რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა სეფიანთა ირანის შიიტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში
მეთექვსმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა სეფიანთა ირანის შიიტური სახელმწიფო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეფე-მთავრებმა. თუ ვინ იყვნენ ეს მეფე მთავრები და რა სახის დახმარება გაუწიეს მათ ისმაილ პირველს – სეფიანთა ირანის სახელმწიფოს დამაარსებელს, ამაზე დღევანდელ ინტერვიუში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე გვესაუბრება.
– მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეზობლად ჩამოყალიბდა სეფიანთა ირანის მძლავრი შიიტური სახელმწიფო, რომლის დამაარსებელიც გახლდათ სეფიანთა ორდენის ფუძემდებლის სეფი ად დინის შთამომავალი – ისმაილ პირველი. მან 1501-1504 წლებში დაამარცხა „თეთრბატკნიანთა“ უკანასკნელი მმართველები – ალვენდი და მურადი. სეფიანთა ირანის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეფე-მთავრებმა, რომლებაც ისმაილის 7-ათასიან ჯარს ქართველთა 9-ათასიანი ლაშქრით დაეხმარნენ. სწორედ ამ დამხმარე ძალის მეშვეობით მიაღწია ისმაილმა გამარჯვებას და შექმნა მძლავრი ცენტრალიზებული სახელმწიფო. რამდენიმე წლის შემდეგ კი, 1518 წელს, როგორც ჟან შარდენი გადმოგვცემს, „ისმაილმა ომი გამოუცხადა ქართველებს, თუმცა, თავისი მეფობის დასაწყისში სწორედ მათგან ჰქონდა მიღებული მნიშვნელოვანი დახმარება”.
– ვინ იყვნენ ის ქართველი მეფე-მთავრები, რომლებმაც ასეთი დახმარება გაუწიეს ისმაილ პირველს?
– ქართული და სპარსული წყაროები ისმაილ პირველის ქართული ჯარით „თეთრბატკნიანთა“ დამარცხების შესახებ არაფერს მოგვითხრობს. ამ ფაქტის შესახებ ჩვენ იტალიელი მისიონერის ჩანაწერებიდან ვიგებთ.
– ვინ არის ეს მისიონერი და რას მოგვითხრობს ის?
– ეს გახლავთ კატერინო ძენო, რომელიც გადმოგვცემს: „ისმაილი ხედავდა სამხედრო მოქმედების საწარმოებლად თავისი ძალების სისუსტეს და ალმურის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა იმ ქვეყნის მეზობელ ზოგიერთ ქართველ ქრისტიან მბრძანებელს. ესენი იყვნენ: ალექსანდრე ბეკი, გორგორა ბეკი და მირაბეტი. მათ ძველი მტრობა ჰქონდათ ალმურთან და მისი ძლიერების დამხობა სურდათ. ისარგებლეს რა ისმაილის მიერ მიცემული შემთხვევით, გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ მას ალმურის წინააღმდეგ. ამიტომ თითოეულმა მათგანმა გაუგზავნა მას სამი ათასი მხედრისგან შემდგარი რაზმი. ასე რომ, ერთად ცხრა ათასი იყვნენ. ძალიან კარგი მებრძოლები არიან. ქართველები ისინი არიან, ვინც უძველესი დროიდან იბერებად იწოდებიან და იქიდანვე ქრისტიანები არიან, ისევე, როგორც ამჟამად. გამუდმებით ებრძვიან თურქებს ტრაპიზონის საზღვარზე. ისინი მდიდრულად და მხიარულად მიიღო ისმაილმა, რომელსაც მათი დახმარებით ჰყავდა შესანიშნავი ჯარი თექვსმეტი ათასი კაცის შემადგენლობით.” როგორც უცნობი ვენეციელი ავტორის ცნობიდან ვიგებთ, ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ისმაილ პირველის გამარჯვებაში ალვენდის წინააღმდეგ. მაგრამ, სანამ ქართველების ვინაობას გავარკვევდეთ, საჭიროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რამ გამოიწვია მათი ასეთი გულუხვი დახმარება. ჰასან რუმლუს გადმოცემით, „ჩვენთვის გამორკვეული და დადგენილი იქნა, რომ დროშების შირვანისკენ მიმართვა სწორი, კეთილი და კეთილდღეობასა და სიმართლესთან დაკავშირებული იქნება. ამიტომ სადავეები შირვანისკენ მიმართეს. როცა მათ ბასიანს მიაღწიეს, მიზანშეწონილი მოქმედებისთვის საჭირო შეიქნა, რომ ხოლეფა-ბეგმა მამაცების რაზმით საქართველოზე გაილაშქრა, უზომო ნადავლი აიღო და უავგუსტოეს ურდოში დაბინავდა”. მსაგავსი გადმოცემა აქვს მეორე სპარს ისტორიკოსს – ხონდემირსაც.
– ყოველივე ამის შემდეგ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართველებმა ამგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინეს ისმაილს.
– მას დახმარებას არა მხოლოდ ალექსანდრე და მირაბეტი, არამედ დაზარალებული სამცხის მთავარიც კი უწევს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამეფებულია აზრი, რომ ისმაილმა ამგვარი მოქმედება ზურგის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გააკეთა, მაგრამ, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ისმაილ პირველს, უბრალოდ, ამის საჭირო ძალა არ გააჩნდა. ყურადღებას იპყრობს ასევე, სოლაქ ზადეს ცნობა, რომელიც მოგვითხრობს: 1500-1501 წლებში ისმაილსა და სელიმს შორის მომხდარი ბრძოლის შესახებ სამცხის საზღვარზე, რომლის შედეგადაც ჩვენ დავასკვენით, რომ ისმაილ პირველი სამცხეში შემოვიდა ქართველების დასახმარებლად უფლისწული სელიმის წინააღმდეგ.
ისმაილ პირველს ალვენდის წინააღმდეგ საბრძოლველად დაეხმარა სამი ქართველი მოკავშირე: ალექსანდრე ბეკი, გორგორა ბეკი და მირაბეტი.
– ვის მოიხსენიებდა ასე?
– ქართველი მკვლევრები პირველი ორის ვინაობის შესახებ თანხმდებიან, რომ ესენი იყვნენ ალექსანდრე კახთა მეფე და სამცხის მთავარი. განსხვავებული მოსაზრებებია მირაბეტის შესახებ. ელდარ მამისთვალიშვილის ვარაუდით, იგი ქართლის სამეფოს წარმომადგენელია და სახელი „მირაბეტი“ უახლოვდება სახელ „მირზას“, ანუ უფლისწულს და, ესე იგი ქართლის მეფის დავითის ერთ-ერთი შვილია. ნანა გელაშვილიც მირაბეტს ქართლის წარმომადგენლად აღიქვამს და აქვე სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე იყო და მირაბეტი მის შვილად უნდა ჩავთვალოთ. ჩვენ მირაბეტს სამცხის წარმომადგენლად მივიჩნევთ.
– რით ასაბუთებთ ამ ვარაუდს?
– განვიხილოთ თითოეული მოკავშირე ცალ-ცალკე: ალექსანდრე ბეკი – ეს მეფე ალექსანდრეა. ამ პერიოდის საქართველოში ორი მეფე ალექსანდრეა: კახთა მეფე და იმერთა მეფე. ამის მიუხედავად, აქ ლაპარაკია კახთა მეფეზე. სწორედ ამ პერიოდში, ვახუშტის გადმოცემით, იგი ძღვენსაც კი უგზავნის ისმაილს. ამავე გადმოცემის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ალექსანდრეს მორჩილება ისმაილის მიერ შირვანის აღებას მოჰყოლია. ამით გასაგები ხდება, თუ რატომ გამოცხადდა ალექსანდრეს დაახლოებით 3 ათასიანი ჯარი ისმაილის დასახმარებლად.
რაც შეეხება გორგორა ბეკს, იგი სამცხის ათაბაგია. ასე მოიხსენიებენ უცხოურ წყაროებში ყვარყვარე მეორეს. მაგრამ იგი ამ პერიოდისთვის გარდაცვლილია. ასევე, გარდაცვლილია მისი მემკვიდრე – ქაიხოსრო. ქაიხოსროს ვაჟი, ყვარყვარე მესამე, მცირეწლოვანია და სამცხის სათავეში ქაიხოსროს ძმა – მზეჭაბუკი დგას. მაშინ ვინაა გორგორა? ხომ არ ნიშნავს ეს სიტყვა ზოგადად, სამცხის წარმომადგენელს?! მართებულად აღნიშნავს ელდარ მამისთვალიშვილი, რომ ყვარყვარე მეორის ხანგრძლივმა ათაბაგობამ მისი სახელი სამცხის მმართველი ათაბაგების საერთო სახელად აქციაო.
– მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვინ იყო გორგორა: მცირეწლოვანი, მაგრამ კანონიერი ყვარყვარე მესამე თუ ფაქტობრივი მმართველი მზეჭაბუკი?
– ამის ამოხსნაში მირაბეტის ვინაობის გარკვევა დაგვეხმარება. როგორც აღვნიშნეთ, მირაბეტი იგივე მირზა ბეკია, ანუ უფლისწული, მაგრამ, არის კი იგი იმ პერიოდის რომელიმე მეფის შვილი? ხომ არ შეიძლება, პარალელები გავავლოთ მირზაბეკსა და მზეჭაბუკს შორის? მზეჭაბუკს აღმოსავლური წყაროები „მირზა ჩაბუკს“, ან „მირზა ბეკს“ უწოდებენ. კერძოდ, თოფქაფის არქივში, 8309-ით დანომრილ საბუთში, მზეჭაბუკი სელიმს სპარსულ ენაზე დაწერილ ათსტრიქონიან წერილს უგზავნის, საკუთარ თავს „მირზა ჩაბუკს“ უწოდებს. მზეჭაბუკს ასევე, მოიხსენიებენ: იბნ-ქემალი, მუსტაფა ჯელალ-ზადე, შუქრი თიფლისი. ყოველივე აქედან, შეგვიძლია, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მირაბეტი, ანუ იგივე მირზაბეკი – მზეჭაბუკია, მაგრამ, აქ ვაწყდებით შეუსაბამობას, კერძოდ: თუ მზეჭაბუკი მირაბეტია, მაშინ, ვინაა გორგორა ბეკი?..
მიუხედავად იმისა, რომ სამცხის რეალური გამგებელი მზეჭაბუკია, საათაბაგოს კანონიერ მემკვიდრედ ითვლება ათაბაგ ქაიხოსროს მცირეწლოვანი ვაჟი – ყვარყვარე მესამე. აქ, შეიძლება, გამოითქვას ვარაუდი, რომ ისმაილ პირველს შეეძლო, მიემართა, როგორც კანონიერი მმართველისთვის, ისე რეალური ძალაუფლების მფლობელისთვის.
ყოველივე აქედან კი გამოგვაქვს შემდეგი სახის დასკვნა: ისმაილის მოკავშირეები არიან: ალექსანდრე კახთა მეფე, ყვარყვარე მესამე და მზეჭაბუკი.