შიშები... შიშები...
ამბობენ, ყველა ქალს საკუთარი, პატარა საიდუმლო და პატარა შიში აქვსო.
1. მაგალითად, ქალებს ძალიან აშინებთ და სძულთ გაურკვევლობა. მათთვის ყველა საკითხი დღესავით ნათელი უნდა იყოს. კაცი არასდროს ჩავარდება პანიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პარტნიორი „დროებით მიუწვდომელია“, ქალი კი ისე ინერვიულებს, შეიძლება, ცუდადაც გახდეს. თანაც სულერთია, ვინ იქნება მიუწვდომელი: შვილი, ქმარი თუ შეყვარებული. ქალს საოცარი წარმოსახვის უნარი აქვს და ისეთ რამეს წარმოიდგენს, საშინელებათა ფილმი ლამაზი ზღაპარი იქნება მასთან შედარებით.
2. „ხომ არავინ ჰყავს“ – სერიოზული შიშია მაშინაც კი, როცა ეჭვმიტანილი არ არსებობს. მაგრამ ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რადგან თუ შიშმა ერთხელ აიტანა ქალი, მერე მისგან გათავისუფლება ძალიან უჭირს: „ვაითუ რაღაც ისე არ არის... ვაითუ რაღაც გამომეპარა“... ამ დროს შიშის წამალი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს და ამოირჩიეთ: ან ჰყავს ვიღაც, ან – არ ჰყავს და მოქმედების გეგმაც დასახეთ. ქალების უმრავლესობა პირველ ვარიანტს ირჩევს ხოლმე და მოქმედების გეგმაც შესაბამისი უნდა იყოს. უპირველესად კი იზრუნეთ საკუთარ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე.
3. „რას იფიქრებენ ჩემზე ადამიანები?” – ეს შიში ადრეული ასაკიდან მოდის. მას, თავისდაუნებურად, მშობლები გვინერგავენ ბავშვობაში. მათ ხომ ჩვენი განვითარების გეგმა ჩვენი დაბადებისთანავე აქვთ მზად. სინამდვილეში, სხვა ადამიანების აზრს არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, როცა გადაწყვეტილებას ჩვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ვიღებთ.
4. გაგიკვირდებათ და... ქალები მაშინაც ნერვიულობენ, როცა ყველაფერი კარგად არის: „რაღაც საეჭვოდ მიყუჩდა სიტუაცია. რამე ცუდს ხომ არ უნდა ველოდე?!“ განა შეიძლება, გეშინოდეს იმის, რაც არ მომხდარა და, შესაძლოა, არც არასდროს მოხდეს? მაგრამ ქალები ამას ახერხებენ, თანაც, საკმაოდ ოსტატურად... ქალბატონებო! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიიღეთ სიამოვნება იმით, რომ ყველაფერი კარგად არის!
5. „რაღაც ისე ვერ გამოიყურები!“ – ამ ფრაზის ავტორი ნებისმიერი შეიძლება იყოს: მეგობარი, მეზობელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი... თანაც, ხშირ შემთხვევაში, უბრალო ფრაზაა, არაფრის მთქმელი და მით უმეტეს, არაფრის გადამწყვეტი. ამიტომ, არასდროს ინერვიულოთ ამაზე. დაიწყეთ და მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე, საშიში ნამდვილად არაფერია...