მწვანე კუთხე
კითხვა: რა სიხშირით გადავრგოთ ლილიები?
პასუხი: ლილიების გადარგვა სასურველია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. გადარგვისას კი ყურადღება მიაქციეთ მის ჭურჭელს, რადგან ახალი, ძველისგან განსხვავებით, 2-3 სანტიმეტრით განიერი და ღრმა უნდა იყოს. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქოთნიდან ამოღებული მცენარის ბოლქვები უნდა დაანაწევროთ და ისე გადარგოთ.
კითხვა: რით მრავლდება მაგნოლია და როგორი ნიადაგი სჭირდება მას კარგად გახარებისთვის?
პასუხი: ამ მცენარის სწრაფი ზრდისთვის საჭიროა ნიადაგის ხშირი განახლება. მაგნოლია გამძლეა, ის კარგად იტანს მტვრიან და კვამლიან ჰაერს.
მცენარე მრავლდება თესლით, რომელიც ითესება შემოდგომით. დათესვა შესაძლებელია თესლის აღებისთანავე, თუმცა შეგიძლიათ, შეინახოთ მშრალ ადგილას და შემდეგ დათესოთ. თესლის ვარგისიანობა ორ წელიწადს გასტანს.
სასურველია, მაგნოლიის ნიადაგი იყოს ნოყიერი. მისი თესლი უნდა ჩაითესოს ოდნავ ნესტიან მიწაში. სჭირდება სინათლე და ზომიერი მორწყვა. ორი წლის შემდეგ კი რეკომენდებულია გადარგვა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა იალღუნის აყვავება და რა პირობებში იზრდება მცენარე?
პასუხი: მცენარე ყვავის გაზაფხულსა და ზაფხულში. ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ხშირად ხდება მისი მეორედ ყვავილობა. იალღუნი სინათლის მოყვარული მცენარეა, არ უყვარს ნესტიანი გარემო. ცნობილია, რომ სიმშრალის მოყვარული მცენარეები სიცივის ამტანები არიან. ყველაზე სითბოს მოყვარული სახეობა -17 გრადუს ყინვას იტანს. ყველაზე ამტანები კი 40 გრადუს ყინვასაც უძლებენ. ამ მცენარეების უპირატესობა ის არის, რომ, თუ შემაღლებულ ადგილებში ჩარგავთ, ისინი ნიადაგს ამაგრებენ და მიწის ჩამოშლას უშლიან ხელს. სიმშრალის მოყვარული მცენარეები კარგად იზრდება მარილიან ნიადაგშიც.
იალღუნის ნაყოფი შემოდგომით მწიფდება. ეს მცენარე თესლით მრავლდება. სანამ მისგან თესლი გადმოიყრება, მანამდე მოასწარით აღება და შენახვა. თესლის შენახვა შესაძლებელია ორი წლით, მშრალ ადგილას.
დათესვის შემდეგ მცენარეს სჭირდება ნათელი ადგილი და ზომიერი მორწყვა. ნიადაგის მიმართ მცენარე მომთხოვნი არ არის. ასე რომ, თუ სურვილი გექნებათ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ქრიზანთემა?
პასუხი: მცენარეს კოკრების გასაშლელად კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე. მისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 13-14 გრადუსი. სითბოში ყვავილები სწრაფად იზრდება და სწრაფადვე ჭკნება, ამიტომ, გირჩევთ, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ამყოფოთ. მისთვის საუკეთესო ადგილი გრილი, ნათელი ოთახია. თუ ბაღში გადარგავთ, მისთვის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს და შედარებით მეტხანსაც იყვავილებს. ის იოლად მოსავლელი მცენარეა და, ამავე დროს, ძალიან ლამაზი.