მინისტრს უყვარდა ბავშვები
ანუ, თავდაპირველად იყო კონკურსი
მართალია, ეკონომიკური მიღწევების გადასაღებად ჯერჯერობით ჩვენთან არავინ ჩამოსულა (უცხო თვალი ამ ეტაპზე მხოლოდ ქართული პოლიციის რეფორმისკენაა მომართული), მაგრამ, სამაგიეროდ, თავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გვანებივრებს ნოვაციებით. მათ შორის, ისეთებითაც, რომლებიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკურ მართვაში ჩართვაზეა ორიენტირებული. თავდაპირველად იყო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის (მათ მინისტრის კაბინეტშიც კი წაიმუშავეს), ხოლო სულ ახლახან ქ-ნ ქობალიას უწყებამ ქართული ეკონომიკის სამსახურში ქართველ სტუდენტთა რუხი ნივთიერების ჩაყენებაც მოიწადინა. მოიწადინა და გაკეთებასაც შეუდგა. სახელდობრ, სამინისტრომ მქუხარე სახელწოდების – „ახალი ინიციატივა მომავალი ბიზნესმენებისთვის“ – კონკურსიც გამოაცხადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკურსანტები სტუდენტები იქნებიან. ერთი ისაა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება ბიზნესგანათლებას დაწაფებულ, ოღონდ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეეძლებათ. ჯერჯერობით პროცესში მხოლოდ ექვსი უნივერსიტეტი ჩაერთვება. რატომ მხოლოდ ექვსი, უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ბიზნესგეგმები, რომელთა შორის საუკეთესოებს სამინისტრო შეარჩევს, ხოლო მათგან საუკეთესოებს კი განსახორციელებლად ბიზნესსექტორს შესთავაზებს.
ჩვენ, ბუნებრივია, არც ის ვიცით, იქნება თუ არა ბიზნესსექტორი ვალდებული, განახორციელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწონებული სტუდენტური ბიზნესგეგმები (თუმცა, თუ არ ენდომებათ, მაშინ კონკურსიც ვერ შედგება. ასე რომ, სავარაუდოდ, მოუნდებათ), სამაგიეროდ, ეჭვი გვაქვს, რომ კვლავაც აქტუალურია მოწოდება-შეგონება: „ლენინს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივია, მინისტრს) უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ მინისტრი“. მეორე მხრივ, თუ ჩვენს ჩინოვნიკთა მეტად ახალგაზრდა ასაკს გადავხედავთ, ვითომ, არ ვიმსახურებთ ერთ უნივერსიტეტს მაინც, პირდაპირ მინისტრებს რომ უშვებდეს?!