100 პროცენტით დამთხვეულები
რეფორმები – ექსპორტზე
მაშინ, როდესაც ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოშია, აქაურთა, ანუ ჩვენებურთა რევოლუციური გამოცდილების ადგილზე გასაცნობად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი დიპლომატი მუბარაქის სამფლობელოშია (უფრო ზუსტად, ყოფილ სამფლობელოში, რადგან არაფერია მუდმივი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში), რათა საკუთარი ორთავ მზრუნველი თვალით შეაფასოს, თუ რა მიმართულებით აპირებს განვითარებას ეგვიპტური დემოკრატია მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ. როგორც ჩანს, მიმართულება იმედისმომცემია, ვინაიდან, ნანახით კმაყოფილი ბ-ნი ვაშაძე შენიშნავს (მომყავს ციტატა): „ეგვიპტის მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი, ფაქტობრივად, 100 პროცენტით ემთხვევა იმ გეგმას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა“.
ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი დიპლომატი ქაიროში ეგვიპტური მხარის მიწვევით იმყოფება და პატივიც ერგო, რომ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს, ბ-ნ ამრ მუსას შეხვედროდა. მეორე მხრივ, მართალია, ჯერ ეგვიპტური გადატრიალება არც კი გაციებულა, თუმცა მხარეებმა უკვე განიხილეს ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. მეტიც, სექტემბერში დაგეგმილ არაბთა ლიგის მინისტერიალზე ბ-ნი ვაშაძე სიტყვითაც გამოვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეგვვიპტე (ყოველ შემთხვევაში, აწ უკვე გადაგდებული მუბარაქის მმართველობის ჟამს) ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის მოკავშირედ მიიჩნეოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჩვენი ნომერ პირველი დიპლომატი არა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით დაინტერესებულა ეგიპტეში დღეისთვის არსებული ვითარებით. „ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება არაბულ ქვეყნებში, ვიცოდეთ, რა გეზის აღებას აპირებს პოლიტიკური ელიტა, რომ ჩვენი პოლიტიკა არაბულ სამყაროსთან მიმართებაში ამ ფუნდამენტზე ავაგოთ,“ – ბრძანებს ბ-ნი ვაშაძე, რითაც ბადებს ეჭვს, რომ არა მხოლოდ ამ ეტაპზე, საერთოდაც, ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის თვალისა და ყურის ფუნქციაც გვექნება შესათავსებელი, მარტივი და გამოცდილი პრინციპით: ორი თვალი და ყური რომ გაიგონებს და დაინახავს, ერთი თვალი და ყური გაიგონებს და დაინახავს იმდენს?!
ასეა თუ ისე, ოფიციალური განმარტებით, ამ კონკრეტული ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ქართული პოსტრევოლუციური გამოცდილების გაზიარებაა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასები დაჟინებით ითხოვენ ქართული პოსტრევოლუციური გამოცდილების მათთვის გაზიარებას, იქნებ ამ საქმით გვეხეირა და რეფორმების ამ ექსპორტით პატარა ფული გაგვეკეთებინა (ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ სხვა რამის ექსპორტს მოვაბამდეთ თავს)?!