ინტიმური საუბრები
მალე მამა გავხდები
ამ წერილით მინდა, მადლობა ვუთხრა ქალს, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ, რომელმაც ამომიყვანა ჭაობიდან და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა, რომელმაც თვალი ამიხილა და ხელახლა მაქცია ადამიანად. ეს ქალი ახლა ჩემი ცოლია და მე ის სიგიჟემდე მიყვარს. საქმე ისაა, რომ სტუდენტობისას, ერთ-ერთი ძმაკაცის დაბადების დღეზე სიმთვრალეში „გამასინჯეს” ნარკოტიკი. მერე ისევ იმ ბიჭმა, რომელმაც მაშინ იქ მოიტანა წამალი, ისევ მოიტანა ჩემს ერთ-ერთ ძმაკაცთან და, შეიძლება ითქვას, ძალით გაგვაკეთებინა. ჩვენც ჭკუა არ გვეყო, უარი გვეთქვა და იქიდან გაგვეგდო. ასე ნელ-ნელა შეგვაჩვია და წამალზე დამოკიდებულები რომ გაგვხადა, მერე დაიწყო ჩვენი „გატყავება”: ნარკოტიკს მოიტანდა და ფულს ჩვენ გვახდევინებდა. როცა ფული არ გვქონდა, სახლიდან ვიპარავდით ნივთებს, იაფად ვყიდდით და იმ ბიჭს ისე ვუხდიდით. ძალიან გვიან გავიგე, რომ თურმე „ბარიგები,” რომლებიც თვითონაც არიან წამლის მომხმარებლები, შეძლებული ოჯახის შვილების ჩათრევას ცდილობენ ხოლმე, რომ მერე იდიოტები (მეც ასეთი ვიყავი) „მეწველ ძროხებად” ჰყავდეთ. ერთი სიტყვით, ისეთი უნებისყოფო გამოვდექი, რომ მთლიანად მოვექეცი იმ ნაძირალას გავლენის ქვეშ და ისე ჩავიძირე, რომ ყველაფერი მივატოვე – სწავლაც, სამსახურიც, ოჯახის წევრები ხომ დავაავადე, ისეთ დღეში იყვნენ ჩემ გამო. როგორ არ მებრძოდნენ ჩემი მშობლები, რა გზას არ მიმართეს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. მერე, სრულიად შემთხვევით, გავიცანი ლალი. თავიდანვე მომხიბლა თავისი საოცარი ხასიათით. გარეგნობითაც ლამაზი გოგო იყო, მაგრამ თვისებები აღმოაჩნდა ისეთი, გაცნობიდან ერთ კვირაში უგონოდ შემიყვარდა. თითქოს ძალიან რბილი და სათნო ხასიათი ჰქონდა, მაგრამ საოცარ შინაგან ძალას ფლობდა – მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ ხბოსავით ვემორჩილებოდი ყველაფერში. მისი წყალობით, ნელ-ნელა ჩამოვშორდი იმ წრეს, რომლის გამოც ყველა და ყველაფერი დავკარგე, ნარკოტიკებსაც ნაკლებად ვეტანებოდი. თუმცა, მთლიანად მაინც ვერ შევეშვი. ერთხელ კი, თვითონ ვუთხარი, ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, რადგან ჩემს ხელში უბედური ქალი იქნები. თანაც, შენი ოჯახი უფლებას არ მოგცემს, ჩემნაირ ნარკომანსა და ჩაშვებულ ბიჭს გაჰყვე ცოლად-მეთქი. მან კი მითხრა, შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ და თუ შენც გინდა, ხვალვე მოვაწეროთ ხელიო. მე რა თქმა უნდა, სიხარულისგან გადავირიე, ჩემებსაც ვახარე ეს ამბავი, მაგრამ, დედაჩემმა მითხრა, თუ უპატრონო არ არის, შენ ვინ გამოგატანს შვილსო. ისე მეწყინა, ვერ აგიწერთ. მაგრამ მართალი იყო და ამიტომ გულში ჩავიკალი წყენა და მშობლებს ვთხოვე, ლალის მშობლებთან მისულიყვნენ და ყველაფერი ტრადიციულად გაეკეთებინათ. მამაჩემმა უარი მითხრა – ჩემი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად შენნაირი ბიჭის მშობლები რომ მოვიდნენ, კინწისკვრით გავყრიო. რა უნდა მექნა. ლალის ყველაფერი ვუთხარი, მან კი დამამშვიდა, მე თვითონ მოვაგვარებ ამ საქმესო. არ ვიცი, რა უთხრა თავის მშობლებს, მაგრამ ამ ამბებიდან ორი კვირის შემდეგ, ჯვარი დავიწერეთ, მერე კი, ხელიც მოვაწერეთ.
ლალი და ჩემი ოჯახის წევრები ისე ადვილად შეეგუვნენ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ჰქონდათ გატარებული. ნელ-ნელა მთლიანად დამიმორჩილა ლალიმ. ისე მიყვარდა, იმაზე ვფიქრობდი, რა მესიამოვნებინა. თვითონაც სულ კუდში დამდევდა, ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდა. ჩემი ნაცნობებიდან ვინც არ მოსწონდა, ყველა ჩამომაშორა. მამამისი აიძულა, თავისთან წავეყვანე სამსახურში. მეორე წელს, ინსტიტუტშიც დამაბრუნა. ერთი სიტყვით, მთლიანად მმართავდა. მართალია, ხანდახან ვეწინააღმდეგებოდი, რამდენჯერმე ვეჩხუბე კიდეც, მაგრამ არაფერი გამომდიოდა და ისევ ვნებდებოდი ხოლმე. ამ ყველაფერს რომ ხედავდნენ, დედაჩემი და მამაჩემი სულში იძვრენდნენ ლალის და ჩემი გამოსწორების ერთადერთ იმედს მასზე ამყარებდნენ.
ცოტა გონს რომ მოვედი, შვილიც მომინდა, მაგრამ ლალიმ კატეგორიულად გამომიცხადა, სანამ აბსოლუტურად არ გამოხვალ მაგ მდგომარეობიდან, შვილზე არც იოცნებოო. უშვილოდ დარჩენა მირჩევნია, ავადმყოფი შვილის ყოლასო. ამ სიტყვებმა ისე შემაშინა, საერთოდ უარი ვთქვი ყოველნაირ წამალზე. მართალია, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც მოვერიე თავს. მერე ერთ ძალიან კარგ ექიმთან მიმიყვანა ლალიმ და მკურნალობის კურსიც ჩავიტარე. ამ კურსის მერე, ანალიზები რომ გამიკეთეს და ყველაფერი წესრიგში აღმომაჩნდა, მხოლოდ ამის შემდეგ დამთანხმდა ლალი შვილის ყოლაზე.
ახლა ჩემი ცოლი სამი თვის ფეხმძიმეა. დღეებს და საათებს ვითვლი, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები მამა, როდის დავიჭერ ხელში ჩემს სისხლსა და ხორცს. ახლა მხოლოდ ჩემი ცოლ-შვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ვფიქრობ. წარსული მთლიანად ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. ახლა მწყდება გული, ამდენი წელი რატომ დავკარგე. მაგრამ რაც იყო, იყო. მთავარია, ლალის წყალობით ისევ კაცად ვიქეცი, შთამომავლობაც ჯანმრთელი მეყოლება და, საერთოდაც, ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა.
ლადო, 25 წლის.
ყოფილი დედობილი მოსვენებას აღარ მაძლევს
ჩემი ისტორია მინდა, გიამბოთ.
დედაჩემმა, რომლის ვინაობა დღემდე არ ვიცი, რამდენიმე თვის რომ ვიყავი, ბავშვთა სახლში ჩამაბარა. როგორც გავიგე, მამაჩემმა ჩემი გაჩენის შემდეგაც არ შეირთო ცოლად და იმანაც ამ გზით აიცილა თავიდან დედის პასუხისმგებლობა. ოთხი წელი ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, მერე კი მიშვილა ერთმა გაუთხოვარმა ქალმა. მაგრამ, რადგან ასთმა აღმომაჩნდა და თურმე ძალიან მტირალა და ჭირვეული ბავშვი ვყოფილვარ, მისმა სათუთმა ნერვებმა ვერ გაუძლო ასეთ გადატვირთვას და ხუთი წლის შემდეგ უკან დამაბრუნა. უკვე დიდი ვიყავი და ის ხუთი წელიც კარგად მახსოვს, რა დღეში ვყავდი და უკან, ბავშვთა სახლში დაბრუნებაც. მთელი იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც დედობილის სახლში ვცხოვრობდი, ნახევარი დღე კუთხეში ვიდექი, ნახევარჯერ მშიერი ვიყავი; შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ერთი თბილი სიტყვა არ გამიგია მისგან. დასჯის მიზეზი კი ძირითადად ჩვეულებრივი ბავშვური ცელქობა ან სიჯიუტე იყო. ვთქვათ, თუ პირველი დაძახებისთანავე არ ამოვიდოდი ეზოდან, მთელი დღე კუთხეში დგომა მქონდა გამოწერილი; ან თუ უარს ვიტყოდი ფაფის ჭამაზე (ფაფებს ვერ ვიტანდი და, თითქოს ჯინაზე, ყოველ მეორე დღეს მიკეთებდა), მთელი დღე სხვას არაფერს მაჭმევდა. არ მქონდა უფლება, ან მე წავსულიყავი ამხანაგთან, ან სახლში მომეყვანა ვინმე. ასთმა რომ აღმომაჩნდა, ამაზე სულ გადაირია. ჩემი ყურით გავიგონე, როგორ უთხრა ვიღაცას ტელეფონში, რომ მცოდნოდა, ასეთი არანორმალური და ავადმყოფი იყო, სახლში როგორ მოვიყვანდიო. არადა, თავიდან ნამდვილი დედა მეგონა. ერთ დღეს კი, იმის გამო, რომ სამსახურიდან მოსულს ეზოში დავხვდი და გაკვეთილებიც არ მქონდა მომზადებული, ისე გადაირია, კარგადაც მომცხო. არ ვიცი, ნერვიულობის გამო იყო, თუ სხვა მიზეზით, იმ ღამეს ასთმის საშინელი შეტევა მქონდა და სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადამიყვანა. მეორე დღეს კი ჩემი დედობილი ბავშვთა სახლში მივიდა და ჩემი უკან დაბრუნების ნებართვა ითხოვა. არ ვიცი, რა დიალოგი გაიმართა მასა და ბავშვთა სახლის დირექციას შორის, მაგრამ იქ ისე წამიყვანეს, სახლში აღარც კი მოვსულვარ. წარმოიდგინეთ, როგორი ტრავმირებული ვიქნებოდი. ბავშვებმაც გაიგეს ეს ამბავი და ზოგიერთი დამცინოდა, ზოგს კი უხაროდა კიდეც, რაც მე კიდევ უფრო მეტად მთრგუნავდა. სულ მთლად ჩავიკეტე საკუთარ თავში. ორი ბიჭის გარდა არავისთან ვმეგობრობდი. იმ დედობილისგან ისე ვიყავი დაშინებული, ჩემზე დამჯერი და ჭკვიანი ბავშვი იქ არავინ იყო. იქაურ, ყველაზე გულქვა აღმზრდელებსაც კი, ვეცოდებოდი და განსაკუთრებულად მფარველობდნენ. დირექტორმა კი საკუთარ თავზე აიღო ჩემი მკურნალობა და რაღაც პროგრამაში ჩამსვა, რის გამოც წელიწადში ერთხელ მაინც მგზავნიდნენ უცხოეთში. საბოლოოდ, პრაქტიკულად მომარჩინეს.
12-13 წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე, კარგად მესწავლა და ამით გადამეხადა მადლობა დირექტორისთვის, რომელიც ძალიან შემიყვარდა. სულ მოკლე ხანში მთელ ინტერნატში საუკეთესო მოსწავლე გავხდი. მერე მათემატიკის ნიჭიც აღმომაჩნდა და ყველა ტურში ვიმარჯვებდი. ბოლოს ოქროს მედალიც კი ავიღე და უმაღლესში ერთი გამოცდით მოვეწყვე. ჩემი მათემატიკური ნიჭი იქაც შეამჩნიეს, მესამე კურსზე რაღაც პროექტში ჩამრთეს, დამთავრების შემდეგ კი, კათედრაზე დამტოვეს. ჩემი პატრონობა ერთმა პროფესორმა ითავა და ჯერ თავისთან წამიყვანა სახლში, სადაც ორი წელი ვცხოვრობდი, მერე კი ისეთ მაღალანაზღაურებად პროექტებში ჩამრთო, ბინის მშენებლობაში შევიტანე თანხა. ორ წელიწადში საკუთარი კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინა მქონდა ქალაქის ცენტრში. თან, ჩემს დარგში უკვე საკმაოდ ცნობილ მეცნიერად ვითვლებოდი.
არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გაიგო ჩემმა ყოფილმა დედობილმა, მაგრამ, ერთ დღეს სამსახურში დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ავღელდი. არც კი ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მენახა და ერთ კაფეში დავუთქვი შეხვედრა. მან კი მთხოვა, სიარული არ შემიძლია და ჩემთან, სახლში მოდი, ისევ იქ ვცხოვრობო. მე არც კი მახსოვდა მისამართი და ვკითხე, სად ცხოვრობთ, შემახსენეთ-მეთქი. ისე გამიბრაზდა ტელეფონში, ვერ აგიწერთ. თითქმის მიყვიროდა, შენს აღზრდას ჩემი ჯანმრთელობა შევწირე, ახლა თუ რამეს წარმოადგენ, სულ ჩემი დამსახურებაა და შენ კი ერთხელაც არ გაგხსენებივარ, მკვდარი ვარ თუ ცოცხალიო. არ ვიკადრე, მეპასუხა, არც თქვენ მოგიკლავთ თავი ჩემს სანახავად სირბილით-მეთქი და, ვუთხარი, თუ საჩხუბრად მიბარებთ, ამდენი დრო ნამდვილად არ მაქვს-მეთქი. მერე, ალბათ, იფიქრა, ყვირილი არ გამოადგებოდა, უცბად მოისაწყლა თავი და შემომტირა – არა, შვილო, მენატრები და ისე ნუ გამიშვებ იმქვეყნად, ერთხელ მაინც არ გნახოო. მაინც შემეცოდა და დათქმულ დროს მივედი მასთან სახლში. გზაში ტორტი და ყვავილები ვიყიდე და მივართვი. პირველი, რაც მითხრა, ის იყო, ამ სისულელეებში ფულის ხარჯვას, ის თანხა ჩემთვის, მოგეცა მერჩივნაო. მერე დიდხანს მეწუწუნა თავისი გაჭირვების შესახებ, ბოლოს კი მითხრა, დისშვილმა ჩემი ბინა დააგირავა, საბერძნეთში წავიდა და ფულის გამოგზავნაზე არც კი ფიქრობს. თვის ბოლოს თუ არ შევიტანე თანხა, გამომასახლებენ და შენ უნდა მიშველოო. მე რა შემიძლია, – ვკითხე გაოცებულმა, – იმ ბანკში არავის ვიცნობ-მეთქი. ნაცნობი კი არა, ფული სჭირდება ამ საქმესო, – პირდაპირ მომახალა. აღმოჩნდა, რომ ოცი ათასი დოლარი იყო შესატანი, რაც ჩემთვის ასტრონომიული თანხა იყო. ძალიან მორიდებით ვუთხარი უარი, რაზეც საკმაოდ აგრესიული პასუხი მივიღე. წამოსვლისას კი ორასი დოლარი დავუტოვე. ვუთხარი, ეს არის მაქსიმუმი, რისი დატოვებაც შემიძლია-მეთქი და წამოვედი. იმის შემდეგ ლამის კვირაში ერთხელ მირეკავს, თან ქოქოლას მაყრის და თან, ყოველ დარეკვაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას მთხოვს. ერთი-ორჯერ მივეცი ხუთასი ლარი, მაგრამ მერე მივხვდი, ამას დასასრული არ ექნებოდა და ვუთხარი, აღარასოდეს აღარ დამირეკოთ-მეთქი. მერე სახლისა და მობილურის ნომრებიც შევცვალე. ჯერჯერობით კი მოვისვენე, მაგრამ, არ არის გამორიცხული, ჩემი მისამართი გაიგოს და სამუდამოდ ჩამისახლდეს.
თენგო, 32 წლის.
სამსახური მეძავი კაცებისთვის
ამას წინათ, ჩემს დაქალს ლამის ვეჩხუბე, მაგრამ, სულ ტყუილად ავიშალე ნერვები. ისეთი თავისნათქვამაა, მაინც იმას გააკეთებს, რაც ჩაფიქრებული აქვს და რატომ დავუწყე შეგონებები, ჩემს თავზე ვბრაზდები. საქმე ისაა, რომ ესმა ორჯერ არის განათხოვარი, შვილი არ ჰყავს და ისე ცხოვრობს, როგორც უნდა. ვერ ვიტყვი, რომ თავაშვებული გოგოა, მაგრამ საკმაოდ თამამია და ახალ-ახალ ფლირტებსა და რომანებზეც არ ამბობს უარს. ჩვენი ჩხუბი კი გამოიწვია შემდეგმა ამბავმა: ესმამ გაიგო, რომ გაიხსნა რაღაც შპს-ს მაგვარი – „ქმარი ერთი საათით” და გადაწყვიტა, ამ „მომსახურების” აქტიური „მომხმარებელი” გახდეს, რაზეც მე თავი მოვიკალი და ვენები გადავიჭერი – ეგ ხომ იგივეა, რაც აქამდე „ქალი გამოძახებით” იყო, უბრალოდ, ახლა უფრო ვითომ გააკულტურულეს ამ მომსახურების სახელწოდება და ქალის ნაცვლად კაცს გამოიძახებენ-მეთქი, რაზეც ჩემი დაქალი კატეგორიულად არ მეთანხმება. მიმტკიცებს, თავისუფლება და დემოკრატია ამ საკითხშიც უნდა გამოიხატებოდესო.
რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს და ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის, ანუ თავისი საქმისა ყველამ თვითონ იცის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ნეტავი, როგორი ბიჭები (ან კაცები) დათანხმდებიან ასეთ დამამცირებელ სამსახურს? ნუთუ, საკუთარი ოჯახის წევრების მაინც არ შერცხვებათ, რომ უკანასკნელი მეძავი ქალებივით ყოველ დარეკვაზე გაიქცნენ და ვნებააშლილი ქალები დააწყნარონ და თან, ამაში ფული აიღონ?!
გაჭირვებულმა ცხოვრებამ ქალები რომ მამაკაცებად აქცია (ანუ, ქალები არიან შემომტანები, პრაქტიკულად, ისინი არჩენენ ოჯახებს, კაცები კი, ძირითადად, ან სვამენ, ან ცოლების ნაწვალებ ფულს იჯიბავენ და მერე ძმაკაცებთან კაი ტიპებს თამაშობენ), ეს აღარ კმაროდა, ახლა კაცებს (ძირითადად, ალბათ, უმუშევრად, უფუნქციოდ დარჩენილებს), პირდაპირი გაგებით, მეძავობა არ დაეწყოთ?!
ეკა, 28 წლის
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.