ყველაზე ცნობილი ქორწილების ოპერატორის თენგიზ ელაშვილის პროფესიონალური კურიოზები
ალბათ, წარმოგიდგენიათ, ჩვენი ჟურნალის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენ ქორწილში ვართ ნამყოფი, რამდენი ცნობილი ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის სიხარული გაგვიზიარებია. ამ დროს ვმუშაობთ ჩვენ და მუშაობენ ოპერატორებიც. ცნობილი ადამიანების ქორწილების 9 პროცენტი სტუდია www.wedding.ge-ს ხელმძღვანელის ბატონი თენგიზ ელაშვილის გადაღებულია, რომელიც ამდენჯერ შეხვედრის შემდეგ უკვე დაგვიმეგობრდა.
თენგიზ ელაშვილი: ყველაზე მეტად ის მიკვირს, როდესაც ქორწილში მივდივარ და იქ ორი-სამი ძალით ოპერატორი მხვდება. დამკვეთები შემდეგ ნანობენ და შავი მასალა გადასამონტაჟებლად მოაქვთ. მაგრამ, ვუხსნი, რომ სასწაულების მოხდენა არ შემიძლია. არადა, ეს ისეთი დღეა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება და ხშირად გადაავლებ დისკებს თვალს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის მთავარი ფასია და არა ხარისხი. ამის გამო ხშირად ჩვენ, პროფესიონალები, შაბათ-კვირას უსაქმურად ვრჩებით, მოყვარულები კი პატარა კამერებით ხელში იაფად დარბიან.
– ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, უამრავი კურიოზი გადაგხდათ თავს.
– 15-წლიან მუშაობაში კურიოზს რა გამოლევს?! ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ნეფე-პატარძალს გურჯაანის რაიონიდან, ჯვრისწერა და ხელის მოწერა თბილისში ჰქონდა, მერე კახეთში, ველისციხეში მიგვყავდა „ლიმუზინით“. უკვე გვაგვიანდებოდა და მძღოლმა სიჩქარეს საკმაოდ მოუმატა. წინა სალონში, მძღოლის გვერდით ვიჯექი და კახეთის პეიზაჟებს დიდი ინტერესით ვაფიქსირებდი. სოფელ კაჭრეთთან, სადაც ცენტრალურ ტრასაზე ზემო-რკინიგზის ხიდი გადადის და ქვეშ უნდა გაძვრე, უცებ რაღაც დიდი ფრინველი შევნიშნე, რომელმაც წამებში ისეთი გრუხუნი გაადინა, მეგონა, ჩვენი ცხრამეტრიანი „ლიმუზინი“ აფეთქდა. ავტომობილი მთლიანად შეირყა. როგორც იქნა, გავაჩერეთ. დანარჩენი მექორწილეებიც, დაახლოებით 40-50 ავტომობილი, ნელ-ნელა გაჩერდნენ. გადმოვედით „ლიმუზინიდან“ და რას ვხედავთ: მანქანების სახურავები ქათმის სკინტლით ყვითლად არის დასვრილი, ყველაზე მეტად კი – ჩვენი „ლიმუზინი“. უკან რომ მანქანებით მოგვყვებოდნენ, იმათ დაუნახავთ ექვსი პატარა ბავშვი, სკოლის მოსწავლე, რომლებმაც პოლიეთილენის დიდი ტომარა ძლივს გადმოაგდეს ხიდიდან, თან დაიძახეს – „აბა, ბარაქაო“ და სოფლისკენ გაიქცნენ. ყველა სიცილით იგუდებოდა – ეგ ოინები მამამთილის, „გურჯაანის ნაყინის” დირექტორის, ბატონი ვანოს მოწყობილი იქნება, ეგეთი რამეები ეხერხებაო... მაღლიდან დაცემულმა სკინტლმა ბარაქა იცის, იმ ბავშვებს ერთი 200 დოლარს მისცემდა და, აი, შედეგიცო. მანამდე კიდევ, რომ გავჩერდით, პატარძალი უკანა სალონიდან გადმოვიდა – რა მოხდაო და, უცებ მის 2 000-ევროიან კაბას სკინტლები ჩამოესხა. სასწრაფოდ განვაგრძეთ გზა. ბაკურციხეში წყალთან გავჩერდით, მანქანები ვედროებით ვრეცხეთ და ველისციხეში ერთი საათის დაგვიანებით ჩავედით. 1 000 კაცი „ლიმუზინს“ სინჯავდა – აბა, სად დეეცა ბარაქიანი სკინტლის ტომარაო!
პაპანაქება ზაფხულში, ერთ შაბათს ძალიან ბევრი ქორწილი იყო. მაშინ კონკასთან, ქორწინების სახლში, ნეფე-პატარძლის იურიდიულ ხელის მოწერას ვაფიქსირებდი. იმდენი ხალხი იყო, ნემსი არ ჩავარდებოდა. სიძე რის ვაი-ვაგლახით ცდილობდა გარეთ გასვლას, მეც მივდევდი და თან ვიდეოს ვიღებდი. ამ დროს, დაბნეული სიძე გარეთ ჭყლეტით გამოსულ პატარძალს უკნიდან მოეხვია და ხელის ბიძგით სწრაფად წასვლისკენ მოუწოდა – საყვარელო, დროზე წამოდიო. როცა ერთმანეთს შეხედეს, სახტად დარჩნენ – თურმე „ჩვენი“ სიძე სხვა პატარძალს გადახვევია. ხალხი ტაშს უკრავდა და იცინოდა, მე კი ვიდეოს ვიღებდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მერე გაირკვა, რომ „ორიგინალი“ პატარძალი ჰოლში, სარკეში იპრანჭებოდა და გამოსვლას არ ჩქარობდა. მისი საბედო კი სხვის პატარძალს ექაჩებოდა ჯვრისწერაზე წასასვლელად.
– ბატონო თენგიზ, საქმეში ჩავარდნა თუ გქონიათ?
– სერიოზული, 100-პროცენტიანი ჩავარდნა არ მქონია, ნაწილობრივ კი – ბევრჯერ. ისეთი ბედი მაქვს, ზუსტად მნიშვნელოვანი ფრაგმენტების „მოხსნისას”, რაღაც გაუთვალისწინებელი უნდა მოხდეს ხოლმე. ერთი თვის წინ ფილარმონიის „ივენთ ჰოლში” ამერიკელების – „დე-სლამმინ ბენდის” კონცერტს ვიღებდი. შესვენება რომ გამოცხადდა, გარეთ, სუფთა ჰაერზე გამოვედი ჩემი აპარატიანად და ფილარმონიის ღამის პეიზაჟებს ვიღებდი. სიცივიდან სითბოში რომ შევედი, აპარატი დაიორთქლა და ავტომატურმა რეჟიმმა „რეკორდი“ გათიშა. ამ დროს ჯგუფის სოლისტს „კრუპნი პლანით” ვიღებდი და ის განსაკუთრებული მონდომებით, აზარტულად ხელების ქნევით, ობიექტივში მივარდებოდა, ამ დროს კი აპარატი „ნოუ რეკორდს” მიჩვენებდა. რა მექნა? დამერღვია მისი მონდომება, გამეთიშა და გამოვსულიყავი თუ მომეტყუებინა, ვითომ ვიღებდი და გამეგრძელებინა მუშაობა? გამოგიტყდებით, სოლისტის ტემპი რომ არ დამეგდო, უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელე ვითომ გადაღება, სანამ მისი აზარტი არ ჩაცხრა (იცინის).