კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის რუსეთი დაინტერესებული სოჭის ოლიმპიადამდე ჩრდილოკავკასიაში ლოკალური ომის პროვოცირებით

დამოუკიდებელი რუსეთ-საქართველოს არცთუ დიდხნიანი ურთიერთობის განმავლობაში, ჩრდილოელ მეზობელს არაერთხელ გამოუშვერია ხელი საქართველოსკენ, როგორც „ტერორიზმის ბუდისკენ“. მეორე მხრივ, ქართული კვალიც არაერთხელ უძებნია რფ-ის ტერიტორიაზე მომხდარ ტერაქტებში. თუმცა, ეს ყოველივე განცხადებების დონეს არ გასცდენია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მიდგომაც შეიცვალა: დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ქართულ კვალზე რფ-ელი მაღალჩინოსნები მეტად ხმამაღლა და რიხით ალაპარაკდნენ. ამ რიხისა და ხმამაღლობის რუსული მოტივების დადგენას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან – ზაალ კასრელიშვილთან ერთად შევეცდებით.

– რატომ ალაპარაკდნენ ასე აქტიურად ქართულ კვალზე, რისთვის ემზადება რუსეთის სპეცსამსახურები?

– ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩრდილოკავკასიელების მხარდაჭერის მოტივით, ისმოდა ზვიად გამსახურდიას დროს; ისმოდა შევარდნაძის დროს და ამას, თუ გახსოვთ, 2001 წელს პანკისის ხეობაში დაბომბვაც მოჰყვა, რაც მსხვერპლით დასრულდა. ახლაც იგივე გრძელდება, მაგრამ დღეს საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის. ამაზე მეტყველებს რუსეთის მედიით გავრცელებული კატეგორიული განცხადებები. მართალია, ამ განცხადებებს საფუძველიც აქვს, ოღონდ სხვა. კერძოდ, არაბულ სამყაროში განვითარებულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პოლიტიკურ თამაშში შიიტებისა და სუნიტების გარდა შემოვიდნენ სალაფიდები. ისინი ყოველთვის იბრძოდნენ ისლამისთვის, მაგრამ არასდროს მოდიოდნენ ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, ახლა ასე აღარ იქნება. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც, პირობითად ვიტყვი, რევოლუცია მოხდა, სალაფიდები მოვლენ ხელისუფლებაში. ისინი კი რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან. ბუნებრივია, ამის ძალიან ეშინია რუსეთს. სალაფიდების გააქტიურება, რომლებმაც შიიტები და სუნიტები გადაფარეს თავისი ავტორიტეტითა და გავლენით, გაააქტიურებს ისლამურ პროცესებს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რელიგიური მოტივებით ომი ჩრდილოკავკასიაში საინტერესო აღარ არის მსოფლიოსთვის და, თუ რუსეთს უნდა, რომ განაახლოს საომარი მოქმედებები ჩრდილოეთ კავკასიაში, მხოლოდ რელიგიური მოტივი აღარ იქნება საკმარისი. ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება, ისლამური აქტიურობის პარალელურად, პოლიტიკური მოტივებით პროცესში შეიყვანოს საქართველოს ფაქტორი. მტრის ხატად მათ ისედაც ჰყავთ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ახლა უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოს აჩვენონ, როგორც რუსეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლი ადმინისტრაციული ერთეული.

– თითქოს ჩვენ ისლამისტებთან ერთად ვიბრძვით?

– რუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების გაიგივებას რადიკალურ ისლამთან, იმ იმედით, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ მოეწონება, რომ ფეთქებადსაშიშ კავკასიაში საქართველოს ხელისუფლებაც კი ეხმარება რადიკალური ისლამის მიმდევრებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ, ასევე, გამოიკვეთება სომხეთის, როგორც ქრისტიანული ქვეყნის, როლი.

– სომხეთის, როგორც დასავლეთის მოკავშირის?

– დიახ, იმიტომ რომ სომხეთი არ უწყობს ხელს არც თურქულ ინტერესებს, არც აზერბაიჯანთან აქვს ურთიერობა და არც ჩრდილოკავკასიელებთან. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ბრალდებები არ დარჩება მხოლოდ განცხადებების დონეზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურები გააათმაგებენ თავიანთ ძალისხმევას ჩრდილოკავკასიაში მებრძოლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, სოჭის მიმართულებით.

– გასაგებია, რომ თქმა ყველაფრის შეიძლება, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ რაღაც ფაქტებით ხომ უნდა გაამყაროს რუსეთმა საქართველოსა და ისლამისტების კავშირის ბრალდება?

– ცოტა ხნის წინათ ერთი და იგივე კითხვა დამისვეს ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან: აქვს თუ არა შეხება ამ პროცესებთან კავკასიელ ხალხთა კონფედერაციასო. იძულებული გავხდი, მეთქვა, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს არც ჩვენს ხელისუფლებასთან და არც მის კავკასიურ ინიციატივებთან. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, კავკასიურ დიასპორებში ევროპასა და თურქეთში მოარული აზრია, რომ საქართველოს ხელისუფლება ეხმარება ჩრდილოკავკასიელებს. რა თქმა უნდა, ეს პროპაგანდაა.

– 2008 წელს ჩრდილოკავკასიელები არ შემოვიდნენ ისევ რუსეთის შეიარაღებული ძალების სახით?

– ჩემი ინფორმაციით, ამას ავრცელებენ რუსეთის სპეცსამსახურებზე მომუშავე ჩრდილოკავკასიელები. ისინი ამას აფასებენ, როგორც საქართველოს ხელისუფლების დადებით მხარეს. ბუნებრივია, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია და ჩვენ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ამის შესახებ ვილაპარაკეთ წინა ინტერვიუში, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ამას არაფერი დაუპირისპირა. ერთი ის არის, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია თავგადაკლული ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოავკასიელი სერიოზული მებრძოლები საქართველოს ხელისუფლებასთან საქმეს არ დაიჭერენ. ისიც ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობებზე ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს.

– მართლაც აქვს, თუ ესეც პროპაგანდის ნაწილია?

– ვერ გეტყვით, მაგრამ, რასაც გეუბნებით, ფაქტია. კავკასიური დიასპორების წარმომადგენლები როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, არ მალავენ აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმის გამო, რომ ის ეხმარება ჩრდილოკავკასიელებს თავიანთი უფლებების დაცვაში.

– ვთქვათ ამის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც: რა არის კარგი იმაში, თუ დავეხმარებით და რა ზიანის მოტანა შეუძლია ამას ჩვენთვის?

– ვიმეორებ, მე ვიცი, რომ ეს ჭორები გაზვიადებულია: არც ეხმარებიან და ვერც დაეხმარებიან. როგორ უნდა შევიდეს დახმარება საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში? ვერ შევა, თუ რუსეთის სპეცსამსახურებს ეს არ უნდათ. თუ რუსულ სპეცსამსახურებს ეს უნდათ, საკმარისია, ერთი ადამიანის ჩვენება ტელევიზიით. მეორე მხრივ, პიროვნების ჩვენება, აღარ არის არგუმენტი. შეღავათების საფასურად შეუძლიათ, გამოიყვანონ ნებისმიერი მებრძოლი და რაღაცეები ალაპარაკონ. ამიტომ უნდა არსებობდეს ჩანაწერები, ვიდეო და აუდიომასალა, დაფიქსირებული უნდა იყოს გადაადგილება საქართველოს ტერიტორიიდან ჩრდილოკავკასიისკენ, რაც, ჩემი აზრით, არ აქვთ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ააფრიალებდნენ. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურები ინფორმაციას იღებენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების გარემოცვიდან, ალბათ იქ ჰყავთ თავიანთი აგენტურა; ისევე, როგორც პანკისის ხეობიდანაც. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა ბნელ ოთახში ეძებონ შავი კატა, მაგრამ უკვე სერიოზულ მასშტაბებს იღებს ბრალდებები და, სხვათა შორის, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები კავკასიელებიც ზუსტად ისევე არიან ინფორმირებულები, როგორც ევროპაში ან აზიაში მცხოვრები კავკასიელები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ერთი და იგივე წყარო აწვდის ინფორმაციას. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგი ხელისუფლებაა, რომელიც არა მხოლოდ თავის ხალხზე ზრუნავს, არამედ აქტიურად ეხმარება ჩრდილოკავკასიასაც. რუსეთს სჭირდება კავკასიაში ლოკალური ომის პროვოცირება. კავკასიელების ნაწილი კი აბსოლუტურად გულწრფელად ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება, იქცეს კავკასიური ერთობის ცენტრად, რომელიც ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დახმარებით რუსეთს აიძულებს დათმობებზე წამოვიდეს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხში. გარდა ამისა, ჩრდილოკავკასიელების დახმარებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს აჩვენებს თავის, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტის, საჭიროებას რეგიონში და გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნის ვადას.

– დასავლეთისთვის საჭიროების ჩვენებამ გამახსენა ერთი ისტორია, ვისარგებლებ შემთხვევით და გიამბობთ: მოგეხსენებათ, თურქმენეთის საკმაოდ დიდი ვალი გვმართებდა და, როდესაც ამ ვალის დაფარვის ვადა დადგა, ჩვეულებისამებრ, არ გვქონდა ფული. შევარდნაძე პირადად ეწვია თურქმენბაშს, ოღონდ მაშინ მას არ ერქვა თურქმენბაში და სთხოვა ვალის გადავადება. თურქმენბაში დაეთანხმა, ოღონდ ერთი პირობით: ბილ კლინთონს უნდა შემახვედროო. შევარდნაძეს წერილი მიუწერია თავისი ამერიკელი კოლეგისთვის, დავიღუპებით, თუ არ შეხვდებიო. კლინთონი, ეჭვი მაქვს, სწორედ საქართვლოს საჭიროების მოტივით შეხვედრია თურქმენბაშს და ამ უკანასკნელს ვალის გადახდის თარიღიც გადაუვადებია ჩვენთვის.

– დიახ…ზემოთქმულს დავამატებდი იმას, რომ ამოძრავდნენ რადიკალური ისლამის იდეოლოგებიც. ისინი გამოჩნდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში, ჯერ მხოლოდ ბიზნესმენების ნიღბით, მაგრამ, ჩემი აზრით, ამას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გართულებები მოჰყვეს. არ ვიცი, უნდა დაიბეჭდოს თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, ლიბიაში მოსახლეობის ერთი ნაწილი ელოდება ნატოს დამკვირვებლებსა და სამხედროებს, მეორე ნაწილი კი თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებს, რომ ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები სიცოცხლეს გამოასალმონ. თუ ეს მოხდა, აუცილებლად გადმოედება ჩვენს ქვეყანას. მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან ისევ რუსეთის სპეცსამსახურები იდგეს, თუმცა რაღაც გაუთვალისწინებელი შესაძლოა, სპონტანურადაც მოხდეს.

– რუსეთი ამას ხომ იმიტომ აკეთებს, რომ სოჭის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ ლოგიკით, რაში სჭირდება ახალი ომის პროვოცირება ჩრდილოეთ კავკასიაში? 49-ე არმია განალაგა სამხრეთ კავკასიის პერპენდიკულარულად 59-ე არმის პარალელურად, რითაც გადაკეტა აფხაზეთისა და სოჭისკენ მიმავალი გზები როგორც დანარჩენი საქართველოდან, ისე ჩრდილოეთ კავკასიიდან?

– იმიტომ რომ ეშინიათ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების. როგორც ჩანს, მათი გადაადგილება არ აძლევთ ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ზემოქმედების არეალი გაიტანოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეთ.

– ჩვენკენ კიდევ უფრო ახლოს?

– დიახ. ამისთვის რუსეთს სჭირდება ტერაქტები, სკანდალი, ბრალდებები. დავამატებ იმასაც, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის პუტინისა და მედვედევის წინასაარჩევნო დაპირისპირება და პუტინი ყველანაირად ეცდება, როგორც რუსეთის მოსახლეობას, ისე საერთაშორისო საზოგადოებრიობას აჩვენოს, რომ მედვედევი სუსტი მმართველია და მედვედევის მხარდაჭერის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ცეცხლმოდებულ კავკასიას. პუტინს აქვს პრეტენზია, რომ არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი დიქტატორულად, არადემოკრატიულად, მაგრამ მაინც ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც, როგორც მშვიდობის გარანტთან, შეუძლია დალაპარაკებაც დასავლეთს.

– ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? წყნარად ვისხდეთ?

– არა, ჩემი აზრით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს დიალოგი მოსახლეობასთან და არა მხოლოდ ტელევიზიით. ხელისუფლებამ რაღაც რეალურად უნდა გაიღოს იმისთვის, რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს და ეცადოს ამ მოსახლეობის ერთი იდეოლოგიის გარშემო გაერთიანება. საქართველოს ერთიანობის, სამართლიანობის, ღირსეული ადამიანების გარეშე ჩვენ ვერ გადავჭრით ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს. ჩვენი ხელისუფლება მოსვლის დღიდან სჯის უღირს ადამიანებს, მაგრამ, პარალელურად, ჩვენ ვერ დავინახეთ ღირსეული ადამიანების წახალისება. ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა არის ის თემა, რომლის გარშემოც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაერთიანდება. ხელისუფლებას არ შეუძლია ან ვერ ახერხებს იმის თქმას, რის მოსმენაც უნდა ხალხს. საოცარი ეკონომიკური სიდუხჭირეა და ქართველი ხალხის ღირსებად შეიძლება, ჩაითვალოს, რომ არ კადრულობს ქუჩაში გამოსვლას და, მშია, მშიას, ძახილს. ასეთი მადლიანი ხალხის ხელმძღვანელი ხარ, გამოიყენე, გული გაუხსენი და უწილადე რაღაც, რომ მანაც ამოსუნთქოს და ჰარმონია შეიქმნას. ეს ჩატეხილი ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის უნდა გამთელდეს და აუცილებლად უნდა მოიშოროს ხელისუფლებამ თავისი გარემოცვიდან ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას გასცემენ.


скачать dle 11.3