გაუფრთხილდი სიყვარულს...
სიყვარული არ მოდის თავისით. ეს საკმაოდ მცდარი და სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებული მოსაზრებაა. სანამ ახალგაზრდები ვართ, უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ სიყვარული სულ იქნება. ერთს მეორე შეცვლის, მეორეს მესამე და ყოველ ჯერზე, უფრო მშვენიერი და მშვენიერი გახდება. სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება. თანაც, ძალიან დიდი მოფრთხილება. სიყვარული სათუთია და მგრძნობიარე. მას უნდა მოუარო, გაზარდო და მუდმივად გამოკვებო, რომ არ მოგიკვდეს. დიახ, სიყვარული კვდება, მას ჩვენ ვკლავთ. უყურადღებობით, გულგრილობით, უხეშობით, ეჭვიანობით. დიახ, ზედმეტი ეჭვიანობაც კლავს სიყვარულს. ზედმეტი იმიტომ, რომ სიყვარული ეჭვიანობის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ზომიერება აუცილებელია.
ჭეშმარიტი სიყვარული ძალიან იშვიათია და მას დანახვა, დაფასება და გულში კარგად შენახვა სჭირდება. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, ჩახედოთ თვალებში თქვენზე შეყვარებულ ადამიანს. რომ უყვარხართ, ეს მთლიანად მისი დამსახურებაა და არა თქვენი. ნუ იფიქრებთ იმას, რომ განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი და ერთადერთი ხართ. ასეთი თქვენ მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის ხართ, ვისაც უყვარხართ.
გახსოვდეთ ისიც, რომ პოვნა ძნელია, თორემ დაკარგვას ნებისმიერ დროს, სულ ადვილად მოახერხებთ. სიყვარული საჩუქარია და დიდი ბედნიერება. თქვენ ეს ბედნიერება და საჩუქარი ისე გებოძათ, თითიც არ გაგინძრევიათ, მაშ, გაუფრთხილდით მას!