მოიყვანს თუ არა ნიკა წულუკიძე ცოლად მსახიობს და როგორ განვითარდება მოვლენები სერიალის „გოგონა გარეუბნიდან” ახალ სეზონში
სერიალი „გოგონა გარეუბნიდან” უკვე დიდი ხანია, რაც ეკრანზე გამოჩნდა და უამრავი სიურპრიზითა და მოულოდნელობით ანებივრებს მაყურებელს. როგორ მიმდინარეობს ამ სერიალის სცენარის წერისა და გადაღების პროცესი და რა იმალება ეკრანს მიღმა, ამ თემებზე სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი, ნიკა წულუკიძე გვესაუბრება.
ნიკა წულუკიძე: სერიალს „გოგონა გარეუბნიდან” ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ზაფხულში მეგობრებს დასასვენებლად ზღვაზე ერთად წასვლა რომ უხარიათ, ზუსტად ისე მომიხარია მე აქ მოსვლა. ყველა, ვინც ამ სერიალშია, ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ამიტომ, როცა შემომთავაზეს სერიალზე მუშაობა, უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან დაკავებული ვარ: დილის 6 საათზე მაკითხავს მძღოლი. 7 საათზე უკვე გადაცემას ვიწყებ რადიო „იმედში“. შემდეგ 8-დან 9-ის ნახევრამდე მაქვს ტელეჩართვა „იმედის“ არხზე. 11 საათზე ვამთავრებ ტელე და რადიომოღვაწეობას, 12-ზე კი უკვე ვიწყებთ სერიალის სცენარის წერას.
– ახლახან ახალი გადაცემა – „ფეის-კონტროლი” დაიწყო, რომლის სცენარის ავტორიც თქვენ ხართ.
– ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც „თიბისი ტივი“ და „ტელეიმედი“ ერთობლივად აკეთებენ. მისი წამყვანები ნინი ბადურაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი არიან. გადაცემა აგებულია „ფეისბუქის“ ფორმატზე: ყოველ გადაცემაში მოიწვევენ ერთ სტუმარს, რომლის „ფეისბუქშიც“ შეძვრებიან და სახალხოდ გაარჩევენ კომენტარებს, სტატუსებს, სურათებს და ასე შემდეგ. მაყურებელს შეუძლია, მოგვწეროს, ვისი ნახვა სურს შემდეგ გადაცემაში.
– ალბათ, იქნება გარკვეული ინტრიგაც.
– რატომაც არა, რაღაც-რაღაცეები, ალბათ, იქნება. უამრავ სიურპრიზს ვპირდებით მაყურებელს. თუმცა, ინტრიგის ნაცვლად მე დავარქმევდი მოულოდნელობას. ისეთი რაღაცეები მოხდება, რასაც არავინ ელოდება.
– დავუბრუნდეთ სერიალს „გოგონა გარეუბნიდან”. როგორ იწერება მისი სცენარი? ალბათ, სერიიდან სერიამდე უამრავი საინტერესო რამ ხდება.
– ეს არის პირველი სერიალი, რომლის სცენარიც დავწერე. მთავარია, არ აგერიოს პერსონაჟები: როგორ იტყვის ამა თუ იმ ფრაზას ნიკა, ზაზა და ასე შემდეგ. ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთ-ერთი სცენარისტი – ირაკლი კალანდაძე, რომელიც „შუა ქალაქის“ სცენარზე პირველივე დღიდან მუშაობდა და იანვრიდან ჩვენთან გადმოვიდა. ეს არის უნიჭიერესი ადამიანი. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს როგორც სცენარის წერის პროცესი, ისე გადაღებები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ საუკეთესო გუნდი მუშაობს ამ ყველაფერზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ გუნდის წევრი ვარ.
ჩვენს საუბარში ერთვება სერიალში ზაირას როლის შემსრულებელი, ქალბატონი ეკა მჟავანაძე: ძალიან მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამ ადამიანზე (ნიკა წულუკიძეზე მიმითითებს, – ავტორი). ყველას რომ აქებს და ადიდებს, პირველ ყოვლისა, თავად არის ქების ღირსი. ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის მსახიობის ფასი. არის უზომოდ განათლებული, კეთილი და საუკეთესო პიროვნება.
ნიკა წულუკიძე: როგორ ვყვარებივარ ხალხს (იცინის).
– სცენარს თავიდან ბოლომდე თქვენ იგონებთ თუ უცხოური ვარიანტიდანაც იღებთ რაღაცეებს?
– ფაბულა ამოღებულია უცხოური ვარიანტიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმეტესი ნაწილი ჩვენი დაწერილია. როგორ უნდა გადმოიტანო უცხოური ვარიანტიდან ვენერას გმირი, ან თუნდაც, ზაირა? 99 პროცენტი ორიგინალია.
– სცენარის წერის ან გადაღებების დროს, ალბათ, სასაცილო სიტუაციებიც ხშირად ხდება.
– შენ, ახლა, ზრდილობიანად მისვამ კითხვას, კურიოზი გაიხსენეო (იცინის). მთელი ჩემი ცხოვრება კურიოზია-მეთქი – ასე არ გიპასუხებ (იცინის). რა თქმა უნდა, ხდება სასაცილო სიტუაციებიც და არასასაცილოც. სცენარის წერის პროცესი ძალიან სასაცილოდ და საინტერესოდ ვითარდება. იმდენს ვიცინით ხოლმე, რომ სულ ხარხარის და ხორხოცის ხმა გამოდის ჩვენი ოთახიდან (იცინის), მაგრამ, მერე მავიწყდება, რაზე ვიცინოდით.
– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მსახიობს უარი უთქვამს ამა თუ იმ სცენაში თამაშზე და ამის გამო სცენარის გადაკეთება მოგიწიათ?
– მე სულ ვეუბნები მსახიობებს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის: ერთ დღეს, შეიძლება, ყაჩაღი ითამაშო, მეორე დღეს – დედოფალი, მესამე დღეს – მონაზონი და მეოთხე დღეს – მეღორე. მსახიობი მორალურად უნდა იყოს მზად ყველაფრისთვის. ერთხელ მსახიობმა ქეთინო კიკნაძემ მიამბო, რომ ერთ-ერთი სცენის მიხედვით ის უნდა ჩახუტებოდა მსახიობ მალხაზ გორგილაძეს. ამ სპექტაკლის რეჟისორი იყო ქალბატონი ქეთინოს მეუღლე, გიგა ლორთქიფანიძე. მალხაზი მორიდებულად ჩახუტებია ქეთინოს, გიგას კი უყვირია – კარგად ჩაეხუტე, ეს რა არისო. ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი. როდესაც ცოლად ირჩევ მსახიობს, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ის სხვას კიდეც ჩაეხუტება, კიდეც აკოცებს და ლოგინშიც ჩაუწვება. მაშინ, ნუ მოიყვან მსახიობს! ვიცი, რომ არ მესიამოვნება ჩემი ცოლი სხვასთან ერთად ვნახო ლოგინში, მან კი მითხრას – ეს მხოლოდ თამაშია და შენთან უფრო მომწონს წოლაო.
– ანუ, მსახიობს ცოლად არ მოიყვანთ.
– არ ვიცი (იცინის). ალბათ, უფრო არა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
– რა ხდება სერიალის კულუარებში? ალბათ არის შემთხვევები, რომლებიც კადრს მიღმა იმალება.
– რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებიც ხდება. ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი რაღაცეები სააშკარაოზე არ გამოვიტანო. ბევრი რამ არის, რაც გადაღების დროს ხდება – ხან სასაცილო შემთხვევები, ხან შეცდომები, მაგრამ, ეს ყველაფერი ეკრანზე არ ჩანს. თუმცა, განსაკუთრებული მართლა არაფერი მომხდარა, თორემ, მოგიყვებოდი.
– ალათ, არიან პრეტენზიული მსახიობები ან – ნაკლებად პრეტენზიულები.
– რა თქმა უნდა. ზოგადად, მსახიობები არანორმალურები არიან. უცბად, შეიძლება, ისეთ რაღაცაზე გამოთქვან პრეტენზია, რომ საერთოდ არ იყოს ადეკვატური. თუმცა, ჩვენს სერიალში ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ პრეტენზია, ობიექტურად, არ გაუჩნდებათ. მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, როცა მსახიობის გამო სცენარიც გადამიკეთებია. მაგალითად, ერთხელ თამუნა ჭელიძემ მოიტეხა ფეხი, ჩვენი სცენარის მიხედვით კი მას უნდა ერბინა. რადგან ეს არ გამოვიდოდა, ამიტომ გადავაკეთეთ – ვითომ ავად გახდა და ლოგინში ჩაწვა.
– ახალ სეზონში რამდენიმე ძველი მსახიობი აღარ გვხვდება. რატომ ამოიღეთ ისინი სცენარიდან?
– საბოლოოდ არავინ არ ამოგვიღია სცენარიდან. არ ვიცით, რა დროს დაგვჭირდებიან და დავუძახებთ. თუ არ დაბრუნდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. მგონი, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება, რამდენიმე სერიაში აღარ დაგვჭირდეს ზოგიერთი მსახიობი. თუ დაგვჭირდა, მოვიწვევთ და ასე შემდეგ. თითქმის ყველგან ასე ხდება, ასე რომ, საწყენი არაფერია.
– რამდენიმე ახალი მსახიობი დაამატეთ. რის მიხედვით შეარჩიეთ ისინი და როგორ განვითარდება მოვლენები ახალ სეზონში?
– დიახ, რამდენიმე ახალი გმირი შემოვიყვანეთ სერიალში, მაგალითად, გრიმიორის ასისტენტი. ძალიან ლამაზი და საინტერესო გოგონაა. ვგეგმავთ, ასევე, ძალიან საინტერესო ცვლილებებს. მოკლედ, მაყურებელს უამრავ მოულოდნელობას ვპირდებით.
– თამუნას როდის გაგვილამაზებთ?
– მაგ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მაგარი სიურპრიზი გელით. ჯობია, მაყურებელმა წინასწარ არ იცოდეს და სერიალში ნახოს, თორემ, მერე აღარ დააინტერესებს. თუმცა, იმას გეტყვით, რომ, ისეთი რაღაც მოხდება, რასაც მაყურებელი ვერ წარმოიდგენს. მოკლედ, ძალიან საინტერესო სერიებს გპირდებით.