კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ნახა ხატია შამუგიამ ყველში “გაჭედილი„ კიბორჩხალები და რატომ “გაუშენა„ აივანზე თაყვანისმცემელმა მას “ედემის ბაღი„

ვინც ხატია შამუგიას იცნობს, დამეთანხმება, რომ მის გვერდით ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს – არც მოიწყენს და ამავდროულად, სასიამოვნო საუბრითაც ნამდვილად გაგახალისებთ. თან, წარმოიდგინეთ ადამიანის ხასიათის, გემოვნებისა და პროფესიის ამოცნობაც კი, სუნამოს სურნელით შეუძლია. სწორედ ასეთი, გამძაფრებული ყნოსვის გამო მიიწვიეს ის „ისი პარიში” სამუშაოდ, სადაც ხატია თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი – წყალში.

ენაწყლიანი, თბილი და სასიამოვნო მოსაუბრე ხატია, სასაცილო სიტუაციებშიც ხშირად ხვდება. თავს გადახდენილი საინტერესო ისტორიაც იმდენი აქვს, ალბათ, წიგნის ერთტომეულიც არ ეყოფა. როგორც თავად ამბობს, ის გამოუვალ თუ სასაცილო სიტუაციაშიც არ იბნევა, იუმორისა და მოხერხებულობის წყალობით, თავსაც ადვილად იძვრენს და ხალისიანი განწყობით ცდილობს, სხვებიც გაახალისოს.

ხატია შამუგია: არ მიყვარს დეპრესიულ და წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობა. თავად სულ კარგ განწყობაზე ვარ და მიხარია, როცა ასეთივე ხასიათის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. ასე რომ, ვცდილობ, ყოველთვის კარგი გუნება-განწყობა შევინარჩუნო და ამით, კიდევ უფრო ვასიამოვნო გარშემო მყოფებს. ისე, ახლა რომ დავფიქრდი, სასაცილო სიტუაციაშიც ხშირად მოვხვედრილვარ და რომ არა იუმორის გრძნობა, არც კი ვიცი, თავს როგორ დავიძვრენდი. ისეთ ისტორიებშიც გავბმულვარ, მაშინ რომ არ მეცინებოდა და მეგონა, ამ სიტუაციიდან ვერასდროს დავიძვრენდი თავს. ახლა კი, მახსენდება და სიცილით ვიგუდები. არ დამავიწყდება, ერთხელ პარიზში მომიწია ჩასვლა, სადაც საქმიანი შეხვედრები მქონდა. ჩემი შეფი, „ისი პარის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, უკვე ბევრი წელია იქ ცხოვრობს. პარიზის ცენტრში მდებარე სასტუმროში დავბინავდი, საიდანაც, რომ იტყვიან, ორ ნაბიჯში იყო ოპერა. მოკლედ, ამ დამფუძნებელმა მითხრა, შეხვედრაზე უნდა წავიდეთ და ბევრი რომ არ გატარო, ამა და ამ დროს, ოპერის შესასვლელთან დაგელოდები, არ დააგვიანოო. რას მიჰქვია დაგვიანება, ბატონო, დათქმულ დროს იქ ვიდგები-მეთქი, ვუპასუხე. ერთი სიტყვით, მოვწესრიგდი, მოვიპრანჭე და დათქმულ დროს მივედი იმ ადგილას. სად არის ის კაცი? არ ჩანს. გავბრაზდი, ვიფიქრე, მე აქ დამაყუდა, თავად არ მოდის და მერე იტყვიან, ქართველები არაპუნქტუალური ხალხიაო (იცინის). კარგა ხნის შემდეგ, გავიხედე, ტელეფონი რეკავს. დავხედე, ჩემი უფროსია, ავიღე ყურმილი და ვუთხარი, მე აქ ვდგავარ, ოპერასთან და თქვენ კი იგვიანებთ, რამე ხომ არ მოხდა, შეხვედრა ხომ არ გადაიდო-მეთქი. გადაირია, რა შეხვედრა გადაიდო, მეც აქ ვდგავარ კარგა ხანია და შენ არ მოსულხარო. დავჭყიტე თვალები (იცინის). მე ვეუბნები, როგორ გეკადრებათ. აქ ვდგავარ ოპერასთან-მეთქი. ისიც მიმტკიცებს, მეც აქ ვდგავარ და აბა, რატომ ვერ გხედავო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვეძებეთ ერთმანეთი ოპერის წინ და როგორც იქნა, ვიპოვეთ.

– კი მაგრამ, თუ ორივე ოპერის წინ იდექით, მაშინ რატომ ვერ პოულობდით ერთმანეთს?

– რატომ და აღმოჩნდა, რომ ის კი იდგა ოპერის შესასვლელთან, მაგრამ მე ვიდექი ოპერის გამოსასვლელში. რა ვიცოდი, ყველა მხრიდან ბანერები იყო გამოკრული და თურმე, გასასვლელი შესასვლელი მეგონა (იცინის). აი, ასე მოვიჭერი თავი ჩემი ქართული პუნქტუალურობით შეხვედრაზე. მაგრამ, ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო. საერთოდ, ორიენტაციის მხრივ, არ დაგიმალავთ და ცუდად მაქვს საქმე. უცხოეთში კი არა, თბილისის ქუჩებშიც კი დავკარგულვარ. იცით როგორი ვარ? თავიდან რა გზითაც ვისწავლი დანიშნულ ადგილამდე მისვლას, სულ, იმ გზით თუ არ ვიარე, გზას ვეღარ გავიგნებ. შემოვლითი გზით ვერ მივაგნებ და რომ დავიკარგო საკუთარ ქალაქში, სირცხვილი არ არის (იცინის)? ამიტომ, უცხოეთშიც, ერთ კონკრეტულ გზას ვისწავლი, დავადგები და ასე დავდივარ ხოლმე, სხვა გზა აღარ მაინტერესებს.

– როგორც ვიცი, ადამიანების ხასიათისა და გემოვნების ამოცნობა სუნამოს სურნელით შეგიძლია. ანუ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ იტყვიან, ნამდვილი ექსპერტი ხარ. შენი მეგობრები ამბობენ, ხატია და სუნამო განუყოფელი ცნებაა და ერთხელ ისე გამოვიდა წყობიდან, კინაღამ გერმანელი შემოაკვდაო. კი მაგრამ, ასეთი გაწონასწორებული ხარ და ისე როგორ გამოხვედი მდგომარეობიდან, რომ კინაღამ ცოდვაში ჩადგი ფეხი?

– (იცინის). ისე გამომიყვანა წყობიდან ერთმა გერმანელმა, მიუნხენის აეროპორტში, მიკვირს, როგორ არ მოვკალი. აეროპორტში იმ გერმანელმა მებაჟემ ჩანთა გამიჩხრიკა. ახალი გამოსული იყო ერთ-ერთი სუნამო, ისე მომწონდა ვერ გეტყვით, ჭკუის დაკეტვამდე. შევიძინე და რასაკვირველია, სულ ჩანთით ვატარებდი. იმ დღესაც ჩანთაში მედო. იმ მებაჟემ კიდევ, მითხრა, ამას ვერ გაგატანო. რომ ავიფოფრე, იფიქრა, არ ეგონოს, ჩემთვის მინდაო, გააქანა და ნაგავში არ მოისროლა? გადამეკეტა გონება, მაგრამ მართლა ხომ არ მოვკლავდი? იქ რომ სკანდალი ამეტეხა, უცხო მხარეში დაჭერა მინდოდა? (იცინის) თან, ნაგვის ყუთშიც რომ მეძრომიალა და ის ფლაკონი ამომეღო, მაინც არ გამატანინებდნენ საბაჟოზე.

– მერე, როგორ შეელიე იმ საყვარელ სუნამოს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, საფრანგეთში რომ ჩავედი და ეს ამბავი მოვყევი, ერთის მაგივრად, ორი ცალი მაჩუქეს ისეთი სუნამო. ასე რომ, მოგებული დავრჩი. მერე ვამბობდი, ახლა რომ ისევ იმ მებაჟესთან მომიწიოს მისვლა და ჩანთა გაჩხრიკოს, ხომ გადავა ჭკუიდან. მაგრამ, ისევ თუ ორივე ფლაკონი ნაგავში მოისროლა, მერე ნახოს ჭკუიდან გადასვლა და შეშლა როგორ უნდა-მეთქი (იცინის). მოკლედ, ასე გადამირჩა ის გერმანელი.

– ხატია, ვიცი აზიზი მჭამელი ხარ, მაგრამ მაინც გკითხავ, უცხო მხარეში დელიკატესები არ დაგიგემოვნებია?

– საერთოდ არ მიყვარს ხორცეული და უცხოეთში რომ ჩავდივარ, ჰგონიათ, ვიპრანჭები და ამიტომ არ მივირთმევ დიდის ამბით მორთმეულ შემწვარ იხვს, კიბორჩხალას თუ რა ვიცი, კიდევ ათასგვარ მცოცავ-მღოღავებს (იცინის). არ დამავიწყდება, დაპატიჟებული ვიყავი ისეთ წვეულებაზე, სადაც ძვირფასი დელიკატესები იყო წარმოდგენილი. დიდი თეფშით მომიტანეს ულამაზესად გაფორმებული, აქეთ-იქიდან კიბორჩხალებ-გაჭედილჩარჭობილი, პატარა ყველის ნაჭერი. ამის დანახვისას, ისე დავჭყიტე თვალები, კინაღამ ბუდიდან გადმომცვივდა (იცინის). ყველგან ვამბობ, ზღვა კი მიყვარს, მაგრამ ზღვის ბინადრები არ მიყვარს და მით უმეტეს, შემწვარ-დაბრაწულები, დიდ თეფშზე მორთმეული თავისი გარნირებით-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს გვერდით ინგლისელი გოგონა იჯდა. მივუტრიალდი საცოდავი თვალებით და ხმადაბლა ვუთხარი, რაღაც მინდა გთხოვო და უარი არ მითხრა-მეთქი. გაუკვირდა, ვერ მიხვდა, რა დამემართა, ან რას ვთხოვდი. ვუთხარი, კიბორჩხალებს ვერ ვჭამ და მიშველე-მეთქი. იმის სახე უნდა გენახათ, ეს რომ ვთქვი. გაიბადრა, გაგიჟდა, ისე მიყვარს, თითებს ვაკვნეტ თან, ახლა იმას ვდარდობდი, არ მეყოფა ჩემი ულუფა და მაგაზე გეტყვი უარსო (იცინის). ასე ვაჭამე იმ ინგლისელს კიბორჩხალები და მე კი ყველი გავციცქნე. მეორე კერძი რომ მოგვიტანეს, ის საერთოდ ვერ გავარკვიე, რისგან იყო დამზადებული და უხმოდ გადავულოცე იმ ინგლისელს. კიდევ კარგი დესერტიც მოაყოლეს და ის მივირთვი, თორემ შიმშილით მოვკვდებოდი. ის გოგო კი ისე გამოვკვებე, დარწმუნებული ვარ, დღესაც მლოცავს (იცინის).

– მოდი, თაყვანისმცემლებზეც წავიჭორაოთ. ალბათ, მათგან, სიურპრიზებითა და საჩუქრებით განებივრებული ხარ.

– საერთოდ, თაყვანისმცემელი მამაკაცები ყვავილებითა და სუნამოებით მანებივრებდნენ, მაგრამ, რაც „ისი პარიში” დავიწყე მუშაობა, რატომღაც აღარ მწყალობენ (იცინის). საერთოდ, ყვავილები დიდად არ მიყვარს და ერთი პერიოდი სახლის კიბეზე სულ მხვდებოდა თაიგულები. ავუხსენი თაყვანისმცემელ ვაჟბატონს, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს არ გასცდება, რა ვქნა, მე არ მიყვარხარ-მეთქი და... ტაქტიკა შეცვალა (იცინის). ყოველ ათ წუთში ერთხელ, კარზე ზარი იყო და თაიგული იდო. არადა, იმ დღეს სახლში არ ვიყავი. გავიხედე, მოვედი სახლში და დედაჩემი აფოფრილი დამხვდა, რა უბედურებაა, ყოველ ათ წუთში ყვავილების „ბუკეტები”, დავიღალე კარის გაღება დაკეტვითო (იცინის). არადა, ოთახში ვერც ერთი ყვავილი ვერ დავინახე. ჩემი შვილი პატარა იყო და ალერგია ჰქონდა ყვავილების მტვერზე. დედაჩემს ის ყვავილები აივანზე გაჰქონდა თურმე და რომ გავედი, ისეთი ბაღნარი დამხვდა, თავი სამოთხეში მეგონა (იცინის).


скачать dle 11.3