კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება აბრომას სასუქი და როგორ გადავრგოთ ფიტელეპასი ახალ ნიადაგში

ბიოლოგ ამირან ბიწაძესთან ერთად ამჯერად ვისაუბრებთ ორ ულამაზეს მცენარეზე – აბრომასა და ფიტელეპასზე. თუ რომელია მათ შორის რთული მოსავლელი და რომლის გახარება შეიძლება ბინაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა აბრომა და რას გვეტყვით მის შესახებ?

– ის მარადმწვანე და ძალიან პრეტენზიული მცენარეა. მართალია, მისი გახარება იოლია, მაგრამ მოვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს მცენარე საქართველოში ინდოეთიდან შემოიტანეს. თავის სამშობლოში 12-18 მეტრ სიმაღლეს აღწევს, ჩვენს პირობებში კი მხოლოდ 2-4 მეტრამდე იზრდება, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ მცენარეს პატარა ქოთანი და დიდი ადგილი სჭირდება.

– როგორ პირობებში ხარობს უკეთ აბრომა?

– ის სითბოს მოყვარული მცენარეა, არ უყვარს ორპირი ქარი, სიცხე ან მკვეთრი სიცივე. აბრომა საკმაოდ მომთხოვნია და ყველანაირ გარემოში თავს კარგად ვერ იგრძნობს.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– მისთვის სასურველი ტემპერატურაა ყველა სეზონზე 28-34 გრადუსი. ამ ტემპერატურაზე ყვავის, მწიფდება მისი ნაყოფიც და თავისი ტკბილი სურნელით იოლად იზიდავს მწერებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება დამტვერვა. ამ მცენარის მსხმოიარობა ძალიან დიდია. აბრომას ნაყოფი კაკაოა, 5-15 წლის მცენარისგან შეგიძლიათ, 20 კილოგრამი კაკაოს მოსავალი აიღოთ.

– როგორ ნიადაგში გვირჩევთ ამ მცენარის ჩარგვას?

– აბრომა მწიფდება კარგად განაყოფიერებულ ნიადაგში, რომლის შემცველობაშიც იქნება: ტორფი, ნაკელი, მიწა და, ასევე, სხვადასხვა დამატებითი სასუქი. განსაკუთრებით გაამდიდრეთ ნიადაგი ყვავილობის დროს. ამ დროს სასუქების უმეტესი ნაწილი ხმარდება ყვავილების შენარჩუნებას, მათ გამოკვებასა და მცენარის სიჯანსაღეს. ყვავილობისას მცენარე ძალიან სუსტდება, ამიტომ გირჩევთ, წელიწადში ორჯერ გაანოყიეროთ ნიადაგი სასუქით.

– შესაძლებელია თუ არა აბრომას ეზოში ზრდა და რით მრავლდება ის?

– ამ მცენარის მოთავსება შეგიძლიათ მხოლოდ ბინაში ან სათბურში. როგორც უკვე აღვნიშნე, მას მაღალი ტემპერატურა და კარგი სითბო სჭირდება. აბრომა მრავლდება თესლით. ამ თესლის შეძენა შეგიძლიათ საქართველოში, ყვავილების მაღაზიებში, ან, შეგიძლიათ, უცხოეთიდან გამოიწეროთ.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?

– აბრომა ზამთარში ძალიან ხშირად არ მორწყათ, რადგან ტემპერატურა ამ დროს დაბალია. წელიწადის სხვა სეზონზე კი, მცენარის ნიადაგი ყოველთვის ნესტიანი უნდა იყოს.

– შესაძლებელია თუ არა აბრომას გასხვლა და მავნებლების დასევის საფრთხე თუ ემუქრება ამ მცენარეს?

– ეს მცენარე გასხვლას ექვემდებარება, თუმცა, არა ზამთარში. ზაფხულში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გაკრიჭოთ. როგორც კი გამოზაფხულდება, მაშინვე დაიწყეთ აბრომას შეწამვლა, რადგან მას ბევრი მავნებელი ემტერება და მათი დასევის შემთხვევაში, გაწმენდა გაგიჭირდებათ.

– დაგვიხასიათეთ ფიტელეპასი და შესაძლებელია თუ არა მისი გაზრდა ბინებში?

– ფიტელეპასი ავსტრალიური მცენარეა. ის პალმის ერთი-ერთი ჯიშია. გარეგნულად შეიძლება მიამსგავსოთ ფინიკს, ქოქოსს, საგოვანას, თუმცა ფიტელეპასი უფრო შთამბეჭდავი და ლამაზია. ეს პალმა ძალიან მაღალი არ იზრდება – მან, შეიძლება, მხოლოდ ორ მეტრს მიაღწიოს, ამიტომ, ნუ შეუშინდებით სიდიდეს და გაზარდეთ ის ბინაში.

– რამდენად პრეტენზიული მოსავლელია ეს მცენარე?

– ფიტელეპასი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, იოლად ეგუება წითელ მიწა ნიადაგსაც. შეგიძლიათ, გაახაროთ თესლით – დათესვიდან ერთ თვეში მცენარე ამოვა.

– შესაძლებელია თუ არა მისი გახარება ამონაყარით?

– ამ მცენარეს ამონაყარი არ აქვს, თესლით კი იოლად გაახარებთ. მისი თესლის ამოსვლა ხდება ქოთნის პირობებში, დაფოთვლას კი 4-6 თვეში დაიწყებს.

– დათესვიდან რამდენ ხანში შეიძლება იყვავილოს ფიტელეპასმა და რა შემადგენლობის უნდა იყოს ნიადაგი?

– ფიტელეპასი ყვავილობს დათესვიდან სამი წლის შემდეგ. მცენარე განსაკუთრებით ლამაზი სწორედ ყვავილობის დროსაა. როგორც უკვე მოგახსენეთ, პრეტენზიული არაა ნიადაგის მიმართ, თუმცა, სასურველია, მის შემადგენლობაში შედიოდეს თითო წილი ტორფი და ნაკელი და ორი წილი ქვიშა.

– როგორ მოვრწყათ წლის სხვადასხვა სეზონზე და სად გვირჩევთ მის დადგმას ზამთარსა და ზაფხულში?

– ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. ზამთარში მორწყეთ ოც დღეში ერთხელ, ზაფხულში კი – შედარებით ხშირად, მაგრამ, არც ძალიან ინტენსიურად.

ფიტელეპასი იტანს დაჩრდილულ ადგილსაც. ზაფხულის ცხელ და მშრალ ამინდში მცენარე დადგით გარეთ, რათა უფრო მეტი ფოტოსინთეზი მოხდეს.

– სასურველია თუ არა მცენარის გასხვლა და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?

– ფიტელეპასს თვითნებურად არ შეაჭრათ ფოთლები, ეს შესაძლებელია მხოლოდ ფოთლის გაყვითლების შემთხვევაში. ის ძალიან მგრძნობიარე პალმაა, ამიტომ გადარგვისას არ დაუშალოთ მიწის ბოლქვი, სხვა ჭურჭელში მცენარე გადარგეთ ყოველთვის თავის ნიადაგთან ერთად.

– კიდევ რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას და რისთვის გამოვიყენოთ ეს მცენარე?

– მცენარე ზაფხულის სიცხეში დანამეთ და გაიტანეთ წვიმაში, ზამთარში კი ამყოფეთ აუცილებლად 25 გრადუს ტემპერატურაზე. მას არ უჩნდება მავნებელი და არც შეწამვლა დაგჭირდებათ. ყოველ სამ თვეში ერთხელ საკვებად მიეცით კალციუმი და ფოსფატი. ეს დაეხმარება მცენარეს უკეთ ზრდასა და გაჯანსაღებაში. ამ ულამაზესი მცენარის ჯიშები შეგიძლიათ, შეიძინოთ სათბურ-სანერგეებში. ტროპიკებში მას იყენებენ ბუნგალოების დასაფარავად, რომ წვიმა და სიცხე შეაკავოს. მას რგავენ, ასევე, ადგილების გასალამაზებლად. თუ ფიტელეპასი ბინაში გექნებათ და გაზრდით, ნამდვილად დატკბებით მისი სილამაზით.


скачать dle 11.3