როგორ გადააჩვია თეა გობეჯიშვილმა თავისი ძაღლი ფეხსაცმელების ღეჭვას და რამდენ ხანში ერთხელ უკეთებენ მას სხვადასხვა პროცედურას
შოუბალეტ „ვერნისაჟის” ხელმძღვანელის, თეა გობეჯიშვილის ოჯახში ერთი ძალიან საინტერესო და საყვარელი წევრი აღმოვაჩინეთ – პატარა ჯიშის ძაღლი, სახელად „ჭინკა“, რომელიც თეას განსაკუთრებულად უყვარს. ის ძალიან სუსტი და სათუთი ძაღლია, ამიტომ მის არაერთ სახალისო ისტორიას, რომელიც ჭინკას გადახდა თავს, თეა გობეჯიშვილი გვიამბობს.
– რა ჯიშისაა თქვენი ძაღლი და რა ჰქვია?
– ჩემს პატარა და საყვარელ ძაღლს ცოტა უცნაური სახელი აქვს – „ჭინკა“. ამ ჯიშს ჰქვია „ჩინური ტიტველი ქოჩორა“. როდესაც ჭინკა დაიბადა, საოცრად ლამაზი იყო – სულ ტიტველი და თავზე ჰქონდა ცოტა თმა. მისმა განსხვავებულმა სილამაზემ ჩემზე ძალიან იმოქმედა.
– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ ჯიშის ძაღლი შეგეძინათ, რით მოგხიბლათ?
– დავინახე თუ არა მაშინვე შემიყვარდა. თავიდან სხვა ჯიში მინდოდა, რადგან არც კი ვიცოდი ამ ჯიშის არსებობის შესახებ. თუმცა, ჭინკას დანახვისთანავე მივხვდი, რომ მხოლოდ ის მინდოდა (იცინის).
– სახელი თქვენ შეურჩიეთ?
– არა, მე არ შემირჩევია. როდესაც ჩემთან წამოვიყვანე, პასპორტში უკვე ეწერა ეს სახელი. მისი სრული სახელია „ერთი ციდა ჭინკა ფრიდა“. საჭიროდ არ ჩავთვალე, სახელი შემეცვალა.
– თითქმის დაბადებიდან თქვენთან არის, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი გაზრდილია.
– დიახ, ორთვენახევრის იყო, ჩემთან რომ წამოვიყვანე და მას მერე ვზრდი. მაშინ ნიტაზე ვიყავი ფეხმძიმედ.
– ჭინკას პირადი ექიმიც ეყოლება.
– რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჭინკას უკეთდება ყველა აუცილებელი აცრა და სხვა სამედიცინო პროცედურები. ამ ბოლო ხანებში ძალიან პანიკიორი გავხდი, რადგან ეს ის თემაა, რომელიც კარგად არ მესმის. ჭინკას პირადი ექიმი შეკლული მყავს ხელში. ცხვირი არ აქვს სველი თუ საკმაოდ დიდხანს სძინავს, ყველაფერზე მას ვურეკავ და ვაწუხებ (იცინის). ერთი პერიოდი ძალიან მოიმატა წონაში. საერთოდ, პატრონებს სჩვევიათ, როცა გიყვარს, გინდა, ბევრი აჭამო (იცინის). ეტყობა, ნორმაზე მეტს ვაჭმევდი – ძალიან ცუდად გახდა, პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობაზე და დიეტა დაგვინიშნეს.
– ესე იგი, უნდა გავითვალისწინოთ და ზედმეტი არ ვაჭამოთ ძაღლს.
– რა თქმა უნდა. აუცილებელია ნორმის ფარგლებში კვება. ერთხელ ძალიან სასაცილო რამ შემემთხვა: აუცილებელი იყო, ჭინკა ამეწონა. უნდა გამეგო, გამეგრძელებინა დიეტა თუ შემეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ სასწორი არ მაქვს. გავედი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში და ძალიან ვთხოვე, ცოტა ხნით მოეცათ სასწორი. სიმართლე ვუთხარი, რისთვისაც მინდოდა. კიდევ კარგი მიცნობდნენ, თორემ, იფიქრებდნენ, გიჟია ვიღაცაო (იცინის). მოკლედ, მათხოვეს სასწორი. ჭინკა პარკში ჩავსვი და როგორც ხილს წონიან, ისე ავწონე (იცინის).
– რეჟიმი თუ აქვს დაწესებული, როდის ჭამოს, როდის დაიძინოს და ასე შემდეგ?
– ძირითადად თავისუფალი გრაფიკით ცხოვრობს (იცინის), თუმცა, კვება აუცილებლად რეჟიმის მიხედვით აქვს: დღეში ორჯერ ჭამს – დილას და საღამოს. საერთოდ, ძალიან ემოციური ძაღლია. ყოველთვის საშინლად განიცდის სახლიდან რომ გავდივარ. ისე ნერვიულობს ხოლმე, შეიძლება გულიც კი წაუვიდეს. ერთი უცნაური ჩვევა აქვს: როგორც წიწილები დასდევენ კრუხს ისე დამყვება ყველგან (იცინის). ერთადერთი, რასაც ძლივს მივაჩვიეთ, ის არის, რომ ცალკე უნდა დაიძინოს. სასტიკად გვეურჩებოდა, ჩვენთან ერთად უნდოდა ძილი.
– ცალკე დაძინებას როგორ მიაჩვიეთ?
– ოთახის კარს ღიას ვტოვებდით ხოლმე. როცა ხედავდა ყველას თავის ადგილას ეძინა, ნელ-ნელა მიეჩვია, მიხვდა, რომ მასაც აქვს თავისი ადგილი და იქ უნდა ეძინოს. თავიდან ცოტა გაუჭირდა, ახლა კი მიეჩვია, თუმცა, პერიოდულად ერთი-ორჯერ მაინც შემოიხედავს ხოლმე, მაგრამ, ვეუბნებით, სადაც არის მისი ადგილი და იქ იძინებს.
– რაიმე ცუდი ჩვევა თუ აქვს, რასაც ვერაფრით ვერ გადააჩვიეთ?
– ერთი ძალიან უცნაური ჩვევა აქვს – მთელი ღამე კივის, როგორც ისტერიკული ქალი. ეს ამბავი ხდება მაშინ, როცა რაღაც უხარია, საშინელ ისტერიკაში ვარდება.
– ბეწვიანი ძაღლი არ არის და, შესაბამისად, ის პრობლემები, რაც ბეწვთანაა დაკავშირებული, ალბათ, არ გაწუხებთ.
– ამასთან დაკავშირებით ერთ სასაცილო ისტორიას გავიხსენებ: ერთხელ, შემხვდა ნაცნობი. ამ პერიოდში ნიტა მყავდა პატარა. მითხრა, გავიგე, ძაღლი მიგიყვანია სახლში და რატომ გადაწყვიტე ბავშვთან ძაღლის მიყვანა, როგორ შეიძლებოდაო. მე ავუხსენი, რომ ეს არის ჯიში, რომელიც საერთოდ არ არის ალერგიული. მაინც არ მომეშვა და მითხრა, ალბათ, ბეწვი სცვივა და მთელ სახლში ყრისო. თან წარმოიდგინეთ, ეს ის პერიოდია, როცა ჭინკაზე ვარ გადარეული, ვგიჟდები, მიყვარს და ყველა, ვინც მის მიმართ პროტესტს გამოხატავს, მინდა, რომ მოვკლა. (იცინის). ავუხსენი, რომ ძაღლს ბეწვი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად ვერც გასცვივდება-მეთქი. მაინც არ გაჩერდა და როგორ არა, თავზე ხომ აქვსო. მე ვუთხარი, ქალბატონო, თავზე თქვენც გაქვთ თმა-მეთქი (იცინის). ერთადერთი, ბანაობა არ უყვარდა არასდროს, თუმცა, ნელ-ნელა შეეჩვია.
– როგორ შეაჩვიეთ ბანაობას?
– ეს ისეთი ჯიშია, რომლის ხშირად ბანაობა არ შეიძლება – მშრალი კანი აქვს და უფრო მეტად უშრება. ამიტომ, ორ კვირაში ერთხელ ვბანთ. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს მზე. გიჟდება გარუჯვაზე. თქვენ უნდა ნახოთ ჭინკა ზაფხულში. არის საოცარი შოკოლადისფერი. ისე სწრაფად იღებს ნამზეურს, რომ მშურს ხოლმე (იცინის).
– როდესაც ძაღლს კბილები ამოსდის, ერთი ძალიან ცუდი ჩვევა აქვს – ყველაფერს ღეჭავს და აფუჭებს. ჭინკას შემთხვევაში როგორ იყო?
– აბსოლუტურად ყველაფერს ღეჭავდა. საშინელი პერიოდი იყო. ყველა ფეხსაცმელი შეგვიჭამა, ჩექმით დაწყებული, ჩუსტით დამთავრებული (იცინის). ზოგიერთ ძაღლს ეს თვისებაში გადასდის და აუცილებელია, მალე გადააჩვიო.
– თქვენ როგორ გადააჩვიეთ?
– რამდენჯერაც მსგავს ფაქტზე მივუსწარით, იმდენჯერ გავუბრაზდით. სანამ გადავაჩვევდი, 15 ფეხსაცმელი შემიჭამა და რაღა აზრი ჰქონდა მერე გადაჩვევას (იცინის). საერთოდ, როცა რაღაცა არ მოწონს პროტესტს გამოხატავს. მაგალითად, შეუძლია, შუა ოთახში მოისაქმოს. იცის რომ ამაზე გავბრაზდებით და შეგნებულად აკეთებს.
– ერთ-ერთი ყველაზე რთულია ხოლმე ძაღლის ტუალეტის საკითხის მოგვარება. თქვენ როგორ გადაჭერით ეს პრობლემა?
– მასწავლეს ერთი ძალიან კარგი მეთოდი, რომელმაც ნამდვილად გაამართლა: ჭინკას ერთ-ერთი მოსაქმების შემდეგ ხელსახოცი ოდნავ დავასველე მასში და აბაზანაში დავდე. ამის შემდეგ სულ იქ მიდიოდა, სადაც ხელსახოცი იდო. ძალიან მარტივი ხერხია.
– სეირნობა არ უყვარსო ახსენე, მაგრამ, ჰაერზე გაყვანა ხომ აუცილებელია?
– საშინლად არ უყვარს გარეთ გასვლა, რადგან ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და არ სიამოვნებს. რატომღაც, ხშირად „ვაიმე რა არის?” მე კი ვპასუხობ: „ცხენი, ქალბატონო“. (იცინის). ამიტომ, არც მე მიყვარს ჭინკას გარეთ გაყვანა. ჰაერზე გაყვანის მიზნით, აივანზე გამყავს.
– რაც შეეხება ჰიგიენის პროცედურებს: ფრჩხილების დაჭრას, ყურის გამოწმენდას და ასე შემდეგ, რამდენ ხანში ერთხელ უკეთებთ ხოლმე?
– ორ კვირაში ერთხელ, დაბანის შემდეგ. ჩემი ჭინკა რთული მოსავლელი ძაღლი არ არის და საკმაოდ სუფთაა. ყველაფერი თავისი აქვს: წამლები, ჭურჭელი, საკუთარი ეპილატორიც კი. ოჯახში ორი ეპილატორი გვაქვს. ერთი ჩემია, ერთი – ჭინკასი.
– მაგიდიდან საჭმელს ხომ არ იპარავს ხოლმე?
– დიახ, ძალიან მსუნაგია. არაფრით არ შეიძლება ჭინკასთვის ტკბილი, ის კი ყოველთვის ცდილობს, მაგიდიდან რაღაც მოიპაროს. როგორც წესი ტკბილეულს არ ვაჭმევთ.
– შენ და ჭინკას ერთად რამე საინტერესო ისტორია ხომ არ გადაგხდენიათ?
– ერთი ისტორია მახსენდება, მაშინ პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ერთხელ, ჩემი შვილი გავიდა აივანზე და ჭინკაც უკან გაჰყოლია. როცა უკან შემოვიდა, კარი ჩაკეტა და ძაღლი გარეთ დარჩა. თან, ეს ის პერიოდია, როცა საშინელი ასაფეთქებლებით არის ტვინი წაღებული, რაზეც ჭინკას საშინელი რეაქცია ჰქონდა. ეტყობა, ძალიან შეეშინდა და აივნიდან გაიქცა. მერე მობილურზე დამირეკეს, რომ ძაღლი დაკარგეს. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. არ მახსოვს, როგორ მოვედი სახლამდე. შემდეგ დავირაზმეთ ყველა ერთად და წავედით ჭინკას მოსაძებნად. ღამით კორპუსებში დავდიოდით და „ჭინკას“ ვყვიროდით (იცინის). ბოლოს უშედეგოდ დავბრუნდით სახლში. გავიდა სადღაც ორი საათი და ვიღაც ბიჭი გვიკაკუნებს კარზე, გვითხრა, რომ იცოდა, სად იყო ჭინკა. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, სიხარულისგან გადავირიე. თურმე, შიშისგან ურბენია ჭინკას, რომელიღაც კორპუსში შესულა, ერთ-ერთ სახლში შევარდნილა და დიდი საწოლის ქვეშ შემძვრალა. ოჯახის წევრები გაოგნებულები დარჩნენ და დაიწყეს უბან-უბან გამოკითხვა, ვისი იყო ეს ძაღლი. ასე მოვიდნენ ჩემამდე. შემდეგ წავყევი ამ ბიჭს ჭინკას წამოსაყვანად. რომ დამინახა, ისეთი ბედნიერი იყო, სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა. მეც ამ შემთხვევის შემდეგ გავხდი ძალიან ფეთიანი. ყველაფრის მეშინია. ამიტომ, როგორც შვილს, ისე ვუვლი. ჭინკა ხომ ჩემი პირველი ქალიშვილია (იცინის).