ვის გააუპატიურებინა მიხეილ ჯავახიშვილმა თავისი პერსონაჟი დარო ბარათაშვილი და რატომ მიათხოვა ბოლოს იგი ჯორაშვილს
25 თებერვალს 90 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოს „გასაბჭოებიდან”. თურმე, პირველ წლებში, ამ თარიღს უქმობდნენ კიდეც – დასვენების დღედ იყო გამოცხადებული. სადღესასწაულო და საზეიმო დღედ!
დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე დაყრდნობით, ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს ამ „მრგვალ თარიღთან” დაკავშირებით.
გელა გარაყანიძე: 1921 წლის 25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და ბოლშევიზმის სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადების თარიღია. მიხეილ ჯავახიშვილი იმთავითვე ჩაება ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში. 1923 წელი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ამ წლის მიხეილისეული ბიოგრაფია არ იცის, ნუ იტყვის, რომ მის შემოქმედებას იცნობს... უკლებლივ ყველა მისი რომანი ანტიბოლშევიკურია!... და რამდენიმე მოთხრობაც...
– ბატონო გელა, თავიდან დავიწყოთ, „კვაჭი კვაჭანტირაძეში” რომელი პერსონაჟია ანტიბოლშევიკი?
– ჯერ შევთანხმდეთ ბოლშევიზმის ცნებაზე!
– კი ბატონო, გვიბოძეთ, თქვენეული ვერსია.
– არამც და არამც! ჩემზე კი არ გვექნება საუბარი, მიხეილის თვალით დანახულ ბოლშევიზმზე. იგი 1903 წლიდან გადმოვიდა თბილისში მუდმივ საცხოვრებლად და უკვე 1907 წელს შეიქმნა მყარი აზრი ამ იდეოლოგიაზე...
კერძოდ, მიხეილს ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც მან ფედერალისტების პარტია დატოვა 1907 წელს, ის მიაჩნია, რომ ფედერალისტების პარტიამ „ილია ჭავჭავაძის მკვლელ სოციალ-დემოკრატიას პასუხისმგებლობა მოხსნა”.
მოდი, შევთანხმდეთ შალვა ამირეჯიბისეულ განმარტებაზე, რომელიც მისი მეგობარიც გახლდათ და ორჯერ თანაპარტიელიც: „ბოლშევიზმი მდგომარეობს იმაში, რომ უვარგისებმა აჯობონ უკეთესებს.”
თქვენი პირველი შეკითხვის პასუხად კი მოგიგებთ: „კვაჭი კვაჭანტირაძეში” ანტიბოლშევიკი გახლავთ მთხრობელი – მიხეილ ჯავახიშვილი.
– მე როგორც მახსოვს, „კვაჭიში” თაღლითი, გაიძვერა, გაქნილი ტიპებია გამოყვანილი, სად არის იქ ანტიბოლშევიზმი?
– ჯერ ბოლშევიკებს შეგახსენებთ: ლენინი, ზინოვიევი, ბუხარინი, კამენევი, ტროცკი, სვერდლოვი... ყველას კარგად მოეხსენება მათი ეროვნული წარმომავლობა!
ჯავახიშვილი კი აჩვენებს, რომ არც მანამდე იყო რუსული სამეფო კარი ამ „მოვლენისგან” თავისუფალი... განუსი, გინცი, მენდელსონი...
ინებეთ, „ალო! ვინ ლაპარაკობს? გინცი? ვახლავართ აბრამ მოისეევიჩს. ბრძანეთ... რაო? შეუძლებელია!... მაშ ასი აქცია მაინც დამიტოვეთ, რაო? დაუჯერებელია! აჰა-ჰა! გამოაგდო?... კიბეზე დააგორა? აჰა-ჰა!... რაო? თავზე გადაასხაო? აჰა-ჰა! ხვალ არკადიაში? კეთილი, გეახლებით... ელენეც?... როდის დაბერდებით, როდის დამშვიდდებით?! კარგი, კარგი, მოგიყვანთ, სამაგიეროდ, კლავას დამითმობთ, არა? კეთილი... აბრამ მოისეევიჩ, ეკლესიებს არ აშენებთ?... რაო? უკვე ოციც ააშენეთ!.. ებრაელი ეკლესიებს აშენებს?.. აჰა-ჰა! რაოო? ხატების ქარხანასაც აშენებთ? ხატებით უნდა ივაჭროთ? ბარემ მირონიც დაამზადეთ, სასულიერო აკადემიაც გახსენით”.
– ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გვარების ჩამოთვლა ანტიბოლშევიზმია?
– ჩემზე არ გვექნება საუბარი-მეთქი, ხომ შევთანხმდით!.. ჯავახიშვილს გამოყვანილი ჰყავს ეპიზოდურ პერსონაჟად ხრხრიანცი! ამ გვართან დაკავშირებით გამოხატავს მიხეილი თავის კრედოს!
– ხრხრიანცი? რა უცნაური გვარია, აშკარად მწერლის ფანტაზიის ნაყოფია!
– დიახ, ბატონო! კრედო კი შემდეგში მდგომარეობს: „ოჰ, ხრხრიანც! როგორი გვარიც გქონია, სულიც ასეთი გექნება! გაიძვერავ! ჰარამზადავ! ჯიბგირო!” კრედო მხოლოდ „კვაჭიზე” არა, მთელ შემოქმედებაზე ვრცელდება.
– კიდევ გაგვახსენეთ ანტიბოლშევიზმი სად არის?
– მთელი რომანი ბოლშევიკების სიძულვილით არის დაწერილი. ავტორი მათ „ძაბრებს” ეძახის... მეტი რაღა ქნას... თუმცა, არც გამყიდველ ქართველებს ინდობს: „რა გაკვირვებს, რა გაოცებს? პირველსავე ბრძოლაში გამარჯვებული გვარდიელები დაიშალნენ და ქალაქს მოედვნენ? შინისკენ გზას ეძებენ? ეს გაკვირვებს განა! მაშ, რომ დამარცხდნენ, მაშინ რაღას იზამენ?
ზოგს ახალი ფეხსაცმელი აცვია და მაინც გაიძახის: სანამ ერთ წყვილს კიდევ არ მოგვცემთო, ომში არ წავალთო. თითო წყვილიც მიიღეს, ბაზარში გაიტანეს და გაჰყიდეს.
... – სად არის ჯარი? სად არის ჩვენი სამოცდახუთი ათასი მხედარი? ნურც ეგ გიკვირს, კვაჭი! სამოცდახუთი ათასი ქაღალდზე იყო დაწერილი ხაზინიდან ათჯერ მეტი ფულის გასატანად და შენისთანა გულუბრყვილო ხალხის დასამშვიდებლად.
... წითლებმა ყველა ჩვენი საიდუმლოება იციან! საიდან? როგორ? ვისგან?”
– თქვენ მიიჩნევთ, რომ ჯავახიშვილის აზრით, 1921 წელს ძალადობასაც ჰქონდა ადგილი და ღალატსაც?
– დიახ, მწერალს შემთხვევით არ შეურჩევია თავისი ცნობილი რომანის ცნობილი პერსონაჟისთვის ყაფლანიშვილის გვარი.
თუ საქართველოს ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, ძალზე ბევრ ყაფლანიშვილს უღალატია სამშობლოსთვის... გვარის დამდები ყაფლან ბარათაშვილი-ორბელიანი მარაბდის ბრძოლაში მონაწილეობდა... სპარსელების მხარეს.
– მაგრამ, მარგოზე ხომ ძალადობაც მოხდა?
– რასაკვირველია, მაგრამ გულმოდგინედ შეეწინააღმდეგა მარგო ჯივაშვილს?.. ამ გვარის წარმოთქმით წარმოშობილი ასოციაციებიც მკითხველისთვის მიმინდვია...
და კიდევ – როგორ იქცევა მარგო შემდეგში? იქნებ, როცა მწერალი თავის უბის წიგნაკში წერდა: „25/II-ს უქმე პატივახდილი დედაკაცის უქმეა, რომელიც სწორედ 25/II იხმარეს ძალით”, მარგოსაც გულისხმობდა?
– ჯივაშვილის ასოციაციის „გამოცანა” ადვილი ასახსნელია... მაგრამ მას ხომ გლეხი ნინიკა ამარცხებს!
– გახსოვთ, რა გვარია ნინიკა? – დევდარიშვილი! ჯაყოს დამარცხება ყველას კი არ შეუძლია, მხოლოდ დევ-დარიშვილს.
– შეგიძლიათ, ამ სტილში გააგრძელოთ მსჯელობა?
– ზაალ ბარათაშვილის ქალიშვილს ორლოვი დააფეხმძიმებს. გაიხსენეთ რუსეთის დროშაზე ორთავიანი არწივის რუსული შესატყვისი. დარო ბარათაშვილს ჯორაშვილი ითხოვს და მის შვილსაც თავის გვარზე დასწერს... ჯორი – ცხენისა და ვირის შეჯვარების პროდუქტია, ჯორაშვილები კი ბარათაშვილთა აზნაურები არ ყოფილან...
ლევანაშენი არარსებული სოფელია, მაშინ, როცა არსებობდა და არსებობს რამდენიმე თამარაშენი...
იქ ცხოვრობს ოსი თომა – თავს დავდებ, რომ არც ერთ ოსს თომა არასოდეს რქმევია – რომელიც მხოლოდ იმიტომ არის გამოყვანილი, ერთი კონკრეტული ფაქტი სარწმუნო გახადოს... სახელი თომა, სადაც ჯერ არს, ურწმუნო კაცის სახელია...
– ბატონო გელა, მიხეილ ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ 1921 წელს საქართველომ მხოლოდ ცოტა გაიბღლარძუნა და მტერს ადვილად დანებდა?
– რომანებშიც ასეთ აზრს ავითარებს, პირად საუბრებშიც იგივეს ამბობდა, უბის წიგნაკშიც შავით თეთრზე უწერია: „ყოველ ქართველს ყოველ ჟამს უნდა ახსოვდეს, რომ ნახევარმა საქართველომ მარაბდის ბრძოლის დროს 10 000 მოკლული გასწირა, ხოლო ერთობლივმა საქართველომ 1921 წელს თავის დამოუკიდებლობას ასი მოკლული ვერ შესწირა.”
– ებრაული გვარების პერსონაჟებს, თუ ანტიბოლშევიკური დატვირთვა ექნებოდა, ამაზე არასდროს მიფიქრია.
– ბოლშევიკურ ცენზურას მსხვილმან საკითხებს ვერ გააპარებდი. სათქმელი დეტალებით ან სხვათა შორის, უნდა გეთქვა, ან უარყოფითი პერსონაჟისთვის გეთქმევინებინა, რომ შეგედავებოდნენ – ეტყოდი – განა, მეც ეგრე ვფიქრობ, ამ უარყოფითი პერსონაჟის ტიპაჟის ჩამოსაქნელად მჭირდება ასეთი აზრის გადმოცემაო. რაც შეეხება უბის წიგნაკს, იქ მწერალს მაგალითად, ასეთი მოსაზრება აქვს განვითარებული: „ბოლშევიკებსაც და ურიებსაც ერთნაირი რელიგია აქვთ – მძულვარება. ურიებს სძულთ ყველა სხვა ეროვნება. ამათ კი – ყველა სხვა კლასი (?) განსხვავება არავითარი”.
– ებრაელების რა მოგახსენოთ, ჩვენ უფრო ქართველებზე გვაინტერესებს მწერლის ჩანაწერები.
– ქართველებზე იყოს: „საქართველო ისეთ დღეშია, რომ ერთი პატარა ბანკი იყიდის და გაჰყიდის ჩვენს მიწა-წყალს, ხალხსა და სინდისს”.
– ძალზე მწარე ციტატები მოგაქვთ... იქნებ, ჩვენს მკითხველს ისიც შეახსენოთ, რა ბრალდებით დახვრიტეს დიდი მწერალი.
– მიხეილ ჯავახიშვილს ბრალი ედებოდა, რომ:
1. „იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის ცენტრის თავმჯდომარე;
2. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ მუშაობას;
3. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ.
დამნაშავედ თავი ნაწილობრივ ცნო.”
– ახლა მაინც გვითხარით თქვენი პირადი აზრი. ალბათ, მწერლის უდანაშაულობას უჭერთ მხარს?
– არამც და არამც. პირადად მე, სწორედ იმიტომ ვცემ პატივს მიხეილ ჯავახიშვილს, რომ იგი ამ საქმიანობით იყო დაკავებული და არ ვეთანხმები მათ, ვისაც ჰგონია, რომ მწერალი „უდანაშაულო” იყო.
თუ გაინტერესებთ, ვინ დახვრიტეს უდანაშაულოდ, მაგასაც გეტყვით... თუმცა, ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ, მხოლოდ ერთს დაგისახელებთ – ლევან ღოღობერიძე, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მამა.
მიხეილ ჯავახიშვილი კი „სამართლიანად” დახვრიტეს. იგი მართლა ებრძოდა ბოლშევიკებს, მართლა უყვარდა საქართველო, ფაშისტი ამიტომ იყო! და მხოლოდ თავმდაბლობის გამო ცნო თავი დამნაშავედ ნაწილობრივ – რასაც მიაწერდნენ, ყველაფერს სინამდვილეში ვერ გასწვდებოდა!