პოლიტიკური კალეიდოსკოპი
კადაფის ჰიპ-ჰოპი
„იუთუბიზე” ლიდერობს
ლიბიის ჯამაჰირიის ჯერაც მოქმედი ლიდერის, მუამარ კადაფის ცნობილ სატელევიზიო გამოსვლას, რომელშიც მან ამბოხებულებს მიმართა და სასტიკ განაჩენს დაჰპირდა დაუმორჩილებლობის გამო, ებრაელმა მუსიკოსმა ნოე ალოშემ ჰიპ-ჰოპის სახე მისცა და ვიდეოპორტალ „იუთუბიზე” განათავსა. ლიბიელი დიქტატორის საუბარს ამერიკელი რეპერების – „პიტბულის” და „ტიპეინის” მუსიკა დაედო და სახელად „ზენგა ზენგა სონგი” ეწოდა. სიმღერა უკვე ითვლება ლიბიური ოპოზიციის არაოფიციალურ ჰიმნად და, თუკი კადაფი გადადგება, ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ ტრიპოლის მთავარ მოედანზე მილიონამდე ადამიანი ამ კომპოზიციაზე იცეკვებს. ვიდეორგოლში უცნაურად ჩაცმული კადაფი ხშირად სწევს ხელს მაღლა, ისე, თითქოს იგი ჰიპჰოპური მუსიკის წვეულებაზე იმყოფება და ამით ცდილობს, აიყოლიოს ხალხი საცეკვაოდ. „იუთუბიზე” განთავსებული ვიდეო უკვე იხილა ორ მილიონამდე ადამიანმა.
უგანდის პრეზიდენტი კაციჭამიობას აპირებს
უგანდის არჩეული პრეზიდენტი იოვერი მუსევანი, ირწმუნება, რომ, თუკი მისი პოლიტიკის მთავარი ოპოზიციონერი, კიზი ბესიჯე, არ შეწყვეტს კრიტიკას გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, იგი მას შეჭამს, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით. ბესიჯეს კრიტიკის საპასუხოდ მუსევანიმ განაცხადა: „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ღვეზელს”. საინტერესოა, რომ კანიბალიზმს, რომლითაც იმუქრება მუსევანი, მართლა ჰქონდა ადგილი უგანდის პოლიტიკაში: 1971-1979 წლებში ქვეყნის სათავეში მყოფი გენერალი იდი ამინი, რომელიც აფრიკის ყველაზე სისხლიან დიქტატორად ითვლებოდა, გავრცელებული ვერსიით, რეგულარულად იკვებებოდა თავისი ოპონენტების ხორცით. შეგახსენებთ, რომ 66 წლის იოვერი მუსევანი უკანასკნელი 25 წელია, სათავეში უდგას უგანდის რესპუბლიკას.
მუბარაქს ეგვიპტის
დატოვება აუკრძალეს
ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქსა და მისი ოჯახის წევრებს ახალმა მთავრობამ აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ასევე, დაილუქა მისი საბანკო ანგარიშების უმეტესობა, ხოლო გარდამავალმა მთავრობამ მოთხოვნა გადაგზავნა შვეიცარიაში, რომელშიც მოითხოვს შვეიცარიულ ბანკებში არსებული მილიონობით დოლარის, (რომელიც მუბარაქის ოჯახის წევრების ანგარიშებზეა რეგისტრირებული), ეგვიპტელი ხალხისთვის დაბრუნებას. გადაყენების შემდეგ ჰონსი მუბარაქი თავის რეზიდენციაში იმყოფება შარმ-ელ-შეიხში. გავრცელებული ვერსიით, მისმა მეუღლემ – სიუზანამ და ვაჟმა – გამალმა უკვე დატოვეს ეგვიპტე და, სავარაუდოდ, შვეიცარიაში იმყოფებიან.
ბერლუსკონის ქალებს
შიდსის ეშინიათ
მილანის პროკურატურას ხელში ჩაუვარდა სილვიო ბერლუსკონის საყვარლების მიმოწერა, რომელშიც ქალები ერთმანეთს უზიარებდნენ აზრს, პრემიერ-მინისტრის სავარაუდო ვენერიული დაავადებების შესახებ. კერძოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა, ბერლუსკონის გახმაურებული წვეულებების შემდეგ, შიდსზე ანალიზები ჩააბარა და მეორე უცნობ ქალბატონს გაუზიარა, რომ ამჯერად გადარჩა – მისი ლეიკოციტები ნორმაშია და შიდსი არ აქვს, რაზეც საპასუხო ესემესი მიიღო: „მე მაინც გირჩევდი, თავი აარიდო მასთან სექსუალურ სიახლოვეს, რადგან, კაცი, რომელსაც თვეში 80-მდე ქალთან სძინავს, არავინ იცის, რით შეიძლება დასნეულდეს”. გარდა ამ მიმოწერისა, მილანის პროკურატურას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ თავის საყვარლებს სილვიო ბერლუსკონი ძვირად ღირებულ საჩუქრებს უკეთებდა, მაგალითად, 13 ლამაზმანს ავტომობილები აჩუქა, რაშიც, სავარაუდოდ, 230 ათასი ევრო გადაიხადა.
აფრიკელი დიქტატორის შვილი აბრამოვიჩს ჰბაძავს
ეკვატორიული გვინეის პრეზიდენტის ტეოდორო ობიანგის ვაჟმა, ტეოდორინ ობიანგმა გადაწყვიტა, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს მიჰბაძოს და გერმანულ კომპანია „კუშ იახტს”, რომელიც ძვირად ღირებული იახტებისა და ხომალდების აგებით არის დაკავებული, აბრამოვიჩის იახტის – „ბელორუსის” ზუსტი ასლის გაკეთება შეუკვეთა. იახტის აგება პრეზიდენტის შვილს 288 მილიონი ევრო დაუჯდება და მისი დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება. ტეოდორო ობიანგი 1979 წლიდან უდგას სათავეში ეკვატორიულ გვინეას, მისი შვილი კი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრია და მისი ოფიციალური წლიური შემოსავალი 8 ათასი ამერიკული დოლარია. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ იგი ფლობს 35 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილას მალიბუში, ათამდე ძვირად ღირებულ ავტომობილსა და რეაქტიულ თვითმფრინავს. აღსანიშნავია, რომ ეკვატორიული გვინეის მოსახლეობის 70 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.