კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეჭვიანობს სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე საკუთარ ცოლზე და როდის დაფრინავს ნივთები მათ ოჯახში

სანდრო მიკუჩაზე-ღაღანიძე ძალიან ცნობილი ოჯახის წევრია. ის ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ბატონ ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილია. სანდროს ცხოვრებაში უამრავი სიახლეა. ერთი წელიც არ არის, რაც დაქორწინდა და ოჯახში უკვე ახალ წევრსაც ელოდებიან. როგორ გაიცნო მან მომავალი მეუღლე და როგორია მათი ერთობლივი ცხოვრება, ამაზე თავად სანდრო და მისი მეუღლე, ლიზი სტურუა გვესაუბრებიან.

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე: ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლეა. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ველოდებით. ერთი სული მაქვს, მამა როდის გავხდები. ჩემი აზრით, ძალიან კარგი მამა ვიქნები.

– როგორი განცდაა მამობის მოლოდინი? პასუხისმგებლობის გრძნობა, ალბათ, უფრო მოგემატა.

– ვერ აგიწერთ, ეს რა გრძნობაა. თან, ამ ბოლო ხანებში, ძალიან ახლო ძმაკაცებს შეეძინათ შვილები. როცა იმათ ვუყურებ, უკვე ვხვდები, ეს რამხელა პასუხისმგებლობაა.

– ოჯახურ ცხოვრებას ადვილად მოერგე?

– გააჩნია, ამას ვის ჰკითხავ (იცინის). მე რომ მკითხო, მშვენივრად მოვერგე. ჩემი აზრით, რადიკალურად შევიცვალე.

ლიზი: ჩემი აზრით, ნახევრად (იცინის).

სანდრო: ხომ იცით ბავშვი მაინც თავისას შვრება და იმედია, მერე ბოლომდე მოვერგები ოჯახს (იცინის).

ლიზი: მეც მაგის ძალიან დიდი იმედი მაქვს (იცინის). თუმცა, ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ცოლ-ქმარი ვართ და ძნელია, ასე მოკლე დროში ოჯახის კაცი გახდე.

– როგორი მეუღლეა სანდრო?

– გადასარევი. მართალია, ზოგჯერ მაბრაზებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგი მეუღლეა.

– სანდრო ლიზიში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლა?

სანდრო: ყველაზე მთავარი, რასაც მასში ვაფასებ არის ის, რომ ძალიან ჭკვიანია. შეიძლება ითქვას, ზედმეტად ჭკვიანი. ყველა კაცი იოცნებებდა ასეთ ცოლზე. ამ ყველაფერთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ულამაზესია. როცა პირველად დავინახე, გავშრი გაოცებისგან. მინდა გითხრათ, რომ ლიზიც კარგად „დამაშრა“ (იცინის). ლიზი ჩემი ბიძაშვილის დაქალია და მასთან ერთად იყო მოსული ჩემთან. სახლში ჩემი ძმაკაცებიც იყვნენ და მახსოვს, მაშინვე გამოვედი მათთან და ვუთხარი, ძალიან მაგარი გოგოა-მეთქი.

– შენ რა გაიფიქრე პირველად, სანდროს დანახვაზე?

ლიზი: როდესაც პირველად მოვედი მასთან სახლში, სანდრო არ იყო. მახსოვს, მისმა ბებიამ მანახა სანდროს სურათი, რომელშიც საშინლად გამოიყურებოდა და ძალიან არ მომეწონა (იცინის). თან, მეუბნებოდა, ნახე, რა ბიჭი მყავსო. მე ვუპასუხე, ჰო, სასწაული ბიჭი გყავთ-მეთქი (იცინის). ცოტა ხნის შემდეგ, ისევ მოვედით სანდროსთან და მერე უკვე სახლში დაგვხვდა. მართალი გითხრათ, ვერ ვიცანი, სურათში ნანახ ბიჭს საერთოდ არ ჰგავდა. ძალიან სიმპათიური ბიჭი დამხვდა (იცინის). შოკში ვიყავი.

– მაშინვე მოგეწონა?

– ძალიან არ გადავრეულვარ, მაგრამ იმ სურათში ნანახთან შედარებით, მომეწონა (იცინის).

– თვალს არ მაშორებდაო, სანდრომ რომ თქვა?

– იმიტომ რომ, ისეთი გაფართოებული თვალებით მიყურებდა, ვიფიქრე, რამე ხომ არ მჭირს-მეთქი. თან, დეკოლტე მეცვა და მეგონა, რაღაც გამომიჩნდა (იცინის).

– სანდრო, სიყვარული როგორ აუხსენი?

სანდრო: ლიზი არის ძალიან კოლორიტული და ტრადიციული ოჯახიდან. სახლში ყოველთვის უნდა ყოფილიყო 10 ან 11 საათზე. ამ ტრადიციის დარღვევა მინდოდა ძალიან, ერთად რომ დიდხანს ვყოფილიყავით.

ლიზი: მახსოვს ჯერ 10-ზე მივდიოდი ხოლმე სახლში, მერე 11-ზე, მერე 12-ზე, ცოტა ხანში პირველზე (იცინის).

სანდრო: ცოტა ხანში, საერთოდ აღარ მივიდა (იცინის). მახსოვს, თავიდან თავს იფასებდა ხოლმე. ერთხელ კიბეზე ამოვდიოდი. უცბად რაღაცაზე გავბრაზდი, შემოვტრიალდი და ვუთხარი, დაიმახსოვრე, ჩემი სიტყვები, მე შენ თავს ისე შეგაყვარებ, რომ ვერც კი წარმოიდგენ-მეთქი.

ლიზი: შენ არ იცი, რომ მე მაშინ უკვე მიყვარდი (იცინის).

– პირველი კოცნა გახსოვს?

სანდრო: კი, როგორ არა. ერთხელ მე და ჩემმა ძმაკაცებმა გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ფართი კლუბში. უპირველესად ავუტყდი ჩემს ბიძაშვილს, რომ აუცილებლად წამოეყვანა ლიზი. იმ საღამოს ორივემ ძალიან ბევრი დავლიეთ. მოულოდნელად მივედი და ვაკოცე. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გაფიქრებაც ვერ მოასწრო (იცინის).

ლიზი: მე ისეთი მთვრალი ვიყავი, მეორე დღეს საერთოდ არაფერი არ მახსოვდა. მეგონა, დამესიზმრა (იცინის).

– გაცნობის შემდეგ მალე დაქორწინდით?

– არა. სხვათა შორის, ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. აპრილში გავიცანი, მეორე აპრილს დავქორწინდით და ახლა მესამე აპრილში პატარას ველოდებით. მოკლედ, აპრილი ჩვენი თვეა.

– თუ ჩხუბობთ ხოლმე და ყველაზე ხშირად რაზე?

– კი, როგორ არა, ჩვენ სულ ვჩხუბობთ (იცინის). ოღონდ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სერიოზულ თემაზე არასდროს. ყოველთვის რაღაც წვრილმანებზე ვკინკლაობთ. ხალხი დაგვცინის მოცლილები ხართო (იცინის).

სანდრო: საშინლად ვღიზიანდები, როცა ლიზი სადმე წავა და იქიდან არ დამირეკავს.

ლიზი: მე კიდევ ისეთი ჩვევა მაქვს, დარეკვა ყოველთვის მავიწყდება. სანდრო კი ძალიან ბრაზდება ამაზე.

– თვითონ ყოველთვის გირეკავს?

– თავს იკლავს (იცინის).

სანდრო: რატომ, როდის არ დამირეკავს, მე ყოველთვის გირეკავ. ახლა შეიძლება, ამაზეც ვიჩხუბოთ (იცინის).

– სანდრო ეჭვიანია?

ლიზი: ძალიან ეჭვიანია. ხანდახან ზედმეტადაც კი. მაგალითად, როცა კინოს ვუყურებთ, თუ წამომცდა, ეს ბიჭი რა სიმპათიურია-მეთქი, უცბად უკნიდან რაღაცეები მოფრინავს (იცინის).

– შენ არ ხარ ეჭვიანი? თან, სანდრო როგორი პოპულარული ბიჭია და ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

– როგორ არ ვარ, მეც საშინელი ეჭვიანი ვარ. თან, სულ ისეთი როლები აქვს – ვიღაცას კოცნის, ეფერება და ასე შემდეგ. თუმცა ვიცი, რომ ეს მისი პროფესიაა და ვეგუები, სხვა რა გზა მაქვს. ადრე მეც მინდოდა მსახიობობა, მაგრამ სანდრომ კატეგორიული უარი მითხრა.

სანდრო: გამორიცხულია ლიზის მსახიობობა. მე მას ისეთ სცენაში, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ნამდვილად ვერ შევხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთი რაღაცეები არ მიკვირს, ლიზიზე გამორიცხულია ამას ვუყურო.

– ლიზი, შენ მოდელი იყავი, რატომ დაანებე თავი?

ლიზი: სანდრომ დამანებებინა.

სანდრო: კარგი, იყოს მოდელი, მაგრამ აქ, ჩვენთან, რას მისცემს ეს პროფესია. შეიძლება, ძალიან თანამედროვე ადამიანი ვარ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, მაინც მიტივტივებს აზიატობა.

ლიზი: სხვაზე კი არ აქვს პრობლემა, მარტო ჩემზე აქვს გართულება.

სანდრო: შენ ჩემი ცხოვრება ხარ და იმიტომ.

– ბავშვის სქესი უკვე იცით?

– კი, გოგოა და ელენეს ვარქმევთ.

– სანდრო, შენ ძალიან ცნობილი მსახიობის, ბატონ ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი ხარ. როგორი გრძნობაა, როცა ასეთი ცნობილი ბაბუა გყავს, ალბათ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული საკუთარ თავზე.

– რა თქმა უნდა, გაასმაგებული პასუხისმგებლობა მაქვს, მით უმეტეს, რომ იმავე გზით მივდივარ, რა პროფესიისაც ჩემი ბაბუაა. წარმოიდგინეთ, ჯემალი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამხელა სახელს ვერც გვერდს აუვლი და ვერც გადააბიჯებ.

– როგორი ბაბუაა ბატონი ჯემალი?

– გადასარევი. ის ფაქტობრივად, ჩემი ძმაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია, თავიდან ბოლომდე მივენდო და ყველა ჩემი გასაჭირი გავუზიარო. ჩემი ქიშმიშიანი ბულკი ხარ-მეთქი ვეუბნები ხოლმე.

– სანდრო, შენ თამაშობდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, მაგრამ ახალ სეზონში უკვე აღარ ხარ, რა მოხდა, რატომ ამოიღეს შენი გმირი სცენარიდან?

– ალბათ, ამ ბიჭის თემა ამოიწურა და საჭირო აღარ ვიყავი. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამას სცენარის ავტორები წყვეტენ. ჩხუბი და ასეთი რაღაცეები მართლა არ მომხდარა. მითხრეს, რომ ჩემი გმირი ამოიღეს და მეც ჩვეულებრივად გავიგე. შეიძლება, მერე საჭირო გახდეს, ან აღარ გახდეს, რა პრობლემაა, არ მესმის.

– ისევ რომ დაგიძახონ, დაბრუნდები?

– კი, რატომაც არა. არანაირი ჩხუბითა და კამათით არ წამოვსულვარ. თუ დამიძახებენ, დავბრუნდები.

– როგორ ფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ხარ?

– კი, ძალიან იღბლიანი ვარ. მაქვს ძალიან კარგი ოჯახი, მყავს არაჩვეულებრივი ცოლი. ველოდები ჩემს პატარა სიხარულს. ყველაფერი მაქვს, რაზეც შეიძლება, ადამიანმა იოცნებოს. ძალიან ბედნიერი ვარ.


скачать dle 11.3