რატომ გადასახლდა საცხოვრებლად ლიზა ბათიაშვილი გერმანიიდან საფრანგეთში და რა საქმიანობა აკავშირებდა მის ფრანგ მეუღლეს საქართველოსთან, ჯერ კიდევ, ლიზას გაცნობამდე
„ბრწყინვალე, განსაკუთრებული მუსიკოსი, რომელსაც უზარმაზარი წარმატებები აქვს მთელ მსოფლიოში. იგი საქართველოს სიამაყე და ჩემი საყვარელი მუსიკოსია“, ასე მოიხსენია ცნობილმა მუსიკოსმა კონსტანტინე ვარდელმა, ლიზა ბათიაშვილი ჩვენთან, პირად საუბარში. პროფესიონალებმა და მუსიკის მოყვარულებმა იციან, რომ ლიზა ბათიაშვილი დიდი მუსიკოსია და შესაბამისად, ძალიან დაკავებულია, მაგრამ მან ხანგრძლივ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა და საფრანგეთიდან გვესაუბრა...
– ქალბატონო ლიზა, ვიცით, რომ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებთ. ჟურნალისტურ წრეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ორკესტრთან ერთად უნდა ჩამოსულიყავით... რჩება კიდევ დღის წესრიგში ეს ისტორიული კონცერტი?
– კონცერტი 21 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, მაგრამ ჩაიშალა. კონცერტამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩათვალეს, რომ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის მოწვევა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ეს ორკესტრი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული და თუ დეტალური ფინანსური მოლაპარაკება დროულად არ ჩატარდა, რა თქმა უნდა, 120-კაციანი ჯგუფის ჩამოყვანა, ინსტრუმენტებიანად ძვირი დაჯდება... მოსალაპარაკებლად საქართველოში შვიდკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა – ორკესტრის პრეზიდენტი და ჟურნალისტები. ჟურნალისტებს სურდათ, კონცერტი ფართოდ გაეშუქებინათ გერმანიის, საფრანგეთისა და ამერიკის ტელევიზიით. ეს კონცერტი ორკესტრისთვის ევროპული ტურნეს დასაწყისი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში გამოსვლას, რომლებიც სულ ახლახან გახდნენ ევროკავშირის წევრი... მას შემდეგ, რაც საქართველოში დასავლეთის რომელიმე მნიშვნელოვან სიმფონიურ ორკესტრს კონცერტი ჰქონია, 50 წელი გავიდა და ამ განსაკუთრებულ ზეიმს, ქართველი მსმენელი ერთი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი მაღალი დონის ორკესტრის გრაფიკი წლებით ადრეა გაწერილი და მათი თანხმობა საქართველოში ჩამოსასვლელად საკმაოდ რთულად მოვიპოვე. ორკესტრი თავიდანვე არ იყო დარწმუნებული, რომ სერიოზული და პროფესიული იქნებოდა ამ ვიზიტის ორგანიზება. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ამერიკის მხარე კონცერტის ჩაშლით ძალიან გაკვირვებული დარჩა. მათ მოლაპარაკების შედეგად, კონცერტების ჩატარება ისეთ ქვეყნებშიც კი შეძლეს, როგორიცაა, ჩრდილოეთ კორეა და კუბა.
– ამ ფაქტის შემდეგ ცხადია, თქვენ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით... გრძელდება კიდევ თქვენი თანამშრომლობა ორკესტრთან?
– ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან 2004 წლიდან ვთანამშრომლობ... ამ პერიოდში ორკესტრმა დირიჟორი შეიცვალა. ლეგენდარული დირიჟორი – ლორინ მააზელი შეცვალა უნიჭიერესმა, ახალგაზრდა დირიჟორმა ალან გილბერტმა. მაისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი ტრადიციულ ტურნეს მართავს ევროპაში, სადაც სოლისტად ვარ მიწვეული. ასე რომ, საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და სამომავლოდაც არაერთი რამაა დაგეგმილი.
– ახალახან დაასრულეთ მუშაობა ძალზე მნიშვნელოვან ჩანაწერზე...
– წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი ხმის ჩამწერ ფირმა „სონთან”, მაგრამ შარშან დავამთავრე მათთან მუშაობა და გადავედი მსოფლიოში ცნობილ გრამფირფიტების ფირმაში, – „დოიჩე გრამოფონ”. უკვე დავასრულეთ ჩანაწერზე მუშაობა. ჩავწერეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის პირველი სავიოლინო კონცერტი, მისივე პატარა ლირიკული ვალსი, გია ყანჩელის პიესა, თანამედროვე ესტონელი კომპოზიტორის, არვო პიარტის „სარკე სარკეში” და სერგეი რახმანინოვის „ვოკალიზი”. ჩანაწერს ჰქვია „დროის გამოძახილი”, რადგან მუსიკა ისეთ ავტორებს ეკუთვნის, თითოეული მათგანი თავისებურად რომ იყო დაპირისპირებული ტოტალიტარულ სისტემასთან.
– რატომ გადახვედით საცხოვრებლად გერმანიიდან საფრანგეთში?
– საფრანგეთში საცხოვრებლად აგვისტოში გადავედით. ჩემი მეუღლე ფრანგია. იგი 17 წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში და ჩათვალა, რომ ეს საკმარისი იყო სხვა ქვეყანაში მუშაობისთვის და ისევ სამშობლოში დაბრუნება არჩია. საფრანგეთში მას ჰყავს მშობლები და და-ძმა. ძალიან უნდოდა, მის შვილებს ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონოდათ... თავიდან ძალიან გული დამწყდა, რადგან, ფაქტობრივად, გერმანიაში გავიზარდე. გერმანიაში 12 წლის ასაკში წავედი საცხოვრებლად, იქ დავამთავრე სკოლა, უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი, მყავს უამრავი მეგობარი და ჩემი აზრით, გერმანია ევროპის მუსიკალური ცენტრია. სადაც ვცხოვრობდით – მიუნხენი, მსოფლიოში ყველაზე კომფორტულ ქალაქად არის აღიარებული ოჯახური ცხოვრებისთვის. ყოველ წელს იუნესკოს ჟურნალი გამოდის და მასში იმ ქალაქების ოცეულია შედგენილი, მსოფლიოს ყველაზე კომფორტულად რომ ითვლება ოჯახური ცხოვრებისთვის. ამ სიაში სამი წელია, პირველ ადგილზე მიუნხენია. მიუნხენში პატარა ბინა დავიტოვეთ. ჩემი მეუღლე მიუნხენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის პროფესორია და ყოველ თვეში ერთი კვირით მიუნხენში ჩასვლა უწევს. როგორც კი საშუალება მომეცემა, მეც ჩავალ... საფრანგეთს ჯერ კიდევ ვეჩვევი და ყოველივე საუკეთესოს იმედი მაქვს.
– თუ არ ვცდები, თქვენს ფრანგ მეუღლეს საქართველო განსაკუთრებულად უყვარს?
– ვიდრე ერთმანეთს გავიცნობდით, ფრანსუა საქართველოში 1998 წელს ჩამოვიდა და კამერულ ორკესტრთან ერთად კონცერტი გამართა. შემდეგ სთხოვეს თბილისის კონსერვატორიაში ღია გაკვეთილები ჩაეტარებინა, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. როდესაც რამდენიმე სტუდენტს მოუსმინა, აღმოაჩინა, რომ ძალიან ნიჭიერი სტუდენტები იყვნენ, მაგრამ ინსტრუმენტები მთლად უვარგისი ჰქონდათ. ამიტომაც გადაწყვიტა, ყოველწლიურად ჩაეტარებინა კონკურსი, სხვადასხვა ჩასაბერ ინსტრუმენტზე. 5 წელი ტარდებოდა კონკურსი, – პირველ წელს იყო ჰობოი, შემდეგ ფლეიტა, კლარნეტი, საყვირი და ბოლოს ვალტორნა. პარიზში არის ფირმა „მარიგო”, რომელიც ჩასაბერ ინსტრუმენტებს ამზადებს, ამ ფირმის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი ჩემი მეუღლეა. ის მოელაპარაკა ფირმას და ისინი როგორც სპონსორები, ყოველ წელს ინსტრუმენტს აგზავნიდნენ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის. ასევე, გამოჩენილი მუსიკოსები ჩამოჰყავდა ჟიურის წევრებად. ამ კონკურსმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და შედეგიც გამოიღო – კონკურსში გამარჯვებული მუსიკოსები დღეს ევროპაში ძალიან წარმატებულად მოღვაწეობენ.
– რატომ შეწყდა კონკურსი?
– ფინანსურ პრობლემებს წააწყდა. ხუთი წლის განმავლობაში მას, ფაქტობრივად, თავად მოჰქონდა ყველაფერი. 2005 წელს, ვინაიდან სხვა საქართველო გვქონდა, ფრანსუამ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველო თავის ღირსებას არ უნდა კარგავდეს და იქნებ სიმბოლური თანხები მაინც გამოინახოს კონკურსის ჩასატარებლადო, რაზეც უარი მიიღო. სამწუხაროდ, ეს კონკურსები შეწყდა, მაგრამ ფრანსუას დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა. საქართველოში ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში, კონცერტიც სამჯერ ჰქონდა.
– რას გვეტყვით თქვენს შვილებზე?
– ქალიშვილი – ანა-ვიქტორია 6 წლისაა. ძალიან კარგად ხატავს. საფრანგეთში მისი ნახატები, სამხატვრო სკოლის პედაგოგს რომ ვაჩვენეთ, არ დაიჯერა, თუ ამ ასაკის ბავშვის ნახატები იყო და გვირჩია, სერიოზული ყურადღება მივაქციოთ. სამ ენაზე ლაპარაკობს: მამას ფრანგულად ესაუბრება, ბებიასა და ბაბუას – ქართულად და მე – ხან ქართულად, ხან – გერმანულად. თავის პატარა ძმას კი – ყოველთვის ქართულად. ლუი-ალექსანდრე ჯერ ორი წლისაა, დაიბნა და ხან ქართულად ამბობს რაღაც სიტყვებს, ხან – ფრანგულად. ორივეს კარგი მუსიკალური სმენა აქვს, ბევრი სიმღერა იციან, კარგად ცეკვავენ, მაგრამ როგორც ჩანს, მუსიკას არ გაჰყვებიან, რაც მე და ჩემს მეუღლეს უსაზღვროდ გვახარებს. ჩვენი აზრით, ერთ ოჯახში ორი პროფესიონალი მუსიკოსი საკმარისია.
– ადრე ბევრ კონცერტებს არ თანხმდებოდით, ოჯახისთვის ყურადღება რომ არ მოგეკლოთ, ახლა?
– ახლაც იგივე მდგომარეობაა. მირჩევნია, ოჯახს დავუთმო მეტი დრო. ჩემთვის მაქსიმალური წელიწადში 50 კონცერტია. ძალიან მეხმარება დედა – მარიკა ლორთქიფანიძე. იგი ჩემთან არის და პარალელურად, მოწაფეებიც ჰყავს ფორტეპიანოზე. როცა ხანგრძლივი ტურნე მაქვს, შვილებთან ყოველთვის დედაჩემი რჩება და მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
– ცნობილია, რომ მუსიკასთან ერთად, განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ ენების სწრაფად ათვისებაში, რამდენ ენას ფლობთ?
– ქართულს, რუსულს, ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს... კიდევ მინდა, რამდენიმე ენის სწავლა. მათ შორის, ფინურის, რადგან ჩემი კარიერა, როგორც მევიოლინის, ფინეთიდან დაიწყო. 16 წლისამ ფინეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემია მოვიპოვე... სამწუხაროდ, ენების სწავლისთვის ჯერჯერობით დრო აღარ მრჩება.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– კონცერტები, ახალი ჩანაწერის გამოშვება, რომლის პროგრამასაც უკვე ვადგენთ... იმედი მაქვს, საქართველოშიც მალე ჩამოვალ.