კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

აგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–8(530)

– სამონაზვნე მოგიყვანე, დედაო და მიხედე!

დედა მარინემ სათნო მზერა შემავლო და მითხრა:

– კეთილი იყოს შენი მობრძანება, წამომყევი, შვილო!

წამოვწითლდი, თავი დავხარე და დედა მარინეს მორჩილად გავყევი უკან, თან ყველას ისე ვაჩვენებდი თავს, თითქოს უაღრესად მორწმუნე და ღვთისმოსავი ქალწული ვიყავი. ერთი სიტყვით, ვარტისტობდი. უშიშროებაში ეს საფუძვლიანად შემასწავლეს და ისე დამახელოვნეს, რომ ყველაზე დაკვირვებული და ეჭვიანი ადამიანიც კი ვერაფერს შემამჩნევდა.

მონასტრის წინამძღოლმა მონაზვნები და სამონაზვნეები გამაცნო, შემდეგ სენაკი გამომიყო და მითხრა:

– აქ იცხოვრებ, შვილო, მოეწყვე და შემოგვიერთდი, თხუთმეტ წუთში სატრაპეზოდ გელოდებით.

ასე დაიწყო ჩემი სამონასტრე ცხოვრება და ჯაშუშური მოღვაწეობა, რაც ჩემი მონაზვნად აღკვეცით გაგრძელდა და მეუფე გაბრიელისა და დედა მარინეს დაპატიმრებით დაგვირგვინდა, რაშიც პეტრე გორსალია იყო დამნაშავე, რომელმაც წმიდა ადამიანების დაღუპვა არ მაკმარა და ჩემს შვილს დამაშორა ოცი წლით. და, ყოველივე ამის შემდეგ ხალხს წმიდანად აჩვენებს თავს?

– კარგი, დედიკო, გეყოფა. მთავარია, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ახლა სიკვდილის გარდა ვერაფერი დაგვაშორებს ერთმანეთს. თანაც, ძმაც მყავს, მამას კი ღმერთმა მოჰკითხოს თავისი ცოდვები, – თქვა შორენამ.

ელენეს თვალები ცრემლით აევსო, თავი გააქნია და შვილს მიუგო:

– სამწუხაროა, რომ სწორედ პეტრეს შვილი ხარ, უფრო ცუდი კი ის არის, რომ შენ მას მამას უწოდებ.

– მაპატიე, დედიკო, აღარ ვიტყვი, წამომცდა, არც ჩემს ძმას გავიკარებ გვერდით. მე მხოლოდ შენ მჭირდები და შენ გამო ყველაფერს დავთმობ, – შორენა თმაზე მიეფერა ელენეს.

– მე მაპატიე, შვილო, ეს წამიერი სისუსტე. არც ძმა უარყო და არც მამა. რას იზამ, შენ არ აგირჩევია ნათესავები, მით უმეტეს, მშობლები და, რაც მოხდა, შენი ბრალი არ არის.

– მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა – შენ ჩემთან ხარ და მე მეტი არაფერი მინდა. მოდი, ცუდი დავივიწყოთ და მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ, კარგი, დედიკო?

– კარგი, შვილო, – ელენეს სათნო ღიმილი მოეფინა სახეზე. შვილი გულში ჩაიხუტა და მიეფერა, – მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჩემო გოგონა და, სანამ სული მიდგას, შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის ვიცოცხლებ.

***

ღამის 10 საათი სრულდებოდა, როდესაც ზარი დარეკეს და მას მერე, რაც ჯაბა საძინებელში დაიმალა, შორენამ კარი გააღო და ოთახში დიტო სულაბერიძე შემოიყვანა.

– დიტუნა, როგორ ხარ? – გადაეხვია შორენა ყოფილ „გიჟს“, – მადლობა ღმერთს, რომ ასე იოლად გადაურჩი „სამხეცეს“.

– შენ რომ არა, ახლა უკვე ნამდვილი გიჟი ვიქნებოდი, – თქვა ჟურნალისტმა, – ბატონი ედუარდი სადაა?

– ვინ ბატონი ედუარდი? – თავი გაიშტერა შორენამ, შემდეგ ვითომ მიხვდა, რას გულისხმობდა დიტო და უთხრა: – ის ხომ გაიქცა. ჯაბა ონიანზე არ მეკითხები?

– ჰო, მასზე, – გაეცინა ჟურნალისტს.

– გაიქცა, – გაიმეორა შორენამ.

– ეგ ვიცი, ახლა სად არის?

– აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, – მხრები აიჩეჩა შორენამ, – ან რატომ უნდა ვიცოდე?

– არ მენდობი?

– ეგ რა შუაშია? – კოპები შეიკრა გოგონამ.

– კარგი რა, შორენ, – ჩაეცინა სულაბერიძეს, – არ იცი, რა ოხერი ვინმე ვარ? ჯაბა შენი დახმარების გარეშე გაიქცა საგიჟეთიდან და არ იცი, სად იმალება?

– ჯერ ერთი, რატომ უნდა დავხმარებოდი ან როგორ?

– იმიტომ უნდა დახმარებოდი, რომ თვალებში გეტყობოდა, ნახვისთანავე შეგიყვარდა, მაგრამ, როგორ მოახერხე ამის გაკეთება, ნამდვილად არ ვიცი.

– ყავა არ გინდა, დიტუნა? – თემის შეცვლა სცადა შორენამ.

– კი, დავლევ, მაგრამ ჯაბას ამბავი უფრო მაინტერესებს.

– ეს დედაჩემია, – შორენამ ოთახში შემოსული ელენე გააცნო სულაბერიძეს, – წავალ, ყავას მოვამზადებ, შენ კი არ მოიწყინო.

ელენემ მოიბოდიშა და ოთახიდან გავიდა. სულაბერიძე სავარძელში მოკალათდა და შორენა რომ ყავით დაბრუნდა ოთახში, დიტომ გოგონას კითხვა გაუმეორა:

– ნუთუ, მართლა არ მენდობი, შორენ?

– ჟურნალისტების ნდობა როგორ შეიძლება, – იხუმრა შორენამ და სტუმარს კონიაკი დაუსხა, – ყავას დააყოლე, ძალიან უხდება.

– შორენ, ნუ ცდილობ, თემას გაექცე, მითხარი, სად არის ჯაბა, აუცილებლად უნდა ვნახო და დაველაპარაკო.

– გეყოფა, დიტუნა, ნამდვილად არ ვიცი, სად არის. მერე რა, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა, ეს არაფერს ნიშნავს, ჯობია, თემა შევცვალოთ და შენი ამბები მომიყევი.

– ჩემზე, რა უნდა მოგიყვე? რომ არა შენ, იმ დარჩენილ ნემსებსაც დამარჭობდა რაჟდენ რაჟდენოვიჩი და ჩემი გონზე მოყვანა შეუძლებელი გახდებოდა. ჰო, მართლა, ჩემმა მშობლებმა დიდი მადლობა და მოკითხვა შემოგითვალეს.

– შენც მოიკითხე, – უთხრა დიტოს შორენამ, კონიაკის ჭიქა ასწია და სტუმარი ადღეგრძელა: – შენს მშვიდობით გადარჩენას გაუმარჯოს!

– შენ გაგიმარჯოს, ჩემო შორენ! შენ რომ არა, ახლა ნამდვილი გიჟი ვიქნებოდი, – თქვა დიტომ, კონიაკი დალია და შორენას ჰკითხა, – მართლა არ იცი, სად არის ჯაბა?

– მართლა არ ვიცი.

– მე კი, მასთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და თუ ვერ ვნახე, შეიძლება, ცუდი რამ მოხდეს.

– რა ცუდი რამ? – წამოსცდა შორენას.

– ამას ჯაბას ვეტყვი, მაგრამ, როგორ, შენ ხომ არ იცი, ის სად არის? – ხელი ჩაიქნია დიტომ, – არადა, უბედურება შეიძლება ყოველ წამს მოხდეს და მე კი მას ვერაფრით ვეხმარები.

– რა უბედურებაა, გარკვევით თქვი, დიტუნა, რა ქარაგმებით ლაპარაკობ?

– ასე რატომ აღელდი?

– იმიტომ, რომ... – ენა დაება შორენას, – იმიტომ, რომ ამბობ, ჯაბას უბედურება ელოდებაო.

– მერე, შენ რა, შენ ხომ მაინც არ იცი, სად არის და მაინც ვერაფრით დაეხმარები?

– რა იცი, იქნებ დავეხმარო?

– ესე იგი, იცი, სად არის?

– არ ვიცი, მაგრამ, შევეცდები, გავიგო.

– მაშინ, მალე გაიგე და, როცა გეცოდინება, შემატყობინე, აი, ჩემი მობილურის ნომერი და დამირეკე, – თქვა დიტომ, ქაღალდზე დაწერილი ნომერი მაგიდაზე დადო, საათს დახედა და შორენას გაუღიმა, – თერთმეტი სრულდება, გვიანია, უნდა წავიდე. შეგიძლია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დამირეკო და მითხრა, სად შემხვდება ჯაბა.

– ახლავე და აქ შეგხვდები, – მოესმა სულაბერიძეს ზურგიდან. ის შებრუნდა და ჯაბა დაინახა, რომელიც მას უღიმოდა.

დიტო ჯაბას გადაეხვია და უთხრა:

– დარწმუნებული ვიყავი, რომ შორენამ გაგაქცია საგიჟეთიდან, მაგრამ, თავისთან თუ გმალავდა, ნამდვილად არ მეგონა.

– დაჯექი, – ჯაბამ სავარძელზე მიუთითა დიტოს, თვითონაც ჩამოჯდა და ჰკითხა: – რა ხდება, რა საქმე გაქვს ჩემთან და რა უბედურება მელოდება?

– მოკლედ, რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება, სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რაც მოვისმინე, სიმართლეა, თან, შენ გეხება.

– რა მოისმინე?

დიტომ შორენას შეხედა და ჯაბას უთხრა:

– შენთან პირისპირ მინდა საუბარი.

– შორენასგან დასამალი არაფერი მაქვს, – მიუგო ჯაბამ დიტოს.

– და მაინც, მე შენ პირისპირ გეტყვი სათქმელს, შემდეგ კი თვითონ გადაწყვიტე, მოუყვე თუ არა ყველაფერი შორენას.

შორენა ოთახიდან გავიდა, დიტომ კი ჯაბას უთხრა:

– ხომ იცი, რა როჟა ვარ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა და ყველაფერი მაინტერესებს, მით უმეტეს, ის ადამიანები, ვინც საეჭვოდ მიმაჩნია და მათდამი განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენ. მოკლედ, ერთი მარტოხელა მეზობელი მყავს, ვინმე „ყურშა“. 28 წლის კაცია, ჩემ გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, მაგრამ ერთი კედელი გვყოფს. სულ მარტო ცხოვრობს და უბანში მასზე არავინ არაფერი იცის წესიერად. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ის ყურშა ხუთი წელი უცხოეთში ცხოვრობდა, მაგრამ კონკრეტულად სად, არ ვიცი. მასთან ვინ მიდის, სად მუშაობს, ან რა სახსრებით არსებობს, არავინ იცის. მე, როგორც ცნობისმოყვარე ადამიანმა, დიდი ხანია, ყურშას გაშიფვრა გადავწყვიტე. ამიტომ მისი კედელი გავხვრიტე, შიგნით მოსასმენი მოწყობილობა დავამონტაჟე, მაგრამ შემდეგ ეს სისტემა ვიდეოთვალის მოწყობილობით შევცვალე და მთელი დღეები ყურშას ერთოთახიან ბინას შიგნიდან ვუთვალთვალებდი. მაინც წოლითი რეჟიმი მქონდა გამოწერილი, სერიოზული საქმე არ მაქვს და, რა მენაღვლებოდა, ვიწექი, თან მონიტორზე ყურშას ბაითს ვუყურებდი და ყველაფერს ფირზე ვიწერდი. ერთი კვირის განმავლობაში სულ ორი სტუმარი ჰყავდა და ისინი მალევე წავიდნენ. აი, გუშინ კი მასთან ვიღაც შუახნის კაცი მოვიდა, რომელსაც ყურშა როგორც თავის უფროსს, ისე ეპყრობოდა. იმ კაცმა ყურშას შავი ტყავის ჩანთა მიუტანა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღები, ორი ცალი მინი-ყუმბარმტყორცნი და 100 ათასი დოლარი ელაგა.

– მერე? – გაეცინა ჯაბას.

– მერე, მათ შორის დიალოგი გაიმართა და იმ კაცმა ყურშას უთხრა:

– ეს 100 ათასი ავანსია და, როგორც კი დავალებას შეასრულებ, კიდევ 400 ათასს, სუფთა საბუთებს და აქედან სამუდამოდ წასვლისა და გაუჩინარების საშუალებას მიიღებ.

– გასაგებია, შეფ, – მიუგო ყურშამ სტუმარს, – ვინ უნდა მოვიშოროთ?

– ორი კაცი, აი მათი სურათები, – მიუგო შეფმა თავის მასპინძელს და მას სურათები გადასცა, რომლებიც სათვალთვალო კამერამ ვერ დააფიქსირა.

ყურშამ მათ დახედა და შეფს უთხრა:

– ეს კაცი ძალიან მეცნობა.

– რა თქმა უნდა, – თქვა შეფმა, – ეგ ხომ ტარიელია, მინისტრის მოადგილე. ამას წინათ მისი მოკვლა უკვე სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ეგ ტარიელი მართლა მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ, მაინც მეორადი სამიზნეა, მთავარი კი, აი ეს ბიჭია და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

– მერე, რა პრობლემაა, შეფ, – გაეცინა ყურშას, – ეგეთები დაგვიბრედია? თქვენ მისი კოორდინატები მომეცით და შარშანდელი თოვლივით გავაქრობ.

– საქმე ისაა, რომ მისი კოორდინატები არ ვიცი.

– არ იცით?

– ჯერ, არა, მაგრამ დადგენაზე ინტენსიურად ვმუშაობთ.

– კი, მაგრამ ვინ არის და რატომ იმალება?

– ვინ არის და განძის მცველი, დამალვით კი იმიტომ იმალება, რომ საგიჟეთიდან გაიქცა, მთელი „სოდი“ მას ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პოულობენ.

– რა განძის მცველი, შეფ?

– ეგ მე თვითონაც არ ვიცი წესიერად. ვინც მისი მკვლელობა შემიკვეთა, იმან მითხრა, განძის მცველიაო. როგორც კი მოკლავ, კისრიდან ჯაჭვი უნდა მოხსნა, რომელზეც გასაღები აქვს ჩამოკიდებული და მე უნდა გადმომცე.

სულაბერიძის სიტყვებზე ჯაბას გააჟრჟოლა, რადგან საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მის მოკვლაზე იყო საუბარი. მას მართლაც ჰქონდა კისერზე ჩამოკიდებული გასაღები. თუმცა, მღელვარება დაიოკა და დიტოს უთხრა:

– მერე?

– მერე ის ტიპი წავიდა, წასვლამდე კი ყურშას უთხრა, რომ მასთან ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდოდა, რომელიც „სოდში“ მსახურობდა და გასაღებიანის ადგილმდებარეობის დადგენაზე მუშაობდა.

– სულ ეს იყო? – თქვა ჯაბამ.

– რა, ცოტაა?

– ცოტა არ არის, მაგრამ მე რა შუაში ვარ? – მხრები აიჩეჩა ჯაბამ.

– ვფიქრობ, რომ ის ძებნილი ახალგაზრდა შენ ხარ.

– მასე რატომ ფიქრობ?

– თუნდაც იმიტომ, რომ საგიჟეთიდან გაქცეული ერთადერთი ახალგაზრდა შენ ხარ. მთავარი კი ისაა, რომ ჟურნალისტური ინტუიცია მკარნახობს, რაღაც იდუმალ ამბებში ხარ გაბმული და თავი მოვალედ ჩავთვალე, გამეფრთხილებინე.

– დიდი მადლობა.

– არაფრის, – მიუგო დიტომ ჯაბას და წამოდგა, – უკვე შუაღამეა, უნდა წავიდე.

– მოიცა, დიტო, ნუ ჩქარობ, ის სოდელი ხომ არ მოსულა ყურშასთან?

– კი, მივიდა, თანაც იმავე საღამოს და უთხრა, რომ სულ მალე ძებნილის კოორდინატებს მიუტანდა.

– შენ ხომ თქვი, რომ ეს ყველაფერი ფირზე გაქვს ჩაწერილი?

– კი, მაქვს.

– ნეტავ წამოგეღო...

– მერე, ვინ გითხრა, რომ არ წამომიღია? – თქვა დიტომ და დისკები მაგიდაზე დაალაგა, – აი ისინიც...

ჯაბამ დისკი კომპიუტერში ჩადო, გადაახვია და სტოპ-კადრი სოდელზე გააჩერა, შემდეგ გამოსახულება გაადიდა, შორენა იხმო და ჰკითხა:

– ამ როჟას თუ ცნობ?

– როგორ არა, ეგ ხომ კუკავაა „სოდიდან“!

– კი, ეგაა, – გაიმეორა ჯაბამ.

– თქვენ რა, იცნობთ? – იკითხა დიტომ.

– ვიცნობთ, – მიუგო ჯაბამ, შორენამ კი ჯერ დიტოს შეხედა, შემდეგ ჯაბას და ბოლოს ჰკითხა:

– არ იტყვი, რა ხდება? რა შუაშია აქ, კუკავა საერთოდ, თუ შეიძლება, გამაგებინეთ, რა ხდება?

– კარგი არაფერი, მაგრამ, მთავარია, რომ დიტომ დროზე გაგვაფრთხილა და მომზადებულები უნდა ვიყოთ.

– რა მომზადებულები, ვერაფერს ვხვდები, – თქვა შორენამ.

– რა და, მგონი, კუკავა ხვდება, რომ შენთან ვიმალები და, გამორიცხული არაა, მკვლელი მოგვიგზავნოს.

– მკვლელი?

– ჰო, მკვლელი.

– მერე, რას აპირებ?

– მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ყველაფერი მოგვარდება, – თქვა ჯაბამ, შემდეგ ტარიელის ნაჩუქარი მობილური გაშალა და მინისტრის მოადგილეს დაურეკა.

– გისმენ, ჯაბა, – უპასუხა ტარიელმა.

– ამ ტელეფონებზე მართლა ვერავინ მოგვისმენს? – ჰკითხა ჯაბამ.

– ვერავინ, შეგიძლია, თავისუფლად და ღია ტექსტით მელაპარაკო.

– სად ხარ ახლა?

– თბილისში.

– შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე?

– მოხდა რამე?

– კი.

– რა მოხდა?

– მოდი და გაიგებ, მაგრამ, ძალიან ფრთხილად. შენი მოკვლა უნდათ და, სავარაუდოდ, გითვალთვალებენ.

– გასაგებია. ოც წუთში შენთან გავჩნდები, მიუგო ჯაბას ტარიელმა და ტელეფონი გათიშა.

ზუსტად ოცი წუთი გავიდა და, ღამის პირველი საათი რომ შესრულდა, ტარიელი მოვიდა.

– რა ხდება? – ჰკითხა ჯაბას შემოსვლისთანავე.

ჯაბამ ტარიელს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს თქვა:

– კუკავა უნდა მოვიხელთოთ და რაც იცის, დავაფქვევინოთ.

– მართალია, – თქვა ტარიელმა, შემდეგ მობილურზე დარეკა:

– მერაბ, სოდელი კუკავა აიყვანეთ, მაგრამ უხმაუროდ, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შეიტყოს და ¹3 ობიექტზე მიიყვანეთ. რომ მიხვალთ, დამირეკე და მოვალ.

ტარიელმა ტელეფონი გათიშა და ჯაბას უთხრა:

– რომ დარეკავენ, წავალ და ყველაფერს გავარკვევ.

– მეც წამოვალ, – უთხრა ჯაბამ.

– შენი ნებაა, – თავი დაუქნია ტარიელმა.

– მეც, – თქვა დიტომ.

– ბოდიში, მაგრამ თქვენი წაყვანა არ შემიძლია, – ღიმილით მიუგო დიტოს ტარიელმა, შემდეგ შორენას უთხრა:

– თუ არ შეწუხდებით, ყავას დავლევდი.

შორენამ ტარიელს ყავა შემოუტანა და ჰკითხა:

– დედაჩემს თქვენ მოასწავლეთ, ხომ, ჩემთან?

– მე მოვასწავლე.

– თუ საიდუმლო არაა, საიდან იცოდით ჩემი ისტორია?

– ჯერჯერობით საიდუმლოა, მაგრამ გპირდებით, სულ მალე გაგიმხელთ, – მიუგო ტარიელმა შორენას, შემდეგ მოუბოდიშა, მობილურზე დარეკა და თქვა:

– მერაბ, რა ქენით?

– სულ მალე კუკავას ავიყვანთ.

– მერაბ, გლდანში ვინმე ყურშა უნდა აიყვანოთ და ისიც ¹3 ობიექტზე მიიყვანოთ, მისამართი ჩაიწერე.

– გასაგებია!

– შენს ზარს ველოდები, ნახვამდის, – თქვა ტარიელმა, ტელეფონი გათიშა და შორენას უთხრა:

– მშვენიერი ყავის მომზადება გცოდნიათ.

– გნებავთ კიდევ?

– თუ არ შეწუხდებით, – მიუგო შორენას ტარიელმა და სანამ გოგონა ყავას ამზადებდა, დიტოს მიუბრუნდა:

– როგორ ხართ, დიტო?

– გმადლობთ, არა მიშავს.

ტარიელმა ჯაბას შეხედა, შემდეგ შორენაზე მიანიშნა ჟურნალისტს და უთხრა:

– ესენი რომ არა, თქვენი საქმე ცუდად იქნებოდა და არაფერი გიშველიდათ.

– მართალი ბრძანდებით, – თავი დააქნია სულაბერიძემ, – ბეწვზე ვარ გადარჩენილი.

– წიგნის საქმე როგორაა? თქვენ ხომ წიგნის დაწერის გამო შეყავით თავი ამ ჯოჯოხეთში?

– მასალა ბევრი მაქვს და როგორც კი ეს ამბები ჩაივლის, დავჯდები და დავწერ.

– ესე იგი, ჩიტი ბდღვნად ღირდა?

– ღირდა, როგორ არა, – გაეცინა სულაბერიძეს და ხელები გაშალა, – ასეთია ჩვენი პროფესია. თუმცა, კინაღამ თავადვე გამბდღვნეს.

– მაინც, რა შედეგს ელოდებით თქვენი წიგნიდან უფრო მეტად?

– რა თქმა უნდა, ცოტა ფინანსურს და, რაც მთავარია, მორალურს, – თქვა დიტომ, – იმედი მაქვს, ფსიქიატრიის საშინელებებზე რომ შეიტყობენ ჩემი წიგნიდან, არასამთავრობოები და ევროსტრუქტურები მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენენ ამ სფეროზე. ჰო, მართლა, რაჟდენ რაჟდენოვიჩი თუ დააპატიმრეს?

– ჯერჯერობით არა, – თავი გააქნია ტარიელმა, თან გუნებაში ეცინებოდა, რადგან იცოდა, რომ ის და ხარიტონი მტკვრის ფსკერზე ეყარნენ.

– მისნაირმა ნაძირლებმა გადააქციეს ფსიქიატრია ჯოჯოხეთად და საშინელი ექსპერიმენტების ლაბორატორიად.

– არა მარტო პროფესორისნაირებმა. ჟუჟუნა სანიტარი და მისნაირები რა, ნაკლებს აშავებდნენ? – თქვა ტარიელმა და დიტოს მიუბრუნდა: როგორც ვიცი, შენ მას მისივე შემოტანილი ნემსი დაარჭვე.

– კი, ასეა. მე რომ „სამხეციდან“ ამომიყვანეს, ჟუჟუნა ჯერ კიდევ გათიშული იწვა იქ და მას მერე არაფერი ვიცი მასზე.

– სამაგიეროდ, მე ვიცი, – გაეცინა ტარიელს, – ახლა ის „ლუქსის“ გვერდით, ქალთა პალატაშია გამომწყვდეული და აცხადებს, დედა ტერეზა ვარ, ყველას უნდა მოგხედოთ და მოგიაროთო.

– საცოდავი, – გაეცინა სულაბერიძეს, – ნუთუ თავისი ცოდვები შეიგნო, ინანიებს და დედა ტერეზობას იმიტომ იჩემებს?

– რა ვიცი, რა გითხრა, – მხრები აიჩეჩა ტარიელმა, – ადრე თუ გვიან, ყოველი ჩვენგანი შეიგნებს და მოინანიებს საკუთარ ცოდვებს და, ვინც ამას არ იზამს, მით უარესი მისთვის.

– ესე იგი, ჟუჟუნა სანიტარი მაინც ვერ ასცდა საგიჟეთს?

– ეს ბუნებრივიცაა, თითქმის სამოცი წელი იმუშავა იქ და სხვაგან სად წავიდოდა, – გაეცინა ტარიელს, შემდეგ მოიბოდიშა და ტელეფონს უპასუხა:

– გისმენ, მერაბ!

– ყველაფერი რიგზეა, ბატონო ტარიელ, ორივე მესამე ობიექტზე მოვიყვანე. რას იზამთ?

– დამელოდეთ და ოც წუთში მოვალთ, – თქვა ტარიელმა და ტელეფონი გათიშა, შემდეგ ჯაბას მიუბრუნდა:

– ყველაფერი რიგზეა, წავედით!

ტარიელმა და ჯაბამ ღამის ორ საათზე დატოვეს შორენას ბინა, „ბეემვეში“ ჩასხდნენ და ¹3 ობიექტისკენ გაემართნენ, რომელიც უშიშროების საიდუმლო ბინას წარმოადგენდა და მტკვრის პირას, ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა.

ტარიელმა „ბეემვე“ გალავნიან ეზოში შეიყვანა, ჯაბასთან ერთად გადმოვიდა და ორსართულიანი სახლის სარდაფში ჩავიდა.

კუკავა და ყურშა რკინის ძელებზე იყვნენ მიბმულები, მათ ირგვლივ ოთხი ათლეტი მამაკაცი იდგა, რომლებიც მოწიწებით მიესალმნენ ტარიელს.

– გაგიმარჯოთ, ბიჭებო, – მიესალმა ტარიელი ათლეტებს, კუკავას კი მიუბრუნდა:

– რაო, კუკავა, გაები?

– აქ რაღაც გაუგებრობაა, ბატონო ტარიელ!

– რა გაუგებრობა?

– რა და, ამ ხალხმა ქუჩიდან გამიტაცა და არაფერს მეუბნებიან.

– მაინც, რა უნდა გითხრან?

– ამიხსნან, რა დავაშავე.

– შენ თვითონ არ იცი?

– არა.

– შენ მოღალატე ხარ და მტერთან შეკრული, – თქვა ტარიელმა, მერე ყურშაზე მიანიშნა და დაამატა: – აი, ამ ნაძირლისთვის ჯაბას ადგილსამყოფლის ნაკოლი უნდა მიგეცა და, რომ არ გაგვეშიფრე, შეიძლება, დავეხოცეთ კიდეც.

– რას ბრძანებთ, ბატონო ტარიელ, რა ნაკოლი, რაღაც გეშლებათ, – თქვა კუკავამ.

– ვითომ, მეშლება? – გაიმეორა ტარიელმა.

– რა თქმა უნდა, მე ამ კაცს პირველად ვხედავ!

– ცრუობ, კუკავა, ერთი საათის წინ ჩემი თვალით ვნახე, როგორ ესტუმრე ამ სუბიექტს ბინაში!

– გეშლებათ, – გაფითრდა კუკავა.

– ჩუმად, შე ნაგავო! – შეუღრინა ტარიელმა კუკავას, სილა გააწნა და ყურშას მიუბრუნდა:

– ვისი დავალებითი მოქმედებ, ვინაა ეს კაცი? – ტარიელმა ყურშას ფირიდან ამობეჭდილი სურათი უჩვენა.

– წადი, შენი დედაც... – შეიგინა ყურშამ, მაგრამ ტარიელმა პისტოლეტი იშიშვლა, ყურშას მთელი ძალით კბილებში სთხლიშა და ჩაულეწა:

– აღარ შეიგინო, თორემ ცხვირსაც ჩაგიმტვრევ!

– წადი, შენი დედაც... – კვლავ შეიგინა ყურშამ.

ტარიელმა არ დააყოვნა, პისტოლეტის ტარით ყურშას ცხვირი გაუტეხა და ისევ დაემუქრა.

– კიდევ თუ შეიგინები, ჯერ მარცხენა თვალს ამოგთხრი...

– რა გინდათ ჩემგან? – აღმოხდა ყურშას.

– რაც ადრე გვინდოდა – მკვლელობების შემკვეთის ვინაობა და კოორდინატები, – თქვა ტარიელმა.

– გვარი არ ვიცი, ისე კი ფედიას ვეძახი.

– სად ცხოვრობს?

– არ ვიცი.

– ამოგთხარო მარცხენა თვალი?

– მე მგონი, ვარკეთილში ცხოვრობს.

– ზუსტი მისამართი, თორემ მარცხენა თვალი აღარ გექნება, – გაუმეორა ტარიელმა.

ყურშამ ფედიას ზუსტი მისამართი თქვა და დაამატა:

– მარტოხელაა, პირველ სართულზე ცხოვრობს, მაგრამ ასე ადვილად ვერ ააგდებ, კრუგომ ლავუშკები აქვს დაყენებული და თუკი გაიგო, რომ დაადექით, გვირაბიდან მოტყდება, რომელიც პადვლიდან აქვს გათხრილი.

– მერაბ, გაიგე, რას ამბობს? ის ფედია სუფთად უნდა ავიყვანოთ.

– დარდი ნუ გაქვთ, მთავარია, სახლში დაგვხვდეს.

– კი, სახლშია, ზუსტად ვიცი, – მიაძახა ყურშამ მიმავალ მამაკაცებს.

– იმ ფედიას საიდან იცნობ? – ჰკითხა ყურშას ტარიელმა.

– რუსეთში გავიცანი.

– როდის?

– შვიდი წლის წინ. მე იქ ხუთი წელი ვცხოვრობდი.

– რას აკეთებდი?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– მარცხენა თვალი! – შეახსენა ტარიელმა ყურშას და პისტოლეტი ამოაცურა.

– ქილერი ვიყავი.

– ქილერი?

– დიახ, ქილერი.

– ვის ხოცავდი?

– ყველას, ვისაც დამავალებდნენ.

– მერე?

– რა მერე, ზაკაზებს ფედია მაძლევდა, პროფესიაც მან შემასწავლა. თბილისში რომ ჩამოვედი, თვითონ მომძებნა და მითხრა, თუ დავუჯერებდი, არ წავაგებდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაბეზღებით დამემუქრა.

– დაბეზღებით?

– დიახ, დაბეზღებით. მითხრა, იცოდე, შენი მოკლული ქურდების ძმაკაცებთან ჩაგიშვებ და სულს ამოგხდიანო.

– ესე იგი, ქურდებს ხოცავდი?

– არა მარტო მათ, თუმცა, ქურდები ყველაზე მეტი მყავს დახოცილი.

– თბილისში რომ ჩამოხვედი, რას აკეთებდი?

– მოსკოვში ნაშოვნ ფულს ვხარჯავდი.

– ზაკაზები აღარ შეგისრულებია?

– ორჯერ შევასრულე. ფედიამ ერთხელ აზერბაიჯანში მომაკვლევინა ვიღაც კაცი, ერთხელაც – სომხეთში.

– გასაგებია. ახლა რა გითხრა, ვის და რატომ კლავო?

– მკვლელობის მიზეზს არასდროს მეუბნებოდა, უბრალოდ ამბობდა, ვინ უნდა მომეკლა და ფულს მიხდიდა. თქვენზე მითხრა, მინისტრის მოადგილე უნდა მოკლაო, იმ ბიჭზე კი, – ყურშამ ჯაბასკენ გაიშვირა ხელი, – მითხრა, საგიჟეთიდანაა გაქცეული, იმალება და მის კოორდინატებს სოდელი შეგატყობინებსო.

– ესეც მე ვარ, კუკავა? – უთხრა ტარიელმა კუკავას, – საიდან იცნობ ფედიას?

– თვითონ გამიცნო, – ამოილუღლუღა კუკავამ.

– სად და რა ვითარებაში?

– შარშან მოულოდნელად სახლში მეწვია, დისკი დამიდო მაგიდაზე და მითხრა:

– აქ მოღალატე მამაშენია ჩაწერილი, რომელიც რუსულ დაზვერვასთანაა შეკრული და მტერს საიდუმლო ინფორმაციებს აწვდის. თუ არ გინდა, ისიც დაიღუპოს და შენც, ჩემთან უნდა ითანამშრომლოო. ერთი სიტყვით, ფირზე მართლა მამაჩემი და ვიღაც რუსები იყვნენ გადაღებულები. მამაჩემი მათ რაღაცეებს უყვებოდა. მე შემეშინდა, რომ გავიშიფრებოდით და ფედიას თანამშრომლობაზე დავეთანხმე.

– მამაშენი ვინაა?

– დიპლომატია, შვეიცარიაში მუშაობს თანამდებობაზე.

– ფედიასთვის რა გაქვს გაკეთებული?

– ეს პირველი დავალება იყო, – თქვა კუკავამ.

– კარგი, შენს საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით, – თქვა ტარიელმა და შეტრიალდა.

სარდაფში მერაბი და მისი მეგობრები შემოვიდნენ, რომლებსაც, საშუალო სიმაღლის ხელბორკილდადებული მამაკაცი მოჰყავდათ.

– აი ფედიაც, – თქვა ტარიელმა და ხელბორკილდადებული მამაკაცი ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ კი მერაბს ჰკითხა:

– ამ სუბიექტის დაკავება ხომ არ გაგჭირვებიათ?

– გეკადრებათ, ბატონო ტარიელ? – გაეცინა მერაბს, ფედიას კეფაში წამოარტყა და დაამატა – ვირთხასავით გვირაბთან „ჩავავლეთ”.

– გვირაბთან?

– დიახ, ბატონო ტარიელ, ხომ ვიცოდით, რომ გვირაბი ჰქონდა გათხრილი, ამიტომ, ჯერ გვირაბი აღმოვაჩინეთ და ჩავუსაფრდით. შემდეგ ერთ-ერთი ჩვენგანი მას ბინაში მიადგა, კარზე ბრაგუნი აუტეხა და გაღებას სთხოვდა, ამან კი ვირთხასავით გვირაბით დააპირა გაპარვა, ჩვენც იქ ჩავავლეთ და აქ მოვათრიეთ – სიცილით დააბოლოვა მერაბმა, შემდეგ კიდევ ერთხელ წამოარტყა კეფაში ფედიას და უთხრა:

– ჰა, როგორ გაები, ფედია?

ხელბორკილდადებულმა ბოროტი მზერა ესროლა მერაბს და კბილებში გამოცრა:

– ახლა თქვენ ზეიმობთ, მაგრამ ჩვენ ქუჩაზეც დადგება ზეიმი!

– გაჩუმდი, შე ვირთხა, – მერაბმა მესამედ წამოარტყა ფედიას კისერში, ტარიელმა კი ხელქვეითებს ანიშნა, რომ ახალმოყვანილი მესამე ძელზე მიებათ. მისი ბრძანება რომ შესრულდა, ტარიელი ფედიას მიუახლოვდა და მოულოდნელად ორივე ლოყაში ძლიერი სილა გააწნა, შემდეგ თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:

– წამებით მოგკლა თუ უცებ მოგითავო სიცოცხლე?

– მირჩევნია, ცოცხალი დავრჩე, – მიუგო ფედიამ.

– ეს ძალიან რთულია.

– ამისთვის რა უნდა გავაკეთო?

– არ უნდა გვაწვალო და ყველა ჩვენს კითხვაზე სწრაფი და ზუსტი პასუხები გაგვცე.

– მოსულა, – ხალისიანად თქვა ფედიამ, – მკითხეთ.

– ჩემი და ჯაბას მოკვლა ვინ და რატომ დაგავალა?

– ჩემმა ძველმა კლიენტმა.

– სახელი, გვარი და სად ვიპოვოთ?

– მისამართი არ ვიცი, მისი ვინაობა კი მაინც არაფერს გეტყვით.

– ესე იგი, წამებით სიკვდილი გდომებია, ფედია. კეთილი, მე შენ არჩევნის საშუალებას გაძლევ, მითხარი, ცეცხლით გაწამო, სამართებლით თუ ორივეთი ერთდროულად?

– ლენცი, პაველ ლენცი.

– რა ლენცი?

– პაველ ლენცი იმის სახელია, ვინც თქვენი მკვლელობები შემიკვეთა.

– ვინ არის?

– მოსკოვში ცხოვრობს, ძველი „კაგებეშნიკია”.

– ახლაც უშიშროებაში მუშაობს?

– არა.

– აბა, რას აკეთებს?

– არ ვიცი.

– ცეცხლით, სამართებლით თუ ორივეთი ერთად? – გაიმეორა ტარიელმა. ლენცის კანტორას რა ეწოდება?

– „მაისის ვარდი“.

– „მაისის ვარდი“?

– ჰო, „მაისის ვარდი“. დამკრძალავი ბიუროს ფილიალია და იქ გვირგვინებს ამზადებენ.

– ესე იგი, მის კანტორაში მუშაობდი?

– კანტორის ყოფილი თანამშრომლები მხოლოდ მკვდრები არიან, მე კი ცოცხალი ვარ.

– გამოდის, რომ ახლაც მუშაობ.

– დიახ.

– შემსრულებლად?

– არა, შემსრულებლების ინსტრუქტორად.

– ეს დამპალი – ტარიელმა ფედიას ყურშაზე მიუთითა, – შენ გამოწვრთენი?

– დიახ.

– ლენცი როგორ გიკავშირდება?

– მობილურით მესიჯს მიგზავნის.

– მესიჯით გაძლევს მკვლელობების შეკვეთას?

– დიახ. ჩვენ კოდირებული სიტყვები გვაქვს, რომ სხვა ვერ მიხვდეს.

– ჩვენი მკვლელობაც მობილურით შეგიკვეთა?

– არა.

– აბა, როგორ?

– ერთმანეთს შევხვდით და პირადად მითხრა.

– თბილისში იყო ჩამოსული?

– ერთმანეთს ერევანში შევხვდით.

– როდის?

– ორი კვირის წინ.

– მაინც, რა გითხრა, ზუსტად მითხარი.

– შენი და, აი, იმ ყმაწვილის სურათები მიჩვენა და მითხრა, რომ შენი ლიკვიდაცია შორიდანაც შეიძლებოდა, მთავარი იყო, მომკვდარიყავი. აი, იმ ყმაწვილზე კი სხვაგვარი შეკვეთა მომცა, ანუ, ეს ბიჭი კი უნდა მოკვდეს, მაგრამ, კისერზე გასაღები ჰკიდია და ის უნდა მომიტანოო.



– როგორ ფიქრობ, ვის უნდა მიეცა ლენცისთვის ჩვენი მოკვლის შეკვეთა?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– არავინ უხსენებია?

– მე მას არასდროს არაფერს ვეკითხები, უბრალოდ, თანხას ვაზუსტებ და სხვა წვრილმანებს, პიროვნებებზე, შემკვეთზე და ასეთ სახიფათო რაღაცეებზე ლაპარაკს ყოველთვის ვერიდები.

– რა თანხას იხდის ლენცი ამ შეკვეთაში?

– მილიონ დოლარს: ნახევარი შემსრულებელს, ნახევარი კი – მე.

– ფული როგორ მოდის შენამდე?

– პირადად მაძლევს.

– რა პირობით?

– ნახევარს საქმემდე, მეორე ნახევარს კი – შესრულების შემდეგ.

– ესე იგი, ნახევარი მილიონი უკვე მოგცა?

– არა, მთლიანი თანხა გადამიხადა.

– რატომ?

– ასე მითხრა, ჩვენი შეხვედრები საშიშია, ათასი თვალი გვიყურებს, არ დავიწვათო და ერევნიდან ერთი მილიონი დოლარი გამომატანა.

– საზღვარზე როგორ გადმოიტანე ამხელა თანხა?

– ძალიან ადვილად. ერთი მძღოლია, რომელსაც ტაქსიში ორმაგი ფსკერი აქვს გაკეთებული და იქ ვითომდა კონტრაბანდულ ყავას ვმალავ – ტაქსისტს ასე ჰგონია. საბაჟოზე პატიოსნად ვიხდი ფულს, ტავარს განვაბაჟებ და ქვეყანაში შემოვდივარ. თუ წინასწარ არ ხარ ჩაშვებული, შმონს არავინ დაგიწყებს და, აი, ასე შემოვიტანე საქართველოში ფული.

– ახლა ის მითხარი, ლენცი როგორ ჩამოვიტყუოთ აქ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3