კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დამალვა ვერ სცადა მამასთან მიშა გომიაშვილმა და რა სთხოვა მას სიკვდილის წინ არჩილ გომიაშვილმა

თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი არჩილ გომიაშვილი დაახლოებით ექვსი წლის წინ, 79 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა მოსკოვში, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბატონი მიშა მამას მთელი ავადმყოფობის პერიოდში გვერდიდან არ მოშორებია. მამის გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე მან დედა დაკრძალა. როგორც თავად მსახიობი ამბობს, დედამისზე მეუღლის ავადმყოფობას ძალიან უმოქმედია. არჩილ გომიაშვილი მაყურებელს განსაკუთრებით ახსოვს ფილმებიდან „თხუნელა” (ზურა), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (კოსტაია) და „მიმინო“ (ნუგზარი). კინოს ისტორიაში კი მისი სახელი სამუდამოდ გაიგივდა დიდი კომბინატორის ოსტაპ ბენდერის სახესთან ფილმიდან „12 სკამი”. მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, მეორიდან სამი ვაჟი, მესამიდან კი ორი ქალიშვილი დარჩა. ჩვენ მამა-შვილ არჩილ და მიშა გომიაშვილების ცხოვრების დღიურებს გაგაცნობთ, რომლებიც სავსეა საინტერესო ეპიზოდებით.

მიშა გომიაშვილი: ბებია და პაპა, მამაჩემის მშობლები, სოხუმში ცხოვრობდნენ. პაპაჩემი მოტოციკლით დადიოდა ქალაქში. ერთხელ, ავარიაში მოყვა და ექიმებმა კლიმატის შესაცვლელად სოხუმში საცხოვრებლად გადასვლა ურჩიეს. მართლაც, ორსართულიანი სახლი იყიდეს და გადავიდნენ. რომ წამოვიზარდე, უკვე იქიდან მახსოვს სოხუმი. ჩემი შუათანა ძმა გატაცებული იყო ვიდეოგადაღებით. ის კინოაპარატი და ორმოცდაათი წლის წინანდელი ფირი, ჩვენი სახლის ეზოში რომ ფეხბურთს ვთამაშობთ, დღესაც შენახული გვაქვს. ლიმონის სუნს ახლაც ვგრძნობ, ჩვენი საძინებლის ფანჯრებიდან რომ შემოდიოდა. მერე ის სახლი გაყიდეს და თბილისში გადმოვიდნენ. ძალიან ცელქი და მავნე ვიყავი, ყველაფერს ვაფუჭებდი. ქიაჩელის ქუჩაზე საკუთარი სახლი გვქონდა. იმდენად ლამაზი სახლი იყო, რომ ქიაჩელის ქუჩის თვრამეტი ნომერი მთელ თბილისს სალაპარაკოდ ჰქონდა. სახლის გვერდით პატარა ეზო იყო, ულამაზესი რკინის ღობით შემოფარგლული, სადაც ბავშვები ხშირად ვთამაშობთ. ჩემი ძმა ჩხირკედელაობით იყო გატაცებული, სხვა არაფერი აინტერესებდა. რადიოებს, დამტვრეულ ტელევიზორებს იპოვიდა ქუჩაში და სახლში მოჰქონდა, რომ ეჩხიკინა. შევიპარებოდი ხოლმე ოთახში და შნურებს ერთმანეთზე გადავაერთებდი. რომ მოვიდოდა და ჩართავდა, ყველაფერი დანახშირებული გამოჰქონდა. მართალი იყო თუ მტყუანი, მაინც ყველაფერზე მას ხვდებოდა. ვიოლინოზე უკრავდა. მახსოვს, მამაჩემმა და დედაჩემმა გასტროლებიდან ლურჯი ფერის მანქანა ჩამომიტანეს. ძალიან დიდი სახლი გვქონდა, ცხენი გაჭენდებოდა, ისეთი დიდი იყო და ამ მანქანით ოთახებში „ვკატაობდი“. ერთხელაც, ჩემი ძმა მუსიკაში მეცადინეობდა. ცოტა ხნით ვიოლინო დადო და გავიდა. გამოვქანდი ჩემი მანქანით და გადმოვყარე, მეორე სვლაზე ზედ გადავუარე. არ ვიცი, დაწყდა თუ არა გული. ალბათ, გაუხარდა კიდეც, რადგან საშინლად ეზარებოდა ვიოლინოზე მეცადინეობა.

მამაჩემი გრიბოედოვის თეატრში თამაშობდა. ერთ-ერთ სპექტაკლში ნამდვილი მაუზერი, კარაბინი ანუ შაშხანა და ხმალი მისცეს. ნაშუადღევს მოვიდოდა, შეჭამდა, ცოტას წაუძინებდა და ისევ თეატრში გარბოდა რეპეტიციებზე. ერთხელ, როგორც იყო ასხმული ამ იარაღით, ასე მოვიდა და დაიძინა. ბავშვები კიროვის პარკში ომობანას ვთამაშობდით ხოლმე. მოვპარე მამას აბჯარი, ავისხი და წავედი სათამაშოდ. ორმა მილიციელმა გამოიარა მოტოციკლით. დაინახეს ბავშვი მაუზერით, კარაბინით ხელში და ამაზე ერთი ამბავი ატყდა.

– სკოლამ რა კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში? როგორც ვიცი, რამდენიმე სკოლა გამოიცვალეთ სწორედ იმიტომ, რომ საშინლად აუტანელი ბავშვი იყავით.

– 53-სკოლაში შემიყვანეს, სადაც მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე. პირველივე წელს უნდოდათ ჩემი ჩატოვება კლასში. ამ პერიოდში მამას „12 სკამში” იღებდნენ. ფილმი რომ დასრულდა, მოსკოვის კომკავშირის სახელობის თეატრმა მიიწვია. დადგა ჩვენი მოსკოვში წაყვანის საკითხი. მივიდა მასწავლებელთან და უთხრა: დაუწერეთ ნიშანი, მოსკოვში მიმყავს და ორიანებით ხომ ვერ წავიყვანო. გარდა იმისა, რომ არ ვსწავლობდი, მთელ კლასს ვიკლებდი. არც მოსკოვში ამეწყო ურთიერთობა თანაკლასელებთან. ძალიან ცუდი, უმეგობრო ბავშვები იყვნენ, ეტყობა რუსებს სისხლში აქვთ ეს გამჯდარი. აბა, მეორე და მესამეკლასელი ბავშვი რომ იტყვის – შავტრაკა ქართველიო, იმას რა უნდა გააგებინო. ეს იმ ოჯახისა და გარემოს ბრალია, რომელშიც ბავშვი ტრიალებს, თორემ, თვითონ აზრადაც არ მოუვა ასეთი რაღაც, მაგრამ, მე ერთი ვიყავი და ისინი – ათასი, რას მოვერეოდი. ერთხელ დედაჩემი შეესწრო, რომ სკოლის უკანა ეზოში წრეზე შვიდი ბავშვი დგას და შუაში მე ვარ მოქცეული, დანა მაქვს გახსნილი და ხელიდან არ ვუშვებ. ვხედავ, რომ უნდა მცემონ და რატომ უნდა გავალახვინო თავი, თავს ვიცავ. ერთ-ერთი გაიქცა დირექტორთან და უთხრა. მერე მამამ სხვა სკოლაში გადამიყვანა. ჩვენ რომ მოსკოვში წავედით, ჩემს ძმას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და „ვგიკში“ ჩასაბარებლად ემზადებოდა, თუმცა მას საერთოდ არ აინტერესებდა ეს საქმე. ოღონდ ხელში „პაიანიკი“ სჭეროდა, სხვა არაფერი უნდოდა. მას თბილისში შეყვარებული ჰყავდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აქეთ წამოსულიყო. დედამ თქვა, ხომ არ შეიძლება, ჩვენ აქ ვიყოთ და ბავშვი თბილისშიო. მოკლედ, მე და დედაც წამოვედით, მამაჩემი კი დარჩა და დარჩა მოსკოვში. დედამ ვერაზე, 51-სკოლაში მიმიყვანა. მერე ხან მამა ჩამოდიოდა, ხან ჩვენ ჩავდიოდით. ყველა სკოლას თითო ყოჩი ჰყავს და ასეთი იყო ჩემი მეგობარი ზაალ იაკობიძე, ცარიელი კუნთები იყო. ვინმეს რომ არ დავეჩაგრე, ბავშვებთან დავიტრაბახე, კარატისტი ვარ-მეთქი, ცოტა ხანს ყველაფერი წყნარად იყო. ერთხელაც, ამ ბიჭთან მომივიდა ჩხუბი და მომერია. ასე რომ, ყველაფერი გაიშიფრა.

– როგორია თქვენი მშობლების გაცნობისა და დაქორწინების ისტორია?

– დედაჩემი, ლიანა მანჯავიძე და მამიდაჩემი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები იყვნენ და მეგობრობდნენ. დედა ლამაზი ქალი იყო. ერთხელ მამა თეატრში თავისი დის სპექტაკლის სანახავად მივიდა. დედა რომ დაინახა სცენაზე, ძალიან მოეწონა. სხვათა შორის, ქალების მოხიბვლის დიდი ნიჭი ჰქონდა. დედას თურმე, რამდენიმე ცნობილი მსახიობი სთხოვდა ცოლობას, მაგრამ არავის სთანხმდებოდა, მამას კი ზუსტად ოცი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ცოლობაზე დაეთანხმებინა.

– როგორ მოხვდა ქართველი მსახიობი ლეონიდ გაიდაის ფილმ „12 სკამის” მთავარ როლში?

– მამას ერთი მსახიობის, პანტომიმის თეატრი ჰქონდა და თავისი ბენდი ჰყავდა – „დიქსილენდი”. მარტო თამაშობდა ხოლმე შვიდ და რვა როლს ერთად. ერთ-ერთ მის წარმოდგენას ერქვა „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე”, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. გასტროლებზე იალტაშიც იყო. მის იქ ყოფნას დაემთხვა „12 სკამის“ გადაღებები. ფილმის პირველი სერია უკვე დამთავრებული იყო და ოსტაპ ბენდერის როლზე ცნობილი მსახიობი, ბელიავსკი ჰყავდათ. ფილმის დირექტორმა შემთხვევით წაიკითხა მამას აფიშა და სპექტაკლის სანახავად წავიდა. პირველი აქტის დასრულების შემდეგ გაიდაის მოსაყვანად გავარდა. იმდენად მოეწონათ მამა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყეს. მერე ჭორი წავიდა, ვითომ მამაჩემს გაუგზავნია გაიდაისთვის დეპეშა – ჩამოვდივარ და დამხვდითო. ქვემოთ კი, „ოსტაპ ბენდერი“ მიუწერია.

– მძიმეა, როცა შენი საყვარელი ადამიანი შენ გვერდით აღარ არის. ალბათ, ყველაზე მძიმე დღე იყო თქვენს ცხოვრებაში, როცა ის თქვენგან სამუდამოდ წავიდა.

– მოსკოვის კინოს სახლიდან გავასვენეთ. უამრავი დეპეშა მივიღეთ და აუარება ხალხი მოვიდა. ვიღაცამ მიკროფონთან არმენ ჯიგარხანიანის სიტყვები გაიმეორა – თბილისში არჩილის ყველა სპექტაკლზე ჩამოვდიოდი და მისგან ვსწავლობდი მსახიობის ოსტატობასო. ვისაც არჩილი თეატრში არ უნახავს, ვერ მიხვდება, რა დონის მსახიობი იყო. შემონახული მაქვს აფიშები და მახსოვს კიდეც, როგორ ჩადიოდა მამაჩემი სპექტაკლის სათამაშოდ ერევანში. ერთხელ გრიბოედოვის თეატრში „გვესაჭიროება მატყუარა” დაიდგა, რომელშიც მთავარ როლს მამა ასრულებდა. იმ დროს იგივე სპექტაკლი დაიდგა ერევანშიც. იქ მთავარ როლს არმენ ჯიგარხანიანი თამაშობდა. ერთხელ სპექტაკლი რაღაც მიზეზით ჩაუვარდათ. მას მერე მამა ჩადიოდა და მის ნაცვლად თამაშობდა.

– დღევანდელი გადასახედიდან, თქვენთვის წარმოუდგენელია, სხვა პროფესია აგერჩიათ. ფიქრობთ ხოლმე, მსახიობი რომ არა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყავით?

– დედა – მსახიობი, მამა – მსახიობი. თეატრი იყო თუ კინოგადაღებები, ყველგან თან ვახლდი მშობლებს. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი იყო და არასდროს აზრადაც არ მომსვლია, რაღაც სხვა ამერჩია, ეს თავისთავად მოხდა. მამაჩემის ყველა როლი ზეპირად ვიცოდი, მამასთან ერთად პანტომიმას ვაკეთებდი. სახლში გვქონდა განათება, მუსიკა და მამას ვბაძავდი. ჩვენთან ცხოვრობდა დედაჩემის მამიდა, ბაბა ნინა. საწყალს, ჩავსვამდი ხოლმე სავარძელში და ვიწყებდი წარმოდგენას. რომ ჩაეძინებოდა, ვეჩხუბებოდი – ნუ იძინებ, მიყურე-მეთქი. ძალიან მიყვარდა ხატვაც. ჩემი უფროსი ძმა, ნუკრი, მხატვარია არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. ერთი პერიოდი ხატწერამ გამიტაცა. ჩვენი სახლის გვერდით ეკლესია იყო და სულ იმ ეკლესიაში ვიყავი. ფიქრობდნენ, შეიძლება მხატვარი გამოვიდესო. სკოლა რომ დავამთავრე, დედას უნდოდა, თეატრალურში სამსახიობოზე შემეტანა საბუთები, მამას კი უნდოდა, მოსკოვში კინოსარეჟისოროზე ჩამებარებინა. 1978 წელია. მამაჩემი მირეკავს და მეუბნება: ჩამოდი მოსკოვში. მე და შენ მანქანით პოლონეთში წავიდეთ, დავისვენოთ, ერთი წელი მოემზადები და კინოსარეჟისოროზე ჩააბარებო. მაგრამ აქ დედაჩემი მყავდა და, არ ვიცოდი, რა მექნა. წასვლა არ გამოდიოდა და თბილისში თეატრალურში შევიტანე საბუთები. გამოცდაზე რომ შევედი, სახლში მეგონა თავი, იმიტომ, რომ კომისიის ყველა წევრი, დედაჩემისა და მამაჩემის მეგობრები იყვნენ, ჩვენს სახლში ნაქეიფრები. რაც მკითხეს, ყველაფერზე ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. მინდოდა, ჩავჭრილიყავი, რომ მერე მოსკოვში წავსულიყავი, მაგრამ, მოხარშულს მიცნობდნენ, იმათ რას გამოაპარებდი. მაშინ, იცეკვე ან იმღერეო. ვიმღერე და ვიცეკვე. მეორე დღეს მივედით მე და დედა, რომ სიები ვნახოთ. ერთ სიაში არ ვიყავი და გამიხარდა. იქვე მეორე სია იყო გამოკრული. შალიკაშვილი იყვანდა პანტომიმის ჯგუფს და, ვხედავ, მის ჯგუფში ვარ გადაყვანილი?! ერთი ამბავი ავტეხე – რა მინდა პანტომიმაზე, დრამატული მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. ვდგავართ შუა რუსთაველზე მე და დედა, საშინელ ხასიათზე ვარ. მოდის ეროსი მანჯგალაძე – რა იყო, რა ხდებაო. დედაჩემმა უთხრა, რაშიც იყო საქმე. ეროსი მეუბნება: რას ამბობ, ფრანგი მსახიობი გაიხსენე, მარსელ მარსო, მამაშენიც პანტომიმას აკეთებსო. მოკლედ, გადაწყდა, რომ მოსკოვში უნდა წავიდე. წავედი. იქიდან მე და მამა ვარშავაში ჩავედით. 17 წლის ვარ, მიხარია. მამაჩემს მეგობარმა ქალმა გამოუარა მანქანით და კრაკოვში წავიდნენ ორი კვირით. მამამ ფული და თავისი მანქანა მე დამიტოვა. წარმოიდგინეთ, რა გახარებული ვიყავი. ვარშავაში მამაჩემის მეგობრის სახლში ვცხოვრობდი, მათ შვილთან – მაიკთან დავმეგობრდი. მაშინ პირველად წავედი სტრიპტიზ ბარში. გული ამოვარდნაზე მქონდა, ისე მიცემდა. დარბაზში ვზივარ, ველოდები, როდის დაიწყება. ჩაქრა შუქი. უცებ რაღაცამ გამიქროლა და შუქიც აინთო. ვერაფერი ვერ დავინახე. ეტყობა, მაშინ იქაც არ შეიძლებოდა ბოლომდე ასეთი რაღაცეების ყურება, მაგრამ, მაინც კარგი დრო გავატარეთ. ის ერთი წელი ვმეცადინეობდი, თან კინოსტუდიაში ვმუშაობდი. მერე ჩავაბარე „ვგიკში“ ორწელიწად-ნახევარი ვისწავლე. ბებია, დედაჩემის დედა რომ გარდაიცვალა, ჩამოვედი. რომ დავინახე, დედაჩემი ცუდ მდგომარეობაში იყო, აღარ მომინდა მისი მარტო დატოვება. ცოტა რთული საუბარი მქონდა მამასთან, მაგრამ გამიგო. მე და ჩემი ძმა გადავფრინდით მოსკოვში და ჩემი რაღაცეები წამოვიღეთ. ერთ თვეში თეატრალურში გამოცდები იწყებოდა. ლილი იოსელიანი იყვანდა სამსახიობო ჯგუფს და ჩავაბარე. ბევრი სხვანაირად ფიქრობდა: რა თქმა უნდა, არჩილ გომიაშვილის შვილია და ჩააბარებდაო. მარჯანიშვილის თეატრში თურმე როლებს მითმობდნენ. მერე ნელ-ნელა ჩაწყნარდა სიტუაცია.

– მინდა, ბატონი არჩილის ცხოვრების ბოლო დღეებიც გაიხსენოთ.

– ფილტვში სიმსივნე აღმოაჩნდა. დიაგნოზი მოსკოვში დაუსვეს. ოპერაციის გაკეთება ნიუ-იორკში მოისურვა. მოსკოვში რომ გაკეთებულიყო, ალბათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. მერე დაიწყო მისი ჯანმრთელობის გაუარესება – მეტასტაზები ყველგან წავიდა. ბურდენკოს კლინიკის დირექტორმა მითხრა, ძალიან მეშინია მისთვის ოპერაციის გაკეთება, ვერ გადაიტანსო. ოპერაცია რომ გაკეთდეს, როგორ იქნება საქმე-მეთქი. ერთ კვირას ერთი ხელი გაუჩერდება, მეორე კვირას მეორე. წლებზე აღარ არის ლაპარაკი, სამი თვე თუ იცოცხლებსო. ვუთხარი, თუ შეიძლება, მამას დაველაპარაკები და პასუხს გეტყვით-მეთქი, საერთოდ, მამაჩემს ვერაფერს დაუმალავდი, ყველაფერი უნდა სცოდნოდა. კარგად იცოდა, რაც ხდებოდა მის თავს, მაგრამ ბუნებით ძლიერი იყო. პალატაში შევედი და ვუთხარი, რაშიც იყო საქმე. ოპერაცია რომ არ გავიკეთო, რა მოხდებაო? ვუთხარი ლაპარაკი სიცოცხლის მცირე ხნით გახანგრძლივებაზეა. ასე რომ, შენი გადასაწყვეტია-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მითხრა, მღვდელი მომიყვანეო. მეორე დღეს გამოაცხადა, ოპერაციას არ ვიკეთებ, სახლში წამიყვანეთო. ორი დღის მერე თბილისში გადაღება უნდა მქონოდა და გადმოვფრინდი, ჩემი ძმა დარჩა მასთან. ორი დღის შემდეგ ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტაო. როგორც კი თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, გადავრეკე და მითხრეს, საოპერაციოში ახლახან შეიყვანესო. მივუსწარი. კონოვალოვის კაბინეტში ვიჯექი და დიდ ტელევიზორში ვუყურებდი ოპერაციას. კონოვალოვი რომ გამოვიდა საოპერაციოდან თქვა, არ შეგეშინდეთ, ალბათ, ერთი კვირა მაინც ვერ გამოვა მდგომარეობიდანო, მაგრამ მამამ საღამოს თვითონ მოიძრო მილები და პალატაში გადაყვანა მოითხოვა. დერეფანში რომ მოჰყავდათ, მისი გინება გავიგონე – აბსოლუტურად საღ გონზე იყო. გადავიყვანეთ თუ არა, ფეხზე დადგა. მერე სიმსივნემ თავში დაიწყო ზრდა.

მამაჩემი ერთ ადგილას დამჯდარი არასდროს მინახავს. მეტეორივით აქეთ-იქეთ დაქროდა. ღამის ოთხ საათზე იძინებდა და დილით შვიდზე იღვიძებდა. სულ იმას ამბობდა, სირბილში უნდა მოვკვდეო. საოცრად მოუსვენარი ადამიანი იყო.

– რამდენიმე უიღბლო ქორწინება გქონდათ. რომ მოგეცეთ საშუალება რას შეცვლიდით?

– რაც იყო, ჩემი ნაცხოვრებია და არ ვაპირებ ამ წლების ამოგდებას, რადგან ამ ცხოვრებიდან ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს – 21 წლის ნატუკა და 12 წლის აჩიკო. ცუდ მოგონებად არაფერი დამრჩენია, დანარჩენი – რა ვიცი... აი, მე და მაკა უკვე მეხუთე წელია, ცოლ-ქმარი ვართ. მაკას ჰყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი – ანი, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია. ჩემი ნატუკა და ანი დებივით არიან. სულ ერთად დადიან. არაფერს შევცვლიდი და არაფერს ვნანობ. რა თქმა უნდა, ბეწვის ხიდზეც გამივლია, ბევრ ხიფათს ავცდენილვარ, მაგრამ მთელი ჩვენი ცხოვრებაც ხომ ეგ არის. მედალს მეორე მხარეც აქვს. მედლის მეორე მხარე სრული მოცულობით მაქვს ნაცხოვრები, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი, რისი გადმობრუნებაც არ მიყვარს.


скачать dle 11.3