“მარიოტში„ გამართული ტკივილიანი საღამო
თებერვლის ბოლო კვირა მძიმეა კავკასიის ხალხებისთვის – 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა ახალდაბადებული საქართველოს სახელმწიფო სისხლითა და მახვილით დაიმორჩილა.
23 თებერვალი ჩეჩენი ხალხის ტრაგედიაა. ამ დღეს მათ რუსეთმა გენოციდი მოუწყო... პოლიტიკა პოლიტიკად დარჩებოდა, რომ არა ტკივილი და ასობით ათასი დაღუპული... ტკივილიანი იყო საღამოც, რომელიც „კავკასიურმა სახლმა“ „თბილისი მარიოტში“ გამართა.
თბილისში გაზრდილმა და ამჯერად ბელგიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, მედინა ხანგოშვილმა, ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ჩეჩენი პოეტის – აფთი ბისულთანოვის შესანიშნავი პოეზია. იგი ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და იდეოლოგია. აფთი ბისულთანოვი ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში. დუისში დაბადებული მედინა ხანგოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილია. მან შვიდი ენა იცის, მათ შორის ბრწყინვალედ ფლობს არაბულს. ჩეჩნური პოეზიის ქართულ ენაზე გამოცემის პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. საღამო ტკივილიანი, ცრემლიანი, მაგრამ სიყვარულით აღსავსე იყო.