლირტით უნდა შემექცია თავი, შიში არ მქონია, რომ ეს რამე სერიოზულობაში გადაიზრდებოდა.
– ანუ, ეს მიზანმიმართული, დაგეგმილი ფლირტი იყო.
– დიახ, რომელიც მე, ჩემი ქალურობის ბოლომდე გამოსავლენად და საკუთარ თავში დასარწმუნებლად მჭირდებოდა. ხომ იცით, რომ როცა ქალი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული, ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მე და ჩემი მეუღლე ისეთ ასაკში ვართ, როცა ურთიერთობაში კრიზისამდე ნახევარი ნაბიჯია. როცა შემთხვევაზე და იღბალზე ხარ დამოკიდებული. მე ვერ ვიქნებოდი მხოლოდ ჩემი ქმრის კეთილსინდისიერების იმედად. ამ ასაკში მამაკაცებს „მეორე სუნთქვა” ეხსნებათ და თვალები აქეთ-იქით გაურბით. ეს ყველაზე სახიფათო პერიოდია. ცოლს განსაკუთრებული მობილიზაცია და ყურადღება სჭირდება, რომ ქმარი ხელიდან არ დაუსხლტეს. ისინი ხომ ძალიან ადვილად ებმებიან მახეში და სისულელეებსაც ადვილად აკეთებენ. გადავწყვიტე, საკუთარი თავი ცოტათი „შემენჯღრია”, ქმრისთვის სტიმული მიმეცა, სხვა მხრიდან დავენახე, სხვა კუთხით, ცოტა ახლებურად. ამისთვის, ყოველდღიურობის გამრავალფეროვნება მჭირდებოდა. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ფლირტი ამ სიტუაციაში წამადგებოდა.
– ფლირტი რატომ?
– იმიტომ, რომ ფლირტის შესახებ ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მქონდა როგორც ლიტერატურიდან, ისე მონაყოლიდან. მე სულ ვკითხულობ ისეთ მასალებს, სადაც ცოლ-ქმრის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზეა რჩევები. ფლირტზე ყველა ფსიქოლოგი ამბობს, რომ საუკეთესო მასტიმულირებელი საშუალებაა, ურთიერთობებს ახალისებს და ამრავალფეროვნებს.
– ის არსად წაგიკითხავთ, რომ ფლირტს ნარკოტიკს ადარებენ? რომ ის ძალიან ბევრ ქვეყანაში, სამსახურებში აკრძალულია?
– არა, ნამდვილად არ ვიცოდი. თქვენგან მესმის პირველად. ნარკოტიკს რატომ ადარებენ, მასზე დამოკიდებულს გხდის და იმიტომ? პრინციპში, გეთანხმებით. მე რაღაც მსგავსი დამემართა. რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი. ეს ბუნებრივად მოხდა. იცით, თამაშია ფლირტი და თუ ცოტათი მაინც აზარტული ხარ, აუცილებლად ჩაგითრევს. შეუძლებელია, გაუძლო ცდუნებას და არ აგიყოლიოს. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ მე დავუშვებდი, ფლირტი სერიოზულ ურთიერთობაში გადამეზარდა ან ღალატამდე მივიყვანდი საქმეს, მაგრამ პრობლემები მაინც შემექმნა. რაღაც-რაღაცეები ვერ გავითვალისწინე, ან შეიძლება, გამოცდილება არ მეყო. არ არის ადვილი, ემოცია მთლიანად „გამორთო” და მარტო გონებით იმოქმედო.
– როგორც მივხვდი, ფლირტი თანამშრომელთან გქონდათ.
– დიახ, ერთ ოფისში ვმუშაობთ, სხვადასხვა განყოფილებებში. ცოლი არ ჰყავს და ვამჩნევდი, რომ ცოტა „სხვანაირად” მიყურებდა. მეც ერთხელ ცოტა „სხვანაირად” გავუღიმე და დაიწყო.
– ანუ, აგყვათ.
– კი, ამყვა. ხომ გითხარით, აშკარად მოვწონდი-მეთქი და არც მალავს ამას. მაგრამ, რადგან გათხოვილი ვიყავი, ბუნებრივია, ერიდებოდა პირველი ნაბიჯის გადადგმას. ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი მე და შესაძლოა, სწორედ ეს არის ჩემი დანაშაული. გულახდილად რომ გითხრათ, ვერ მივიჩნევ თავს დამნაშავედ, რადგან ყველასგან მარტო ერთი რაღაც მესმოდა: ფლირტი, დაოჯახებული ადამიანების „მსუბუქი გასართობიაო”. ამიტომ, მართლა არ მიფიქრია, რომ რამეს ვაშავებდი.
– ჰო, მაგრამ ფლირტი თუ ნარკოტიკია და ამას ვაღიარებთ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი არ არსებობს.
– გეთანხმებით. მაგ ლოგიკით ნარკოტიკი ნარკოტიკია, მაგრამ ხომ აგიხსენით, მე რა მიზანი და მიზეზი მქონდა. დღესაც არ ვამბობ, რომ ფლირტი ღალატისკენ გადადგმული ნაბიჯია. ნაბიჯის გადადგმა ხომ მარტო შენზეა დამოკიდებული. მარტო შენ საზღვრავ, საით უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი – მარჯვნივ, მარცხნივ თუ პირდაპირ. მე არც მიფიქრია, აზრადაც არ გამივლია, რომ ჩემი გართობა ღალატამდე მიმიყვანდა. რა სისულელეა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთობა ფლირტით და არანაირი პრობლემები არ ექმნებათ.
– მე კი გეტყვით, რომ უმრავლესობას პრობლემები ექმნება.
– არ ვიცი, შეიძლება, თქვენ უკეთესად ხართ ინფორმირებული, მაგრამ მე ზუსტად გეტყვით, რატომ შემექმნა პრობლემა. ჩემი ერთი თანამშრომლის გამო, რომელსაც კონკრეტული მიზნები ჰქონდა ამ მამაკაცის მიმართ. ცუდი ის არის, რომ ინტრიგების ხლართვა დაიწყო. მოსულიყო პირდაპირ და ეკითხა, რა მაკავშირებდა ამ ადამიანთან. ამით მორჩებოდა ყველაფერი.
– რას ეტყოდით, უბრალოდ ვერთობი, რომ საკუთარი ქალურობა დავამტკიცოო?
– არა, მაგას არ ვეტყოდი. უბრალოდ, ავუხსნიდი, რომ ჩემგან არანაირი საფრთხე არ ელოდა. რა უნდოდა, ამის თქმას. მე ისეთი არ ვარ ვიღაცას გზაზე გადავეღობო და ცხოვრება გავუმწარო. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს კაცი მოსწონდა და მის მიმართ, სერიოზული მიზნები ჰქონდა. მე მართლა ვერთობოდი და რაღაც პერიოდი, ძალიან კარგად ვიყავი. ქალს სჭირდება კომპლიმენტიც და კაცის ყურადღებაც. მე კარგი ქმარი მყავს, ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ბოლოს როდის მითხრა კომპლიმენტი, არ მახსოვს. შეჩვეულები ვართ უკვე ერთმანეთს და იმიტომ. მე განა ვადანაშაულებ მას. მართალია, მამაკაცმა უნდა შეძლოს და ცოლი ხანდახან გაანებივროს, ეს მათი ურთიერთობისთვისაც აუცილებელია. მე რატომ დავიწყე ფლირტზე ფიქრი? იმიტომ, რომ ეს რაღაც მაკლდა. ქალი ხარ ბოლოს და ბოლოს. აბა, რისთვის გინდა ტანსაცმელი, მაკიაჟი ან ის, რომ კარგად გამოიყურებოდე?
– საკუთარი თავისთვის.
– არ არის ასე მარტივად საქმე, დამიჯერეთ. კი, ასე ამბობენ. კი, ქალი უპირველესად საკუთარი თავისთვის ირთვება და იკაზმება, მაგრამ გულახდილად მითხარით, სულ მარტო რომ იყოთ და არავინ იყოს თქვენი დამნახავი, ჩაიცვამთ და მოიკაზმებით? ხომ თმასაც არ დაივარცხნით. ქალების უმრავლესობა, რომ თხოვდება, საერთოდ აღარ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე.
– და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა.
– გეთანხმებით. შეცდომაა, მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? – იმიტომ, რომ სტიმული აღარ აქვთ. მართალია, ამას არ აღიარებენ და გეტყვიან, რომ დრო აღარ აქვთ; რომ ოჯახი, ქმარი, შვილები მათ მთელ ენერგიას ართმევს, მაგრამ დამიჯერეთ, იტყუებიან. სტიმულია მთავარი. როცა ქალი კონკრეტული ადამიანისთვის კოხტავდება და „ფორმაში დგება”, ეს მას მაშინვე ეტყობა. თვალებიც უციმციმებს და გამოხედვაც სხვანაირი უხდება. მთლიანად იცვლება უკეთესობისკენ. ხვდებით, რისი თქმა მინდა?!
– დიახ, ვხვდები. თქვენ ფიქრობდით, რომ სხვა მამაკაცთან ფლირტი თქვენზე ისე აისახებოდა, რომ ქმარი ხელახლა აღმოგაჩენდათ?
– დიახ. სწორად გამიგეთ. კაცებსაც ხომ აქვთ ფლირტი, რომანებიც. როგორ გგონიათ, რატომ აკეთებენ ისინი ამას? ცოლებზე უკეთესი ქალების მიმართ უჩნდებათ ინტერესი? – არანაირად. საკუთარ მამაკაცურობას ამტკიცებენ, ისევ საკუთარ თავთან. ძალიან ცუდია, რომ მე პრობლემები შემექმნა და ლამის ოჯახის დანგრევის საფრთხის წინაშე ვდგავარ. სულ არაფრისგან ატყდა ქარიშხალი. იმ გოგომ მთელი სამსახური შემიყარა და „უზნეო დედაკაცის” იარლიყი ისე მომაწება, თვალი არ დაუხამხამებია. არაფერს ვაშავებდი, სულ არაფერს. ჩემთვის ცოტას ვკეკლუცობდი. რამდენჯერმე ყავა დავლიეთ ერთად და ვუღიმოდით ერთმანეთს. ამის გამო ოჯახი უნდა დამენგრეს? გავგიჟდები.
– ესე იგი, ფლირტი მაინც ანგრევს ოჯახს.
– ანგრევს, თუ ის საქვეყნო და „სამარცხვინო” ხდება. კუდები არ უნდა გამოებას და უზნეობის ელფერი არ უნდა „მიაწებონ“ ვიღაც-ვიღაცეებმა.
– მიხვდით, რატომაც არის აკრძალული ზოგან სამსახურებრივი ფლირტი?
– კი, მივხვდი, მაგრამ ახლა ეს ვერაფერი შეღავათია ჩემთვის. ჩემი ქმრის ყურამდე რომ მივიდეს ეს ამბავი, დავიღუპები. ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. ჩემი ქმარი რომ ვერ გამიგებს, ხომ დარწმუნებული ხართ ამაში? ვფიქრობდი, დავლაპარაკებოდი იმ გოგოს ადამიანურად, თბილად, მაგრამ შეიძლება, უარესი გააკეთოს. დამემუქრა, რომ ჩემს ქმარს მესიჯს მისწერდა და აუხსნიდა, რითი ვარ მე სამსახურში დაკავებული. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ხომ გესმით ჩემი და ხვდებით, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. შიშით ვაღამებ და ვათენებ. მოსვენება მაქვს დაკარგული. ნეტავი, მამაკაცებს ესმოდეთ ქალების, საკუთარი ცოლების მაინც. მაშინ ამდენი პრობლემაც არ იარსებებდა.